ნინო, როდის და რატომ გადაწყვიტე ჟურნალისტობა?
სოფელ დიდაჭარაში დავასრულე სკოლა, სწორედ იქ სწავლისას გადავწყვიტე ჟურნალისტობა. მეტისმეტად რომანტიკულად მესახებოდა მაშინ ეს პროფესია. ვუყურებდი სიუჟეტებს, სადაც ჟურნალისტები უცხოეთში დადიოდნენ, აქტიურობდნენ, საოცარი ადგილებიდან ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა. ერთი მიზეზი იყო ეს, მეორე კი _ სოციალური ფონი, რომელიც ჩემს სოფელში, ჩემ ირგვლივ იყო. კარტოფილის აღების პერიოდში ვნახე, რომ მთლიანი მოსავალი გაუფუჭდათ გლეხებს, მაშინ მომინდა, რომ ეს პრობლემა დამენახებინა სხვებისთვის, ერთი ადამიანის გაჭირვება მეორესთვის გამეზიარებინა. ვფიქრობდი, რომ ასე შევძლებდი მათ დახმარებას.
რამდენად გაამართლა შენი მოლოდინი არჩეულმა პროფესიამ?
დღეს უკვე სულაც არ ვოცნებობ ეკრანზე, არც მოგზაურობა მინდა ჟურნალისტის ამპლუაში, ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულო უფრო სხვა აღმოჩნდა, შრომატევადი, თან ძალიან საპასუხისმგებლო, ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, ამიტომაც რთულია მუშაობა, თუმცა ჩემთვის საოცრად სასიამოვნო და აუცილებელიც. სოციალურ თემატიკაზე მუშაობისას ვხვდები, რომ ჩემი მოლოდინი მართლდება, ხშირად მეხმაურებიან, გაერთიანებულ ადამიანებს ყოველთვის მეტი ძალა გვაქვს, ჟურნალისტებს განსაკუთრებით. ჩვენზე ამბობენ, მეოთხე ხელისუფლება ხართო. მე ვფიქრობ, მეორე ან მესამე ვართ, ჩვენს გუნდურობას მყისიერი შედეგი აქვს.
რა არის ყველაზე სასიამოვნო ამ პროფესიაში?
მოქალაქეები როცა გვთხოვენ მათი პრობლემის გაშუქებას, გვიხსნიან, რომ ყველა შესაბამის ინსპექციაში აქვთ დახმარების თხოვნა მიმართული, თუმცა დახმარება მხოლოდ მას შემდეგ მისდით, რაც ჩვენ ვაშუქებთ. როცა მუშაობის შედეგს ვხედავთ, ეს ყველაზე კარგი გრძნობაა, მეტი სტიმულია, ხედავ, რომ შენი საქმიანობა ფუჭი არ არის. ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემს მომავალს ამ პროფესიაში ვხედავ.
ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსში” როგორ აღმოჩნდი?
ჯიპაში სწავლისას გავაანალიზე რა იყო ჟურნალისტიკა, სად მოვხდი და რა უნდა გამეკეთებინა. სწავლას ვამთავრებდი, როცა მივედი სააგენტოში, რედაქტორს შევთავაზე საკუთარი კანდიდატურა ბათუმში. მიპასუხა, რომ მოიფიქრებდნენ, რედაქციიდან გამოვედი თუ არა დამირეკეს და მითხრეს: თქვენ რამდენიმე წუთის წინ იყავით მედია პალიტრაში, თუ შეგიძლიათ უკან შემობრუნდეთ? რედაქტორს სურს თქვენთან საუბარი. მეც შევბრუნდი უკან და უკვე მესამე წელია იქ ვარ. მომწონს ჩემი სამსახური, თან რეგიონში მხოლოდ მე ვმუშაობ, ვხედავ ჩემი მუშაობის შედეგს. საინფორმაციო სააგენტოში მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, აქ უფრო მეტი კავშირი გაქვს მაყურებელთან და მკითხველთან, იცი შენი მასალა რამდენმა ადამიანმა ნახა, გწერენ კომენტარებს, რაც სასარგებლოა შემდგომში შენი მუშაობისთვის. “ჯიპაში” მასწავლეს გაზეთში, რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობა. გამომადგა ყველა მათგანი, ვიდეორგოლებზე მუშაობა ძალიან მომწონს, მონტაჟისა და გადაღების პროცესი ჩემთვის საინტერესოა. საინფორმაციო სააგენტოში დასაქმებული ჟურნალისტი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ტელევიზიის ჯგუფი. ვიდეო უნდა გადაიღო, ფოტოებიც და თან ტექსტიც დაწერო. სააგენტო, თუ ჩქარა არ გაავრცელებს ინფორმაციას, მერე აზრი ეკარგება მის მუშაობას. საერთოდ, მე მაქვს მოტივაცია, რომ უნდა გავაკეთო პირველმა, სამსახურებრივი აზარტია. საერთოდ, პირველობა არის ჩემი აზარტი.
როგორ ახერხებ იმას, რომ იყო პირველი?
რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე მუდმივად ვფიქრობ ჩემს სამსახურზე. ახლაც, თვალი ტელეფონზე გამირბის, თუ ვინმემ დამირეკა, რომ მასალაა, მაპატიე, მაგრამ ჩვენი ინტერვიუ შეწყდება. მეგობრის ქორწილიდან გამოვიქეცი მასალის გამო, მასალა მოვამზადე და მერე დავბრუნდი ქორწილში. ყოველდღე ვმუშაობ, არასოდეს მითქვამს დღეს ვისვენებ და ვერ გავაკეთებ მასალას-მეთქი. გვიანამდე ვმუშაობ, ერთადერთი, დილით ძილი მიყვარს, თუ რამე არ არის დაგეგმილი, ათ საათამდე არ ვიღვიძებ.
რამდენიმე თვის წინ შენ უჩივლე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში, რატომ გახდა ეს საჭირო?
ეს საჭირო გახდა იმიტომ, რომ მაღალჩინოსნებს არ უყვართ კრიტიკა. ძალიან რთული იყო ეს ფაქტი ჩემთვის, ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში უმოქმედო ვიყავი, ძნელად გადავიტანე, პირველად მოხდა ასეთი სკანდალი ჩემს ცხოვრებაში, მე არ დავზარალებულვარ, არ მომიტყუებია, მორიგებაზე წამოვიდნენ და აღიარა კიდეც, რომ მე არ მითქვამს ტყუილი. როცა ოპოზიციაში იყო ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სულ სხვანაირად კონტაქტობდა ჟურნალისტებთან, ახლა კი ბევრ ჟურნალისტთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
ექსტრემალურ პირობებში გიწევს მუშაობა, რეპორტაჟის მომზადების დროს თუ ფიქრობ ამაზე?
არ ვფიქრობ ამაზე, საკუთარი თავი არ მახსოვს ხოლმე. “შერატონთან” “ნაციონალებს” ჰქონდათ პრაიმერი. მათ წინააღმდეგ მოქალაქეები აქციას მართავდნენ, ბარიკადებს აქეთ ვმუშაობდი, როცა ხელში ტკივილი ვიგრძენი. საშინლად მტკიოდა, მაგრამ ყურადღების მისაქცევად დრო არ მქონდა, აქცია გავაშუქე, მხოლოდ საღამოს სახლში მისულმა დავხედე ხელს, გაშავებული მქონდა, რაღაც მომხვდა, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია. ჩემი ოჯახის წევრებიც შეეჩვივნენ ჩემს რეჟიმს, თავიდან შფოთავდნენ, თუმცა პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ ჩემი პროფესიის გამო, პირიქით, ყოველთვის ხელს მიწყობდნენ, სწავლაში მეხმარებოდნენ.
გართობისთვის თუ გრჩება დრო და როგორ ერთობი?
რა თქმა უნდა ვახერხებ გართობასაც, ჩემი მეგობრების უმეტესობა ჟურნალისტია, ერთად დავდივართ ყველგან და ვცდილობთ, დრო გართობისთვისაც გამოვყოთ. ბუნებაში სეირნობა გვიყვარს, კაფეებში დავდივართ, ადრე კლუბშიც დავდიოდი, ახლა აღარ. სასაცილო ამბებიც გვემართება, ჩემს დაბადების დღეზე მასალის გამო ისე დავაგვიანეთ კაფეში მისვლა, რომ ტორტი შემოიტანეს მაშინ, როცა უკვე აღარ იყო ჩემი დაბადების დღე.
შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
პირად ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც, ზოგჯერ მნიშვნელოვანი, ზოგჯერ უმნიშვნელო, არ ვიცი ახლა რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ის რომელ კატეგორიას განეკუთვნება.
რაზე ოცნებობ?
ცოტა ამბიციური ოცნება მაქვს, ვოცნებობ `სიენენში~ მუშაობაზე, ძალიან მინდა ვიყო `სიენენის~ ჟურნალისტი და ვმუშაობდე მათთვის საქართველოდან.
შენი მომავალი გეგმები რას უკავშირდება?
კონკრეტული გეგმა მაქვს. ვცდილობ, ენის ბარიერის გადალახვას, საზღვარგარეთ მინდა წასვლა, ევროპაში ან ამერიკაში. ვფიქრობ, ამას ერთი წლის შემდეგ შევძლებ.