კვირის ამბები

ეს ნამდვილი ხათაბალაა

22.04.2013 • 1637
ეს ნამდვილი ხათაბალაა

ჯერ კიდევ საკუთარ ფიქრებში ვერ გავრკვეულვარ და სხვა მახვევს თავის აზრებს თავზე.

 

ეს ნამდვილი ხათაბალაა.

 

ბავშვობაში ექიმობა მინდოდა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ხშირად ვჩხვლეტდი ხოლმე სათამაშოებს, ჩემი ხალათიც მქონდა. გავიზარდე – უკვე ბანკირი გავხდი. საინტერესოდ ვთვლიდი ფინანსურ ანგარიშებს, დედას შემხედვარე.  მეხალისებოდა წერა, მუდამ რვეულებში ვიყავი, მუდამ, ათასი „საქმე“ და მოლაპარაკებები მქონდა. ჰაჰ, ბავშვური ფანტაზია. 

 

მე-11 კლასში რომ გადავედი, ბავშვური ფანტაზიები და ფერადი სამყარო გვერდზე გადავდე. მართლაც რომ დიდი ხათაბალა და თავსატეხი აღმოჩნდა პროფესიის არჩევა.  პაზლი – რომლის ყველა ნაწილი ხელთ მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვაწყობ.

 

ყველა ჩემში დიდ მომავალს ხედავს. ზოგჯერ მეშინია კიდეც, ზედმეტად ბევრის ატანა არ მომიწიოს-მეთქი, მაგრამ მაინც მედგრად ვდგავარ. სახლი, ჰაჰ, ადგილი, სადაც ამ თემაზე ცხარე დისკუსიები იმართება. მამაჩემი ლიბერალია, მეუბნება ხოლმე – შვილო, სადაც გენებოს იქ ჩააბარე, მთავარია შენ გინდოდესო. დედა ზოდიაქოთი ტყუპებია, ამიტომ ყველაზე ცხარე კამათი მასთან მიწევს.

 

მე ჩემს პოზიციაზე ურყევად ვდგავარ, მინდა დიპლომატი გამოვიდე. ბევრი ფაქტორი მიწყობს ხელს: კომუნიკაბელურობა, ენების ცოდნა, განათლება, დედას კიდევ ის ადარდებს, რომ ძალიან რთულია ამ დარგში გზის გაკაფვა, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდება, როგორც გენებოსო.

 

უმეტესობა მეთანხმება. რაც არ უნდა იყოს, რთულია სწორი გზის არჩევა. ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ანაზღაურება, პრესტიჟი, სურვილი. გამოგიტყდებით, უფრო ანაზღაურება. ვწვრილმანდები, მაგრამ ბოლოს მაინც სურვილამდე მივდივარ. თუ საქმე არ მიყვარს, მაშ როგორღა ვაკეთო ის? ვერანაირად. წინ კიდევ ორი-სამი თვეა. ისევ ბურუსითაა მოცული ფიქრები, მაგრამ ჯობს, ისევ და ისევ საკუთარ ინტუიციას ვენდო და გულის კარნახს მივყვე.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: