სპორტი

რბოლა ტრასის გარეშე

06.05.2015 • 3720
რბოლა ტრასის გარეშე

 

შეჯიბრება რალი-კროსში | 2014 წლის 17 მაისი

აჭარის რეგიონალურ საავტომობილო სპორტის ფედერაციას კალენდარული გეგმის მიხედვით წელს შვიდი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათ შორის ორი შეჯიბრება – რალი-კროსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე ჩაატარა, ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხთან ახლოს მდებარე რალი-კროსისთვის გაკეთებულ სარბოლო ტრასაზე. 25-26 აპრილს დაგეგმილი მესამე ეტაპი აღარ ჩატარდა. სავარაუდოდ, არც საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება, რომელიც 25-26 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.

აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა იური ლომთათიძემ, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ამ შეჯიბრებას, გვითხრა, რომ ეს ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც ტერიტორიის ნაწილი გაყიდა.

ფედერაციის კალენდარული გეგმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაამტკიცა. ფედერაციისთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ტერიტორია იყიდებოდა. დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილმა განგვიმარტა: „ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით როდის გაიყიდებოდა ტერიტორია. ავტოსპორტის ფედერაციამ თავიდანვე იცოდა, რომ ყოველდღე შესაძლებელი იყო ამ მიწის გასხვისება“.

აჭარის საავტომობილო სპორტის ფედერაცია 2009 წელს დაფუძნდა, ერთი წლის შემდეგ კი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დახმარებით ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხთან ახლოს, დაახლოებით 8 ჰექტარი მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დროებით სარგებლობისთვის უსასყიდლოდ გადასცა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა იური ლომთათიძემ გვითხრა, ტერიტორია ნაგვისაგან გაწმინდა და რალი-კროსისთვის განკუთვნილი ორკილომეტრ-ნახევრიანი სარბოლო გზა საკუთარი ხარჯებით მოაწყო, რაც შვიდი ათასი ლარი დაუჯდა. ფედერაცია აქ 2010 წლიდან მართავდა შეჯიბრებებს და გზას ვარჯიშებისთვისაც იყენებდა.

შეჯიბრება რალი-კროსში | 2014 წლის 17 მაისი

ფედერაციას 2015 წელს ამ ტრასაზე უნდა ჩაეტარებინა რალი-კროსი, მაგრამ ტრასაზე მიწა დახვდა დაყრილი

საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, ამ რვა ჰექტარიდან კერძო საკუთრებაში გადასულია ორ ჰექტარზე მეტი, დანარჩენი ხუთ ჰექტარზე მეტი კი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, რალი-კროსის ტრასის გაკეთებას კი, მინიმუმ 8-10 ჰექტარი ესაჭიროება. მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ. საჯარო რეესტრის მიხედვით კი, აღმოჩნდა, რომ ის ადგილი, რომელზეც ფედერაციას ახლა უთხრეს რომ გაიყიდა, 2009 წლიდან არის კერძო საკუთრებაში. როგორც იური ლომთათიძე გვეუბნება, ამ ხნის მანძილზე არც მისთვის უთქვამთ, რომ კერძო საკუთრებით სარგებლობდა, ამაზე მხოლოდ გასულ კვირას მიანიშნეს, როცა ფედერაციას შეჯიბრების წინ სარბოლო ტრასის ორ მონაკვეთზე მიწა დახვდა დაყრილი. „ბათუმელებმა“ გასაუბრება სცადა ერთ-ერთ მესაკუთრესთან, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო.

სანამ შეჯიბრება დაიწყება, ავტომრბოლელები რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან და ავტომობილებსაც იმის მიხედვით ამზადებენ, თუ რა ტიპის ტრასაზე მოუწევთ შეჯიბრი. გარდა სპორტსმენების სამზადისისა, იური ლომთათიძე ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლა იწვევს არამარტო რეგიონალური კალენდრისა და მასზე განსაზღვრულ ფინანსურ ცვლილებას, არამედ იმავე ცვლილებებს – ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებშიც.

ამ ტერიტორიაზე 67 მრბოლელი ვარჯიშობდა. „ვინაიდან ტრასა აღარ გამაჩნია, უნდა შევცვალო კალენდარი და რალი-კროსი უნდა გადავაკეთო ქალაქში წყვილთა რბოლად. ის თანხა კი, რომელიც მე რალი-კროსისთვის მაქვს გამოყოფილი, წყვილთა რბოლისთვის საკმარისი აღარაა“.

ლაჩა ჩავლეშვილმა გვითხრა, რომ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისთვის სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია: „ამ სიტუაციაში კი ფედერაციას შეუძლია შეცვალოს <!** Title>fsfa<!** EndTitle>-კროსი და მის ნაცვლად სხვა სახის ღონისძიება ჩასვას. მერიას აქვს ავტოდრომი მოასფალტებული, მოწესრიგებული და დანარჩენი ღონისძიებები ჩატარდება აქ.

ფედერაციას, კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ შვიდ შეჯიბრებას დეპარტამენტი, მთლიანობაში, 15 000 ლარით უფინანსებს. თუმცა ავტოდრომით სარგებლობისთვის ფედერაციას დამატებით თანხის მოძიება მოუწევს. როგორც ბათუმის ავტოდრომის დირექტორმა ბაჩანა მიქელაძემ გვითხრა, ავტოდრომზე ქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, ერთი დღით სარგებლობისთვის 400 ლარია გადასახადი.

„ამდენი წელია ვინახავ ამ ფედერაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მეხმარება ფინანსებით, რითაც ვატარებ შეჯიბრებას. კიდევ გავიყვან ტრასას სამეგობროს ხარჯებით თუ ეროვნული ფედერაციის დახმარებით, რადგან არ მინდა დაიშალოს ავტოსპორტი აჭარაში, მაგრამ რა აზრი ექნება, თუკი გავაკეთებ და ხვალ ისევ იყიდის ვიღაც ამ ტერიტორიას? თუკი სახელმწიფო აჭარის ფედერაციას 10-15 წლის ვადით რაიმე სახის მფლობელობაში არ გადმოგვცემს ტერიტორიას, აზრი არ ექნება ავტოსპორტის განვითარებას, პროფესიონალურ რბოლას კი, ბავშვი ქუჩაში ვერ ისწავლის“ – დასძინა იური ლომთათიძემ.

ლაჩა ჩავლეშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იმავე ტრასის გვერდით არსებობს თავისუფალი ტერიტორია და მალე აჭარის რეგიონალურ საავტომობილო სპორტის ფედერაციას ეცოდინება, შეეძლება თუ არა ამ ტერიტორიით სარგებლობა, და თუ შეეძლება – რა ფორმით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: