სპორტი

აჭარაში 50 გოგო და 750 ბიჭი კარატეს სწავლობს

05.04.2015 •
აჭარაში 50 გოგო და 750 ბიჭი კარატეს სწავლობს

კარატეს შემსწავლელი ჯგუფი ბათუმის #25 საჯარო სკოლაში

უფასო სწავლება აჭარის კარატის ფედერაციის პროგრამაა, კონკრეტულად კი – ფედერაციის ხელმძღვანელის გოჩა სურმანიძის იდეა. გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ ეს არის პროგრამა _ ჯანსაღი მომავალი თაობისთვის. მისი ინფორმაციით, აჭარაში სულ 18 ჯგუფია – ქედაში, შუახევში, მახინჯაურში, ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმში – #1; #2;#7; #8; #22; #25; #26 საჯარო სკოლებში, ბენზეს სკოლაში, კერძო სკოლა – „XXI საუკუნეში“ და კერძო სკოლა – „ნიკეში“. საერთო ჯამში კი, უფასოდ კარატეს 800 ბავშვი სწავლობს. მათ ადგილობრივი ინსტრუქტორები ავარჯიშებენ. კარატეს შესწავლა 5-დან 50 წლამდე ასაკის მსურველებს შეუძლიათ.

როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, კარატესადმი ინტერესი დიდია: „გასულ წლებთან შედარებით კი, გაიზარდა გოგოების რაოდენობა და 800 მოსწავლიდან 50 გოგო სწავლობს კარატეს. აქამდე თავს იკავებდნენ გოგოები, ალბათ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომ თითქოს გოგოს საბრძოლო ხელოვნება არ შეეფერება“.

გოჩა სურმანიძე მიიჩნევს, რომ კარატე არა მარტო სპორტულ, არამედ აღმზრდელობით როლსაც ასრულებს. „მაგალითად, ფეხბურთში მთავარია გოლი გაიტანო, კარატეში მთავარი არ არის ჩემპიონობა, ჩვენთან მთავარია ადამიანი აღიზარდოს პიროვნულადაც. სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც თეორიული და ფსიქოლოგიური აღმზრდელობითი ვარჯიში ტარდება. კარატეს სწავლა მომგებიანია განათლების სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება კარატეში ჩართული, ზოგადად, სპორტში, მით უფრო ნაკლები იქნება ნარკომანიის პრობლემა ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ“.

იმისათვის, რომ ბავშვი კარატეს შემსწავლელ ჯგუფში ჩაირიცხოს, როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, მშობლის ნებართვაა საჭირო. „ძლიერი ისედაც ძლიერია. ჩვენთვის ყველაზე მთავარია სუსტი გაძლიერდეს. მხოლოდ ორი პირობაა – განცხადებას ვაწერინებთ მშობელს, რომ ის თანახმაა მისმა შვილმა ივარჯიშოს და ყოველ ექვს თვეში ვითხოვთ ჯანმრთელობის  ცნობას, რომ დაზღვეული ვიყოთ ჩვენც და მშობელიც“.

ფედერაცია ინსტრუქტორების კვალიფიკაციის მიმართულებითაც მუშაობს, რისთვისაც ატარებენ ინსტრუქტორების ატესტაცია-ლიცენზირებას, ასევე სამსაჯო სემინარებს. 12 ინსტრუქტორიდან 8 მსაჯია. მაისში ფედერაცია გეგმავს სამსაჯო გამოცდის ჩატარებას, რითაც ინსტრუქტორები ეროვნული კატეგორიის მსაჯობის კვალიფიკაციის მოპოვებას შეძლებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების შემდეგ აჭარის კარატეს ფედერაცია ჯგუფის ჩამოყალიბებას ხულოშიც აპირებს, სადაც ანაზღაურებით მიავლენს თავის ინსტრუქტორს.

გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ კარატე თანდათან ვითარდება აჭარაში და ბავშვების ბაზაზე უფროსი ასაკის ნაკრების ჩამოყალიბებას მალე შეძლებენ. ამჟამად კი აჭარიდან ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრები არიან: ბესო ჩხიკვაძე, გია დიასამიძე და ქეთი მურვანიძე. ისინი წელს თურქეთში საერთაშორისო ტურნირ „ოუფენ თურქეთში“ მონაწილეობდნენ, სადაც 48 ქვეყნიდან 1800 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირის ფინალში რუსეთი დაამარცხა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

იმისთვის, რომ უფასოდ სწავლება გაგრძელდეს, ფედერაცია გეგმავს პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოსგან მოიპოვოს. „ვინაიდან დაფინანსება არ გვაქვს, მშობლებს გარკვეული ხარჯის გაღება უწევთ მაშინ, როდესაც შეჯიბრება ტარდება. გვინდა ბავშვები შეჯიბრებებზე მშობლების ხარჯის გარეშე წავიყვანოთ და რამდენიმე ინსტრუქტორს ხელფასი დავუნიშნოთ, რადგან მას სხვა სამსახური რომ გამოუჩნდეს და წავიდეს, ასობით ბავშვს დავკარგავთ. ეს არის სახელმწიფოს საფიქრალიც, რომ არ მოწყდნენ ბავშვები ამ გარემოს და არ დარჩნენ ქუჩაში. მოლაპარაკება გვაქვს მერიასთან, სპორტის დეპარტამენტთანაც. გვინდა კლუბის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება დაფინანსება. ქალაქის მერია გასულ წელს დაგვპირდა, რომ მოგვაქცევდნენ ყურადღებას. თუ დაფინანსება გვექნება, 800 ბავშვი სამზე გამრავლდება“.

აჭარის კარატეს ფედერაცია ყოველწლიურად რამდენიმე ტურნირს ატარებს. ერთ-ერთი მათგანია A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი „ოუფენ ბათუმი“. გასულ წელს ამ ტურნირში რვა ქვეყანა – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან – 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ჩატარებას წელსაც გეგმავს ფედერაცია და სურს ევროპის ქვეყნებიც მოიწვიოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: