სპორტი

ბრაზილიელები ქობულეთის ”შუქურაში”

27.02.2015 • 1932
ბრაზილიელები ქობულეთის ”შუქურაში”

 

 

თანამშრომლობის ფარგლებში “კურიტიბა” „შუქურას“ ფეხბურთელებს მოაწვდის. „როჟერიო ბასელარი 2015 წლის იანვარში აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. ის სამი წლის განმავლობაში უხელძღვანელებს კლუბს და სანამ პრეზიდენტი იქნება, მანამდე ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჩელებაძემ.

 

ამ ეტაპისთვის „შუქურამ“ “კურიტიბადან” იჯარით ორი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი წამოიყვანა. მარჯვენა ნახევარმცველი ფელიპე ბეზერა და მარცხენა ნახევარმცველი ლუის გილერმე დომელესი უკვე ქობულეთში იმყოფებიან. თავდამსხმელები  პაულო ვიქტორი და ლუის ფერნანდო მაზური კი აჭარულ კლუბს 25 თებერვალს შეუერთდნენ. კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრაზილიელი ფეხბურთელები შუქურაში სამი თვით დარჩებიან და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბში მათი დატოვების საკითხს შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. როგორც რევაზ ჩელებაძე აღნიშნავს, ეს ფეხბურთელები ქართველ სპეციალისტ გოჩა ალადაშვილთან ერთად შეარჩია, რომელიც15 წელზე მეტია ბრაზილიაში ფეხბურთის სფეროში მუშაობს.

 

”შუქურას” პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე და ”კურიტიბას” პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი

 

 

 

კურიტიბა ბრაზილიის სამხრეთით მდებარე პარანის შტატის ქალაქია. აქ მდებარეობს საფეხბურთო კლუბი „კურიტიბაც“, რომელიც 1910 წელს დაარსდა. „კურიტიბა“ პარანის შტატში სამ წამყვან საფეხბურთო კლუბების რიგშია „ატლეტიკო პარანაენსესა“ და „პარანოისთან“ ერთად. 211 წელს კლუბი ბრაზილიის ელიტარულ სერია A-ში დაბრუნდა.

 

რატომ გადაწყვიტეთ გუნდის გაძლიერება ბრაზილიელი ფეხბურთელებით? რევაზ ჩელებაძემ გვიპასუხა: „იმიტომ, რომ მსოფლიოში ბრაზილიელებზე უკეთესი ეხბურთელები არსად არიან. მინდა, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც თამაშობენ „შუქურაში“, ბრაზილიელებისგან გადაიღონ გამარჯვების მაგალითი“.

 

„შუქურამ“ ბრაზილიელების გარდა მეორე წრისთვის კიდევ ერთი უცხოელი, უკრაინელი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩი დაიმატა. მას უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული, 21 თამაში – უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ბოლო ოთხი წელი კი ადრიან პუკანიჩი უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდ „ილიჩევეცში“ (Ильичевец) თამაშობდა.  „ადრიან პუკანიჩი კარგი ფეხბურთელია, მჯერა, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება“, – აღნიშნა რევაზ ჩელებაძემ.

 

გარდა შემადგენლობისა, „შუქურაში“ ცვლილებებია ხელმძღვანელობით პოზიციებზეც. გუნდს კვლავ ახალი მწვრთნელი ჰყავს და მიმდინარე სეზონში ეს მეოთხე ცვლილებაა. სეზონის დასაწყისში ქობულეთის „შუქურას“ ბესიკ შეროზია წვრთნიდა, შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამირან გოგიტიძემ დაიკავა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელმა მალევე უკრაინელი სპეციალისტით კონსტანტინ ფროლოვით ჩაანაცვლა ის. თებერვლის დასაწყისში კი გუნდის გაწვრთნა გელა სანაიას ჩააბარეს, რომელიც „შუქურამდე“ „სამტრედიაში“ მუშაობდა. გელა სანაია 36 წლისაა. ის უმაღლესი სამწვრთნელო განათლების PRO ლიცენზიის მფლობელია და სხვადასხვა წლებში წვრთნიდა „სამტრედიას“, ხობის „კოლხეთს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურასა“ და რუსთავის „მეტალურგს“. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“ და 2013-2014 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული.

 

„ბათუმელები“ რამდენიმე კითხვაზე პასუხის მისაღებად რევაზ ჩელებაძეს დაუკავშირდა:

ბატონო რევაზ, თქვენ დიდ იმედებს ამყარებდით უკრაინელ მწვრთნელზე. რატომ წავიდა კონსტანტინე ფროლოვიშუქურადან“?

– ფროლოვს ბავშვი შეეძინა, ხშირად უნდოდა იქით წასვლა. გუნდს ცოტა ყურადღება მიაკლდა. მე ვუთხარი, ან გუნდი, ან ოჯახი. ჩვენ, როგორც მეგობრები, დავცილდით ერთმანეთს.

 

ერთერთ ინტერვიუში თვითონ აცხადებდა, რომ ხელმძღვანელობამ მხარი არ დაუჭირა. რას გულისხმობდა მხარდაჭერაში, რას მოითხოვდა ის თქვენგან?

– მთავარი თუ გაინტერესებთ ის არის, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა. მე დროზე მივიღე გადაწყვეტილება. ფროლოვი ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ძალიან რბილია. „შუქურაში“ კი მწვრთნელი უფრო მომთხოვნი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მე დავუშვი შეცდომა, როცა კონსტანტინე ჩამოვიყვანე მწვრთნელად.

 

გელა სანაია რამდენ ხანს გაწვრთნის თქვენს გუნდს?

– 31 მაისამდეა დანიშნული. ახალი წლიდან ჩვენ უფლება აღარ გვექნება ერთი და ორი თვით გვქონდეს ხელშეკრულება მწვრთნელთან. მინიმუმ ერთი წლით უნდა გაფორმდეს კონტრაქტი. დარჩება თუ არა ის სამომავლოდ გუნდის მთავარ მწვრთნელად, მასზეა დამოკიდებული: წინ წაიყვანს გუნდს – დარჩება, ვერ დადებს შედეგს, მოვა სხვა. ესაა ფეხბურთის მწვრთნელის ბედ-იღბალი.

 

ბრაზილიელებით გუნდის გაძლიერება ხომ არ უკავშირდება თქვენს განცხადებას, რომ ევროპის ლიგაზე გინდათ გასვლა?

_ უკავშირდება, თორემ ათეულში ამ გუნდითაც გავიდოდი. მე მინდა შედეგი, თუ დავდებთ შედეგს, მხარდაჭერა გვექნება აჭარის ხელმძღვანელობიდანაც და სპონსორებიც გამოგვიჩნდება. ბრაზილიელები იმიტომ ჩამოვიყვანე, რომ მინდა გუნდმა მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას, ვიდრე დღეს არის.

 

აპირებთ თუ არა სხვა ფეხბურთელების დამატებას ბრაზილიიდან?

– 2014-2015 სეზონში მეტი ცვლილება აღარ იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: