Batumelebi | ცივი დარბაზიდან ჩემპიონობამდე ცივი დარბაზიდან ჩემპიონობამდე – Batumelebi
RU | GE  

ცივი დარბაზიდან ჩემპიონობამდე

 

 

13 წლამდე გელა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობდა, სადაც სკოლის ბაზაზე არსებულ შენობაში სკოლის შემდეგ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. პირველი მასწავლებელი, რომელმაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წესები და ბრძოლაში მოგება ასწავლა, ლევან შავაძე იყო. გელა უკვე 19 წლისაა. 10 წლის განმავლობაში მან შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და საქართველოსთვის ევროპისა და მსოფლიოს პრიზების მოპოვება. ის გახდა: 2011 და 2012 წელს საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის; 2012 წელს მსოფლიო პრიზიორი ჭაბუკებში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში; 2014 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (74 კგ); 2014 წლის ევროპის ჩემპიონი (74კგ); 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (74 კგ); 2014 წელს საერთაშორისო ტურნირის რიგისა და ბაქოს ჩემპიონი.

 

გელა ბოლქვაძე

 

 

 

გელა, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მოჭიდავე ხარ?

– ჩემს სოფელში პოპულარული იყო ჭიდაობა. ჩემი დეიდაშვილი მინდია წულუკიძე ჭიდაობდა, ცხრა წლისა ვიყავი, მან პირველად რომ მიმიყვანა ჭიდაობაზე. იქიდან დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და გავხდი მოჭიდავე. ზოგადად მიყვარს სპორტი.

 

ვინ გავარჯიშებდა?

– ლევან შავაძე, ის იყო ჩემი პირველი ტრენერი და ახლაც ისაა ჩემი მწვრთნელი.

 

დიდაჭარაში რა პირობებში გიწევდა ვარჯიში?

– იყო ერთი ძველი ხალიჩა, თავისუფლად ვარჯიში არ შეგვეძლო, ციოდა. ლევან შავაძის დახმარებით ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდა, ძველი ლეიბები ახალით შეიცვალა, დაემატა სავარჯიშო გირები, დაიდგა გათბობა. დღესდღეობით იქ კვლავ მიმდინარეობს ვარჯიში.

 

როდის წამოხვედი სოფლიდან ბათუმში და რატომ?

– 13 წლამდე დიდაჭარაში ვვარჯიშობდი, მერე ჩვენი ტრენერი ლევან შავაძე ბათუმში გადმოვიდა. ვინც შედარებით კარგად ვჭიდაობდით, წამოგვიყვანა. ბიჭები მასთან ოჯახში ვჩერდებოდით, რადგან ჩვენ ბათუმში საცხოვრებელი არ გვქონდა. გარდა იმისა, რომ გვავარჯიშებდა, ის უზრუნველყოფდა ჩვენს კვებას. მერე ჩემი ოჯახიც გადმოვიდა ბათუმში საცხოვრებლად, რამაც უფრო შემიწყო ხელი ჭიდაობაში.

 

პირველ წარმატებას როდის მიაღწიე?

– 2012 წელს ბაქოში, ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედალი ავიღე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე წარმატებული აღმოჩნდა 2014 წელი, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოვიპოვე, მსოფლიოზე კი – ბრინჯაოსი.

 

რას ფიქრობ, რა არის ყველაზე საჭირო უნარი მოჭიდავისთვის?

– შრომა. უნდა გქონდეს შრომის უნარი, რომ ყოველდღიურად ივარჯიშო. ასევე რწმენა, რომ შეძლო ბრძოლა დიდი წარმატებისთვის.

 

შენ რამდენად გაქვს ამის უნარიხომ არ ხდება ისე, რომ გიცრუვდება იმედი ან კარგავ ბრძოლის სურვილს?

– იმედგაცრუება მქონია, მაგრამ ინტენსიური ვარჯიშებით შევძელი მისი გადალახვა. ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგებით.

 

შენი აზრით, მოჭიდავეს რა უშლის წარმატების მიღწევაში ხელს?

– მოჭიდავისთვის მთავარია პირობები და ოჯახისგან მხარდაჭერა, რომ წახვიდე შეჯიბრებებზე, გქონდეს სათანადო კვება. ამ წლების მანძილზე ოჯახი მედგა გვერდით, ის ჩემი გულშემატკივარია. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობდი მამაჩემისგან, რომელიც დამყვებოდა შეჯიბრებებზე და მამხნევებდა.

 

სპორტსმენები ფიზიკურად ძლიერები ხართ. იყენებ საკუთარ ძალას არამიზნობრივად?

– არა. მიმაჩნია, რომ სპორტსმენები თავმდაბლები ვართ. მაგრამ თუკი საჭირო სიტუაცია იქნება, უკან არ დავიხევ.

 

როგორ მოიქცეოდი, ქუჩაში რომ დაინახო მამაკაცი სცემს ქალს?

– ალბათ, ჩავერეოდი და დავეხმარებოდი ქალს. ჩემთვის მიუღებელია მამაკაცის მიერ ქალის ცემა.

 

დღეს აქტუალურია ოჯახში ძალადობის საკითხი. რას ფიქრობ მამაკაცის მიერ ოჯახში ძალადობაზე?

 – საშინელებაა და დაუშვებელია ოჯახში ძალადობა.

 

გარდა ჭიდაობისა, რითი ხარ დაკავებული?

– განსაკუთრებულით არაფრით, უფრო ჭიდაობაში ვარ ჩართული. თუმცა, მართვის მოწმობის აღება მინდა და ამისთვის ვემზადები.

 

რა არის შენთვის ჭიდაობა?

– ჩემთვის პირველი სპორტია. მიმაჩნია, რომ საჭიროა ცხოვრებისთვის. ახალგაზრდა ადამიანი სტორტული ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ჭიდაობით შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი თავი და ასახელო შენი ქვეყანა.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ვაგრძელებ ინტენსიურ ვარჯიშს. 22 ოქტომბერს მივდივართ სტამბულში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის. მერე არის საქართველოს ჩემპიონატი, რომლის შემდეგ ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევ და ვიასპარეზებ საერთაშორისო ტურნირებზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი