სპორტი

ძიუდო და 90 ტატამი

19.10.2014 • 2955
ძიუდო და 90 ტატამი

ბატონო ვახტანგ, ორი წელია თქვენ მთავარი მწვრთნელი ხართ. თქვენი შეფასებით, რამდენად პოპულარულია აჭარაში ძიუდო?

– რომ გითხრათ ძალიან პოპულარულია აჭარაში-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა მე და ლაშა ლომინაძე ვცდილობთ, აღვზარდოთ ჩემპიონები. ჩემამდეც ამას ცდილობდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი. ის იყო ჩემი ტრენერი. მან აჭარაში გაზარდა ერთი მსოფლიო ჩემპიონი და რვა ევროპის პრიზიორი. სული და გული ჩადო ძიუდოში. მისი დამსახურებაა, რომ აჭარაში ძიუდო არსებობს, რომ გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები.

– ძიუდოს შემსწავლელი რამდენი ცენტრია აჭარაში?

– სულ ხუთი ბაზაა – ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ხულოში. არის გოგოების წრეც, სინი ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ვარჯიშობენ. თუმცა რაიონებიდან არ მოდის ისეთი ნაკადი, ნაკრები რომ შევავსოთ. არასდროს მიფიქრია, რომ მთავარ ტრენერად მოვსულიყავი, მაგრამ გამიხარდება, როცა იტყვიან ეს ჩემპიონი ვახტანგ ზოიძემ გაზარდაო. სანამ სოლომონ ფეიქრიშვილი წავიდოდა, მითხრა, რომ მთავარ მწვრთნელად უნდა მოხვიდე და ბავშვებს ასწავლოო. დიდი სიყვარული მაქვს ჩემი საქმისადმი. ჭიდაობას ვერც ვერასოდეს დავანებებდი თავს, აქ რომ არ მოვსულიყავი. ისე მიყვარს, ბავშვივით ვარ, დღემდე ვჭიდაობ და ვვარჯიშობ, მაგრამ იმდენ დატვირთვას ვერ ვაძლევ თავს, რადგან შენ თუ ივარჯიშე, ბავშვებს ვეღარ მიხედავ. დროის გასაყვანად არ მოვსულვარ. მინდა შედეგი გავაკეთო და ჩემი კუთხე და ქვეყანა ვასახელოთ მე და ბიჭებმა. გვყავს ახალგაზრდული ნაკრები – ექვსი წლიდან ოც წლამდე სამოცი ბავშვი. დიდების ნაკრებში მხოლოდ ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრების პირველი ნომრები არიან და 60 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობენ. ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი გვყავს ბაჩო ბოლქვაძე, ის ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენია. ცოტა ხანში უკვე დიდებში გააგრძელებს ასპარეზობას.

ნაკრებში ყველაზე პატარა რა ასაკის გყავთ?

– 5 წლისაც მოუყვანიათ. დღეს ის საოცრად ჭიდაობს. ძიუდოში პერსპექტიული მომავალი თაობა გვეზრდება. ბევრი მსურველი მოდის. ერთი რომ მოვა, სხვასაც უჩნდება სურვილი და მას რვა ბავშვი მოყვება, მაგრამ მერე იფილტრება და რჩება სამიოთხი, რომლითაც ივსება ძირითადი გუნდი.

როგორ ირჩევა ძირითადი გუნდი?

– ბავშვების კატეგორია ადვილად უღებს ალღოს, ზოგისთვის რთულია ძიუდოს ილეთების შესრულება. მე ორი წელია რაც ნაკრების ტრენერი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩვენთან ძიუდოზე მოდის, მხოლოდ ოცი პროცენტი რჩება. პატარა ბავშვებს დატვირთვა ნაკლები აქვთ, უფრო თამაშით ვცდილობთ შევაჩვიოთ ძიუდოს. არიან შვიდი-რვა წლის ბავშვები, ისეთები ყველაფერს რომ გააკეთებენ, მაგრამ ვცდილობთ ისე არ დავტვირთოთ, როგორც დიდები. მაგალითად, თუ დიდები ჭიდაობენ ხუთ შერკინებას, ესენი ორ-სამ შერკინებას აკეთებენ, თუ დიდები ოც აზიდვას აკეთებენ, პატარები შვიდ-რვას და ასე შემდეგ. პატარები ძალიან რომ დატვირთო, ის მეორეჯერ აღარ მოვა ვარჯიშზე.

რა ბაზა აქვს ძიუდოს და რა პირობებში ვარჯიშობთ?

– ერთადერთი ჩვენი გადაუჭრელი პრობლემა დარბაზის უქონლობაა. 90 ტატამს ყოველ დღე ვიღებთ და ისევ ვაგებთ, რადგან სხვამაც უნდა ივარჯიშოს დარბაზში. სპორტსკოლა მაქსიმალურად ხელს გვიწყობს, მაგრამ არც ერთ სახეობას თავისი ბაზა არ აქვს. აქაა ხელბურთი, კალათბურთი და კიდევ სხვა სახეობის სპორტული ჯგუფები. ბევრჯერ მივმართე ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორს მუხრან ვახტანგაძეს, ერთად გადავწყვიტოთ სად, რომელ დარბაზში წახვალთო მითხრა, მაგრამ სხვა დარბაზი ვერ ვნახეთ აჭარაში. ტატამს ყოველდღე რომ აალაგებ და დაალაგებ, ის ტატამიც ფუჭდება, ბავშვების ნერვებიც და სავარჯიშო განწყობაც.

რას ფიქრობთ, მომავალში ეყოლება ძიუდოს მიმდევრები?

– თუ ხელშეწყობა იქნება, გვექნება საკუთარი დარბაზი, რატომაც არა?!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: