სპორტი

„ბათუმი“ განახლებული შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით

19.09.2014 • 1797
„ბათუმი“ განახლებული  შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით

 

დავით გუგუშვილი


–  ბატონო დავით, რამდენად მომზადებული შეხვდით ახალ სეზონს და როგორ შეაფასებთ ჩატარებულ ოთხ თამაშს?

– პირველ რიგში რაგბის ყველა გულშემატკივარს მივულოცავ ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის დაწყებას, განსაკუთრებით ბათუმის გულშემატკივარს. ოთხივე თამაში ისე დავამთავრეთ, ბიჭები რომ გამოდიოდნენ, გეგონებოდა ერთ თამაშს კიდევ ითამაშებენო. არ გადავღლილვართ და არც ფიზიკურად დავუჩაგრივართ რომელიმე გუნდს. „არმიასთან“ და „ლელოსთან“  წაგება ჩვენი მწვრთნელების ბრალი იყო, ვიდრე მოთამაშეების. ვერ გავთვალეთ მწვრთნელებმა და პირველ და მეორე თამაშს ცოტა მოუმზადებელი შევხვდით. ჩვენ რომ გვინდოდა, ისე გეგმიურად ვერ მოვახერხეთ ვარჯიშების დალაგება, ბიჭების შეთამაშება. თან ტრანსფერი 29 ივლისს დაიკეტა და ბიჭები 27-28 ივლისს დავიმატეთ. „ლელოსთან“ 20:0 წავაგეთ, მაგრამ ვინც უყურებს ჩვენს თამაშებს იტყვის, რომ 20:0 წასაგები არ იყო, უბრალოდ ჯარიმებს აღარ ვურტყამდით კარში და ლელოზე ვთამაშობდით.

 

გუნდში განხორციელდა ტრანსფერი, რა მიმართულებით გააძლიერეთ შემადგენლობა?

– 12 ახალდამატებული მოთამაშე გვყავს. მოთამაშეები მოვიყვანეთ „ჯიქებიდან“ „არმიიდან“, „ლოკომოტივიდან“, ქუთაისის „აიადან“. შერკინების პირველი ხაზიდან, ვინც გვინდოდა და ვიზეც ვაკეთებდით წლევანდელ სეზონში აქცენტს, ორი ბიჭი წავიდა. თორნიკე სულაბერიძემ მეზღვაურის პროფესია აირჩია, წარმატებებს ვუსურვებთ მას. ილია კაიკაციშვილი  კი თბილისის „ჯიქებში“ გადავიდა. ხუთი ბიჭი „არმიიდან“ წამოვიყვანეთ, ერთწლიანი ხელშეკრულებებით.

გუნდიდან წავიდა ექვსი უცხოელი ლეგიონელიც. გვინდოდა ფრანგ რაგბისტს იოან შამულს გაეგრძელებინა ჩვენთან თამაში, თუმცა დაგვიგვიანდა მოლაპარაკება და ვერ შევთანხმდით პირობებზე. ამჟამად ის საფრანგეთში თამაშობს. მის მაგივრად ჩამოვიყვანეთ ორი მოთამაშე ალექსანდრე ზამბახიძე „ლოკომოტივიდან“ და ქუთაისის „აიას“ აღზრდილი ზურა თუთბერიძე. უკმაყოფილოები არ ვართ, ორივე ართმევს საკუთარ დავალებას თავს. პირველი წრის ბოლოს კი გვინდა, რომ გავძლიერდეთ, კონკრეტულად შერკინების პირველ ხაზში.

 

–         აპირებთ იოან შამულის კვლავ ჩამოყვანას?

– არაფერია გამორიცხული, გააჩნია რა შედეგი გვექნება წლევანდელ სეზონში და როგორი გვექნება დაფინანსება.

 

როგორია შეთამაშება და ხომ არ გაუჭირდათ ახალწვეულებს გუნდში ადაპტაცია?

– შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ყველა გამოცდილი მოთამაშეა და ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. საქმე გვაქვს პროფესიონალებთან, ყველა მუშაობს საკუთარ თავზე და იციან, რომ თუ ვერ გააკეთებენ ვერაფერს, სახელ და გვარს პატივს არ სცემს არავინ. მთავარია სპორტსმენი მზად იყოს ნებისმიერ დროს ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურადაც.

 

როგორ ართმევთ თავს მთავარი მწვრთნელის ფუნქციას და თამაშსაც ერთდროულად?

– ოთხი მწვრთნელი ვართ: მე შეთავსებული მაქვს მთავარი მწვრთნელის პოზიცია, მყავს ასისტენტები. შერკინების პირველი ხაზის მწვრთნელია სერგო მოქია, ხაზის მწვრთნელად არის გიორგი ჩუბინიძე, ასევე ჩემი ასისტენტი და გუნდის კაპიტანია არჩილ ალიქაძე, რომელიც დიდ როლს თამაშობს გუნდის სწორ  განვითარებაში.

ახალბედა მწვრთნელები ვართ და თამაშიდან თამაშამდე ჩვენც ვსწავლობთ. ვმუშაობთ ერთ გუნდად და როცა მე ვთამაშობ, იმავე ფუნქციას ეს ბიჭები ითავსებენ. როცა მოთამაშეებს ტრავმები აქვთ, ვცდილობ ჩემი თამაშით დავეხმარო გუნდს. სტადიონის პრობლემაც გვაქვს. „ლელოსთან“ როცა გვქონდა თამაში, იძულებულები ვიყავით  ფოთის სტადიონი აგვეღო არენდით და იქ გვეთამაშა სახლის თამაში.

ინფრასტრუქტურა სანამ არ იქნება, ცოტა გაგვიჭირდება. გვპირდებიან, რომ გონიოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მოედანს, სადაც დამონტაჟდება ტრიბუნები, მოეწყობა საშხაპე და გასახდელები.

 

როცა თამაში ისე მთავრდება, რომ გუნდი ერთი ქულის მოპოვებასაც ვერ ახერხებს, როგორც მწვრთნელი, როგორ აძლევთ მოთამაშეებს სტიმულს?

– თამაშის ბოლოს ყველა ვსხდებით და ვლაპარაკობთ, ვუცვლით აზრებს ერთმანეთს და განვიხილავთ თამაშიდან თამაშამდე რა არის გამოსასწორებელი, რომელ კომპონენტში უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და სადაც პრობლემაა, როგორ აღმოვფხვრათ. მერე მოვდივართ სტადიონზე და ვარჯიშში ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და მომდევნო თამაშის დროს ნაკლები შეცდომა დავუშვათ.

 

მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე საფრანგეთში მყოფი ბათუმელი მორაგბე ირაკლი ნინიძე მოიაზრებოდა, რატომ არ არის დღეს ის კლუბის მწვრთნელი?

– ირაკლი ნინიძე 10 წელია საფრანგეთში იმყოფება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კისრის მალებზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ამ გარემოებამ შეუშალა მის დაბრუნებას ხელი. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა შემეთავსებინა მთავარი მწვრთნელის ფუნქცია. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. არც ველოდებოდი და არც მაგის ამბიცია მქონდა. არა აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა კარგი შედეგი ჰქონდეს ამ გუნდს, სამომავლოდ ჩვენ ველოდებით ირაკლი ნინიძეს, რომელმაც უცხოეთში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება უნდა ჩამოიტანოს აქ.

 

რა ეტაპზე ხართ ახლა?

– ერთთვიანი წყვეტა გვაქვს, „ჩელენჯ ქაფის“ (European Rugby Challenge Cup 2014-15) თამაშებია, სადაც პირველად საქართველოს კლუბიც მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით „თბილისის კავკასიელები“, რომელიც „ლელოს“ ბაზაზეა შექმნილი სპეციალურად „ჩელენჯ ქაფში“ მონაწილეობისთვის.

პლეიოფის თამაშები 20-27 სექტემბერსაა. ჩვენი გუნდიდანაც ორი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, პირველი და მესამეხაზელი, გიორგი თხილაიშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი.

ერთთვიანი წყვეტის შემდეგ  პირველი თამაში (პირველი წრის მე-5 ტური) გვექნება 7 ოქტომბერს თბილისის „არმაზთან“.  წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. კარგი გუნდია, მან მეოთხე ტურში „ლელოს~ მოუგო. ვფიქრობ, ძლიერი ბრძოლა გვექნება და წლევანდელი ჩემპიონატი ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატი იქნება, რადგან ყველა გუნდი თანაბრად იბრძვის გამარჯვებისთვის.

 

პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლიათ, როგორ დამთავრდება სეზონი და თუ შეიცვლის ბათუმის დინამო პოზიციას მე-7 ადგილიდან უფრო მაღალ საფეხურზე?

– სამი გუნდი გვასწრებს ქულებით. უნდა ავიწიოთ მაღალ საფეხურზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ოღონდ ერთმანეთის გვერდში დგომით, ვარჯიშით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და დავუბრუნოთ „ბათუმს” დიდება, რაც ჰქონდა წლების წინ. წლევანდელ სეზონში წინასწარ პროგნოზს ვერ ვიტყვი, ახალი გუნდია და ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ. მერე გამოჩნდება სადაა სუსტი და ძლიერი რგოლი, ძლიერი რგოლი უნდა დავხვეწოთ, სუსტი კი გავაძლიეროთ. წლევანდელი სეზონი მაინც გუნდის შეკვრისთვის იქნება. თუმცა სიურპრიზებს ყველა გუნდს შევთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი