სპორტი

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ პრობლემების წინაშე

15.03.2014 • 2412
სარაგბო კლუბი „ბათუმი“ პრობლემების წინაშე

„ბათუმის“ მწვრთნელი ლევან მგელაძე ამბობს, რომ წინა წლებში კლუბმა კარგ შედეგებს მიაღწია, ბოლო სეზონი კი წარუმატებელი აღმოჩნდა და „ბათუმმა“ 12 თამაშიდან 11 შეხვედრა წააგო. წარუმატებლობის მიზეზად მწვრთნელი უკონკურენტო გარემოს, კლუბიდან ლეგიონერების წასვლასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობის არარსებობას მიიჩნევს.

ლევან მგელაძე: „ორი წლის განმავლობაში თამაში არ წაგვიგია. ვართ საქართველოს თასის მფლობელი. ვთამაშობდით ევროპის ჩემპიონატზე და მესამე ადგილზე გავედით. გუნდი შარშანაც ლიგიდან გავარდნის წინაშე იყო და მომიწვიეს. ბევრმა ადგილობრივმა ლეგიონელმა დატოვა „ბათუმი“. დიდი ძალისხმევით შევინარჩუნეთ უმაღლესი ლიგაში ასპარეზობა. ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ გვქონია, ერთადერთი „რუსთავს“ მოვუგეთ. შეგვეძლო მოგვეგო „აკადემიასთან“, მაგრამ ბოლო წუთზე წავაგეთ. წლევანდელი შედეგი პროფესიონალიზმის ნაკლებობის მაჩვენებელია. პროფესიონალიზმი იმიტომ არ არის, რომ არ არის კონკურენცია. ბათუმში რამდენიმე სარაგბო კლუბია, –  „დელფინები“, „ბათუმი XV“, „მეკობრეები“, –  მაგრამ ისინი სუსტები არიან, პირველი ლიგის ბოლო ადგილზე თამაშობენ, ნაკლები პირობებიც აქვთ.

კონკურენცია რომ იყოს, რამდენიმე კარგი მოთამაშე უნდა არსებობდეს ერთ ადგილას. ადგილობრივები პერსპექტივას სხვაგან თუ ხედავენ, მიდიან. მაგალითად, ერთი რაგბისტი აჭარიდან საფრანგეთში თამაშობს, ორი – საქართველოს „არმიაში„, ასევე „ბათუმიდან“ წასულები საქართველოს ნაკრებში თამაშობენ. პრობლემაა შიდა მმართველობაშიც, ხელმძღვანელობამ ერთმანეთში საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. შარშანაც იყო საუბარი, გვინდოდა თუ არა ლევანი მწვრთნელად. მაშინ გავარკვიეთ სიტუაცია, მაგრამ კიდევ დაიძაბა ურთიერთობა. ახლა ბოლო ადგილზე, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ. ერთმანეთთან გაურკვევლობა რომ არა, უფრო წინ ვიქნებით.“

ლევან მგელაძე არ ასახელებს კონკრეტულად რა გაურკვევლობა არსებობს ხელმძღვანელობას შორის. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელიც აპრილში მთავრდება, ის „ბათუმთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. თავის მხრივ, მწვრთნელთან ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს კლუბის დირექტორი რუსლან რუსიძეც, რომელიც  მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. ის მიიჩნევს, რომ რაგბი განვითარდა და დღეს მას სხვა მიდგომები სჭირდება. „ბათუმელებთან“ მან იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რამაც უმაღლეს ლიგაში მოხვედრილი კლუბის ჩამოქვეითება შეიძლება გამოიწვიოს.

რუსლან რუსიძე: „არ გვაქვს საწვრთნელი ბაზა. მეორე უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები არც ბავშვებში და არც დიდებში არ გვყავს. აუცილებელია ბავშვთა სპორტის განვითარება. იმ რეგიონებში, სადაც რაგბი განვითარებულია, ბავშვები ოთხი წლის ასაკიდან მიდიან. ჩვენთან ეს ზღვარი 16 წლიდანაა.“

რუსიძის თქმით, მწვრთნელისთვის საკმარისი არ არის იყოს ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშე. სამწვრთნელო მომზადების სკოლა უნდა გაიაროს მან, სადაც იქნება ასევე თეორიული სწავლება.

„საჭიროა ჩამოყალიბდეს რაგბის სკოლა, ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეთი, არაერთი სტადიონით. მწვრთნელებმა უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, გახდნენ სერტიფიცირებული. არიან ჩვენთან ვეტერანი სპორტსმენები, ისინი მალე დაანებებენ თავს თამაშს და ვფიქრობ, რომ მათ შევუწყოთ ხელი, მწვრთნელებად გადამზადდნენ“, – ამბობს „ბათუმის“ დირექტორი.

გუნდში არსებულ ხარვეზებს კაპიტანი დავით გუგუშვილიც ამჩნევს.

დავით გუგუშვილი: „ჩვენგან ბევრი მოთამაშე წავიდა, დაგვემატნენ უცხოელები, ამიტომ ამ ეტაპზე ახალი გუნდი გვქვია. შეთამაშება გვაკლია, ერთმანეთში კომუნიკაცია არ გვივარგა. ხარვეზებს თუ გამოვასწორებთ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. პირობები კარგი გვაქვს. ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული, არ  უნდა შეგვეზაროს ვარჯიში, რომ მაღალი ხარისხის რაგბი ვაჩვენოთ. ბოლო დროს სპორტული იღბალიც არ გვწყალობს. ქუთაისის „აიასთან“ წაგების შემდეგ რეალობას ჩავხედეთ თვალებში, ამიტომ პირველ ლიგაში ჩამოქვეითებაზე ფიქრიც არ გვინდა.

„ბათუმში“ უცხოეთიდან მოწვეული ექვსი რაგბისტი თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსლან რუსიძე ნახევარი წელია რაც კლუბის დირექტორია, ამბობს, რომ სეზონის დასრულებამდე ცვლილებების განხორციელება თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაამატა გუნდის გასაძლიერებლად, უცხოელები მოიწვია – ორი ინგლისიდან, სამი – სამხრეთ აფრიკიდან, ერთი – საფრანგეთიდან. მოწვეულ რაგბისტებს, რუსიძის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ამოიწურება ხელშეკრულების ვადა. იმის გამო, რომ ისინი მეტ ანაზღაურებას ითხოვენ, კლუბი მხოლოდ ერთის შენარჩუნებას აპირებს.

ბათუმში არსებულ სარაგბო კლუბებიდან მხოლოდ „ბათუმი“ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში. კლუბს ბათუმის მერია აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 599 100 ლარია. კლუბს ჯერ არ აქვს საკუთარი სტადიონი, თუმცა ქართული რაგბის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, იგეგმება სარაგბო სტადიონის აგება. ახლა მოედნის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. როგორც ლევან მგელაძე ამბობს, სამუშაოები 17 მარტს განახლდება.

გარდა მერიის ფინანსური მხარდაჭერისა, „ბათუმი“ საქართველოს რაგბის კავშირისგან 300 ათას ლარს იღებს. რუსლან რუსიძის განმარტებით, ეს თანხა სპორტსმენების ეკიპირებას, მივლინებებს, ხელფასებს, შეკრებებს, ინვენტარის შეძენას, მათ სამედიცინო დაზღვევას, მედიკამენტებს ხმარდება. ლევან მგელაძე, ისევე, როგორც რუსლან რუსიძე, კლუბის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილია, მაგრამ, მწვრთნელის აზრით, ფინანსურ უზრუნველყოფასა და ტექნიკურ ბაზაზე მეტად გუნდს ერთიანობა აკლია. „ჩემგან ყველა ელის სასწაულებს, მაგრამ როცა ერთიანობა არ არის, მაშინ საქმეს ვერავინ შველის,“ –  ამბობს ლევან მგელაძე.

ლევან მგელაძე: „თავის დროზე პირამიდის სისტემა შევთავაზე. ვთქვათ, თავში არის „ბათუმი„, რომელსაც აქვს კარგი დაფინანსება და მეტი პოტენციალი. შევთავაზე, გადმოგვეყვანა ბათუმის სხვა კლუბიდან სპორტსმენი და შეგვექმნა კარგი პირობები, ის ითამაშებდა ადგილობრივ ჯგუფში და არ გადავიდოდა სხვა გუნდში, აღარც უცხოელების მოწვევა გახდებოდა საჭირო, რამაც არ გაამართლა. მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ თანხმობა ვერ მივიღე. ამ რეგიონს რაგბის პოტენციალი აქვს. ახლაც და ჩემი წასვლის შემდეგაც, მინდა, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და ბათუმში იყოს რაგბი“.

„ბათუმის“ 69 მოთამაშე ამჟამად ვარჯიშს და შეჯიბრებებს ანგისას სტადიონზე მართავს. სტადიონს მოძველებული ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა სპორტსმენები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ისინი შეჯიბრებების მომზადებაზე არიან ორიენტირებული.

არჩილ ალიქაძე, რომელსაც „ბათუმში“ მარბიელის პოზიცია უკავია, 12 წელია რაგბის თამაშობს. ის გუნდში ერთ-ერთი გამოცდილი რაგბისტია და ამბობს, რომ ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

 არჩილ ალიქაძე: „წასვლაზე არ ვფიქრობ, მინდა აქ მივიღო მაქსიმალური შედეგი,  ეს ჩემი კლუბია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ეს არის ამჟამად ჩვენი პირველი მიზანი. მაგრამ სამომავლოდ თუკი წინსვლა არ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: