სპორტი

რა უშლის ხელს ახალგაზრდა მოჭადრაკეების უკეთ წვრთას

26.02.2014 • 2182
რა უშლის ხელს ახალგაზრდა მოჭადრაკეების  უკეთ წვრთას

16 წლამდელთა 2014 წლის აჭარის ჩემპიონები: ირაკლი ახვლედიანი, ანრი სურმანიძე, დიმიტრი ჯიბუტი, ნატა ჯიბუტი ბათუმის სასპორტო სკოლაში, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ბაზაზე ვარჯიშობენ, ანა გოგიტიძე და ია საფარიძე კი –  ქობულეთის სასპორტო სკოლაში. ისინი, როგორც აქამდე, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მეცადინეობას, ოღონდ ფულს არ იხდიან და მათ ვარჯიშს მეტ ყურადღებასა და დროს უთმობენ მწვრთნელები.

მერაბ ნაგერვაძე

ქობულეთის სპორტსკოლის მწვრთნელი თენგიზ ხალვაში ამბობს, რომ მარტო ყურადღება საკმარისი არ არის და ბავშვებს ყველაზე მეტად ამხანაგური შეხვედრები და გასვლითი ტურები წვრთნის, რაც ფინანსური სიმწირის გამო ვერ ხერხდება.

„საქართველოს პირველობაზე გასვლამდე უნდა შეეძლოს ფედერაციას ან აჭარის დეპარტამენტს, ვთქვათ, თურქეთში გაიყვანოს ამხანაგურ შეხვედრაზე. ეს არის ერთგვარი ცოდნის შეჯამება. ასეთი სახის წვრთნები ოთხი-ხუთი თვის მეცადინეობის ტოლფასია. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ქობულეთელი მოჭადრაკეები ვერ მიიღებენ შეკრებაში მონაწილეობას. მაშინ აჭარის ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს და მისი საწვრთნელი შეკრებებისთვის თანხა გამოიყოს“.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია კი განმარტავს, რომ შეკრებებისთვის საკმარისი თანხა ფედერაციას არ გააჩნია.

„გარდა ამისა, ასეთი რამ არ ხდება აჭარის ჭადრაკის ჩემპიონატებზე. აქ ნაკრები არ დგება. ნაკრები უფრო დიდ დონეზეა. ეს არის ინდივიდუალური ჩემპიონატი. ნებისმიერ ასაკში ვინც იმარჯვებს, მას ჰყავს თავისი მწვრთნელი და გამარჯვებულს ისინი ამზადებენ“.

„ჭადრაკის ფედერაცია პრიორიტეტულ სახეობაში გადავიდა და აჭარას აქვს პრეტენზია, ჭადრაკში იყოს მოწინავე“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ. „ –  თუკი  საქართველოს ჩემპიონი იღებდა 1500 ლარს, ახლა 2500 ლარს აიღებს“. მისი თქმით, ეს ცვლილება, ბოლო ერთი წლის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა, როცა სხვადასხვა ასაკის აჭარის მოჭადრაკეებმა: ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ, ნოდარ ლორთქიფანიძემ, ეკატერინე ცივაძემ, ირაკლი ახვლედიანმა და გაიოზ ნიგალიძემ საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

2013 წელს მიღწეული ამ შედეგების გამო, გასულ წელთან შედარებით, დეპარტამენტმა ფედერაციას 10 ათასი ლარით გაუზარდა დაფინანსება – 2014 წელს ფედერაციას საჭადრაკო ღონისძიებებისთვის 32 ათასი ლარი ექნება. თუმცა ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული 16 წლამდელთა შორის გამოვლენილი ექვსი გამარჯვებულის საწვრთნელი შეკრება. ქეთევან მუხაშარიას თქმით, ფედერაცია პირველი ადგილის მფლობელებს, თავიანთ მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატზე მხოლოდ გამგზავრების, ღამის გათევისა და კვების ხარჯებს დააფინანსებს.

გამარჯვებულები ქობულეთიდან – ანა გოგიტიძე 7 წლამდელთა, ხოლო ია საფარიძე 12 წლადელთა ასაკში – ქობულეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატისთვის დღეჩაგდებით მეცადინეობენ. მწვრთნელები მათ საკუთარი ძალისხმევით ამზადებენ.

„მეცადინეობის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვითაა. მაგალითად, 7 წლამდე ასაკისთვის საათი და 20 წუთის მეტი არ უნდა იყოს, 12-წლიანებში ორი საათი ან ორ საათ-ნახევარია განსაზღვრული. თამაშის დროს თითოეულ პარტიასა და სვლას ვაშუქებთ, ბავშვს ვეუბნებით – შენ ეს კარგად ითამაშე, ეს სვლა კარგია, ეს არ ვარგოდა, ამის მაგივრად ეს რომ გეთამაშა, უკეთესია. ასე კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ“.

თენგიზ ხალვაში ამბობს, რომ ხშირად შეჯიბრება მშობლების ხარჯითაც ტარდება. მიუხედავად ამისა, იას მამა – დავით საფარიძე ამბობს, რომ ჩემპიონის მომზადება განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, მთავარი ბავშვის სურვილია.

„ია მეექვსე კლასშია, ბავშვობიდან მიეჩვია თამაშს. რვა და ათი წლის ასაკში მოიპოვა აჭარის ჩემპიონობა. წელს 12-წლიანებში გაიმარჯვა. მას ძმები – ამირანი და ბაგრატ მჟავანაძეები წვრთნიან. მეცადინეობაზე დღეგამოშვებით დადის. დანარჩენს სახლში ვარჯიშობს“, – ამბობს იას მამა.

60 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო არბიტრის გურამ ჭანტურიას შეფასებით, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ჭადრაკით, მათ კი აუცილებლად სჭირდებათ წახალისება.

ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსიც ხედავს, აჭარის სპორტის სფეროში ფინანსური დახმარების ზრდის ტენდენციააო, აღნიშნავს ის. ამის ფონზე მერაბ ნაგერვაძე მომავალში ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსების გაზრდას ვარაუდობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: