ნეტგაზეთი • RU

ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებზე აღარ იქნება

ირაკლი დარცმელიძე

 

ჭიდაობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში აღარ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეხვედრამდე ცნობილი გახდა, რომ რისკიანი სპორტის სამეულში ჭიდაობა, თანამედროვე ხუთჭიდი და ტაეკვონდო შედიოდა, 15-კაციანმა საბჭომ კი ოლიმპიური თამაშების მიღმა ჭიდაობის დატოვება არჩია. თუ რატომ, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებისთვის სანუგეშოდ ის რჩება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოსაირესში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მიიღებენ. არ არის გამორიცხული, რამე შეიცვალოს, დღესდღეობით კი ასეა, ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად აღარ ითვლება. გამოთავისუფლებული ადგილისათვის კი სოფტბოლი, ბეისბოლი, უშუ, კარატე, სერფინგი, გორგოლაჭებიანი სპორტი, სპორტული მეკლდეურობა და სქვოში იბრძოლებენ.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ბოლო ცვლილება 2010 წელს შევიდა, როდესაც 2016 წლის რიო დეჟანეიროს თამაშების პროგრამაში გოლფი და შვიდკაცა რაგბი შეიტანეს.

რა რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ უცნაურ გადაწყვეტილებას საქართველოში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ესაუბრება.

ელგუჯა ბერიშვილი: სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა სანუგეშოდ ის გვრჩება, რომ ეს საბოლოო ვერდიქტი არ არის და სექტემბერში, არგენტინაში გასამართ საგანგებო შეკრებაზე, ამ იდეაზე უარს იტყვიან. ჭიდაობა ძველ წელთაღრიცხვის 776 წლიდან მოყოლებული დღემდე ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია და ამათ დღეს რა დაემართათ, არ ვიცით.

 

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს სპორტის ერთერთი ყველაზე პოპულარული სახეობის ამოღება ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან?


 

 

– სავარაუდოდ, ეს იმ ქვეყნების ნამოქმედარია, რომლებსაც არანაირი მიღწევები არ აქვთ სპორტის ამ სახეობაში, რის გამოც, საერთო გუნდურ ჩათვლაში აუტსაიდერთა პოზიციებს იკავებენ.

 

 

გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რატომ დაუშვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთოდ ამ საკითხის განხილვა და რატომ დასვა ის დღის წესრიგში?

 

 

– მოხდა ისე, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება. ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა რაღაცის სანაცვლოდ და… მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მარჩიელობა მოგვიწევს. თითქოსდა ითქვა, რომ ჭიდაობის სამყაროს კლანური სისტემა მართავსო, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ასე შემდეგ. რა, კრივი ან ტაეკვონდო ნაკლებად სახიფათოა?! მე არ ვაკნინებ და არც შურაცხყოფას ვაყენებ არც ერთ სახეობას, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრივში ორთაბრძოლისას სპორტსმენი დაღუპულა ისეთი ტრავმა მიუღია. ვიმედოვნებ, ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და გაირკვევა ვისი იდეა იყო ეს, რომელიც პირადად მე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ალბათ სათანადო რეაგირების გარეშე არ დატოვებს ამ ფაქტს

 

 

– რა თქმა უნდა, და არა მარტო ჩვენ. როგორც იცით, ჭიდაობა ძალიან განვითარებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ისეთებში, რომლებიც სპორტსა და პოლიტიკურ სარბიელზე, როგორც იტყვიან, ამინდს ქმნიან და დიდი წარმატებებიც აქვთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა არ დაუშვან ეს ფაქტი. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტები, ჭიდაობის ფედერაციები და რაც მთავარია, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაც ანალოგიურად იმოქმედებს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.