მთავარი,სიახლეები • • •

თამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის

27.11.2026
თამაზაშვილის ლოგიკით, ქომაგების მიერ პოლიციელის ცემა თავდასხმა არაა, სილის გაწვნა – არის

„ოცნების“ შს მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, დღეს, 27 ნოემბერს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ბეშიქთაშის“ ქომაგების გათავისუფლებაზე მაშინ, როცა შსს-ს ცნობითვე, 26 ნოემბრის საფეხბურთო მატჩის დროს 4 პოლიციელი დაშავდა, რის გამოც პოლიციამ 16 პირი დააკავა.

სულხან თამაზაშვილს ჟურნალისტებმა მზია ამაღლობელის საქმე გაახსენეს. მზია ამაღლობელი ორი წელია უკანონო პატიმრობაშია.

„ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. მოხდა რეაგირება, იყვნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ, თუმცა ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე აუცილებლად ყველაზე იქნება შედეგი.

გეტყვით ახლა განსხვავებას, ქომაგების და ქალბატონი მზია ამაღლობელის ქმედების. მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას – განა ირაკლი დგებუაძეს – გაარტყა სილა… ის იყო დემონსტრაციული აქტი – პოლიციისთვის სილის გაწნა. ეს [ქომაგების მიერ პოლიციელების ცემა] არის ქომაგები,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილს არ უთქვამს: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელების დაშავების ფაქტზე.

რა გამოდის – პოლიციელების ჯანმრთელობის დაზიანების დროს არ იწყება გამოძიება და სილის გაწვნაა „პოლიციელზე თავდასხმა“? შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს პროკურატურამ სილის გაწნის გამო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა ბრალი.

26 ნოემბრის ინციდენტის დროს 4 პოლიციელს არათუ სილა გააწნეს და ლოყა აუწითლდათ – როგორც ეს ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში მოხდა, ირაკლი დგებუაძისავე მტკიცებით, რომელმაც ექსპერტიზაც ჩაიტარა „დაზიანებაზე“  – არამედ „ოცნების“ შს მინისტრის თქმით, პოლიციელებმა „ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს“, თუმცა დაკავებული ქომაგები, მინისტრისვე თქმით, დღეს უკვე თავისუფლები არიან.

სულხან თამაზაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, „ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგიო“, ანუ თუ შსს სასამართლოში ამ სამართალდარღვევების ოქმს შეიტანს [ამ დრომდე „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ ფაქტზე ოქმი შეტანილი საერთოდ არ არის], შესაძლოა, რომელიმე ქომაგი დააჯარიმონ, ან მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდონ.

მთავარი ისაა, რომ მატჩზე მომხდარი დაპირისპირების გამო, რასაც ფიზიკური ძალადობა და პოლიციელების დაშავება მოჰყვა შედეგად, სისხლის სამართლის წესით გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. ეს ჩანს შს მინისტრის კომენტარიდან.

პროკურატურას გამოძიება სავარაუდოდ იმ პოლიციელების წინააღმდეგაც უნდა დაეწყო, ვისზეც იგივე წუხანდელი მატჩის დროს გავრცელდა კადრები: როგორ ძალადობს პოლიციელი მოქალაქეზე სტადიონის შესასვლელთან.

26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: