2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია.
შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი.

ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „შემოთავაზებული ავტომობილი არის ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 500 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
პრეტენდენტი წინადადების ფასში [შემდგომში ხელშეკრულება] ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის [შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით] ხარჯს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.
უმაღლესმა საბჭომ მეორე კლასის მაღალი გამავლობის 4 ავტომანქანა მიმდინარე წლის იანვარშიც იყიდა ჯამში 218 ათას ლარად.
კორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით „შპს „სენა ავტო“-ს მიერ 2026 წლის 9 იანვარს [უმაღლესი საბჭოსთვის] მოწოდებული იქნა 4 ერთეული II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი [CHERY TIGGO 7, მწარმოებელი კომპანია: Chery Automobile Co. Ltd., გამოშვების წელი: 2025] ღირებულებით 218 000 ლარი [ერთეულის ღირებულება: 54 500 ლარი]“.

ამ ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში ჰქონდა გამოცხადებული, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 289 760 ლარი იყო.
ამავე თემაზე:
„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს