რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები აფხაზეთზეც აისახა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთთან მოსაზღვრე აფხაზეთის რაიონებში საწვავის ფასის ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა. მართალია ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას – ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
ორგანიზაცია, გამოცემა Caucasian Knot-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ თვეზე მეტია გრძელდება.
„აფხაზეთის შემთხვევაში მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი და რიგები არ ფიქსირდება, თუმცა ფასები განსაკუთრებით იმ რაიონებში იზრდება, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
დე ფაქტო აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთში საწვავის დეფიციტი და მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, აფხაზეთის ბაზარზეც ზეწოლა გაიზრდება და ფასების ზრდა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებით აღარ შემოიფარგლება“ – წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ამავე დროს, აფხაზური გამოცემა „აფსნი პრესი“ წერს, რომ სოხუმში „დროებით“ გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, რაც პირდაპირ უკავშირდება საწვავისა და საპოხი მასალების ბაზარზე არსებული ვითარებას.
_________________
ფოტო: telegram






