„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით:
„პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განახლება/მოწყობა და მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელიც უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს სივრცეების ფუნქციონირებასა და გამოყენებას წლის ყველა სეზონზე, რაც უზრუნველყოფს დასვენებისა და ტურისტული მომსახურების ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული ინფრასტრუქტურის შექმნას.“
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „დავალების მიზანია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ქალაქ ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.
საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას. საპროექტო გადაწყვეტები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების, როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით.“
საკონკურსო დავალების მიხედვით პროექტირება [დაგეგმარება/რეაბილიტაცია] შეეხება მთლიანად ბულვარს [პრომინადს, ველობილიკს, გამწვანებას, ბულვარში არსებულ ობიექტებსა და განთავსებულ ინვენტარს და ა.შ.]
აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბულვარს უკვე აქვს გენგეგმა და ადგილობრივი ხელისუფლება და სამსახურები აცხადებენ, რომ ბულვარში სხვადასხვა ობიექტების დემონტაჟი სწორედ გენგეგმის საფუძველზე განახორციელეს.
საკონკურსო დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტირების ეტაპზე გასათვალისწინებელია შემდეგი ახალი სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო ობიექტები [მაგრამ არშემოიფარგლება]:
- „ახალი შენობა-ნაგებობები [I კლასი] [სავაჭრო ჯიხურები და სხვა საზოგადოებრივიდანიშნულების]; არქიტექტურული ობიექტები [მაგ.საინფორმაციო ცენტრი, ოფისი, პერგოლები და სხვა];
- საზოგადოებრივი სან.კვანძები [ქალებისათვის და მამაკაცებისათვის ინდივიდუალური კაბინებით, ადაპტირებული]; ღია საშხაპეები;
- კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის გათავსება [ტექნიკის ანგარით]; არსებული კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის ფუნქციის ცვლილება ბულვარის მუზეუმად;
- ავტოპარკინგი; სახლ-მანქანების ავტოპარკინგი [ადმინისტრაცია, სან.კვანძები საშხაპეებით და სხვა];
- ერთიანი იერსახის მქონე გასაქირავებელი ობიექტები, შეზლონგებისა და საჩრდილობელი ქოლგებისთვის.
- ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი“.
მდინარე ჭოროხზე ბათუმისა და გონიოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. ხიდის მშენებლობაზე საუბარი გაგრძელდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, თუმცა სხვადასხვა კონცეფციის შემუშავებისა თუ ესკიზების არსებობისა, ხიდი არ აშენებულა.
ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან: რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

ამ თემაზე: რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი
ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ განხორციელებულა.
იყო საუბარი იმაზეც, რომ ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებშია, რაც სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა.
„მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ზურმუხტის ქსელის საზღვრებში ხიდის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემული არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი საქმიანობებისთვის [მათ შორის, ხიდის მშენებლობა] გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გადაწყვეტილება/დასკვნა მიიღება კოდექსით დადგენილი შესაბამისი პროცედურის [სკრინინგის/სკოპინგის/გზშ] განხორციელებით“, – მოგვწერეს 2025 წელს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
ამ თემაზე: ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი
მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებულ ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობამ არაბული „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაც დააანონსა. „იგლ ჰილსის“ რენდერების მიხედვით კი, ჭოროხის შესართავთან ხელოვნური ყურეს და იახტკლუბის მოწყობაც იგეგმება.
შესაბამისად, გაურკვეველია საფეხმავლო ხიდი როგორ დააკავშირებს უშუალოდ ბათუმის და გონიოს ბულვარს ერთმანეთთან, თუ აქ იახტკლუბიც უნდა განთავსდეს.

მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხის შესართავი
ამ თემაზე:
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ