მთავარი,სიახლეები

„რუსეთი არ ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას, შეიძლება სომხეთს გაზი გაუთიშოს ზამთარში“ – ინტერვიუ

08.06.2026
„რუსეთი არ ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას, შეიძლება სომხეთს გაზი გაუთიშოს ზამთარში“ – ინტერვიუ

„სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია ნელ-ნელა კიდევ უფრო მოშორდება რუსულ გავლენებს. მთავარ გამოწვევად რჩება საქართველო, რადგანაც სომხეთის რეალური ევროინტეგრაციისთვის საქართველო განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, საქართველო რჩება რუსეთის გავლენის მთავარ წყაროდ სამხრეთ კავკასიაში,“ – მიიჩნევს გიორგი ტუმასიანი, მას სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე ვესაუბრეთ.

ფაშინიანის სომხეთში ხელისუფლებაში დარჩენით რა ეტაპზე გადადის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის ბრძოლა? რა არის ამ პროცესში მთავარი გამოწვევა?

„არ ვფიქრობ ასე, რომ რუსეთი ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას. რუსეთი კიდევ უფრო შეეცდება სომხეთისთვის მეტი პრობლემის შექმნას, სომხეთის ოპოზიციის გავლენების გამოყენებას და ეკონომიკურ ზეგავლენას. გამორიცხული არ არის სხვა პროვოკაციები, მაგალითად, გაზის ჩაკეტვა, თუნდაც შემოდგომა-ზამთრისთვის… სამხედრო პროვოკაციებიც გამორიცხული არ არის. რუსეთი დღეს საიმედოდ არის სამხრეთ კავკასიაში – საქართველო ჰყავს საკუთარ გავლენის სფეროში და სომხეთის დაბრუნების იმედი აქვს,“ – აღნიშნა გიორგი ტუმასიანმა.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ტუმასიანთან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და პოლიტიკური ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:

  • ბატონო გიორგი, რა აჩვენა თქვენთვის სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა? 61 მანდატი ექნება ფაშინიანის პარტიას, მას აქვს უმრავლესობა… 

61 მანდატი აქვს ფაშინიანს, 44 მანდატი – ოპოზიციას. ოპოზიცია ორივე პრორუსული ძალაა, რაც ნეგატიურია, ცხადია, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ ფაშინიანის პარტია, ანუ პროდასავლური ძალა, არის უმრავლესობაში – მთელ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებს უპრობლემოდ.

ეს შედეგი აჩვენებს, რომ რეალურად საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს სომხეთის სუვერენულობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სომხეთის სამშვიდობო პოლიტიკას, შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებას. ამ შედეგმა ასევე აჩვენა, რომ პრორუსული განწყობები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით რუსული, ჰიბრიდული პროპაგანდის და ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, რადგანაც სომხეთის მშპ-ს 25% დაკავშირებულია რუსეთთან. ეს არის 7 მლრდ. წინასაარჩევნო პერიოდში იყო აქცენტი გაზის საფრთხეზე, ასევე სხვა საფრთხეებზე. ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, ზეგავლენა არჩევნებზე.

იმოქმედა, ცხადია, პუტინის ღია მუქარამ უკრაინული სცენარის შესახებ.

ამას დაემატა რუსეთიდან გამოგზავნილი სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ხმას აძლევდნენ სწორედ პრორუსულ ძალებს. ვნახეთ რუსეთის ჰიბრიდული სპეცოპერაცია, რომელსაც ჰქონდა გარკვეული შედეგები. პირდაპირ ვიტყვი, რომ გარკვეული მოლოდინი იყო უფრო მეტი შედეგის. კვლევები აჩვენებდა ფაშინიანის მიმართ უფრო მაღალ მხარდაჭერას. სავარაუდოდ, ბოლო კვირების განმავლობაში, კვლევების შემდეგ რუსეთმა შეძლო გარკვეული ზეწოლა და მობილიზება.

გიორგი ტუმასიანი

  • დაახლოებით 100 ათასი სომხის ჩაყვანა იყო დაგეგმილი რუსეთიდან სომხეთში, როგორც წინა ინტერვიუში გვითხარით, ფაშინიანმა ამ ნაბიჯის საპასუხოდ მოიფიქრა სომხეთში დაბრუნებული სომხეთის მოქალაქეების სარეზერვო წვრთნებზე გაწვევა. პუტინმა მაინც შეძლო ამ მანიპულაციის გამოყენება? 

ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენი ჩავიდა რუსეთიდან სომხეთში…

საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და არჩევნებში მონაწილეობისთვის სომხეთში ცხოვრების გარკვეული ცენზი დაწესდეს. დაახლოებით 7 მლნ სომეხია სომხეთს გარეთ, აქედან რუსეთშია 1-დან 2 მილიონამდე და ყველამ რომ იქიდან შეძლოს ხმის მიცემა, ჩათვალეთ, იქაური მოქალაქეები გადაწყვეტენ შენი ქვეყნის ბედს.

ცდომილება IRI-ს კვლევასა და შედეგებს შორის აშკარაა. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მიერ ჩატარებული აი, ამ ოპერაციის, ბოლო დღეების განმავლობაში ზეწოლისა და წნეხის შედეგი.

  • წნეხში მთავარი ფაქტორი ეკონომიკაა, რომ სომხეთს შეუზღუდავენ რუსეთის ბაზარზე წვდომას? 

დიახ, ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახეთ კიდეც, რომ ბევრი პროდუქტისთვის დაკეტეს კიდეც რუსული ბაზარი. ამ სექტორში, სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს.

მეორე მომენტია, როცა უკრაინის სცენარით ემუქრები ქვეყანას. ეს გზავნილი შესაძლოა ბევრზე არა, მაგრამ ვიღაცაზე იმოქმედებდა.

  • რას აჩვენებს კრემლის რეაქცია სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე? პუტინის გარემოცვა საუბრობს ზეწოლასა და დარღვევებზე… 

აშკარაა, რომ რუსეთში უკმაყოფილო არიან იმით, რომ ფაშინიანმა შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება. რუსეთში ღიად ადანაშაულებენ ევროპას იმაში, რაც თვითონ გააკეთეს – ჩარევასა და ოპოზიციის ჩაგვრაში.

რეჟიმი, რომელსაც ოპოზიცია საერთოდ არ ჰყავს და მთავარი ოპოზიციონერი ციხეში მოკლეს, ასეთი რეჟიმი საუბრობს ოპოზიციის დევნაზე. შესაბამისად, აბსურდულია რუსეთში გაკეთებული განცხადებები. ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი იბრძვის დემოკრატიისთვის და ევროპა – ავტორიტარიზმის დამკვიდრებისთვის.

  • რა იგრძნობა კრემლის რიტორიკაში – ეგუება რუსეთი სამხრეთ კავკასიის დაკარგვას? 

არა, არ ვფიქრობ ასე, რომ რუსეთი ეგუება სამხრეთ კავკასიის დაკარგვას. რუსეთი მინიმუმ კიდევ უფრო შეეცდება სომხეთისთვის მეტი პრობლემის შექმნას, სომხეთის ოპოზიციის გავლენების გამოყენებას და ეკონომიკურ ზეგავლენას. გამორიცხული არ არის სხვა პროვოკაციები, მაგალითად, გაზის ჩაკეტვა, თუნდაც შემოდგომა-ზამთრისთვის.

სამხედრო პროვოკაციებიც გამორიცხული არ არის. რუსეთი დღეს საიმედოდ არის სამხრეთ კავკასიაში – საქართველო ჰყავს საკუთარ გავლენის სფეროში და სომხეთის დაბრუნების იმედი აქვს.

  • ირაკლი კობახიძემ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა ფაშინიანს გამარჯვება. ეს რაზე მიანიშნებს? 

გამარჯვება კი არა, წარმატება მიულოცა. წარმატება ნიშნავს იმას, რომ ფაშინიანის პოლიტიკურმა პარტიამ უპირობოდ პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის ფაქტი. პირველი ადგილის დაკავება და გამარჯვება სხვადასხვა რამეა. სხვათა შორის, ფაშინიანმაც მიულოცა კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გარკვეული არ იყო ყველაფერი…

„იმედის“ სიუჟეტი ნახეთ. „იმედის“ სიუჟეტი არის პრაქტიკულად იმაზე, როგორი დიქტატორია ფაშინიანი და როგორ გააყალბეს არჩევნები. „იმედი“ რომ „ქართული ოცნების“ ხელის მედიაა, მაგის ახსნა არ სჭირდება.

  • კვლევების მიხედვით, წინა წლებში საქართველოსგან განსხვავებით სომხეთში არ იყო მოსახლეობის დიდი ნაწილი მკაფიოდ პროევროპული ორიენტაციის. როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა, რა იყო მთავარი ფაქტორი? 

მთავარი ფაქტორი იყო რუსეთთან ურთიერთობების შეცვლილი შინაარსი – რუსეთმა სომხეთს ყველაზე რთულ დროს უღალატა. ვერ იმუშავა რუსეთზე იმ იმედებმა, რაც არსებობდა. შესაბამისად, სომხეთისთვის დაიწყო დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკის ეპოქა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სომხეთმა ნახა სანდო პარტნიორები ევროპის და ამერიკის სახით.

თუნდაც ეს არჩევნები გვაჩვენებს, რომ ფაშინიანის მხარდაჭერა და ევროპის მხარდაჭერა საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე სომხეთში. ევროპა სომხეთისთვის ამ მომენტში კარგი პარტნიორია, მაგრამ იდეოლოგიური ევროპული იდენტობა სომხეთში ახლა ყალიბდება. საქართველოში უკვე ჩამოყალიბებულია ეგ იდენტობა და ევროპის მხარდაჭერის პრობლემა არ არსებობს. საქართველოს პრობლემა არის „ქართული ოცნება“. სომხეთი ახლა გადის ამ ეტაპს, ახლა ყალიბდება ეს იდენტობა.

მნიშვნელოვანია ფაშინიანის პერსონალური ფაქტორი. ფაშინიანმა დაიწყო ევროინტეგრაცია და მისდამი მხარდაჭერა გადაითარგმნა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მხარდაჭერაში. ფაშინიანის მიმართ არსებობს ნდობა, რომელიც გადაითარგმნა ნდობაში, რომ მან შეძლო ასეთი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია ამ პროცესში.

  • რის მთქმელია ფაშინიანის აქცენტები საქართველოს შესახებ? მან თქვა, დაინტერესებული ვართ საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასევე საქართველოს და აშშ-ს შორის შერიგებითო. 

სომხეთისთვის რეალური ევროინტეგრაციის გზა საქართველოსთან ერთადაა. სწორედ ამიტომ სომხეთს სურს, საქართველოს ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები ევროპასა და შეერთებულ შტატებთან.

მეორე საკითხია, რამდენად სურს იგივე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. როდესაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი რუსეთს არ დაუთმობს სუვერენიტეტს მარწყვის სანაცვლოდ, შალვა პაპუაშვილი გამოვიდა და თქვა: ევროკავშირს მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტს არ დავუთმობთო. როგორ შევაფასოთ ეს? – ეს არის რეგიონული ევროინტეგრაციის პირდაპირი საბოტაჟი,  ეს არის ევროკავშირის და რუსეთის გაიგივება. რატომ არ არის ევროკავშირი და რუსეთი ერთი და იგივე – ამის ახსნა, მგონი, არც არის საჭირო.

  • სომხეთში ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენით რა ეტაპზე გადადის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის ბრძოლა, რა არის ამ პროცესში მთავარი გამოწვევა? 

სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია ნელ-ნელა კიდევ უფრო მოშორდება რუსულ გავლენებს. მთავარ გამოწვევად რჩება საქართველო, რადგანაც სომხეთის საქართველო განუყოფელი ნაწილია რეალური ევროინტეგრაციისთვის. სამწუხაროდ, საქართველო რჩება რუსეთის გავლენის მთავარ წყაროდ სამხრეთ კავკასიაში.

პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვარ და ჩვენი პოლიტიკური ლოზუნგია „საქართველოს ჯერია“. ჰოდა, აქაც ვიტყვი, რომ ახლა საქართველოს ჯერია გათავისუფლდეს რუსეთის გავლენებისგან, როგორც ეს გააკეთა სომხეთმა და აზერბაიჯანმა. მარტო საქართველო დარჩა.

ეს ცოტა პარადოქსულია ისტორიული პრიზმიდან რომ შევხედოთ, მაგრამ ასე ვიტყოდი: საქართველოს ჯერია!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: