„ზელენსკი ღიად ამბობს, რომ ჩვენ ყველას დავიცავთო, ჩვენ გვაქვს საამისო ძალა, გამოცდილება და გვყავს ევროპაში ყველაზე დიდი არმია. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგად დასრულდება“, – განაცხადა ლავროვმა პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუს დროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ზელენსკი მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს, კერძოდ კი – ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მან დასძინა, რომ თავად ბლოკს ჯერ არ დაუსახელებია უკრაინის გაწევრების კონკრეტული ვადები.
გარდა ამისა, ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინა „ნაციზმში“ და ამის დასტურად დაასახელა უკრაინის მიერ „რუსული კულტურის ნებისმიერ გამოვლინების, ასევე კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვა“.
თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ევროპის „განუყოფელი ნაწილია“ და არ შეიძლება მისი მთავარი საფრთხე იყოს.
პესკოვის თქმით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა წარმოუდგენელია მოსკოვის ინტერესებისა და მონაწილეობის გათვალისწინების გარეშე.






