სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი.
დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის.
„გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს”, – აცხადებენ სუს-ში.
უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმ-ბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტაცია და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.






