მთავარი,სიახლეები

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია – განახლებადი

17.03.2026
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია – განახლებადი

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე დღეს, 17 მარტს, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ის კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

  • 18:08

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესებაზე.

„გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა – რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში – უმნიშვნელოვანესია“, – ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

  • 18:05

კავკასიის მედიცინის ცენტრთან, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II მკურნალობს, ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო მივიდა.

„მე ვიყავი შიგნით, რადგან მინდოდა, რომ იყოს ნიშანი, რომ ჩვენი ეკლესია დღეს აქ არის და ლოცულობს. პატრიარქი ხშირად იყო ჩვენთან ერთად, მახსოვს, როცა მოვიდა პაპი, რამდენი საუბარი გვქონდა მასთან… ამ დღეებში, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ სულიერად ერთად”, – განაცხადა ეპისკოპოსმა ჯუზეპემ.

  • 17:53

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან. დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამის შესახებ მკურნალმა ექიმებმა უთხრეს სასულიერო პირებს.

“ელოდებიან ძალიან გავლენიან ექიმს, ან ექმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან” – დეკანოზი თათარაშვილი პატრიარქზე

  • 17:45

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პატრიარქს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„არ დამავიწყდება 18 წლის უკან, როგორ მოვიდა პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოს პალატაში ჩემს სანახავად. მინდა ვუსურვო უფლის ნებით დროული გამოჯანმრთელება“, – წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

  • 17:05

ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, რომელიც პატრიარქ ილია მეორის მკურნალობისთვის მიწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო, აცხადებს, რომ ვითარება რთულია.

„დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.

კუჭიდან სისხლდენა არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.

ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

  • 16:20

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად “კავკასიის მედიცინის ცენტრში” მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია საქართველოსთვის” წევრები.

  • 15:21

განცხადება გაავრცელა პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

„მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პატრიარქს. ღმერთი შეეწიოს ამ რთულ დღეებში“, – დაწერა მან.

  • 14:54

განცხადება გაავრცელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პატრიარქს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რამაც მთელი ქვეყანა უკიდურესად აგვაღელვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პატრიარქს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

  • 14:35

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა გადაყვანილი, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მივიდნენ.

  • 14:30

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კავკასიის მედიცინის ცენტრში კახა კალაძე მივიდა.

  • 14:19

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ემოციურია. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ღმერთმა მისცეს მას ძალა და ჯანმრთელობა“, – წერს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

  • 13:50

„კავკასიის სამედიცინო ცენტრში“, სადაც პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მივიდნენ.

„მოვედით იმის გასაგებად რა მდგომარეობა იყო. უწმინდესსა და უნეტარესს, ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ იქნება“, – თქვა ტატა ხვედელიანმა, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • 13:22

„უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისათვის”, – მიხეილ სარჯველაძე ილია მეორეს მდგომარეობის შესახებ.

  • 13:00

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს,“ – დაწერა მან ფეისბუქზე.

  • 12:53

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.

„ვწუხვარ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი X-ზე.

  • 12:40

პატრიარქის მდგომარეობის შესდახებ პირველი კომენტარი გააკეთა მეუფე დიმიტრიმ  [შიოლაშვილმა], პატრიარქის ძმისშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხე, ხომ არ იგეგმება პატრიარქის საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

„მე არ ვიცი. კონსილიუმია შეკრებილი. გამოვლენ ისინი და მოგახსენებენ,“ – თქვა მეუფე დიმიტრიმ.

  • 12:22

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მოსაყდრე შიომ. მისი კომენტარი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასეც იქნება. გვჯერა ასე იქნება ღვთის შეწევნით.

გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის,“ – თქვა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

  • 12:14

„რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს,”- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

  • 11:50

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კავკასიის სამედიცინო ცენტრში მივიდა მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და თიკა რუხაძე. კლინიკაში იმყოფებიან სასულიერო პირები და ბიზნესმენები.

  •  11:06

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად კლინიკაში მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

  • 10:30 საათი

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროება სისხლდენის კუპირებისთვის ანუ შეჩერებისთვის.

ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება,“ – თქვა სოფიო ასპანიძემ, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა.

ექიმის თქმით, ილია მეორე სისხლდენით საავადმყოფოში 03:00 საათზე გადაიყვანეს.

  • 10:00 საათი

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც ღამით კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გადაიყვანეს, სასულიერო პირები იკრიბებიან.

როგორც ამბობენ, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია.

დამატებით ინფორმაციას პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი 11:00  საათისთვის მოგვაწვდის.

  • 9:30 საათი

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: