გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ იურისტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.
„ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში,“ – მიიჩნევს თამთა მიქელაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში ბრუტალური ძალადობის გზით დიქტატურის დამყარება რთულია, ამიტომაც, ივანიშვილის „ოცნება“ შესაბამისი კანონების მიღების გზით ცდილობს კონტროლის მოხვეჭას.
„ინსტიტუციური რგოლები გაგვინადგურეს, ახლა კი, მასობრივი კონტროლის ინსტრუმენტებით ცდილობენ, ინდივიდუალურ დონეებზე არსებული თანამშრომლობები გაანადგურონ, ჩაახშონ, რკინის ფარდა ჩამოაფარონ…“- ამბობს თამთა მიქელაძე.
- ქალბატონო თამთა, თქვენი აზრით, რა ეტაპზე გადადის „ოცნება“ დემოკრატიის წინააღმდეგ „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებული ცვლილებებით? გადავუსწარით უკვე რუსეთს რეპრესიული კანონებით, თუ ჯერ არა?
ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა, პრაქტიკულად არის ტოტალური კონტროლის მოპოვება საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილზე – საკანონმდებლო ინიციატივა გრანტის იმდენად ფართო განმარტებას გვთავაზობს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოიაზრონ, პრაქტიკულად ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა, გარედან თუ ადგილობრივი ფონდების მხრიდან, რომელიც შეიძლება საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ შინაარსს ატარებდეს.
ასეთი ბუნდოვანი და ფართო ჩანაწერი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, მთელ რიგ ურთიერთობებზე მოიპოვოს კონტროლი.
ისინი, ვინც, ვთქვათ, ამ მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულებას არ შეასრულებენ, განზრახ თუ განზრახვის გარეშე [ზოგჯერ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინო, რომ რაღაცას შეიძლება გრანტი უწოდოს ვინმემ], საბოლოოდ, შეიძლება, გამოძიების საგანი გახდეს და ამაზე მოგედავონ, დაგაკისრონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფერი გამოძიების საგანი გახდეს.
თუ ადრე მიდგომა იყო ის, რომ, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ინსპექტირების შემოწმების რესურსი უნდა ამოწურულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ დგებოდა გამოძიების რისკები, ახლა უკვე ძალიან მარტივად შეიძლება პირდაპირ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და მთელი რეპრესიული აპარატის ჩართვა, ადამიანებზე გამოძიების დაწყება, მოწმედ დაკითხვა, დევნა… ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რეალობა.
პირველი ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებმა ინსტიტუციურად მკვეთრად დაგვაზიანა, პრაქტიკულად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. დონორი ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი შეთანხმების მიღებისთვის არ მივიდა „ოცნების“ ხელისუფლებასთან, რომელსაც ძალიან მძიმე ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. როგორ ჩანს, „ოცნებაში“ უნდათ, რომ საკუთარი აქტუალობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ისევ აჩვენონ და თქვან, რომ არავითარი შუალედური მექანიზმი აღარ იარსებებს: ან თქვენ გვაღიარებთ და ჩვენთვის თანხმობებისთვის მოხვალთ, ან ძალიან მძიმე რისკების წინაშე დადგებით.
ამ ყველაფერს აქვს ეკონომიკური განზომილებაც: მოწყვლადი, პროფესიული, საშუალო კლასი, რომელიც ჩართულია კვლევით ინსტიტუტებში, აკადემიებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედია ორგანიზაციებში, პროფკავშირებში და ასე შემდეგ, რომელთა შრომაც ხშირად იყო დაკავშირებული სწორედ დონორული ტიპის ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აკადემიურ სამეცნიერო ცენტრებთან და ასე შემდეგ, მთელი ასეთი პროფესიული საშუალო კლასი დღეს ხდება ეკონომიკურად დაუცველი. როგორც წესი, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, საზოგადოებრივი შრომის განვითარებაში ინვესტიციებს დებდნენ საერთაშორისო ფონდები. ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებელი, ალტერნატიული რესურსები არ შეუქმნია.
ეს საშუალო კლასი რჩება ყოველგვარი ეკონომიკური რესურსების წვდომის გარეშე. რაც, რა თქმა უნდა, ექნება ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური გავლენა არამხოლოდ ამ ადამიანებზე, არამედ მათ უკან მდგარ ოჯახებზე. ეს არის სწორედ ის სოციალური ჯგუფი, რომელიც საკუთარ შვილებს და მშობლებსაც არჩენს და მათ უკან მართლა ბევრი ადამიანია.
მეორეს მხრივ, ეს არის საჯარო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოების დასუსტება, შეჩერება, რასაც ექნება, ბუნებრივია, პოლიტიკური იმპლიკაციები, იმიტომ, რომ თუ რაღაც რგოლები და მათი საზოგადოებრივი მუშაობა გაჩერდება, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენს პოლიტიკურ რეალობაზე. ამიტომაც, ინსტიტუციური რგოლები გაგვინადგურეს, ახლა კი, ასეთი მასობრივი კონტროლის ინსტრუმენტებით ცდილობენ ინდივიდუალურ დონეებზე არსებული თანამშრომლობები გაანადგურონ, ჩაახშონ, რკინის ფარდა ჩამოაფარონ…
კრიტიკული მოქალაქეები, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აწუხებს. თუ ინსტიტუციური სამოქალაქო საზოგადოება მათ გაანადგურეს, ეს ადამიანები, როგორც გაბედული გმირები, სოკოებივით არიან მოდებული ჩვენს საჯარო სივრცეს და უკვე ინდივიდუალური ძალისხმევით ცდილობენ ურთიერთსოლიდარობით, ურთიერთდახმარების გზებით რაღაც ტიპის უთანხმოების, წინააღმდეგობის ჩვენებას.
ვხედავთ თეატრებს, რომლებიც კრიტიკას გამოხატავენ, უფლებადამცველებს, ფსიქოლოგებს, პროფესორებს, თითოეული პროფესიული ჯგუფის შიგნით ხდება წინააღმდეგობისა და უთანხმოების ჩვენება. ამიტომაც, მათ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან აწუხებთ და უნდათ ეკონომიკურად და პოლიტიკურად უკვე აი, ამ მიკრო დონეზეც ადამიანების დაზიანება – მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა.
- რამდენად ჰგავს დემოკრატიის განადგურების ტენდენცია იმას, რაც რუსეთში ხდებოდა დიქტატურის დამყარებამდე?
რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების და გაერთიანების თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. 2000-იანი წლებიდან დაიწყო რუსეთში კონტექსტის დამძიმება. განსაკუთრებული შემობრუნება კი, უკავშირდება სწორედ უცხო აგენტების, „ინააგენტების“ შესახებ კანონის მიღებას 2012 წელს, რომელმაც ძალიან ფართოდ განმარტა, რა იყო პოლიტიკური საქმიანობა. ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ და სინამდვილეში საზოგადოებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, უცხოელ აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება დააკისრეს და მთელი რიგი მოთხოვნები დაადგინეს ანგარიშვალდებულების, შემოწმების და ასე შემდეგ.
შემდგომში, უკვე პერიოდულად, ეს კანონმდებლობა მძიმდებოდა. შემდგომი ცვლილება 2014 წელს იყო არასასურველი ორგანიზაციების შესახებ, რომელმაც ცალკეულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, ფილიალებს, მედიებს და მოგვიანებით უკვე ინდივიდებს სწორედ უცხოელი აგენტისა და არასასურველი ორგანიზაციის იარლიყი მიანიჭა. მოგვიანებით ეს დაგვირგვინდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებაში 2022 წელს, რომელმაც ყველა ეს მექანიზმი გააერთიანა და დააწესა უკვე სისხლისსამართლებრივი მექანიზმები.
- იმეორებს ივანიშვილი პუტინის სვლებს? 2013 წელს რუსეთში მიიღეს ანტი-გეი პროპაგანდის კანონი და რუსეთის ხელისუფლების მთავარი გზავნილი, ივანიშვილის „ოცნების“ მსგავსად, იყო ის, რომ იცავდნენ თითქოს ტრადიციებს.
კი, ნამდვილად ასე იყო. 2022 წლის დეკემბერში ეს კანონიც გაფართოვდა და ის პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა – მხოლოდ არასრულწლოვანებით აღარ შემოიფარგლებოდა. ეს კანონი კრძალავს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოზიტიურად წარმოჩენას, ლგბტ პლუს თემის საკითხებზე საუბარს… ძალიან ფართო და ბუნდოვან განმარტებას იძლევა და მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს.
აკრძალვები ვრცელდება მედიაზე, ინტერნეტზე, სოციალურ ქსელზე, კინოებზე, თეატრებზე, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებზე, საჯარო გამოსვლებზე, აქციებზე და ასე შემდეგ.
ძირითადად ეს უკავშირდება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, მათ შორის, მაღალ ჯარიმებს თანამდებობის პირებისთვის, ორგანიზაციებისთვის, პირდაპირ აკრძალვას შეკრების და გამოხატვის კუთხით, უცხოელებისთვის დეპორტაციას და ასე შემდეგ.
- ეს იმიტომ დასჭირდა პუტინს, რომ ეჩვენებინა რეჟიმის ძალა ყველაზე დაუცველი ჯგუფის ჩაგვრით?
დიახ, ეს იყო პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითი. ზოგადად ეს ნაწილი აქტიურად ჩართეს ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდაშიც. დღესაც ვხედავთ, ეს თემა როგორ გამოიყენება რუსული პროპაგანდის მსგავსად დასავლეთის მარგინალიზაციისთვის.
რუსეთის შემთხვევაში პუტინს უფრო მეტი დრო დასჭირდა. პრინციპში რუსეთი ამ ინსტრუმენტებს იყენებდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ. ვთქვათ, ეს მძიმდებოდა, მაგალითად, ყირიმის ანექსიის კონტექსტში, შემდგომში უკვე 2022 წელს – უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ იყო ესკალაციები, ასევე ეს უკავშირდებოდა ფართო საზოგადოებრივ წინააღმდეგობას რუსეთის დიდ ქალაქებში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს ერთი ხელის დაკვრით, ძალიან სწრაფად ამის გაკეთებას, ავტოკრატიზაცია საქართველოში მართლაც უპრეცედენტოა. ასეთი რიტმით საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპაცია არ გვახსენდება სხვა კონტექსტში.
ჩვენ ვდგავართ ცალსახად ამ ტრაექტორიაზე და ჩვენ წინ ვუსწრებთ რუსეთს ავტოკრატიზაციის და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის ტემპებში.
რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში ამ ეტაპზე შეზღუდვებს აქვს ის გარემოება, რომ ის აწესებს შეთანხმების მექანიზმს, ანუ ამბობს, რომ პასუხისმგებლობა დაგეკისრება მაშინ, თუ არ დარეგისტრირდები, არ შემატყობინებ, არ შემითანხმებ. რუსეთის შემთხვევაში კი, დღეს უკვე აკრძალული აქვთ საქმიანობა კონკრეტულ არასასურველ ორგანიზაციებს და ამ სიაშია უამრავი ორგანიზაციაა, რომელიც უბრალოდ ვერცერთი დაშვებით და ვერცერთი პირობით რუსეთში ვერ იმუშავებს.
ეს კონკრეტული არასასურველი ორგანიზაციების სიების შექმნა და მათთვის მთლიანად საქმიანობის აკრძალვა, როგორც ადგილობრივი აქტორების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, არის რაღაც სპეციფიკური გამოცდილება, რომელიც რუსეთში რჩება და ჩვენთან არ არის, თუმცა, მაგალითად, გრანტის შესახებ კანონის ამ ხარისხით გაფართოება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების ასეთი ფართო დაწესება კანონის ყველა მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, არის სრულიად ახალი და სპეციფიკური გარემოება, რომელიც არ გვხვდება ამ კონტექსტით რუსეთში და არც მეზობელ ქვეყნებში.
ამიტომაც, ეს არის ძალიან მძიმე ინსტრუმენტი თვითნებობის და რეპრესიული ინსტრუმენტის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე გამოყენების საშუალება.
- ამ ლოგიკით და ამ ტემპით, მოსკოვის გამოცდილების მიხედვით, რა უნდა იყოს ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი?
მგონია, რომ ეს იქნება უკვე ინდივიდუალური ორგანიზაციების, კოლექტივებისა და ინდივიდების მიზანში ამოღება. ამ კანონპროექტით მათ უკვე თქვეს, რომ სტიგმატიზება ხდება მათი, ვისი დაფინანსება უცხოური აქტორებისგან მოდის.
შესაძლოა, შემდგომში ამას მოჰყვეს იგივე პედაგოგიური საქმიანობის აკრძალვა, ზოგადად საჯარო საქმიანობის აკრძალვა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა ასეთი ადამიანებისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე მათ კონკრეტული ორგანიზაციების და ადამიანების არასასურველ ორგანიზაციებად და აქტორებად მიჩნევა მოხდეს და სპეციფიკური, მათზე ორიენტირებული შეზღუდვების დაწესების გზაც კი აირჩიონ.
ამ ეტაპზე მათ შეიძლება ასევე კონკრეტულ ინდივიდებს და არაპარტიულ ორგანიზაციებს უთხრან, რომ მათი საქმიანობა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, შეიძლება მათ მიმართ საარჩევნო და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი გამოიყენონ და შეზღუდვები დაუწესონ იგივე, რაც პოლიტიკურ პარტიებზე ვრცელდება.
- რა შემთხვევაში არ გამოუვა ეს ბიძინა ივანიშვილს და კრემლს საქართველოში? ხედავთ ამის რესურსს, რომ პირიქით, ივანიშვილს უკან დახევა მოუწიოს?
ნამდვილად ძალიან რთულია ამის თქმა, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი შეუქცევადად ძლიერდება. რა თქმა უნდა, მას აქვს მკვეთრი სისუსტეები. მისი სისუსტეა, მაგალითად, საერთაშორისო იზოლაცია და საერთაშორისო პარტნიორების და პატრონების არ ქონა. მეორეს მხრივ, მისი მკვეთრი სისუსტეა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში რუსული ფაქტორები ძალიან მძიმედ იკითხება და „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება რუსეთთან ღია პოლიტიკური დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა მან საკმაოდ გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.
პრინციპში, „ოცნება“ მთლიანად იყენებს რუსულ პოლიტიკურ იდეოლოგიას სახელმწიფო მართვაში. ამავდროულად, ის აძლიერებს პრორუსულ ჯგუფებს საქართველოში, მათ შეუზღუდავი თავისუფლებები აქვთ. „ოცნების“ წარმომადგენლები ვერ მოიყვანენ ერთ მაგალითსაც კი, რომ თუნდაც ეს კანონები რომელიმე რუსული პრორუსული ორგანიზაციის კონტექსტში იყო გამოყენებული, დემოკრატიული, პროევროპული ორგანიზაციებისგან განსხვავებით.
ქართული ნაციონალიზმის ანტიკოლონიური სენტიმენტი, რომელიც საზოგადოებაშია, მათ არ აძლევს შესაძლებლობას, ღიად შემოიყვანონ რუსეთის ფაქტორი.
მესამე ფაქტორი არის ის, რომ ღია ბრუტალური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში მიღებული არ არის. ისინი ხედავენ, რომ საკმაოდ მძიმედ დაუჯდათ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები. ასევე, პოლიტპატიმრების საქმეებზე საკმაოდ ემოციურია საზოგადოება, ამიტომაც, ისინი უფრო ბიუროკრატიული, ტექნოკრატიული და ლეგალისტური მექანიზმებით ცდილობენ კონტროლის მოპოვებას და საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების გაჩუმებას, გაჩერებას თუ განადგურებას.
ოპოზიცია მკვეთრად დასუსტებულია, ასევე მედია ორგანიზაციები. რესურსები და თავისუფლებები ისეა შეზღუდული, რომ წინააღმდეგობის გაფართოება სხვა ჯგუფებთან, საინფორმაციო მუშაობის, ნდობის შენების, დიალოგის შენების რესურსებიც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს არა აქვთ. კრიტიკული საზოგადოებრივი ჯგუფები არიან დასუსტებულები მკვეთრად. „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სუსტი, რომ ხანგრძლივად შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება.
ჩემი აზრით, ამ კონტექსტიდან არსებობს ორი გამოსავალი: ერთი გამოსავალი ეს არის ნორმალიზების გზის არჩევა ელიტების მიერ, ამ პროცესის შეჩერება გარკვეული შეთანხმებებით, რომელიც შეიძლება იყოს ფასილიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სადაც აგრესიული ავტოკრატიზაცია შეჩერდება, პოლიტპატიმრების უფლებების აღდგენა მოხდება და გარკვეულწილად საბაზისო დემოკრატიული თამაშის წესები შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში…
- გულისხმობთ, „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას?
კი, ლეგიტიმაციის სანაცვლოდ. ერთი მოდელი ეს არის, რაზეც გარკვეული ფრაგმენტული დისკუსიები არსებობს, თუმცა ამაზე ღიად საუბარი პოლიტიკურ პარტიებს უჭირთ.
საზოგადოებრივ აქტორებსაც უჭირთ, რადგანაც ეს კომპრომისებზე წასვლის გზაა ყველასთვის. ამ გზას აქვს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა: „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებების და მოლაპარაკებების მეთოდები სხვადასხვა დროს გამოიყენეს ოპოზიციურმა ძალებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და პრინციპში ყველა მოლაპარაკება „ოცნებამ“ ჩააგდო და პირობები დაარღვია.
მეორე გზა არის რეალურად არაღიარების გაგრძელება, იზოლაციის გაგრძელება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. „ქართული ოცნება“ ამ პირობებში დაუცხრომლად, შეუქცევადად და აგრესიულად გააგრძელებს ამ მარწუხების მოჭერას. ამ პირობებში ჩვენ რესურსების გარეშე უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა, ძირითადად მოხალისეობრივად…
ამავდროულად, წინააღმდეგობას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაუშვას შეცდომები და ბუნებრივად კრიზისში შევიდეს გეოპოლიტიკური იზოლაციის, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე. გაჩნდეს რაღაც ეტაპზე მომენტი, როცა სხვა სოციალური ჯგუფებიც იქნებიან რეჟიმით უკმაყოფილოები და წინააღმდეგობის ფრონტი შეიძლება გაიზარდოს. ეს მოლოდინებიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით რეჟიმმა იცის ტექნოლოგიები როგორ შეინარჩუნოს ისე, რომ ამ საშუალო კრიტიკული კლასის გარდა, საზოგადოების სხვა სეგმენტები არ დარჩნენ ძალიან უკმაყოფილოები. ისინი რაღაცნაირად ამას ახერხებენ სოციალური პროგრამებით, პროპაგანდით და ასე შემდეგ. ამიტომაც, ეს არის სტრატეგია, რომელიც ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ დროში. ამ სტრატეგიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფები კარგავენ რაღაც ტიპის გაძლებას და მოლოდინის რეჟიმში რჩებიან, რაც ძალიან მძიმე არჩევანია.
საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ახლა არანაკლებ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, უნდა შეთანხმდნენ, რა მიაჩნიათ რაციონალურად შესაძლებლად. ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ პირველ და მეორე სტრატეგიაშიც ძალიან მძიმე არჩევანი დგება კოლექტივების, პარტიების, ორგანიზაციების, კონკრეტული ადამიანების წინაშე. პირველ შემთხვევაში, ეს არის კომპრომისი, მოტყუების რისკი და მის დაზღვევაზე უფრო მეტი ფიქრის აუცილებლობა, ეს არის ასევე „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში შესაძლო დარჩენის კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივება…
მეორე გზა მორალურად უფრო გამართლებულია, მაგრამ აქ შეიძლება ისეთი დასუსტება მოხდეს ორგანიზაციების, კოლექტივებისა და ადამიანების, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიგრაციაში წასვლა მოუწიოს.
ორივე გზა არის მძიმე.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ ბედავს ამაზე ღია საუბარს და საბოლოო შეთანხმებას იმაზე, თუ რა არის მათი პერსპექტივა.






