შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა:
„თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეოკადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი, არსებული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 2 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.





