განათლება,მთავარი,სიახლეები

„მოსწავლეები კითხვებს სვამენ და ძალიან განიცდიან“ – მასწავლებელი მე-12 კლასის გაუქმებაზე

05.11.2025 •
„მოსწავლეები კითხვებს სვამენ და ძალიან განიცდიან“ – მასწავლებელი მე-12 კლასის გაუქმებაზე

„საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია „ბათუმელებთან“.

მასწავლებელს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სასკოლო რეფორმაზე ვესაუბრეთ, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს.

  • ბატონო გიორგი, როგორც პედაგოგი, რა ტიპის პრობლემას ხედავთ იმაში, რომ შესაძლოა გააუქმონ მე-12 კლასი. რას დაკარგავენ ამით მოსწავლეები?

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნება, რადგან ეს ხელს შეუშლის ახალგაზრდებს განათლება მიიღონ უცხოეთის უნივერსიტეტებში.

მე სადაც ვმუშაობ, იქაც ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში მიიღონ განათლება და ხელს ვუწყობთ მათ, რომ წავიდნენ ამერიკაში ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად და ეს შანსი ან ცვლილების შემთხვევაში დაეკარგებათ.

  • თქვენი რამდენი მოსწავლეა წასული უცხოეთში სასწავლებლად?

საკმაოდ ბევრი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების 40%-ზე მეტი უცხოეთში მიდის ხოლმე და წელსაც, მე-12 კლასელთა დაახლოებით 70% გაემგზავრება უცხოეთში.

  • სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ამ მონაცემებს იყენებს და ამბობს, რომ აი, მიდიან უცხოეთში და აღარ ბრუნდებიან, ჩვენ კი გვინდა ახალგაზრდობა ქვეყანაში დარჩესო. თუმცა იმაზე არ საუბრობენ, რას სთავაზობენ ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მოუნდეთ ახალგაზრდებს განათლების მიღება და არა სხვაგან?

პირველ რიგში, მე-12 კლასის გაუქმების მოტივი ძალიან მარტივია. „ქართულ ოცნებას“ გეზი აქვს აღებული არა ევროპისკენ არამედ რუსეთისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროკავშირს და ყველა ფორმით ჩაკლას ეს შესაძლებლობა.

ამ მიზანს „ოცნება“ ფუთავს ისე, რომ თურმე ახალგაზრდებზე ზრუნვით აკეთებს ამას და პროპაგანდის ქვეშ მყოფი ადამიანების ნაწილს ალბათ დააჯერებს კიდეც.

თუმცა, ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, ვინც, შესაძლოა, „ოცნებას“ მხარს უჭერს, მაგრამ ამ ცვლილებას არ ეთანხმება და მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება არა რაღაც გარკვეული წრეებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

ჯერ ერთი, უცხოეთში განათლება მიღებული მოსწავლეები ბრუნდებიან ქვეყანაში, ყველა არ რჩება და მიღებულ ცოდნას იყენებენ ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ხომ აქვთ ევროპაში განათლება მიღებული და თუ მაშინ არ იყო ეს მათთვის ცუდი, ჩვენი შვილებისთვის რატომ არის ცუდი?! თვითონ რატომ მიდიოდნენ, ან თვითონ ხომ დაბრუნდნენ, რატომ ჰგონია, რომ სხვა არ ჩამოვა?!

მეც ევროკავშირის დაფინანსებით მაქვს განათლება მიღებული, გადამზადების კურსებიც გავლილი მაქვს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც და ანტიეროვნული არაფერი მისწავლია. დავბრუნდი და რაც ვისწავლე, ყველაფერი მოვახმარე ბავშვებს.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ და თუ აქ არ სთავაზობ ხარისხიან განათლებას ახალგაზრდებს, რატომ არ უნდა წავიდნენ.

მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და სამუშაო პირობები და იმ ახალგაზრდებსაც, რომელიც თითქოს „გარბიან“ ქვეყნიდან. მაშინ აქ შეუქმენი კარგი სამუშაო პირობები და 17 000 ლარი ხელფასი უდიპლომოებს კი არ უნდა ჰქონდეთ, დიპლომიან და განათლებულს უნდა ჰქონდეს რეალურად, მაგრამ მათი პროპაგანდისტული ტელევიზიებით ისე ფუთავენ ამ საკითხს, რომ ხალხს საპირისპირო დააჯერონ.

  • ევროპული განათლებისკენ სწრაფვა უცხო არ არის ქართველი ხალხისთვის და წინა საუკუნეებშიც გვაქვს ამის გამოცდილებაც…

კობახიძემ განაცხადა, ვინმეს თუ უნდა მე-12 კლასში სწავლა, წავიდეს ევროპაში და იქ დაამთავროსო, მაგრამ ესეც თავიანთი გადმოსახედიდან თქვა, ალბათ. პრივილეგირებული ოჯახების გადმოსახედიდან, რომლებსაც აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.

მათ შვილებს არ ექნებათ ამის პრობლემა, სხვა ახალგაზრდებს კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ, მით უმეტეს მაშინ, თუ უვიზო მიმოსვლაც დავკარგეთ.

  • თქვენი აზრით, რეალურად, ეს მიზანია აქ ჩადებული, რომ შესაძლებლობები წაართვან ახალგაზრდობას?

გარდა იმისა, რომ შესაძლებლობებს წაართმევენ, ნახეთ როგორ მიმდინარეობს „რეფორმები“.

რეალურად, საჯარო სექტორში, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობას ისე მოაქცევენ, რომ გახდიან თავიანთ გულშემატკივრებად. რაღაც ნაწილი ახლაც ასეთია.

მერე წავა ისეთი სწავლება, რომელიც მორჩილებას გაზრდის ახალ თაობაშიც. შესაძლოა მასწავლებლებსაც გაუზარდონ ხელფასები და ამ წახალისების სანაცვლოდ ბევრი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რასაც ხელისუფლება დაუკვეთს.

სკოლები გამოუშვებენ არა განათლებულ ახალგაზრდობას, არამედ გვეყოლება პროპაგანდით ნაკვები თაობა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაიჯერებენ. ფიქრის საშუალებას წაართმევენ და უნარი აღარ ექნებათ კრიტიკულად განსაჯონ.

  • ახალგაზრდები თუ სვამენ კითხვებს ამ საკითხზე?

სვამენ და ძალიან განიცდიან.

მქონდა საუბარი მე-11 კლასელებთან, რომელიც უკვე ემზადებიან ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად და შიში აქვთ იმის, არ გაუუქმონ მე-12 კლასი.

ისინიც ძალიან ნეგატიურად უყურებენ ამ ყველაფერს და ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ.

გამოფხიზლება სჭირდება საზოგადოებას, მაგრამ რაღაცნაირად ისეა აწყობილი ყველაფერი, რომ თითქოს შედეგი არაფერს აქვს.

ხარისხიანი განათლება რომ გქონდეს ქვეყანაში, უნივერსიტეტებშიც პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები უნდა გვყავდეს, რეალური სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას კარგი პირობებით და კარგი ანაზღაურებით, რადგან ბევრს რომ იშრომებ და მერე 1 200 ლარი გაქვს ხელფასი, მაშინ სხვაგან წასვლაც მოგინდება.

ამიტომ, ადამიანს კარგი ხელფასის და სამუშაო პირობების გარდა, აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არა ისეთი გარემო, სადაც ადამიანებს რაღაც ნიშნებით დაყოფენ და ცხვრებივით არ გარეკავენ ერთი ადგილიდან მეორეზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: