მთავარი,სიახლეები

“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება

26.10.2025
“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა” – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება

„ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა!

გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები!

ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!

ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის.

მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“ – ეს განცხადება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

დღეს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, თბილისში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საღამოს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მარშით გაემართნენ საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ.

პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

„ერთი წლის წინ, მათ თქვეს, რომ შეეძლოთ მოეპარათ არამხოლოდ ჩვენი ხმები, არამედ ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.

და მიუხედავად ყველაფერი იმისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც აქ ვდგავართ, ვართ ძალიან გულადნი, მამაცნი, ერთად, ბევრნი და კიდევ უფრო ძლიერად გვჯერა, ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების.

ბოლომდე!

ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც აქ შევიკრიბეთ, ვთქვით, რომ გავუძლებთ ყველაფერს, გავუძლებთ ყინვას, გავუძლებთ სიცხეს, გავუძლებთ ზეწოლას, ჯარიმებს, რეპრესიებს, წამებას, ძალადობას და მაინც მივიყვანთ ამ სამართლიან ბრძოლას ბოლომდე.

მაგრამ იმისათვის, რომ ეს დღე მალე დადგეს, ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამისათვის. მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:

  • თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში.
  • მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში.
  • და მესამე, შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ მომავალში ვერცერთმა ავტოკრატმა ის ვეღარ შეარყიოს.

მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, უდანაშაულო ადამიანებს: მეგობრებო, დებო და ძმებო ჩვენ აქ თქვენთვის ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომლებიც მუდმივად დავუდგებით ერთმანეთს გვერდით სანამ სამართლიანობა მართლა არ აღდგება სამართლიანობა  და მართლა არ იზეიმებს სამართალი.

ჩვენ ეს ბრძოლა აქამდე ასე მოვიტანეთ – თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული, დაპატიმრებულია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომელიც დღეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა და შეგვიძლია აქ შევიკრიბოთ.

ჩვენ ყველანი აქ ვინც ვდგავართ, ვდგავართ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პატიმრობაშია.

და ყველა ადამიანი, ვინც დღეს აქ მოვიდა, ვართ მცველები დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის.

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: