მთავარი,სიახლეები

რატომ არ გადავა პოლიცია პროტესტის მხარეს – ინტერვიუ დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან

27.10.2025 •
რატომ არ გადავა პოლიცია პროტესტის მხარეს – ინტერვიუ დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან

„სამართალდამცავები გადმოვლენ პროტესტის მხარეს“ – უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური აქტორი ავრცელებდა მსგავს ინფორმაციას და საზოგადოებაში აჩენდა ცრუ მოლოდინებს.

4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიცია და მმართველი პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ „ძალოვანები“ პროტესტს რაიმე ფორმით თანაუგრძნობენ.

ამის დასტურია ათობით ადამიანი წინასწარ პატიმრობაში, რომლებსაც მრავალწლიანი სასჯელები ელით და 90-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში – პირბადის ტარების ან გზის გადაკეტვის გამო.

შალვა ლომიძე, თადარიგის გენერალ-მაიორი, „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო 2021-2024 წლის აპრილამდე. ყოფილი უფროსი, „ბათუმელებთან“ ვრცელ ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილავს ქართულ საპოლიციო სისტემას, ხსნის რა ურთიერთკავშირშია სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა  და ამბობს, რომ პოლიცია არასდროს გადავა პროტესტის მხარეს, გარდა ერთი გამონაკლისისა.

– ბატონო შალვა, სახელმწიფო, ერთი მხრივ, სამართალდამცავს აძლევს ძალაუფლებას, მეორე მხრივ კი, სამართალდამცავს მთელი რიგი ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მიმართ. შეგიძლიათ აღგვიწეროთ ამ ურთიერთკავშირისა და ვალდებულებების სქემა როგორია? რა ვალდებულება უჩნდება პირს სახელმწიფოს მიმართ? რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს პოლიციის თანამშრომლის მიმართ?

სამართალდამცავი ორგანოს ურთიერთობა სახელმწიფოსთან იწყება კანონით განსაზღვრული მანდატიდან, რომელიც აყალიბებს, თუ ვის ემორჩილება ორგანო, რა უფლებამოსილება აქვთ მათ, რა ტიპის მაკონტროლებელი მექანიზმები არსებობს და ა.შ. ეს ურთიერთობა უნდა ხორციელდებოდეს ოფიციალური არხებით და გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

სახელმწიფოსა და სამართალდამცავ სისტემას შორის არსებული ურთიერთობები კომპლექსურია. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს, არის საკანონმდებლო სივრცე, მკვეთრად განსაზღვრული ვალდებულებები, მაკონტროლებელი მექანიზმები და ყველა მოქმედებს მისი კომპეტენციისა თუ უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი მარტივად ვერ ექცევა ამ ჩარჩოებში. არსებითად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნული ფაქტორი, როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ასევე სამართალდამცავ სისტემაში.

ძალოვან ორგანიზაციებშიც ყვავის მავნე პრაქტიკა, რადგან დღეს, სამართალდამცავს მიაჩნია, რომ ის არა ხალხის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ერთი კონკრეტული ჯგუფის მსახურია, რომელიც მის კარიერულ წინსვლასა და წარმატებას განსაზღვრავს.

სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკა აღიარებს არაფორმალური ურთიერთობების ეფექტიანობას ყოველდღიურ კომუნიკაციაში, ინფორმაციის გაცვლასა ან კრიზისის მართვაში. თუმცა, ზღვარი მკაფიოდ არის გავლებული – ამ ტიპის ურთიერთობები არ და ვერ იქცევა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად, გამორიცხავს პირად ან პოლიტიკურ ინტერესს და ემყარება პროფესიულ ნდობას და არა ზეგავლენის მოხდენას.

სამართალდამცავი სისტემისათვის დამახასიათებელი მკაცრი ვერტიკალური მართვის პრაქტიკა მრავალი ხილული თუ უხილავი კომპონენტისგან შედგება. ამ ურთიერთობებში მყოფ ორივე მხარეს, სამწუხაროდ, აწყობს ასეთი ფორმის კომუნიკაცია, ვინაიდან ეს ფორმატი ამარტივებს მართვას, გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე აძლიერებს პერსონალურ ურთიერთდამოკიდებულებას და გარკვეულწილად ქმნის დამატებით გარანტიებს საქმიანობის მხარდაჭერაში.

მართვის ასეთი სისტემისათვის დამახასიათებელია ცალმხრივი კომუნიკაცია, განსხვავებული აზრი წახალისებული არ არის, შესაბამისად ინიციატივა ნულია. არიან დავალებების გამცემები და ამ დავალებების უპირობოდ შემსრულებლები.

ყველა საკითხი თანხმდება ხელმძღვანელობასთან, პროცესები ჩერდება, თუ ხელმძღვანელობას არ სცალია, შემსრულებელი თავისუფალია ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ყველა თავს არიდებს და შედეგად ვიღებთ სივრცეს, სადაც განვითარება და ზრდა შეუძლებელია.

ასევე, საგანგაშოა, ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი სისტემის მართვაში, ხშირ შემთხვევებში, სიტყვიერი განკარგულებები და მითითებები უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მქონეა და შესასრულებლად სავალდებულოა, ვიდრე კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

ასეთი ტიპის სისტემაში მოხვედრისას, ან იღებ იქ არსებულ „წესებს“ და ერგები სიტუაციას, ან იძულებული ხდები დატოვო სისტემა, შეიცვალო პროფესია.

  • რამდენად ძვირი უჯდება სახელმწიფოს პოლიციელის კეთილგაწყობის მოპოვება? რა ღირს მაღალჩინოსანი პოლიციელის კეთილგანწყობა და რა ღირს რიგითი პოლიციელის? რა განსხვავებაა ფინანსური კუთხით? 

ზოგადად, იმის თქმაც კი ძნელია, კეთილგანწყობის მოპოვება შესაძლებელია თუ არა ხანგრძლივი დროით. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ – ხანგრძლივად. სამართალდამცავ სისტემას სჩვევია და ახასიათებს სწრაფი ადაპტაციისა და მოქნილობის უნარი.

ქვეცნობიერში, სამართალდამცავი კარიერის დასაწყისშივე ინფორმირებულია, თუ რა წარსული აქვს სისტემას, რა მემკვიდრეობა ხვდება, რა ტიპის ურთიერთობებში უნდა შევიდეს და ეს მისთვის თავიდანვე მისაღებია, მზად არის ადაპტირებისა და სხვადასხვა სახის მოქნილობისათვის.

ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სამართალდამცავს ასეთი მოქმედებებისაკენ უბიძგებს, არის მატერიალურ-ფინანსური მხარე.

აქ ვგულისხმობ, როგორც კონკრეტულად ხელფასს, ასევე სამსახურებრივი საქმიანობის დროს მოპოვებულ ან მინიჭებულ სხვადასხვა ტიპის სარგებელს – ტრანსპორტი, საწვავი, ბონუსი, პრემია, ჯილდო, შეღავათები, რანგი და ა.შ. განსხვავება რიგით და მაღალ თანამდებობის პირებს შორის არსებითია.

რომ არ შევეხო მატერიალურ და ფინანსურ ნაწილს, რომელიც ბუნებრივია განსხვავდება, აქცენტს გავაკეთებ გავლენებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, რაც პირდაპირ დაკავშირებულია სამსახურებრივ საქმიანობასთან.

სწორედ აღნიშნული კომპონენტი მიმაჩნია მაღალი თანამდებობის პირთა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების კოოპერაციის უხილავი არხების საფუძვლად, რაც განაპირობებს „ეფექტიან“ ურთიერთობებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი რანგის პირებს შორის.

ეს თანამშრომლობა ვერტიკალური, მკაცრი პრინციპების გათვალისწინებით ასახვას ჰპოვებს სამართალდამცავი სისტემის სხვადასხვა ფენაზე და ქმნის ურთიერთანგარიშგებისა და ურთიერთმხარდაჭერის უხილავ ჯაჭვს.

შესაბამისად, რიგითი შემსრულებლიდან დაწყებული და პოლიტიკური ხელმძღვანელობით დამთავრებული, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა ხდება ამ პროცესის მონაწილე და დროთა განმავლობაში ამყარებენ ამ მექანიზმს, ასევე ქმნიან ახალ კომპონენტებს კონკრეტულ მომენტში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით გაძლიერებული სამართალდამცავი სისტემა კარგია და აუცილებელი, მაგრამ მაქსიმალურად გამორიცხული უნდა იყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არაფორმალური და კულუარული მონაწილეობა სისტემის მართვაში, რათა გამოირიცხოს ფინანსური ზემოქმედების გამოყენებით პოლიტიკური ამოცანების ან სხვა საკითხების გადაწყვეტა, რამაც შეიძლება გაზარდოს სამართალგადაცდომათა ჩადენის რისკები.

  • რა სქემით ინარჩუნებს სისტემა სამართალდამცველების კეთილგანწყობას მაშინ, როცა მაღალჩინოსნებისა და რიგითების შემოსავლებს შორის დიდი სხვაობაა? ზეგანაკვეთური შრომა, ცხოვრება სესხით, საყოფაცხოვრებო პრობლემები – ეს რიგითი სამართალდამცველების ყოველდღიურობაა, მაშინ როცა მაღალჩინოსანი პოლიციელები სიმდიდრეში ცხოვრობენ. როგორ ხსნის სისტემა ამ უფსკრულს? როგორ ინარჩუნებს ამ განსხვავების მიუხედვად რიგითების კეთილგანწყობას?

ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ერთია – ფინანსური სტაბილურობა, მუდმივი სამუშაო ადგილი და განვითარების, დაწინაურების პერსპექტივა.

ბუნებრივია, სამართალდამცავი სისტემის წევრი იმავე პრობლემებშია, რაშიც ძირითადი მოსახლეობა. აქვს იგივე გამოწვევები, სირთულეები და შესაბამისად, იმ კონკრეტულ მომენტში არსებულ ფინანსურ თუ სხვა ტიპის შესაძლებლობებს იყენებს სტაბილურობის შექმნისა და მისი გაძლიერებისათვის.

სახელმწიფოც ინფორმირებულია სამართალდამცავ სისტემებში არსებული ვითარების შესახებ და პერიოდულად, ასევე მიზნობრივად, ქმნის დამატებით მექანიზმებს სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, სამართალდამცველთა კეთილგანწყობის მოპოვებისათვის და ა.შ.

ამ სისტემის შენარჩუნებაში არანაკლები მნიშვნელობა აქვს მკაცრი ვერტიკალური მმართველობის პირობებში ჩამოყალიბებულ ურთიერთვალდებულებებს, რაც ფინანსური სტაბილურობისა თუ სხვა სახის მატერიალური კეთილდღეობის პარალელურად, ზრდის სისტემის მდგრადობას, მისი მოქმედების გარანტირებულობას და სანდოობას.

აქვე, მნიშვნელოვანი გარემოებაა სამართალდაცვითი სისტემის სოციუმი, ეს არის განსხვავებული საზოგადოება, ცხოვრების განსხვავებული წესები, სტრესული გარემო, ურთიერთობებში არსებული თავისებურებები, გარკვეული სახის შეზღუდვები, აკრძალვები და უამრავი გარემოება, რაც სამართალდაცვი სისტემის წარმომადგენელს განასხვავებს საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან.

ამ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის მომეტებულ რისკებს, რომ სამართალდაცვითი სისტემის წარმომადგენლები დისტანცირდნენ საზოგადოებისაგან და შეიქმნას სახელმწიფო სისტემასთან მათი აქტიური თანამშრომლობის დამატებითი გარემოებები.

შესაბამისად, სახელმწიფოც და თვით სამართალდამცავიც უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ სახელმწიფოსა და მას შორის არსებობდეს ურთიერთობის გარკვეული ზღვარი, სამართალდამცველი არ უნდა უშვებდეს მის საქმიანობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გარდა სხვა კომპონენტის გაჩენას, საზოგადოება უნდა იყოს ჩართული სამართალდაცვითი სისტემის განვითარებაში, განათლებაში და სამართალდამცველი უნდა იყოს საზოგადოების ქმედითი ნაწილი და არა მისგან განდეგილობაში მყოფი სუბიექტი.

აქვე მნიშვნელოვან გარემოებად მეჩვენება სამართალდაცვითი სისტემის ინფორმირებულობისა და განათლების ხარისხი. შესაძლოა ეს გარემოება მოქმედებდეს სამართალდაცვითი სისტემისა და სახელმწიფო აპარატის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში არსებობს თვითგანვითარებისა თუ ინფორმაციის მიღების დიდი შესაძლებლობები, სამართალდაცვითი სისტემის თავისებურება, ცხოვრებისა თუ საქმიანობის წესები, გარკვეულწილად ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ადვილად ხდება სასურველი საინფორმაციო ნარატივის გავრცელება, ზეგავლენა თითოეულ ინდივიდზე, ამას ემატება მკაცრი ვერტიკალური მართვის სისტემა და შესაბამისად, ამ გარემოებათა ერთობლიობაში, მკვიდრდება სამართალდამცველის სასურველ საინფორმაციო ველში მოქცევის პრაქტიკა.

მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სამართალდაცვითი სისტემის მისდამი ლოიალურ დამოკიდებულებას, მის სასურველი მიმართულებით მართვას.

  • რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „სამართალდამცავები პროტესტის მხარეს გადავიდოდნენ“. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას, ცრუ მოლოდინების გაჩენას? რატომ არ გადავა სამართალდამცავი პროტესტის მხარეს? რა სამართლებრივი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს პოლიციელის შესაჩერებლად, რაც კანონის დონეზე გამორიცხავს რამე მსგავსს? და ასევე, რა წინაპირობა უნდა იყოს, რომ პოლიციელმა „ფორმა გაიხადოს და ხალხის მხარეს დადგეს?“.

არაერთგზის აღვნიშნე, რომ სამართალდამცავი სისტემა არის დახურული ტიპის სოციუმი, რომელიც რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ადვილად ექცევა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ და არის ამ მდგომარეობაში, ვიდრე არ შეიცვლება გავლენის ცენტრი.

გავლენების სწორი და დემოკრატიული გადანაწილება და საზოგადოების მხრიდან ეფექტიანი მონიტორინგი არის ის გამოსავალი, რაც უზრუნველყოფს სამართალდაცვითი სისტემის კონცენტრირებას კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე.

სამართალდამცავი სისტემა არც დღევანდელ და არც მომავალ პოლიტიკურ რეალობაში პროტესტის მხარეს არ გადავა და არც უნდა გადავიდეს.

ყველასათვის უკეთესია, რომ იგი იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მოქმედებდეს კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი მანდატით. შესაძლოა, არსებობდეს ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევები ან სურვილები, თუმცა ეს ვერ და არ უნდა იყოს სისტემური ხასიათის. ასეთი სურვილების შემთხვევაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებები არ უნდა აზიანებდეს სისტემის გამართულობას.

დღეის მდგომარეობით, სისტემამ თვითონ დააზიანა საკუთარი ინტერესები და ავტორიტეტი, ვინაიდან გააჩინა კითხვები კანონიერებასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით. დაკარგულის აღდგენა ახლა სრულად მისი და ამ მდგომარეობაში მათი ჩამყენებელი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, საზოგადოება აქ ყველაზე ნაკლებად არის რაიმეში დამნაშავე.

სწორედ მმართველი გუნდი იყო ვალდებული, შეექმნა ისეთი გარემო, რომელიც დაზიანების ნაცვლად, გაზრდიდა ამ სისტემის ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქეებში, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფდა ან გაართულებდა.

რაც შეეხება ცრუ მოლოდინების შექმნას, ან რითი შეიძლება ყოფილიყო ამ ტიპის განცხადებები გამოწვეული, რთული სათქმელია. შესაძლოა, ეს იყო დეზინფორმაცია ან სასურველის წარმოჩენა რეალობად.

მომავალში ხანგრძლივი და მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვგულისხმობ, სისტემურ, ძირეულ და საფუძლიან რეფორმას, რათა მისი რეპუტაცია მიუახლოვდეს რაიმე სტანდარტს და აღდგეს ნდობა და იმიჯი. ამოცანა რთულია, ალბათ იქნება მტკივნეულიც, თუმცა, ეტაპობრივად მიღწევადია სურვილისა და მზაობის შემთხვევაში. პირველ რიგში, სისტემამ უნდა იზრუნოს საკუთარი რეპუტაციის აღდგენაზე და ამ პროცესში  საზოგადოების მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაქცია.

სისტემა რომ ყოფილიყო უნაკლო, ვერცერთი პოლიტიკური გუნდი ან ინდივიდი ვერ შეძლებდა მის ამ კონდიციამდე მიყვანას. პოლიტიკურმა მოთამაშეებმა გააღრმავეს უფსკრული საზოგადოებასა და სამართალდამცავ სისტემას შორის.

გასაკვირი არაა, რომ პოლიტიკური გუნდი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, თუმცა, სამომავლოდ, იმედი მაქვს, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემები არ იქნებიან გამოყენებულნი პოლიტიკური გუნდების მიერ პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში. ერთხელ და საბოლოოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფოს სამსახურში მყოფი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც დაიცავს საზოგადოებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს.

რაც შეეხება კითხვის დასკვნით ნაწილს – რა წინაპირობა უნდა იყოს, რომ პოლიციელმა „ფორმა გაიხადოს და ხალხის მხარეს დადგეს“, აქ უკვე მოქმედებაში შემოდის პირადი დამოკიდებულება კონკრეტული ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ.

საქართველოს ისტორიას ახსოვს მსგავსი ფაქტები, თუმცა ეს იყო ინდივიდუალური პოზიციით გამოწვეული მოქმედება და ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი.

ზოგადად, საუბარი იმაზე, რომ სამართალდამცავი უნდა იდგეს პროტესტის ან პოლიტიკური ელიტის მხარეს, მცდარი მოსაზრება მგონია.

სამართალდამცავი უნდა იყოს კანონის მხარეს, მოქმედებდეს ოქროს შუალედის პრინციპით, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და იმოქმედოს აპოლიტიკური ინტერესებით, დარჩეს მისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ სამართალდამცავი არის კანონის დამცველი და არა პოლიტიკური გუნდის ინტერესების გამტარებელი ან პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების შემსრულებელი.

  • ძლიერ სპეციალურ სამსახურში მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სამშობლოს დაცვა. საქართველოში კი გვაქვს მოცემულობა, როცა სპეცსამსახურებში მუშაობა გაიგივებულია მოქალაქის დევნასთან, უკანონო მოსმენა-თვალთვალთან და ტერორთან. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ დღემდე ძლიერი, ადამიანის, მოქალაქის დაცვაზე ორიენტირებული სპეციალური სამსახურების ჩამოყალიბება. რა უშლის ხელს და რა სჭირდება ამ რეფორმის გატარებას?

ძლიერი და სანდო სპეციალური სამსახურები გარკვეულწილად, დიდი ფუფუნებაა ქვეყნისათვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია, როცა არსებობს ასეთი ამოცანა, დაკვეთა, ძლიერი სპეცსამსახურის ფუნქციისა და როლის მნიშვნელობის გაცნობიერება. ეს პროცესი არ არის მარტივი და საჭიროა მუდმივი განვითარება, სწორად დაგეგმილი რეფორმები, სხვადასხვა სახის ჩართულობა პოლიტიკური გუნდების, საზოგადოების, პარტნიორების და სხვა დაინტერესებული წრეების მხრიდან.

ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ძლიერი სპეციალური სამსახურების შექმნა, რადგან ეს სფერო გამოირჩევა სპეციფიკური თემებითა და მმართველობის სისტემით. ეს სამსახური ე.წ. დახურული საზოგადოებაა და რთულად იტანს შიდა თუ გარე ჩარევებს სხვა აქტორების მხრიდან.

აქ აუცილებელია, ჩაიბარო კოლეგების შექმნილი მემკვიდრეობა, დაიცვა პროფესიული ტრადიციები, შექმნა ახალი, რომელსაც გადასცემ მომავალ თაობას. საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, სწორედ რომ მაღალი სახელმწიფო თუ პროფესიული პასუხისმგებლობით გაჯერებული სპეციალური სამსახურები უნდა ჰყავდეს.

სპეციალური ან განსაკუთრებული დანიშნულების სამსახურების შექმნით, პირველ რიგში, დაინტერესებული უნდა იყოს სახელმწიფო სისტემა და პოლიტიკური მმართველობითი გუნდი, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, საექსპერტო წრეები, თვითონ სამსახური და მასთან დაკავშირებული პარტნიორი ორგანიზაციები.

არსებითად მნიშვნელოვანია, პირადი შემადგენლობის სხვადასხვა მიმართულებებით მომზადების მაღალი სტანდარტი, მათი ზოგადი თუ პროფესიული განათლება, პროფესიული განვითარების სამართლიანი სისტემა, ნულოვანი ჩარევა პოლიტიკური წრეებიდან და სამსახურების გათავისუფლება პოლიტიკური მდგენელისაგან.

ქართულ რეალობაში ყველაზე რთულ კომპონენტად მეჩვენება სამსახურების პოლიტიკისაგან გათავისუფლება. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია.

რაც შეეხება, სამსახურების მიმართ საზოგადოებაში არსებულ უნდობლობას, ეს თავად სამსახურების „დამსახურებაა“.

სპეცსამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, გაზარდონ მისი ინფორმირებულობის ხარისხი. რაც მალე გადადგამენ ამ ნაბიჯს, მით უკეთესი შედეგი დადგება კონკრეტულად სამსახურებისათვის და იქ დასაქმებული თანამშრომლებისათვის.

ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის გათვალისწინებით, შესაძლებელია საზოგადოებასთან არსებული უთანხმოებების აღმოფხვრა, ან თუნდაც, კრიტიკული ფონის მაქსიმალურად შემცირება. სხვა მხრივ ეს გაუცხოება გაიზრდება და სამსახურები აღმოჩნდებიან იზოლირებულნი საზოგადოებისაგან, რისი უამრავი მაგალითი არსებობს როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში.

  • საქართველოში მოსახლეობის 88% ენდობოდა პოლიციას (IRI-ს კვლევა 2013 წელს). წლების განმავლობაში ეს ნდობა შემცირდა. თქვენი აზრით, რა დაემართა სისტემას, როგორ გაანადგურეს ეს ნდობა? 

ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა თუ შეფასება. ყველაზე მკაფიო ინდიკატორად სამართალდაცვითი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ნაწილში, მიმაჩნია მოსახლეობის კეთილგანწყობები ინდივიდუალურად სამართალდამცველთა მიმართ, სისტემის ყოფილი წევრების საქმიანობის დაფასება და ახალგაზრდა თაობის სურვილი, ემსახუროს ამ სფეროში საკუთარ ქვეყანას. დღეს ამ მიმართულებით, ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები.

სისტემის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, ნდობის და ავტორიტეტის განადგურებას, ხელი შეუწყო პოლიტიკურმა მდგენელმა და ისტებლიშმენტმა, თვით სისტემის სურვილმა, მონაწილე ყოფილიყო ამ პროცესისა და თითოეულმა სამართალდამცველმა. სახელმწიფოს უნდა ეზრუნა სისტემის, ხოლო სამართალდამცველს – საკუთარი პროფესიის დაცვაზე და საზოგადოებას უნდა ჰქონოდა მწვავე რეგირება უარყოფითზე.

საზოგადოება ზრუნავდა სისტემის გადარჩენაზე და იძლეოდა შესაბამის რეკომენდაციებსა თუ რეაქციებს. სამწუხაროდ, ეს არ იქნა მხედველობაში მიღებული. პირიქით, გამოყენებული იქნა პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამართალდაცვითი სისტემის დაახლოებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ვხედავთ დღეს.

  • როდესაც მოქალაქე სამართალდამცავ სისტემაში იწყებს მუშაობას, რა სახის ურთიერთობა ყალიბდება მასსა და სახელმწიფოს შორის?

ცალსახად იმის თქმა, რომ სახელწიფოსა და სამართალდამცავს შორის ურთიერთობები მოქცეულია რაიმე განსაკუთრებულ ჩარჩოებში და იგი არ იცვლის სახეს გარემოებებისა თუ ფიგურანტების ცვლილების შედეგად, ძნელია. სამართალდამცავი მოქმედებს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, ხოლო მათი ურთიერთობა პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უნდა იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს კანონის მოთხოვნათა უზენაესობას.

იკრძალება რაიმე სახით არაფორმალური ან პირად გავლენებზე დაფუძნებული ურთიერთობები. პირადი ან არაფორმალური ურთიერთობები პოლიტიკურ ან ადმინისტრაციულ დონეზე განიხილება, როგორც ეთიკური და სამართლებრივი დარღვევა. თუმცა, ერთია, რა არის განსაზღვრული კანონმდებლობით და მეორე, რა პრაქტიკა არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე სამართალდამცავ სისტემაში.

არაერთი მაგალითი არსებობს სახელმწიფოს უხეში ჩარევისა სამართალდამცავი სისტემის საქმიანობაში. ეს არის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების დამახასიათებელი მავნე პრაქტიკა.

ჩემი პირადი აზრია, რომ სწორედ ასეთი პრაქტიკის არდაშვება და სისტემის გავლენებისაგან გათავისუფლება უნდა იყოს რეფორმის ძირითადი არსი. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისათვის ამგვარი გადაწყვეტილება რთულად მისაღებია. 

საერთაშორისო სტანდარტით, სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტის ნაწილი, მაგრამ არა პოლიტიკური ნების გამტარებელი. ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს დოკუმენტურ ჩარჩოს, ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას. არაფორმალური კავშირები აღიქმება, როგორც კორუფციული ან გავლენაზე დაფუძნებული მმართველობის სიმპტომი, რომელსაც ახალისებს როგორც სახელმწიფო სისტემა, ასევე კონკრეტული ინდივიდები.

ქართულ რეალობაში, სამართალდამცველსა და სახელწიფოს შორის ურთიერთობა მოიცავს მრავალ ღია თუ ფარულ კომპონენტს.

სახელმწიფო ამ კოოპერაციას აღიქვამს, როგორც მის წინაშე არსებული ამოცანების შემსრულებლად კონკრეტული ცოდნის, გამოცდილების, ინტერესების ან/და სხვა უნარების მქონე პირის დროებით ან ხანგრძლივ დაქირავებას, ხოლო სამართალდამცავი ამ შეთანხმებას აღიქვამს, როგორც ვალდებულებას, ემსახუროს დამქირავებელს დასახული ამოცანების გადაწყვეტაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში.

რჩება განცდა, რომ დაქირავებული სახელმწიფოს ქვეცნობიერში აიგივებს კონკრეტულ პერსონასთან ან პირთა ჯგუფთან და სწორედ ის წარმოადგენს სახელმწიფოს და არა ქვეყანა – ხალხი, ამომრჩეველი, გადასახადების გადამხდელი, რომელმაც დაიქირავა სახელმწიფოს მართვის განმახორციელებელი პირები.

სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება არ არის ახალი მოვლენა ქართულ რეალობაში და გამოწვეულია დამკვიდრებული მავნე პრაქტიკით, ისტორიული მეხსიერებით და სხვა რიგი მნიშვნელოვანი გარემოებით, რომელიც საერთოა როგორც სამართალდამცავ თუ სხვა სისტემაში მყოფი თითოეული მოქალაქისათვის, ასევე  ქართული საზოგადოებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: