2 აგვისტოს, ბათუმში 8 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები ევროპულ მარშს გამართავენ.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, ევროპული მარში ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი კოლონადებიდან დაიწყება 20 საათზე.
„მიტაცებული ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს.
ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელთა შესრულებამდეც ყველა სხვა სახის შეხება, მათ შორის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა რამ, ყველაფერი არის ლეგიტიმაციის მიღმა.
ყველა იმ თანამოქალაქეს, ბათუმის მკვიდრს თუ სტუმარს, გელოდებით, ბათუმის კოლონადებთან, საიდანაც დაიწყება ბათუმის ევროპული მარში,“ – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ციალა ქათამიძემ.
2 აგვისტოს ბათუმის ევროპულ მარშში მონაწილეობას მიიღებენ პარტიები: „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახლები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“.






