„დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, როცა სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, ამ წუმპიდან ამოსვლისთვის შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, მაგრამ ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი.
7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია. შესაძლოა დააკავონ სხვებიც. როგორ უნდა იმოქმედოს ხალხმა, როცა ოპოზიციურ ველზე აქტორები, ფაქტობრივად, არ რჩება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა არმაზ ახვლედიანს.
- ბატონო არმაზ, პროტესტის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ფრაზები – „მე არ დავდგები ამ პოლიტიკოსების გვერდით“, „მე არ მომწონს ის ლიდერი“ და ასე შემდეგ. ახლა, როცა პოლიტიკური ოპოზიცია, ფაქტობრივად, ციხეშია, რას გამოიწვევს ეს – იმ ხალხის გაერთიანებას, ვინც იწუნებდა არსებულ ოპოზიციას, თუ რა პროცესი შესაძლოა განვითარდეს, თქვენი დაკვირვებით?
უპირველეს ყოვლისა, მაინც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, როგორ მოვედით ამ წერტილამდე. საქმე ისაა, რომ პოლიტიკური ველის მოსუფთავებამდე ივანიშვილმა დაიწყო არაერთი სხვა ველის მოსუფთავება. მან, როგორც ცნობილია, სრულად დაიმორჩილა, დაიქვემდებარა სასამართლო. მეორე მხრივ, შეძლო ქვეყანაში არსებული მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად დაქვემდებარებაც.
ამ მომენტისთვის ყველა და ყველაფერი ექვემდებარება ივანიშვილს. ის ხვდება, რომ ახლა, სწორედ ამ ეტაპზე, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, კორუფციით მიტაცებული ქონების, უამრავი თანხის შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, მას სჭირდება ახალი ამოცანების გადაწყვეტა. მათ შორისაა პოლიტიკური ველის ამგვარად მოსუფთავება.
ამიტომ, არაფერი არ ხდება დღეს ისეთი საქართველოში, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ორი, ოთხი და თუ გნებავთ, ათი წლის წინ.
ივანიშვილმა ეს რუსული სპეცოპერაცია ჩაიფიქრა და დაგეგმა კარგა ხნის წინ.
ახლა ისმის კითხვა – ვინ სად ვიყავით მაშინ, ვინ როგორ ვეწინააღმდეგებოდით საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის ამ ბინძურ გეგმას, საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარების გეგმას, ვინ სად მივქარეთ, ვინ რა გავაკეთეთ და ვერ გავაკეთეთ.
ეს ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი კითხვაა და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტორიის მკვლევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რომ ამის შემდეგ ამ ღრმა ჩიხში შესულებმა მომდევნო ნაბიჯები მაინც დავგეგმოთ სწორად.
- დღეს, როცა გიორგი ვაშაძე დააკავეს, ელენე ხოშტარიამ თქვა – „ფაქტობრივად, დავრჩი მარტო და ვაცხადებ ერთიანობას“. ფაქტია, რომ აქამდე ეს ერთობა ვერ შედგა. ფიქრობთ, რომ ეს პროცესი მაინც შეუწყობს ხელს ოპოზიციის გაერთიანებას?
საქმე ისაა, რომ უბრალოდ გაერთიანება არაფრის მომტანი, არაფრის მომცემია. საჭიროა კონკრეტული იდეის, გეგმის, მიზნების ირგვლივ გაერთიანება.
აი, ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა ყველანაირი გაერთიანება იქნება ხელოვნური და უშედეგო.
რა უნდა იყოს მთავარი იდეა ასეთი გაერთიანებისთვის, რაც აქამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა? რა უნდა იყოს გეგმა და რა ამოცანები უნდა დაისახოს დღეს ნორმალურმა ოპოზიციამ იმ ფონზე, როცა ბარიერგადალახული პარტიების ხელმძღვანელები არიან საპყრობილეში უკანონოდ და სხვები დგანან რიგში?
შეგვეძლო, რომ აქამდე არ მოვსულიყავით, მაგრამ ახლა რა ვაკეთოთ?!
ვფიქრობ, აუცილებელია იდეის ჩამოყალიბება და იდეა უნდა შედგებოდეს ორნაწილიანი გეგმისგან. პირველი – როგორ მოხერხდეს საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილის ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან და მეორე – რა ხდება ამის შემდეგ.
სამწუხაროდ, პოლიტიკოსების და საზოგადოების ნაწილს მხოლოდ პირველი კითხვა აღელვებთ და მეორე კითხვაზე პასუხი ან ბუნდოვანია, ან საერთოდაც არ იყო.
არადა, ჩემი დაკვირვებით, საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა სწორედ მეორე შეკითხვაზე ელის მკაფიო პასუხს – რა უნდა მოხდეს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ.
აი, ამ გეგმის კონკრეტული ასპექტების გაწერის, გამოქვეყნების შემდეგ და ამ იდეით, ვფიქრობ, გაერთიანება იქნებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, არ შემიძლია არ დავადასტურო მის მიმართ დიდი პატივისცემა, ამ უდრეკი და ნამდვილად მებრძოლი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ასევე, ჩემი დიდი სოლიდარობა ყველა იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ვინც ახლა უკანონო პატიმრობაშია, მაგრამ უპირველესად, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სხვა პოლიტპატიმრებს, რადგან ჩვენ მაშინ უნდა მივმხდარიყავით, რა მოხდებოდა, როცა მზიას საქმე ასე შეიკერა და ათობით კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, აღმოჩნდნენ საპყრობილეში.
სამწუხაროდ, რეჟიმის ვერცერთი ნაბიჯი ვერ აღმოჩნდა სათანადო, სწორი შეტყობინება პოლიტიკოსებისთვის და ვერც საზოგადოებისთვის.
- ფაქტია, რომ ვერ მოხდა ამ ყველაფრის დროული გააზრება. ახლაც, დაპატიმრებული პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, რომ „რუსული სქემა აქ ვერ გავა, არ გავჩერდებით“, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით „გადის ეს რუსული სქემა“. რა უნდა ყოფილიყო ამაზე რეაქცია?
გადის და ჩემთვის ასეთი ემოციური შეფასებები არასაკმარისია. ზოგ შემთხვევაში დამაზიანებელიც, უნდა გითხრათ გულწრფელად.
ჩვენ რაც არ უნდა ემოციას მივეცეთ და ვისაუბროთ სიმართლეც – გარკვეულწილად, ეს ვერ ცვლის ივანიშვილის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გაწერილ გეგმას, ჩვენ კი ამ სიტუაციის მძევლები ვხვდებით. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლებოდა გაცილებით ადრე, რაც, საუბედუროდ, ვერ მოხერხდა.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთანაც და სხვაგანაც, რომ ჩვენ ამ წერტილში მოვიდოდით, იმიტომ, რომ პოლიტიკური კლასი ვერ ჩამოყალიბდა უმთავრეს გეგმაზე. საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ გეგმა ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლების, არამედ შემდგომი ნაბიჯებისაც, რაც დაარწმუნებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ შეიძლება ენდო ამა თუ იმ ოპოზიციურ დაჯგუფებას.
- რა არის ეს გეგმა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა?
ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ სხვადასხვა ეტაპზე გეგმა სხვადასხვაგვარია. დაუმორჩილებლობა შეიძლება იყოს ერთ ეტაპზე, მაგრამ იყო სხვა, განვლილი ეტაპები, როცა შეიძლებოდა ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება სხვაგვარად, სხვა მეთოდებით, სხვა გზებით.
ოპოზიციამ ვერ შეძლო სწორად ემართა ვერც წინასაარჩევნო პროცესი და ვერც პოსტსაარჩევნო პროცესი, ამიტომ გეგმა იცვლება.
დღეს რა შეიძლება იყოს გეგმა, დაუმორჩილებლობა თუ სხვა რამ, იმ მოცემულობაში, როცა ივანიშვილმა სრულად დაიმორჩილა სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა აღარ არსებობს ქვეყანაში არაფერი, რაც თქვენს, ჩემსა და საზოგადოების უფლებებს დაიცავს და ივანიშვილს შეუძლია დარჩენილიც ფეხქვეშ გათელოს, ამ ვითარებაში საგანგებო გეგმაზეც უნდა ვისაუბროთ.
გეგმაზე, რომელიც შეიძლება არც იყოს სტანდარტული და არც ასე საჯაროდ განხილვა შეიძლებოდეს.
- ვინ უნდა ისაუბროს ამ გეგმაზე? პოლიტიკოსთა ნახევარი ციხეშია, ნახევარი – დაკავების მოლოდინში. ხატია დეკანოიძეც ამბობდა, რომ საჭიროა სრული კონსოლიდაცია, რომ გადავარჩინოთ ქვეყანაო და ვინ ერთიანდება – ის, ვინც გარეთ დარჩა, თუ პროტესტში მყოფ ხალხზეა აქ საუბარი?
ჩვენ შეიძლება ყველას მოგვწონდეს სიტყვები „კონსოლიდაცია, ერთობა“, მაგრამ თუ სწორი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული ოპოზიციის და საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ, ამას ვერ მოჰყვება კონსოლიდაცია: გეგმა უნდა შეიცავდეს ორ მთავარ ნაწილს, როგორც აღვნიშნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელიც უბრალოდ დაიღალა, დაიქანცა ივანიშვილის ამ ყოვლად უმსგავსო, აღვირახსნილი მმართველობით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს დარწმუნებული, რომ ამ აღვირახსნილობის შემდეგ, წესიერება და სამართლიანობა დასადგურდება საქართველოში.
და ამის მთქმელი და გამკეთებელი უნდა იყოს თავად წესიერი და სამართლიანი. ამიტომ ვამბობ ახლა და ვამბობდი შარშანაც, რომ საჭიროა კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ფიგურები, პერსონები. ვინ მეუბნება მე, რომ გავყვე მას ივანიშვილის ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ – აი, ამის მთქმელი არ გვივარგა.
- საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც იდგა შემოდგომის პროტესტებზე, ყოველდღიური რუტინითაა დაკავებული – კაფეში დადიან, ირუჯებიან, მოგზაურობენ, ყოფით საჭიროებებზე ზრუნავენ და თითქოს განზე დგანან. ამიტომ, სად არის ის ხმა, ვინ არის ის, ვინც ამ გეგმას გააჟღერებს. ლიდერს ველოდებით? ფაქტია, რომ ხალხისგან ეს ლიდერი არ ამოიზარდა, რისი მოლოდინიც არსებობდა თავდაპირველად.
მე არარეალურს არაფერს ველოდები და ვინც ელოდება, უნდა ვუთხრა, რომ იმედი კიდევ უფრო მეტად გაუცრუვდებათ, რადგან დღეს არსებულ გარემოში, სადაც ასე ჭარბობს გაუნათლებლობა, უკულტურობა, სადაც პოლიტიკური შეგნება ასეთი დაბალია ამ რუსული რეჟიმის წყალობით, რა თქმა უნდა და ყველა წინა რეჟიმისაც, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, აგერ 30-ზე მეტი წელი გავიდა და ვერავინ მოახერხა მთავარი, ფუნდამენტური საკითხის მოგვარება – ეს არის განათლების სისტემა.
გაუნათლებელი ადამიანი არის ასეთი ავტორიტარული რეჟიმის პირველი მკვებავი, წყარო, მასაზრდოებელი. გაუნათლებელი ადამიანია ის, ვინც ეგუება, ვინც არ აპროტესტებს, ვინც მიჰყვება დინებას.
- მაშინ წაუგია სამოქალაქო საზოგადოებას ეს ბრძოლა, გამოდის?
ამ დროს გამოსავალი არსებობს. უნდა გამოჩნდეს ისეთი პასუხისმგებლობიანი, განათლებული, შეგნებული, წესიერი ადამიანების ერთობა, რომლებიც შეძლებენ ამ პროცესის ფორსირებას.
დრო გადის, დრო იწურება, რადგან ის, რაც შესაძლებელი იყო გუშინ და გუშინწინ, დღეს უკვე შესაძლებელი აღარ არის.
ამიტომაც, აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში აღმოვჩნდით, სადაც, ჩემი დაკვირვებით, იმ ორი მთავარი გეგმის გარდა კიდევ უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი გეგმა, კონკრეტული ამოცანებით და აი, ამაზე სასაუბროდ, ამაზე მსჯელობისთვის არაერთი პატრიოტი, განათლებული, წესიერი ადამიანი გვჭირდება, იქნება ის პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი.
- ფაქტია, რომ ასეთი ადამიანებიც გვყავს საზოგადოებაში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ისინი არ შემოდიან ამ პოლიტიკურ ველზე როგორც ლიდერები, არ იღებენ ამ ტვირთს…
დავაზუსტებდი – ისინი, ვინც აპროტესტებენ ამ რეჟიმს 200-ზე მეტი დღე, თბილისში, ბათუმსა თუ სხვაგან, ეს ადამიანები, იმის მიუხედავად, ვის რა დიპლომი აქვს და აქვს თუ არა საერთოდ დიპლომი, ჩემი დაკვირვებით, არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, სწორედ ამ ადამიანების გაუტეხელობაზე, ამ მოქალაქეების შეგნებულობაზე გადის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის გეზი.
ამიტომ აუცილებელი იყო ამ წრიდან, პროტესტში მყოფი ადამიანებიდან შექმნილიყო ახალი პოლიტიკური ჯგუფი.
- ჩვენ გვახსოვს, აქციების პირველ ეტაპზე თითქოს გამოიკვეთა ეს ახალი ბირთვი, თუმცა შემდეგ აღარ ჰქონდა განვითარება ამ პროცესებს და რატომ მოხდა ასე?
სწორედ ამიტომ დავიწყე ჩვენი საუბარი იმით, ვინ რა დავაკელით, ვინ რა არ გავაკეთეთ – ეს მნიშვნელოვანია ძალიან.
ადამიანი ამ კითხვას საკუთარ თავს უნდა უსვამდეს მაშინ, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასი, შენი ქვეყანა, შენი სამშობლო არის ასეთ წარმოუდგენელ განსაცდელში. მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს ხდებოდეს ყოველთვის მაშინ, როცა ურემი გადაბრუნდება. ერთი-ორი ნაბიჯით, ერთი-ორი დღით ან წლით მაინც უნდა ვასწრებდეთ მოვლენებს. ხომ უნდა გვყოფნიდეს იმდენი შეგნება, იმდენი აზროვნება და განათლება, რომ გავთვალოთ წინასწარ ის, რაც უეჭველად გველოდება.
ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის ბოლოს ვთქვი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, რომ ყველა იგემებდა ივანიშვილის ავტორიტარიზმის გემოს. მაშინ ჩემი ეს განცხადება ალბათ იყო შოკისმომგვრელი ბევრისთვის.
და რა ვქენით?! არ გავუწიეთ წინააღმდეგობა. ვერ მოვახერხეთ გაერთიანება ვერცერთ ეტაპზე მთავარი იდეის ირგვლივ, რომ ჩამოვაშოროთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი და შევქმნათ მყარი პირობები, რომ არასდროს, არანაირმა რეჟიმმა აქ არ მოიკიდოს ფეხი და იყოს ნორმალური, სამართლებრივი, ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.
დღეს უკვე ვართ იმ ვითარებაში, სამოქმედო არეალი იმდენად შევიწროებული აქვს როგორც ოპოზიციას, ისე საზოგადოების აქტიურ ნაწილს, რომ ფაქტობრივად, შეიძლება გვქონდეს ერთი შანსი დარჩენილი, ერთი შანსი იმისთვის, რომ ამ წუმპიდან ამოვიდეთ.
აქ არ შეიძლება მხოლოდ გარე ფაქტორების იმედზე დარჩენა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის იმედად.
მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს იმისკენ, რომ ვისაუბროთ სწორედ ამ ორპუნქტიან გეგმაზე, იქნება ეს ნებისმიერი მომდევნო არჩევნების კონტექსტში თუ არჩევნების გარეშე. ამ გეგმის გარეშე საზოგადოება არ აჰყვება არც ერთ ოპოზიციას.
როცა ვსაუბრობთ ამ ერთ დარჩენილ შანსზე, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ შესაძლებლობის ფანჯარა დაიკეტება, იგი ვეღარ გაიღება მომდევნო არაერთი წლის განმავლობაში.
- ამ ერთ შანსში გულისხმობთ ხალხისა და არსებული ოპოზიციის გაერთიანებას? იქნებ დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ.
ამ ერთ შანსში ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა, მათ, ვინც აპროტესტებს, მოახერხოს პოლიტიკურ სპექტრში და საკუთარი რიგებიდან ისეთი ახალი კონფიგურაციის ჯგუფის ან ჯგუფების შექმნა, რომელიც შეძლებდა საზოგადოების უმრავლესობის ნდობის მოპოვებას.
ამას სჭირდება ის, რომ ამ ჯგუფში შესული ადამიანები იყვნენ გამორჩეულნი წესიერების, პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი გამჭრიახობისა და გაბედულების მქონენი და დემოკრატიულად მოაზროვნეები. ეს შესაძლებელია. ასეთი ადამიანები არიან.
რა არის საჭირო? – ნება, მოქმედება და შედეგი აუცილებლად დადგება. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ ახლა, ამ უკიდურესად დრამატულ ვითარებაში, უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში, რადგან ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც წესიერი და კეთილი განზრახვა აქვს, იპოვის მინიმუმ 10-15 საუკეთესო მოქალაქეს და რა გახდა ამ ადამიანების გაერთიანება? რა უშლის ამას ხელს?!
რა თქმა უნდა, ივანიშვილის მზაკვრული, ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ სხვებიც არ აკლებენ ხელს, ზოგჯერ შურის გამო, ზოგჯერ – შეუგნებლობის და ასე შემდეგ.
ამ შანსის რეალიზებისთვის დრო არის დარჩენილი ძალიან მცირე. თუ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი არ გადაიდგა, ამის შემდეგ საქართველოში შესაძლოა კარგა ხნით დავრჩეთ ივანიშვილისეულ ავტორიტარიზმში.






