სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 31 დეკემბრის ღამეს ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური ცვლილებებისა და სამართლიანობის მოთხოვნით.
სერბეთში ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები. პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს. ტრაგედიის მიზეზად მიიჩნევა კორუფცია და სახიფათო სამშენებლო პოლიტიკა, რასაც სერბეთის მთავრობა წლებია ხელს აფარებს.
31 დეკემბერს ბელგრადის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „ახალი წელი არ არის – თქვენ ჯერ ძველის გმართებთ“.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, 31 დეკემბერს, 23:45 წუთზე, ბელგრადში მრავალათასიანი აქცია, რომელიც სკანდირებდა – „ჩვენ გვინდა სამართალი”, დადუმდა 15 წუთით ნოვი სადის ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წითელი ხელის ანაბეჭდით, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტის და იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ხელისუფლებას ხელები სისხლიანი აქვს.

ბელგრადი, 31 დეკემბრის ღამე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/ANDREJ CUKIC
მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა 31 დეკემბერს კვლავ თქვა, რომ „სტუდენტების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა“ და ახლა ეს პროტესტი პოლიტიკურია. ასევე, მედიის ცნობით, სერბეთის ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა სუბსიდიას დაჰპირდა ახალგაზრდებს, თუმცა, სტუდენტებმა გააგრძელეს პროტესტი.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა ხელისუფლებამ, რომელიც მათ „ფულის გამო პროტესტში“ და „გარე ძალების“ სამსახურში ადანაშაულებს.
„სტუდენტებმა გაიღვიძეს“, „შეწყვიტეთ ტყუილი“, „ეს ქვეყანა ჩვენიცაა“ – ეწერა ახალი წლის ღამეს საპროტესტო ბანერებზე.
ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ისინი მმართველ პარტიას წარსულში არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.
ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული.
ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
______________
მთავარ ფოტოზე: აქცია ბელგრადში 31 დეკემბრის ღამეს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ANDREJ CUKIC