სახალხო დამცველი ახალ საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, წერს 2025 წლის იანვარში ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის და აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანის დაკავებისას სახალხო დამცველისადმი მიწოდებულ ინფორმაციაზე.

„ბათუმში დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე.

არასრულწლოვანი გოგონა მიუთითებდა, რომ პოლიციელმა თმებით მოქაჩა და უხეში ფორმით დააკავეს“ – წერია ანგარიშში.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის გაწნული სილის გამო, სისხლის სამართლის მუხლით. მისი დაკავებიდან მალავე ცნობილი გახდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს შეაფურთხა და მას არ აძლევდნენ წყლის დალევის საშუალებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ ფაქტზე დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვდა. საიას შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ გამოძიების შედეგების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისში დაკავებული ქალები ასევე საუბრობდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობის თაობაზე:

„ქალები მიუთითებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, დამცინავ და ცინიკურ მოპყრობაზე. სხვა დაკავებული ქალის თქმით, თმაში ჩაავლეს ხელი და ისე შეათრიეს. საგულისხმოა, რომ აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (ასევე, წვრილმანი ხულიგნობის) საბაბით დააკავეს. შესაბამისად, მათი მხრიდან პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობა თეორიულადაც გამოირიცხება და სწორედ ამიტომ მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების საფუძველი ჰიპოთეტურადაც კი არ არსებობდა“ – წერს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ვრცელი საპარლამენტო ანგარიში მოიცავს 2024 წლისა და 2025 წლის პირველი თვეების პერიოდს.

____________

ფოტოზე: ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი

ამავე თემაზე: 

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version