დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.
მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.
გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე მიტანილ იერიშზე, სადაც მოსახლეობა არ იყო. კუსირეთი და კვერნეთი არის სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ყურაშვილის თანახმად, მოწინააღმდეგ მხარეს დომინირებული სიმაღლეები ჰქონდა მოწყობილი და იქიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა.
„ეს არის გარეუბანი ცხინვალის?“, – იკითხა წულუკიანმა.
„აი, კუს ტბაზე რომ იყოს საუბარი [თბილისის შემთხვევაში]“, – უპასუხა გენერალმა.
„კუს ტბა… ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი… კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია… ცხინვალის გარეუბანი… ნუ ცხინვალია, კუს ტბა – თბილისია…“, – მიუგო წულუკიანმა.
„გმირთა მოედნიდან თუ უყურებ, გგონია, რომ ვაკე იბომბება, ამ დროს კუს ტბის მისადგომებთანაა სროლა“, – განაცხადა გენერალმა.
„იქ მოსახლეობა იყო?“, – ჰკითხა წულუკიანმა გენერალს.
„არა.. მაქედან ძირითადად თამარაშენს უტყამდნენ. თამარაშენის სკოლის დაცხრილვა ძირითადად მანდედან ხდებოდა“, – უპასუხა გენერალმა.
„მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როცა პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს… თუ ეს არ ხდება“, – მიმართა წულუკიანმა გენერალს.
შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც ასეთი, ცხინვალში დაბომბვა არ ყოფილა. [რომ ყოფილიყო] მაგას დაგვიდებდნენ [სასამართლო დავებში]“, – უპასუხა გენერალმა.
“ქართული ცნების” საგამოძიებო კომისიაში, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, 2008 წლის აგვისტოს ომის გენერლებსაც იბარებენ.
გუშინ ამ კომისიის წევრების კითხვებს გენერალმა ზაზა გოგავამ უპასუხა.
კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.