მთავარი,სიახლეები

4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან

26.03.2025 •
4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან

21 წლის ნიკოლოზ მირცხულავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა ბათუმში. ნიკოლოზი იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც ღამეს ათევდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად, იგი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

სტუდენტს ამ დრომდე 4 ჯარიმა გამოუწერეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას სხვადასხვა მიზეზით, ჯამში – 15 500 ლარი. ნიკოლოზ მირცხულავა 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

  • ნიკოლოზ, როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევდით, რაც წინ უსწრებდა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას, შედარებით ბევრნი იყავით. ახლა იმ რაოდენობის სტუდენტები აღარ დგახართ აქციებზე. თქვენი აზრით, რატომ?

შეუძლებელია ადამიანი რაღაც გარკვეულ ბრძოლაში ჩაერთოს, ამდენი რამ გაიღოს და ასე ერთიანად დათმოს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია და ის ადამიანები, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყველა მზად არის, რომ ისევ, ერთიანი ძალით და იმავე მიზნით იდგეს გარეთ და დაასრულოს ის საქმე, რაც დაიწყო.

ბევრნაირად შეიძლება შევხედოთ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს რაიმეს შეეშინდა. უბრალოდ გრძელვადიანი პროცესია, ვიღაცებმა პაუზა აიღეს, ვიღაცები კი, შესაძლოა, რაღაც გარკვეულ პერიოდში დაიღალნენ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფიზიკურ დაღლაზე, აქ არის ნერვული ომი, სტრესი იყო.

ჩვენ ვუყურებდით არამარტო აქ, ადგილზე [ბათუმში] როგორ გვარბევდნენ, გვიჭერდნენ და სხვა საშუალებებით ცდილობდნენ ჩვენ დაშლას. დარბევები იყო თბილისში და თუ ფიზიკურად არ ვიყავით, ვუყურებდით ტელეეკრანებიდან ჩვენს მეგობრებს როგორ არბევდნენ, შლიდნენ, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ნერვულმა ომმა მაინც, ჩემი აზრით, გარკვეულ ადამიანებზე ითამაშა ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ადამიანები გამოიფიტნენ, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანები ვართ და ჩვენც ვიღლებით, თუმცა ისინი მზად არიან ისევ დაუბრუნდნენ ბრძოლის წინა ხაზს.

  • არის ასეთი აზრი, რომ „პროტესტი გაქრა“. რას ფიქრობთ ამაზე?

პროტესტი გაქრა-მეთქი რომ ვთქვა, საკუთარ თავთანაც არასწორი ვიქნები, იმიტომ, რომ, როცა ვიცი, თუნდაც ერთი ადამიანი გამოდის და აპროტესტებს, სადაც ვდგავართ ყოველდღიურად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მთავრობის სახლთან, ესე იგი ვიღაცას მაინც აქვს პროტესტის გრძნობა.

სოციალურ ქსელში ვიღაც ერთი ადამიანი მაინც თუ დაწერს საპროტესტო სახის პოსტს, ესეც პროტესტია და მასთან ვიქნები.

ჩვენ ვხედავთ, როგორ იკეტება ყოველდღე რუსთაველის ქუჩა თბილისში. ბათუმშიც გამოდიან მოქალაქეები, სისტემურად დგას ხალხი აქციებზე აქაც. კი, რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში შენელდა, ფაქტია, ჩანს, შემცირდა ხალხის რაოდენობა, თუმცა, „გაქრა“ – ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ზამთრის პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნებოდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჯარიმების შეეშინდა ხალხს და ამიტომ აღარ გამოვლენ, ან დაჭერების შეგვეშინდა… აქამდეც იყო ჯარიმები, აქამდეც იყო დაჭერები. ამ აქციებზე დგას ხალხი, ვისაც 10 ათასი, 15 ათასი და მეტი ლარი აქვთ ჯარიმა, თუმცა მაინც გამოდიან და დგანან.

არ გვეშინია. გარკვეულ პერიოდი ძალების აღსადგენად დაგვჭირდა. ნელ-ნელა იწყება მასშტაბური აქციების რეაბილიტაცია.

  • ჯარიმები ახსენეთ. ბათუმის აქციების მონაწილე სტუდენტებიც დაგაჯარიმეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?

მხოლოდ და მხოლოდ ბრაზი. მართლა არარეალური მგონია ვინმე ამ პროცესში თავიდანვე ჩართულიყო და იმის მოლოდინი არ ჰქონოდა, რომ ვინმე ან არ დააჯარიმებდა, ან არ დაიჭერდა. ჩვენ ხომ ეტაპობრივად გამოვიარეთ ეს ყველაფერი. ვიცოდით, რომ ეს კანონები არ შერბილდებოდა და მოიგონებდნენ ახალ ბარიერებს, რეპრესიული ხასიათის, ჩვენი პროტესტის შესაფერხებლად.

რეპრესიულიც ხმადაბალი ნათქვამია, იმიტომ, რომ, აი, მარტივად რომ დავფიქრდეთ, სტუდენტი, რომელიც 2500-3000 ლარს იხდის სწავლის გადასახადს, პლუს ბინის ქირის ფული, ძირითადად ბათუმიც და თბილისიც რეგიონებიდან ივსება. რა გამოდის, 5 000-ლარიან ჯარიმას უწერ სტუდენტს, რომელსაც 24-საათიანი სამუშაოს შემდეგ 600-700 ლარი აქვს შემოსავალი… გავმეორდები, რომ ეს ადამიანები დგანან გარეთ და იდგებიან.

მე პირადად 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა. მინიმუმ ერთი ჯარიმა აქვს ყველა ჩემს მეგობარს. აქაც, თბილისშიც, ვიღაცებს 15 000 ლარზე მეტიც აქვთ, მაგრამ მაინც გამოდიან [აქციებზე], იმიტომ, რომ უფრო იზრდება ჩვენში ბრაზი. გარეთ დგომის გამო გაჯარიმებენ? რატომ, რა მიზეზით… უბრალოდ დგახარ და გაჯარიმებენ.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმში რამდენი სასამართლოც ჩატარდა, ერთ დღეში მაგალითად 19 ადამიანს დაუწერეს 5 ათას-ლარიანი ჯარიმა. ამ 19 საქმიდან, არც ერთზე არ იყო ისეთი ფაქტები, სადაც კონკრეტულად ერთი პირი ჩანდა უშუალოდ, რომ ჩადიოდა ქმედებას, რასაც მას ედავებოდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალაქში ადამიანები დააჯარიმეს ზებრაზე გადასვლის გამო. ზებრაზე ადამიანი გადავიდა და დაბრუნდა…

ნამდვილად არ ვიცი რას ელის სასამართლო, როგორ გადავიხდით ამ ჯარიმებს, იმიტომ, რომ რეპრესიები იმდენად მძიმეა, დამსაქმებლებსაც ეშინიათ პროტესტში ჩართული სტუდენტების დასაქმება…

ჩემი შემთხვევაც მსგავსია, ბევრი სამსახური გამოვიცვალე აბსურდული მიზეზებით. გამოვდიოდი აქციებზე და მაჯარიმებდნენ თუ არა, ან მიჭერდნენ, ეგრევე ახალ მიზეზს მეუბნებოდნენ სამსახურში და მათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელი ვარ ჩემს სფეროში, მაგრამ ახლა მიჭირს სამსახურის პოვნა. ერიდება კომპანია, დამსაქმებელი, რომ დაგასაქმოს, იმიტომ, რომ, მას რაიმე პრობლემა არ შეუქმნას შენმა დასაქმებამ.

ახლა უმუშევარი ვარ. ბოლო სამსახური წელიწადის და სამი თვის უკან იყო.

სტუდენტებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროტესტში, ბოლომდე გადადეს საკუთარი თავი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ, მქონდა საკმაოდ მაღალი ჯიპიაი, საკმაოდ მაღალი შეფასებები და სამწუხაროდ, მომიწია, რომ მთელი სემესტრი ჩამეგდო, როგორც სხვა სტუდენტებს. როცა სტუდენტები გავიფიცეთ, არ მივედით არც შუალედურებზე, არც ფინალურებზე. ლექციებზე დასწრებაზე ზედმეტია საუბარი. არ დავდიოდით და ერთი სემესტრი გამიცდა.

ვერ გავამტყუნებ სტუდენტებს, ვინც დადიოდნენ. მე შეიძლება ეს ერთი სემესტრი ჩავაგდო, მომავალ წელს გავიარო და ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდეს. ვიღაცისთვის ეს ერთი სემესტრი სხვა მნიშვნელობისაა, მაგალითად სახელმწიფო დაფინანსება აქვს და ვერ გაამტყუნებ.

ბევრი ისეთი სტუდენტი გვყავს, რომელთაც ნამდვილად არ აქვთ შემოსავალი და ვერ ეხმარება ოჯახიც. მე მაინც განსხვავებული სიტუაცია მაქვს, რაღაც მომენტში შეიძლება ოჯახიც დამეხმაროს. ქირის ფულს არ ვიხდი და არც კომუნალურები არ მაწევს. მე მაქვს სწავლის ხარჯი და ყოველდღიური მოხმარების. იმ სტუდენტებს, რომლებსაც ბინის, კომუნალურების ფული გადასახდელი აქვთ, საჭმელზეც უნდა იზრუნონ, სწავლის თანხაზეც თვითონ ფიქრობენ – მართლა ვერ გაამტყუნებ – „აი, რატომ არ გადადე თავი“.

ეს ადამიანი ხომ თავის დროზე გედგა გვერდით. შუალედურ გამოცდებამდე შენთან ერთად იდგა, შუალედურიდან ფინალურამდე შენთან ერთად იდგა. ასეთი მოქალაქე უფრო დაგიდგება გვერდით და ყველა კრიტიკულ მომენტში იქნება შენს გვერდით. ამ ადამიანებმა სწორედ ასეთ დროს დაგვიდგნენ გვერდით. იგივე დარბევების პერიოდი ავიღოთ. როცა მართლა სასიკვდილოდ გვცემდნენ, არ შეშინებულან და ჩვენთან ერთად იყვნენ…

  • თქვენ რამდენჯერმე დაგაჯარიმეს და დაგაკავეს, თუმცა მაინც გარეთ ხართ და უერთდებით ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს. რა გამხნევებთ და გაძლევთ პროტესტის გაგრძელების მუხტს?

სიმართლე გითხრათ, ეს პირველ რიგში, მე თვითონ მიკვირს.

მე თვითონ მიკვირს, იმიტომ, რომ ჯერ ჩემი და შემდეგ სხვების დაკავებაც შოკი იყო და ამის შემდეგ თუ საერთოდ ნაბიჯს გადავდგამდი, არ მეგონა. დაკავების შემდეგ ამხელა ფინანსური წნეხი მოჰყვა ამ ყველაფერს. ჯერ იყო 500-ლარიანი, მერე სამჯერ, ბათუმსა და თბილისში – 5 000-5 000-ლარიანი. მაქსიმალურად ვიბრძოლებ და გავასაჩივრებ ყველა ჯარიმას, მაგრამ საბოლოოდ თუ მაინც მომიწევს არჩევანი, ყადაღას ვამჯობინებ, რომ გადავიხადო, რადგან ყველა დამსაქმებელი ითხოვს შენს საბანკო ბარათს, რათა ხელფასი შენამდე მოიტანონ. მე უხელფასოდ ვერ გავჩერდები.

თუ ასე იქნება, საბოლოოდ მომიწევს სწავლაზე უარის თქმა.

  • ახლა როგორ ირჩენთ თავს?

ფიზიკური სამუშაოებია ქალაქში. ტრაილერის დაცლა იქნება, ავეჯის გადაადგილება და ა.შ. მეგობრები მირეკავენ, თუ გამოჩნდება რამე. გავდივართ, ვმუშაობთ და არ გვეთაკილება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მუშაობის გარეშე ჰაერიდან ფული არ ჩამოცვივდება, არავინ არაფერს არ მოგცემს და საკუთარი თავი ჩვენვე უნდა ვარჩინოთ.

  • როგორი გახდა ახალგაზრდების ცხოვრება საქართველოში, როცა ავტობუსის გაჩერებები სავსეა სტიკერებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, როცა თქვენი ასაკის სტუდენტები მეტროში ტრანსპარანტებით ჩადიან – „თავისუფლება ბათუმელ მედროშეს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“… როგორ ფიქრობთ, რისი ნაწილი ხართ თქვენ ახლა და როგორია თქვენი ცხოვრება?

გასართობად ან ფილმის სანახავად წასვლა მართლა აღარ მახსოვს როგორი შეგრძნებაა. მსგავს სიტუაციაში დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. ერთი და მთავარი შეგრძნება გვაქვს ყველას – ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ოჯახის თითოეული წვერი ვართ თავად ჩვენ. ამ ერთობის გარეშე უბრალოდ ვერ გავძლებთ.

მათ იციან, რომ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, რადგან გული გვტკივა იმ ყველაფერზე, რასაც ახლა ვუყურებთ. ვიღაცები მართლა წავლენ, დაიხურავენ ქუდს, დატოვებენ ქვეყანას, ასაკის ამბავიცაა.

ეს ქვეყანა ვის რჩება? ახალგაზრდებს. ეს ბრძოლა ჩვენია და ის მოსაგებია.

ჩვენ ბებიების და ბაბუების თაობა გვიყვებოდა საბჭოთა კავშირზე, მშობლების თაობა იმაზე, თუ დამოუკიდებელ საქართველომდე რამდენად რთული გზა გაიარეს, რათა ჩვენამდე მოეტანათ და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მშობლების ბრძოლას კი არ შევუერთდით, ბებია-ბაბუების გზის გავლა გვიწევს, ისევ თავიდან. იქნებ ჩვენს შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ, ერთიანი, დამოუკიდებელი და მარწუხებისგან გათავისუფლებული გახდეს ეს ქვეყანა.

ჩემმა პატარა ძმამ, რომელიც ახლა 11 წლისაა, მაინც უნდა იცხოვროს მისი სტუდენტობის და ახალგაზრდობის პერიოდში ისე, როგორც მე ჯერ არ მიცხოვრია.

  • დგება „ხალხის გაზაფხული“?

რეალობას უნდა გავუსწორო თვალი, ილუზიებში ვერ ვიფრენ. გაზაფხული ჯერ არ მოდის. ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ და ამ გაზაფხულთან ერთად ახალი იდეები, კვირტები გვჭირდება. მე მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიმკით დამსახურებულ ნაყოფს. სხვანაირად არ გამოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: