მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა აქციის 12 მონაწილე – „ქუჩის გადაკეტვის საქმე“

24.01.2025
მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა აქციის 12 მონაწილე – „ქუჩის გადაკეტვის საქმე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 500-500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის 12 მონაწილე „ქუჩის გადაკეტვის საქმეზე“.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკიპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები აქციაზე მაინც შეიკრიბნენ, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მათ ტროტუარზე  გადასვლა მოსთხოვა.

ამ საქმეზე მოსამართლემ დღეს, 24 იანვარს დააჯარიმა: გოგიტა სოლომონიძე, ირაკლი ჯორბენაძე, აზა გაბუნია, თორნიკე კაკალაძე, ლარა ქარცივაძე, ირმა კომახიძე, დარიკო ჩიტაძე, ირმა ზოიძე, ვაჟა დარჩია, ელგუჯა ბაგრატიონი, ნიკოლოზ მირცხულავა, ლევან გორგილაძე.

პასუხისგებაში მიცემული პირების ნაწილი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. ეს საქმე ალექსანდრე გოგუაძემ რამდენიმე დღის წინ განიხილა, დღეს კი, გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

მოსამართლემ უმრავლეს შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოწმეების გამოკითხვაზე შუამდგომლობა. ისინი დაადასტურებდნენ პირიქით, პოლიციამ როგორ დაარღვია დემონსტრანტრების გამოხატვის თავისუფლება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მოწმეების მოსმენა სასამართლო პროცესების გაჭიანურებას გამოიწვევდა.

„ისეთივე გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორი ოქმიც შედგა,“ – მიმართა მოსამართლეს ირმა კომახიძემ, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება მოისმინა. ამ შემთხვევაზე სასამართლომ მოწმის ჩვენება მოისმინა. მოწმემ მოსამართლეს სატელეფონო მიმოწერაც აჩვენა, რაც ადასტურებდა იმას, რომ ირაკლი დგებუაძის მოთხოვნის გაჟღერების დროს ირმა კომახიძე აქციაზე საერთოდ არ იყო.

„მაგრამ შემდეგაც მოგიწოდებდნენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს,“- უთხრა მოსამართლემ ირმა კომახიძეს.

„სხვას არც ველოდი,“- მოკლე რეპლიკით შემოიფარგლა აზა გაბუნია, რომელმაც ასევე დარბაზში მოისმინა მოსამართლის გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე:

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: