დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „4 სტუდენტის და დეკანის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო.
ამ საქმეზე პიანისტი და კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე კი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სტუდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ დრომდე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევენ.
ამავე საქმეზე კიდევ 3 სტუდენტი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე წინასასამართლო სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს.
პატიმრობაში მყოფი ანრი კაკაბაძე არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. ის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ძალადობის ჩადენას ედავება – საუბარია 2024 წლის 3 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში მისულ ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს. უფლებადამცველების თქმით, ეს საქმე პოლიტიკურია და სტუდენტებს სამოქალაქო პროტესტის გამო სჯიან.
„თავს შევიკავებ“- ერთნაირი ფრაზებით მიმართა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს ხუთივე ბრალდებულმა. მოსამართლე მათი პოზიციით დაინტერესდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
„სასამართლო სწორად შეაფასებს სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიიღებს სამართლიან, ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ – მიმართა მოსამართლეს შესავალ სიტყვაში ადვოკატმა ქეთი ადამიამ.
ადვოკატისა და პროკურორის შესავალ სიტყვებს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, პროკურორს კი, მოწმეები დღევანდელ სხდომაზე არ მოუყვანია.
დღესვე ადვოკატმა ქეთი ადამიამ მოსამართლეს სტუდენტ ანრი კაკაბაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.
ადვოკატის აზრით, პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირებს გირაოთი გათავისუფლებაზე პრეტენზია არ აქვთ, ასევე ძალადობის შემთხვევებზე სასამართლო ძირითადად არასაპატიმრო სასჯელს იყენებს, როგორიცაა ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
ადვოკატმა სტუდენტის გათავისუფლება 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. ქეთი ადამიამ მოსამართლეს ასევე მიაწოდა თავდებობის შესახებ წერილები.
პროკურორ პაატა ცეცხლაძის თქმით, ახალი გარემოება ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ და აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არის.
პროკურორმა ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე – ანრი კაკაბაძეს სხვა საქმეზე, სადაც ჯერ განაჩენი მოსამართლეს არ მიუღია, ის გირაოთია გათავისუფლებული.
მოსამართლემ პროკურორს წაუკითხა დაზარალებულების წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ პრეტენზია არ ექნებათ, თუ ანრისაც გირაოთი გაათავისუფლებენ.
„ეს პოზიცია ცნობილია 13 იანვრიდან, არ არის ახალი“ – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.
ადვოკატმა ქეთი ადამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ანრი კაკაბაძეს კონცერტი აქვს ჩანიშნული, მან მოსამართლეს ისიც შეახსენა, რომ ბევრ სხვა შემთხვევაში მოსამართლეებს გამოუყენებიათ გირაო, როცა წინა, მიმდინარე საქმეზეც ბრალდებული გირაოთი იყო გათავისუფლებული.
მხარეების თქმით, საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე არ ყოფილა. საპროცესოს პირობა არსებული პრაქტიკით ბრალის აღიარებაა.
შემდეგ სხდომაზე მოსამართლე უკვე მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.
——————-
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და ფაკულტეტის დეკანს მამუკა ჯორბენაძეს პატიმრობა გირაოთი 2025 წლის 28 იანვარს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეცვლა სასამართლო სხდომაზე თავად პროკურატურამ მოითხოვა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 2024 წლის 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარია.
ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.
ამ თემაზე:
ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება