მთავარი,სიახლეები

მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

13.01.2025 •
მოქალაქე 2 ათასი ლარი დააჯარიმეს სტიკერის პოლიციელზე მიკვრისთვის

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილე თათია აბულაძე პოლიციელზე სტიკერის მიკვრისთვის – „იფიცება საქართველო”.

„პოლიციელებს ეძახდა: „რუსების მონებო“, „ღორებო“, „ძაღლებო“- ჩაიკითხა ოქმის ჩანაწერი მოსამართლე ირმა ტოგონიძემ სასამართლო დარბაზში, სადაც სკამების დიდი ნაწილი დღეს პოლიციელებმა დაიკავეს.

მოქალაქე თათია აბულაძე ბათუმის აქციაზე 2024 წლის 11 იანვარს მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო მსვლელობის დროს მის წინ მდგომს სტიკერი მიაკრა: „იფიცება საქართველო“.

„მე ის ჩვეულებრივი მოქალაქე მეგონა, მას არ ეცვა პოლიციელის ფორმა, ან სხვა ამოსაცნობი ნიშანი… რაც შეეხება ამ ფრაზებს, მე ის არ მითქვამს“,- უთხრა მოსამართლეს თათია აბულაძემ.

თათია აბულაძეს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

11 იანვრის ღამით ბათუმში სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, ასფალტზე გაკვრისთვის 12 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის სამი იმავე ღამეს გაათავისუფლეს ხელწერილით. სტიკერის გაკვრისთვის იმ საღამოს ბათუმში დააკავეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე – მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა. მზია ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა იგი მალევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

11-12 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციებზე სულ 20 პირი დააკავეს.

„გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს შეურაცხყოფას“- თქვა მოსამართლემ, თუმცა მას ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ უთხრა, რომ აქციაზე ფრაზით – „რუსეთის მონებო“ თათია აბულაძეს პოლიციელებისთვის არ მიუმართავს.

„თათია აბულაძის საქმეზე“ დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ზურაბ მამულაძემ. მოწმემ თქვა, რომ პოლიციელს, რომელსაც ზურგზე სტიკერი მიაკრეს, პოლიციის ფორმა ეცვა.

„მართლა პოლიციელს მიაკრა ჩემი შინაგანი რწმენით“, – თქვა მოსამართლემ და იქვე განმარტა, რომ სტიკერის პოლიციელზე მიკვრა სამართალდარღვევაა.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე ამჯერად აქციაზე დაკავებული სტუდენტის მათე ცენტერაძის, გოდერძი ფრანგიშვილის და მუჰაჯირი ქართველის – ჯაფარ ილმაზის საქმეს განიხილავს. მოსამართლის სამუშაო მაგიდაზეა კიდევ 4 აქტივისტის საქმე.

______________

ფოტო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, სადაც დღეს, 13 იანვარს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: