მთავარი,სიახლეები

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

13.01.2025
ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა.

საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.

საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

დღეს, 13 იანვარს, გამართულ სასამართლო პროცესზე საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ, ასევე იურისტმა პაატა დიასამიძემ, შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადება ითხოვეს, რადგან უქმეების გამო მტკიცებულებები მათ დღეს ჩაბარდათ.

მოსამართლე დაეთანხმა ამ საქმეს თან დაერთოს „ბათუმელების“ 16 დეკემბრის პირდაპირი ჩართვის ამსახველი ვიდეოები.

საიას იურისტმა სასამართლოს წესით ასევე ითხოვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის აზრით, ეს მოთხოვნა „პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად“.

მოსამართლემ მოწმეების გამოკითხვაზეც უარი თქვა.

„არის წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები, რაც სრულად ასახავს იქ არსებულ ვითარებას“, – მიმართა მხარეს თეა ლაღაძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„ბარემ სასამართლო სხდომასაც ნუღარ ვატარებთ, პირდაპირ დაგვაპატიმრეთ“- შეეპასუხა შსს-ს წარმომადგენელს ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში.

ამ საქმეზე სამართალდარღვევას ედავებიან მოქალაქეებს, მაგალითად, დარიკო ჩიტაძეს, რომელმაც 16 დეკემბრის ღამეს პოლიცია ამხილა, ავტომანქანებს პოლიცია განზრახ უშვებს აქციის მიმართულებითო.

„თქვენ რას საქმიანობთ?“- ჰკითხა მოსამართლემ დარიკო ჩიტაძეს.

„ოფისში ვმუშაობ, დამიწებას ვაკეთებ, ბატონო“,- მშვიდად გახედა მოსამართლეს მოქალაქემ.

მოსამართლე ამ ეტაპზე განიხილავს კიდევ 9 პირის სამართალდარღვევის საქმეს. მათ შემთხვევებშიც საია სხდომის გადადებას ითხოვს.

„20 პირია უკვე აქციებზე დაკავებული, ვისაც ჩვენ ვიცავთ. არ ვიცი, მათი სხდომები როდის გაიმართება“, – მოსამართლეს საიას იურისტმა, თამარ წულუკიძემ განუმარტა, რომ შესაძლოა ხუთშაბათს, როცა ამ საქმის განხილვა დაიგეგმა, სხვა სხდომაზე მოუწიოს შესვლა.

მაგალითად, დღეს სასამართლომ უნდა განიხილოს 11 იანვრის ღამით „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ დაკავებულების საქმე. დაკავებიდან 48 საათი, ანუ მაქსიმალური ვადა დღეს იწურება.

11 იანვრის ღამით დააკავეს მზია ამაღლობელიც, „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი. მას სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას – პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მზია ამაღლობელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენიდან 24 საათში კი, მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მედიამენეჯერს პატიმრობას შეუფარდებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: