მთავარი,სიახლეები

“გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ“ – საპროტესტო აქცია ბაღდათში

04.12.2024 •
“გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ“ – საპროტესტო აქცია ბაღდათში

„ვუერთდებით საპროტესტო ტალღას ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ვაპროტესტებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, იმას, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო დაშორდა თავის მიზანს – გაერთიანდეს ევროკავშირში,“ – ეს იყო დღეს, 4 დეკემბერს, ბაღდათში გამართული საპროტესტო აქციის მთავარი გზავნილი.

აქციის ორგანიზატორი ემიგრანტი ქალი, თათია თავხელიძე იყო, რომელიც მშობლიურ ქალაქში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

თათიამ აქციის ორგანიზება ფეისბუქზე დაწერილი ერთი პოსტით შეძლო. თათიას ინიციატივას სრულიად უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ და შედეგად ბაღდათში გამართულ  საპროტესტო აქციაზე 50-მდე ადამიანი მივიდა.

„ყველას გეხვეწებით, ყველას გევედრებით, ამოიღეთ ხმა. მე ვარ შვიდი შვილის დედა. ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. მისი [რუსეთის] წიხლი რომ მოხვდება ხალხს, მერე მიხვდებით, რომ მშიერი იქნებით და მწყურვალი. მისი მონა გავხდებით, თუ არ გამოვფხიზლდით და არ გამოვედით გარეთ. ამიტომ გამოფხიზლდით, გამოდით გარეთ,“ – თქვა აქციაზე მისულმა ასაკოვანმა ქალმა.

„ჩემი შვილი ყოველდღე დგას თბილისის აქციაზე. ერთი კვირაა თვალი არ მომიხუჭავს. ის არ არის კანონდამრღვევი, ის წესიერად აღზრდილი შვბილია, მაგრამ შეიძლება უკან მიეპაროს ვინმე სპეცრაზმელი და თავი გაუტეხოს. მარტო ჩემი შვილი არაა, ყველას შვილები დგას იქ და ყველას გამო ვღელავ.

ჩემს შვილს დღეს დაუწერეს შენი მშობლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და თუ არ უნდათ, წაბრძანდნენო. უკაცრავად! ჯერ ერთი მე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებ ხელფასს და არა „ოცნების“ ბიუჯეტიდან. და ამ სახელმწიფო ბიუჯეტს ჩვენი ჯიბეებიდან ჩვენ ვავსებთ,“ – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა მარინა ტუღუშმა.

საპროტესტო აქცია ბაღდათში

საქართველოში მეშვიდე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – თქვა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: