მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში

02.09.2024
ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში

დღეს, 2 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაგოში ღია ცის ქვეშ კინოჩვენება გაიმართება.

ნაჩვენები იქნება რეჟისორების: ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ფილმი „ჰეი, გუნეშ“.

კინოჩვენება სოფელში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა და ფილმის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფილმის ჩვენებამდე დაგეგმილია ანიმაციის სეანსი ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის.

კინოჩვენების იდეის ავტორი დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფია, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს და კინოჩვენებებს მართავს.

„ამ კინოჩვენებების მიზანი არის მაყურებლამდე ქართული კინოს მიტანა. ხშირ შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში არც კი იციან იმის შესახებ, რომ არსებობს თანამედროვე ქართული კინო, რადგან რეგიონები მთლიანად მოწყვეტილია დედაქალაქს კულტურულად.

საქართველოს არც ერთ ქალაქში არ არსებობს კინოთეატრი, გარდა ქუთაისისა, ბათუმისა და თბილისისა. არ არსებობს კულტურის ცენტრები ან ადგილები, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნახონ კინო დიდ ეკრანზე. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი ბიძგი. ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ გასაბერი ეკრანი და ვმოგზაურობთ საქართველოში.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში არ დარჩეს ქალაქი, დაბა და სოფელი, სადაც არ იქნება კინო და ადამიანს არ ექნება კინოს ნახვის შესაძლებლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კინორეჟისორმა ირინე ჟორდანიამ, რომელიც კინოჩვენებების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

მორიგი კინოჩვენება დაგეგმილია ხვალ, 3 სექტემბერს, ხულოს ცენტრში. საღამოს 20:00 საათზე ნაჩვენები იქნება ზაზა ხალვაშის „ნამე“. კინოჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფმა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა სამეგრელოდან დაიწყო, იყვნენ ფოთსა და გურიაში.

სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სხვადასხვა ფილმის ჩვენება გაიმართა. მაგალითად, ლანჩხუთში აჩვენეს ცოტნე რუსიშვილის ანიმაციური ფილმი „კატოს სიზმრები“, ირინე ჟორდანიას – „მარქსის ქუჩა 12“ და თამარ შავგულიძის – „გზავნილი ქართველებს“.

სენაკში, ნოქალაქევის არქეოპოლისის ისტორიულ გალავანთან აჩვენეს სალომე ჯაშის „ჩასარბენი ციხე“ და ელენე მიქაბერიძის – „ოცნება კადიკალზე“.

ფოთში აჩვენეს ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმი – „გრძელი ნათელი დღეები“.

თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ იმართება დისკუსია, რომელსაც ესწრებიან ფილმის რეჟისორები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები. მაყურებელს საშუალება აქვს ყოველი სეანსის შემდეგ კითხვები დაუსვას რეჟისორს და მისი პასუხები მოისმინოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: