ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის გზა წარმოადგინა დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმს ახალი, უფასო, 1000 საპარკინგე ექნება, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე.
„იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება უფასოდ დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები.
ასე რომ, ახალი 1000 საპარკინგე ადგილი შეემატება ბათუმს მიმდინარე საზღვაო, ტურისტულ სეზონზე.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ საკითხს“, – განაცხადა რიჟვაძემ სხდომაზე, რომელსაც ბათუმის მერიც ესწრებოდა.
ბათუმში წლებია პარკინგის სერიოზული პრობლემაა, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ისე გარეუბნებში. მძღოლები ხშირად ავტომანქანების სადგომად ტროტუარებს იყენებენ, რაც ქვეითებს უშლით ხელს.
ბათუმში პარკინგის პრობლემა არ არის სეზონური და ტროტუარები მანქანებით არის ჩახერგილი არამხოლოდ ზაფხულში, როცა ტურისტების ნაკადი იმატებს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
ერთი მხრივ, ბათუმის მერია აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, მეორე მხრივ კი ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს. „ბათუმელებს“ ამ პრობლემაზე ათობით მასალა აქვს მომზადებული.
განახლებული ინფორმაცია: მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ სტადიონზე პარკირება უფასოდ იქნება შესაძლებელი სექტემბრის შემდეგაც, იმ დღეებში, როცა სტადიონზე საფეხბურთო მატჩები არ გაიმართება. პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე:
კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა