დახვრეტიდან 87 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია სტალინური რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლის, მემედ ჯინჭარაძის ნეშტი.
მემედ ჯინჭარაძე 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრიტეს, სტალინური რეპრესიების დროს. მისი ნეშტი მეხუთე მასობრივ სამარხში აღმოჩნდა, რომელიც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა განთავსებული.
მეხუთე სამარხი 2021 წელს გახსნეს და მის შესწავლაში საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია GAFA – იყო ჩართული.
„ეს იყო სასიხარულო, ემოციური და თან ძალიან მტკივნეული ამბავი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რეპრესირებულის შვილიშვილმა, მემედ ჯინჭარაძემ, რომელიც თავადაც ბაბუის სახელს ატარებს.
მემედ ჯინჭარაძე მედიცინის დოქტორია, ექიმი ონკოლოგი და „მედცენტრში“ მუშაობს. ცნობილი ექიმი გვიყვება რომ ბაბუას, მემედ ჯინჭარაძეს მთელი ცხოვრება ეძებდა მისი ოჯახი.
„მამაჩემმა, ისლამ ჯინჭარაძემ, ბაბუას გამო დამარქვა მემედი. ბაბუაჩემი თავისუფალი ადამიანი ყოფილა, გლეხი კაცი. ცხოვრობდა მახინჯაურში, ზღვის პირას. შრომობდა და თავისი შრომით ინახავდა ოჯახს. „კარგ ადგილას ვცხოვრობდით, ოჯახი მშიერი არასდროს არ ყოფილაო,“ – იხსენებდა ხოლმე მამაჩემი.
ბებიაჩემი იყო ემინე კახიძე, ქობულეთელი ქალი. ყველა, ვისაც ჩვენი ოჯახიდან მუშაობა შეეძლო – ბებიაჩემი, უფროსი შვილები – მუშაობდნენ კოლმეურნეობაში. ბაბუაჩემი არ მუშაობდა მხოლოდ. თავისუფალი პიროვნება იყო, იცოდა რუსული და გერმანული. ბევრს შრომობდა, მაგრამ კოლმეურნეობაში არ უნდოდა.
ნანახი მაქვს საბრალდებო დასკვნა, სადაც წერია ბაბუაჩემის დახვრეტის მიზეზი.
„დაიხვრიტა, რადგან თქვა: კოლმეურნეობაში მუშაობა არ ღირს, იმიტომ, რომ იქ ხელფასს არ იხდიანო. მართლაც, ხელფასს არ იძლეოდნენ მაშინ, შრომა დღეებს ითვლიდნენ, უხელფასოდ მუშაობდნენ. ამ ფრაზის ქვემოთ საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ ბაბუაჩემი იყო ტროცკისტი, ასევე გერმანიის და ინგლისის აგენტი.
სასამართლო არ ჰქონია. დახვრიტა ტროიკამ. სამმა კაცმა გაარჩია მისი საქმე,“ – გვიყვება მემედ ჯინჭარაძე ბაბუის შესახებ.
- „დამარხულია დახვრეტის ადგილზე“
„საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 23 დეკემბრის #2-2859 მითითებისა და აჭარის შსს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის ამხანაგ ჯინჯოლიას ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული ტროიკის დადგენილება სახელმწიფო დაცვის უმაღლესი ზომა დახვრეტა მემედ სუნი ოღლი ფერატის ძე ჯინჭარაძის მიმართ, აღსრულებულია 1937 წლის 27 დეკემბრის ღამეს, დახვრეტით. გვამი დამარხულია დახვრეტის ადგილზე“, – ეს არის ცნობა, რომელიც მემედ ჯინჭარაძემ ბაბუის დახვრეტიდან მრავალი წლის შემდეგ მიიღო.
ამ ოფიციალური დოკუმენტით რამდენიმე ამბავი გაარკვია ოჯახმა. პირველ რიგში ის, რომ საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში ატყუებდა და ტყუილი იმედით კვებავდა რეპრესირებულთა ოჯახებს, რომ მათი ახლობლები გადასახლებულები, მაგრამ ცოცხლები იყვნენ.
„მამაჩემს სჯეროდა, რომ მემედ ბაბუა ცოცხალი იყო. როდესაც მოიკითხეს, ასე უთხრეს ციმბირში გადავასახლეთო. მახსოვს ის ტკივილი, რა ტკივილითაც მამაჩემი ლაპარაკობდა მამამისზე.
ამბობდა: მამა ჩაიყვანეს ბათუმში, ტაიგაში წაიყვანეს, იქ ამუშავეს, ვერ გაუძლო, ავად გახდა ალბათ და გარდაიცვალაო. ნეტა ვიცოდე რომელ ციხეში ჰყავდათ, მის საფლავს მაინც მოვძებნიდიო. ასე სჯეროდა წლები.
1956 წელს აიღო ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა. იქ ეწერა, რომ დახვრიტეს. მაინც არ უნდოდა დაჯერება და იძახდა, ციმბირშია მამაჩემიო. მამაჩემს ვერ დახვრეტდნენ, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ დაეხვრიტათო“, – იხსენებს მემედ ჯინჭარაძე.
- „ხალხის მტრის შვილი“
„ბაბუაჩემს 9 შვილი ჰყავდა. როცა დააპატიმრეს, მამაჩემი მაგ დროს 14 წლის იყო. ოჯახის რჩენის ტვირთი ბებიაზე, მამაჩემზე და მის უფროს დებზე გადავიდა. როცა მამაჩემი რეპრესიების შემდგომ წლებს იხსენებდა, არასდროს არ უთქვამს – გვიჭირდა, გვშიოდა ან გვწყუროდაო. რაც ვერ მოინელა, რასაც ვერ ეგუებოდა იყო სტატუსი, რომელიც მას საბჭოთა რეპრესიულმა სისტემამ მიანიჭა – „ხალხის მტრის შვილი“, „ხალხის მტრის ოჯახი“.
30-იან წლებში, როდესაც სტალინის რეპრესიული აპარატი მუშაობდა, რეპრესირებულთა ოჯახები ითვლებოდა ტროცკისტებად და ერქვათ „ხალხის მტრის ოჯახის სახელი“, – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.
მისი თქმით, 1956 წელს, როდესაც ოჯახმა მემედ ჯინჭარაძის რეაბილიტაციის ცნობა აიღო, ამ ცნობით მოხდა მათი „მტრის ოჯახის“ სტატუსისგან გათავისუფლება.
„სულ იბრძოდა, იბრძოდა და სამართალს მიაღწია მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ. როდესაც რეაბილიტაციის ცნობა მიიღო, ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.
მემედ ჯინჭარაძის თქმით, მამამისი როცა ოჯახის რეპრესიებზე საუბრობდა, პირდაპირ არ ადანაშაულებდა სტალინს.
„მამაჩემი ამბობდა – სტალინს რომ სცოდნოდა, ასე არ მოხდებოდა, რა იცოდა სტალინმაო. მამაჩემი არ იყო სტალინის მტერი მიუხედავად ყველაფრისა.
მე ვფიქრობ, შეფასება იმაზეა დამოკიდებული რა ინფორმაციას ფლობ და რა იცი რეპრესიების შესახებ. მამაჩემმა რა იცოდა იმ რეპრესიების შესახებ?
მე, ახლა, როდესაც ინფორმაცია გამაჩნია, რა თქმა უნდა სტალინისტი არ ვარ. შეიძლება ქართველები არიან სტალინით, მისი პიროვნებით აღფრთოვანებულები, მაგრამ მე როგორც ბაბუაჩემის შვილიშვილი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები სტალინისტი. ბერიასა და სტალინის ნამუსზე უამრავი სისხლია,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.
რეპრესირებული მემედ ჯინჭარაძის ნეშტი მეხუთე მასობრივ სამარხში აღმოჩნდა. რეპრესირებულთა სამარხები ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. პირველი ოთხი სამარხი 2017 წელს გაიხსნა, მეხუთე სამარხი 2021 წელს, მეექვსე კი 2022 წელს.
ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია 5 ნეშტი, აქედან სამი რეპრესირებულის ნეშტი ოჯახებს გასულ წელს გადაეცა. ხუთივე რეპრესირებული ამოსვენებულია მეხუთე სამარხიდან. ნეშტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დღის წესრიგში დადგა თუ სად და როგორ უნდა დაიკრძალონ ისინი.
არსებობს იდეა რეპრესირებულთა მემორიალის და პანთეონის მოწყობის შესახებაც. მემედ ჯინჭარაძის შვილიშვილი მემედ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ის ემხრობა პანთეონის მოწყობის იდეას, თუკი სახელმწიფო ამას ღირსეულად გააკეთებს.
„თუ ხელისუფლება ღირსეულ პანთეონს გააკეთებს რა თქმა უნდა, მირჩევნია იყოს პანთეონში. თუ არადა მაშინ საგვარეულო სასაფლაოზე წავიყვან. იქ არის ბებიაჩემის საფლავი, მისი ქალიშვილების საფლავი და იქ დავასაფლავებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ ჯინჭარაძემ.
ამავე თემაზე:
დადგენილია აჭარაში 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი კიდევ 2 ადამიანის ვინაობა – GAFA






