„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი ახალ მარშუტზე მუშაობს სამხრეთ კავკასიაში, რატომ აღარ ხედავს აშშ საქართველოს?
თინა ხიდაშელის აზრით, სამხრეთ კავკასიაში, ირანსა, თუ ევროპაში „ისევ ყველა იყურება ვაშინგტონისკენ“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ადრე თუ გვიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
„…ახლა ალბათ კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ირანის მოვლენებს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდება: ირანი ვენესუელაც კი არ არის, ის გაცილებით უფრო დიდია და მნიშვნელოვანი. ირანის რეჟიმის დამარცხებას უზარმაზარი გავრცელების ეფექტი ექნება… ირანში რეჟიმის ცვლილება იქნება ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი შეიძლება სამყაროს დაემართოს.
ეს კარგად იცის კობახიძემ, ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს [ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია]. თუ ირანში ცვლილება მოხდა, საქართველოში ვინმეს განსხვავებული აზრი რომ არ გაუჩნდეს და მათთვის კატასტროფა არ მოხდეს, მათ უნდა ჰქონდეთ სრული მზადყოფნა ამ მომენტისთვის,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია.
- ქალბატონო თინა, რა პერსპექტივა აქვს, თქვენი აზრით, ირანში გააქტიურებულ საპროტესტო მოძრაობას, ირანის დიქტატორის ხელში არსებული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით? ანალიტიკოსების მოსაზრებით, ვენესუელის მსგავსი სპეცოპერაციის მოწყობა აშშ-ს გაუჭირდება ირანში.
სამხედრო შესაძლებლობებზე მეტად საქმე სისასტიკის ხარისხშია. რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ირანში დემოკრატიული მოძრაობისთვის, არის ის, რომ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბის შემაკავებელი არ არსებობს. ასეთი მოძალადე ძალიან რთულად წარმოსადგენია დღევანდელ სამყაროში, თუნდაც მადუროსთან ან ნებისმიერ სხვა დიქტატორთან შედარებით.
გარე ჩარევის გარეშე, შეუძლებელი იქნება რეალური ცვლილება – რეჟიმი სისხლში ჩაახშობს მთელ მოძრაობას, მიუხედავად მისი ზომისა და სიმძლავრისა.
ირანის მმართველობის სტილი და ფორმა პრინციპულად განსხვავებულია სხვა სახელმწიფოებისგან, სადაც დიქტატორები არიან – ირანს სასულიერო ლიდერი მართავს. კი ბატონო, არჩევნები გაყალბდა ვენესუელაში და მადურო არ წარმოადგენდა ვენესუელელი ხალხის ნებას, მაგრამ ის არჩევით დემოკრატიას მაინც თამაშობდა. ირანი კი, აბსოლუტურად განსხვავებული რეჟიმია.
ამ არსიდან გამომდინარე, უცებ, ერთი აქტით ცვლილება რთული იქნება. ექსპერტებს შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ძალებს შორის საუბარია მონარქიაზე და არა, ვთქვათ, არჩევნებით ცვლილებაზე: ელაპარაკებიან შაჰის მემკვიდრეს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს თავისებურება გასათვალისწინებელია. სრულფასოვანი რესპუბლიკის ჩამოყალიბება ირანში არ იქნება უცებ – სწრაფი და ერთჯერადი ქმედებით გამოწვეული შედეგი, მაგრამ საბოლოო ამოცანა ეს უნდა იყოს.

თინა ხიდაშელი
- რამდენად ცდილობს დასავლეთი, ასევე ტრამპი, რეალურად დაეხმარონ ირანს დემოკრატიის სასარგებლოდ?
ჩვენამდე არ მოდის ძირითადი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დასკვნები გაგვაკეთებინოს, თუმცა ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ეს: ყველა იყურება ვაშინგტონისკენ! მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ვენესუელაში, რისთვისაც დემოკრატიულმა სამყარომ გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი, ყველა ვაშინგტონისკენ იყურება. თითქმის არ მომისმენია მოწოდებები და იმედიანი განცხადებები, რომ, მაგალითად, ევროკავშირი რაღაც ისეთს გააკეთებს, რომ სერიოზული ცვლილება დადგება, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია გლობალურად და აჩვენებს ვაშინგტონის მნიშვნელობის გარდაუვალობას, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში და როგორია თავისი ბუნებით მმართველობის სტილი თეთრი სახლიდან.
როგორც კი დემოკრატიული ცვლილების მოლოდინი ჩნდება, მაშინვე ვაშინგტონისკენ იყურება ხალხი იმის მიუხედავად, ხაზს ვუსვამ, როგორია პირდაპირი სიგნალი თეთრი სახლიდან და რა ტიპის მმართველია თეთრ სახლში. ასე იყო ჯორჯ ბუშის დროს, ობამას და ჯო ბაიდენის დროსაც, ასეა დონალდ ტრამპის დროს. თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, ვაშინგტონს მოუწევს მოქმედება.
- რას აჩვენებს ტრამპის სვლები თქვენთვის? განსაკუთრებით საინტერესოა ტრამპის ხედვა სამხრეთ კავკასიაში: ის მუშაობს ახალ მარშრუტზე, მაგრამ არ ხედავს საქართველოს. ეს როგორ შეიძლება გავიგოთ? გუშინწინ რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ასეთი ტიპის ურთიერთობები შესაძლებელია მაშინ, როდესაც არსებობს მოთხოვნა, შეთავაზება, ხედვა მეორე მხრიდან. ვხედავთ, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა განსხვავებულია პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის შიგნით იყურება და არა გარეთ. აშშ-ის ყველა მოქმედებისთვის, ყველა მოძრაობისთვის გადამწყვეტია შიდა პოლიტიკური პროცესი. ამიტომაც, ჯერი არის ჩვენზე, სხვა სახელმწიფოებზე: რას შესთავაზებენ ისინი აშშ-ს, რამდენად მოსაწონი, ელექტორალურად მომგებიანი და გამოსადეგი იქნება შეთავაზება ვაშინგტონისთვის?
როდესაც საქართველო არა თუ დუმს, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფაზეა მომართული, ხან თეთრი სახლის თუ ვაშინგტონის, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმის, რომ ვაშინგტონში საქართველოსთვის იმუშავებენ, არ არის.
ამასობაში, თავისთავად ძალიან პოზიტიურია ჩვენთვის პროცესი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში მიმდინარეობს. თუ ეს პროცესი განვითარდა, ის გვერდს ვერ ჩაუვლის საქართველოს და ჩვენც აღმოვჩნდებით ამ პროცესში.
- ერევანში განიხილავენ, რომ 2026 წელს სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა. რა სიგნალი იქნება ეს საქართველოსთვის, თუ ვენსის ექნება ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში და არ ეწვევა საქართველოს?
თუ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში და საქართველო არ იქნება გაჩერების ერთ-ერთი ადგილი, ეს იქნება ძალიან მძიმე ფურცელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობისთვის.
ჩვენი ფასი სამხრეთ კავკასიაში ის იყო, რომ თბილისი იყო ცენტრი. ახლა შეიძლება საერთოდ ამ პროცესიდან ამოვარდეთ.
- რატომ შეიძლება ვერ ხედავდეს ტრამპი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში, როცა საქართველოს ფეხზე დასაყენებლად აშშ-მ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო?
საქართველოდან არ არის რაიმეს შეთავაზება, დღის წესრიგის განვითარება არ ხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის თბილისიდან, ამის ფორსირება არ ხდება. ამიტომაც, ეს პროცესი გვერდზეა, შეჩერებულია. მით უფრო, რომ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლითაც სტრატეგიული შეთანხმებები გაჩერდა, დახმარების პროგრამები გაჩერდა საქართველოსთან მიმართებით…
სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორი ერთმანეთთან ომში იყო 30 წლის განმავლობაში. სანამ მათ შორის სრულფასოვან მშვიდობაზე დეტალური შეთანხმება არ შედგება და მერე ამ შეთანხმების რეალიზაცია არ დაიწყება, ბუნებრივია, იმის მოლოდინი, რომ ფუნდამენტური ცვლილება და გარღვევა მოხდება სამხრეთ კავკასიაში, არაა.
დღეს მაქსიმალური მცდელობაა, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ რელსზე დადგეს, ასე ვთქვათ, განვითარების, ამერიკასთან ურთიერთობის, საერთაშორისო პროექტების და სხვა. თუ ეს მიღწეული იქნება და თუ ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, უკვე დგება სხვა მოთამაშეების დრო და ადგილი. იმედია, ამ მომენტისთვის მზად ვიქნებით.
მინდა, რომ ოპტიმისტურად შევხედოთ ამ პროცესს, თუმცა ეს არაა ცარიელი ოპტიმიზმი. რა თქმა უნდა, ჯობია პირველი წუთიდან ვიყოთ ჩართულები პროცესში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ხდება თბილისში, ეს მოლოდინი არ არის. დაგვიგვიანდა უკვე თუ არა? – ჩემი აზრით, ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი.
- არ უშვებთ, რომ მართლაც ამოქმედდეს შუა დერეფნის სამხრეთის განშტოება და საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროდ?
შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რუსეთის გავლენის სფერო, მაგრამ საქართველოზე ბევრი პროექტი გადის სავაჭრო მიზნებისთვის, სატრანზიტო გზებისთვის… აქამდე სამხრეთ კავკასიაში იყო კონფიგურაცია ბაქო-თბილისი-ანკარა, ანუ ამ სამეულის ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი. დღეს თუ მოთამაშედ შემოდის ერევანი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რაც უკვე დამდგარი ფაქტია, ის ვერ გაქრება. ნებისმიერი პროექტი, რაც არ უნდა განხორციელდეს, მოხდება ინტეგრაციის გზით – არსებულის და პერსპექტივის ინტეგრაციით.
ამიტომაც, ველი, რომ ჩვენ რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება, უბრალოდ, ჩიხად ვიქცეთ.
ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ. იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.
- „რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა“ – ამბობს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი. მისი აზრით, რუსეთს „სხვა გზა არა აქვს“ გარდა იმისა, რომ გამოაცხადოს თავი იმპერიად, აქტიურად ჩაერთოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში და გამოაცხადოს ევრაზიული მონროს დოქტრინა: „ევრაზია ევრაზიელებისთვის“. კრემლის ამ გზავნილსაც მოერგება ივანიშვილი, თქვენი აზრით?
ეს არ არის იმ ტიპის განცხადება, რომელიც მაინცადამაინც ივანიშვილის ყურისთვის და თბილისისთვის გაკეთდა. ეს გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესოა: რისთვის არის საბოლოო ჯამში მზად კოლექტიურად დემოკრატიული სამყარო – ამერიკა, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და რისთვის არა? სად არის წითელი ხაზი?
როდესაც თბილისთან დაკავშირებით ასეთი განცხადება კეთდება, ეს მოიცავს უკრაინას და, მაგალითად, იგივე ყაზახეთს, ხომ? ეს იმ ტიპის განცხადებაა, სადაც ივანიშვილს ნაკლებად ეკითხება ვინმე, როგორ უნდა მოიქცეს. ამ კონკრეტული განცხადების უკან არაფერი განსაკუთრებული არ დგას – მოსკოვში თვლიან, რომ ყოველთვის ყველაფერს უნდა გამოეხმაურონ, რაც მთავარ კონკურენტ სახელმწიფოში ხდება.
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს, მაგალითად, ვენესუელაში, ასევე მოვისმინეთ განცხადებები, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფერო ჩვენია, მაშინვე ვთქვი, რომ ამ ფონზე, პუტინი დაახლოებით ანალოგიურ განცხადებას გააკეთებდა. სხვათა შორის, გვიანაც კი გაკეთდა ეს განცხადება, ბევრად უფრო ადრე ველოდი…
ეს, რა თქმა უნდა, არის რუსეთის იმპერიული ამბიციების კიდევ ერთი გამოვლინება, დადასტურება, კიდევ ერთხელ შეხსენება სამყაროსთვის, რომ ის არსებობს.
- ამ გლობალური რყევების და იმ განწყობების ფონზე, რაც აქვს რუსეთს და „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს სუვერენიტეტი აღარავის აღარ ადარდებდეს?
ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, როგორაც ახლა ვიქცევით გლობალურად, ამის შანსი ძალიან მაღალია. შენ საინტერესო ხარ პარტნიორობაში. თუ ამ პარტნიორობაზე უარს ამბობ, რჩები იმ ორბიტაზე, ვისთანაც ურთიერთობები გაქვს შენარჩუნებული.
საქართველოს ჰყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც პარტნიორობას ინარჩუნებს ყველასთან, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც 35 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორები იყვნენ. პარტნიორობა ორმხრივია. ისე არ იქნება, რომ ჩვენთვის ვინმე თავს მოიკლავს, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ პარტნიორობაზე. არ არის საქართველოს ფასი ისეთი მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!“
მთავარი ამბავი, რის გამოც საქართველო იყო საინტერესო, იყო მისი განსხვავებულობა იმ სამყაროსგან, რომელშიც ვართ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა ამ სივრცეში. ვიყავით ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ნათქვამი, რომ მივდიოდით ნატოსა და ევროკავშირში. ამ პარტნიორობას საქმითაც ვადასტურებდი, იგივე მისიებში მონაწილეობით.
დღეს ჩვენ დავკარგეთ ეს უპირატესობა, ჩვენ აღარ ვართ სანდო პარტნიორი. გაჩნდა ეჭვები: ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ეს გრძელვადიანი და შეუქცევადი იქნება თუ არა? ამიტომაც, დღეს გაცილებით მეტი გვაქვს დასამტკიცებელი, ვიდრე 5, 7 და 10 წლის წინ, ან 20 წლის წინ გვქონდა. ნდობა არ არის ადვილად მოსაპოვებელი.
- როგორ მოქმედებს ივანიშვილზე ბოლო საერთაშორისო ამბები – ამბოხი ირანში, დიქტატორ მადუროს ნახევარ საათში დაკავება…
არ მინდა ამაზე სპეკულაცია, წარმოდგენა არ მაქვს, მის თავში ახლა რა ხდება, როგორ რეაგირებს. ივანიშვილი, რომელთანაც მე მქონდა ურთიერთობა, ახლა რაც ქვეყანაში ხდება იმის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობს. ის ივანიშვილი აღარ არსებობს. სრულიად სხვა ადამიანთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გავაკეთებ ვერანაირ დასკვნას.
ის არის თვითგადარჩენის რეჟიმში მოქმედი ადამიანი და ასეთი არ იყო მანამდე, მას სხვა ინსტინქტები ჰქონდა. შეიძლება არასწორი პოლიტიკური ხედვები ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა პოლიტიკური ხედვები რაღაც საკითხზე, მაგრამ ინსტინქტები ძალიან სწორი ჰქონდა.
- რა ეტაპზე გადავიდა დაპირისპირება „ოცნების“ კლანებს შორის? თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა ღარიბაშვილის ციხეში გაშვება?
არ ვიცი, ეს ცოტა კონტროვერსიული საკითხია და ერთი უტყუარი პასუხი არ მაქვს. არც არავისგან არ მომისმენია ვერსია. ღარიბაშვილი პირველად არ გაწირა ივანიშვილმა.
ჩემი გაურკვევლობის მთავარი მიზეზი არის ლილუაშვილი.
- რატომ?
იმიტომ, რომ ის ივანიშვილთან ყველაზე ახლოს იყო, მისი გადასახედიდან ყველაზე ერთგული. სინამდვილეშიც ყველაზე ერთგული იყო. ლილუაშვილთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრები მქონდა, სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სერიოზული კაცი იყო და ღარიბაშვილისგან განსხვავებით თავში არ აუვარდებოდა… ის იყო ივანიშვილის ოჯახთან ძალიან ახლოს. ეს არ იყო ერთჯერადი ამბავი, რომ აი, მარტო ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, ის მთელი ამ სისტემის ნაწილი იყო.
ამიტომაც, ძალიან მეეჭვება ლილუაშვილის პატიმრობა… დასაბუთებისთვის რაღაც ხაზი უნდა ჩანდეს ხომ? ხაზი, რომ კობახიძეს ისე ენდობა – არ მჯერა ამის, რა ვქნა.
- კიდევ ერთი ვერსიაა, რომ კრემლი ამ ეტაპზე უფრო ენდობა კობახიძეს, ვიდრე ივანიშვილს. შესაძლოა ივანიშვილის მიმართაც გაუჩნდეს გამოძიებას კითხვები?
გამოდის, კობახიძე ინდივიდუალურად მოქმედებს, რისიც არ მჯერა.
ლილუაშვილის დაჭერამ ჩემთვის დაანგრია ყველა ვერსია, რომელიც მქონდა. ვერ წარმოვიდგენ, ივანიშვილს სჯეროდეს, რომ კობახიძე უფრო ერთგული იქნება მისი, ვიდრე იყო ლილუაშვილი, ან თუნდაც ღარიბაშვილი. ამიტომაც არ მაქვს ვერსია.
- როგორ გამოიყურება გარედან „ოცნების“ დაჯგუფება თქვენთვის? ივანიშვილი აპირებს, რომ დაწყებული რეპრესიები მიიყვანოს ბოლომდე, ავტორიტარიზმის კონსოლიდირება ბოლომდე რომ შეძლოს? მაგალითად, ბოლომდე გააუქმებს ოპოზიციას, გააქრობს შემორჩენილ კრიტიკულ მედიას?
ვფიქრობ, გეგმა ეს არის. იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, მით უმეტეს, ახლა ალბათ კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ირანის მოვლენებს – ძალიან კარგად ხვდება: ირანი ვენესუელაც კი არ არის, ის გაცილებით უფრო დიდია და მნიშვნელოვანია. ირანის რეჟიმის დამარცხებას უზარმაზარი გავრცელების ეფექტი ექნება… ირანში რეჟიმის ცვლილება იქნება ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი შეიძლება სამყაროს დაემართოს და რაც შეიძლება გახდეს მოტივაცია თავისუფლებისმოყვარე ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.
ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემ. ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს… მათ უნდა ჰქონდათ სრული მზადყოფნა იმ მომენტისთვის, თუ ირანში ცვლილება მოხდა, საქართველოში ვინმეს განსხვავებული აზრები არ გაუჩნდეს და რაიმე მათთვის კატასტროფული არ მოხდეს. ამიტომაც, ახლა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ წესით, ვიდრე ამას შემოდგომაზე გეგმავდნენ, ან ჩვეულებრივ ველოდებოდით.
- თუ ირანში რეჟიმი ჩამოიშლება, საქართველოზეც აისახება, არა?
ჰო, მაგრამ აღარავინ იქნება საქართველოში: ყველა ციხეში იქნება, ან ქვეყნიდან გაქცეული. რთულდება ამოცანა, ხომ?
საბჭოთა კავშირის დროსაც მათი კომუნისტი წინაპრები მშვენივრად ცხოვრობდნენ ალბათ. მათი საზომი ამაზე გადის – საკუთარ, პირად, ინდივიდუალურ ბედნიერებასა და გამდიდრებაზე.
ისინი კორუმპირებულ სამყაროს სისტემაზე არიან აწყობილი და შესაბამისად, ასეთივეს თუ ჩამოეკიდებიან, ფიქრობენ, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.
- თქვენი აზრით, რა რესურსია ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის?
ვიდრე პოლიტიკური ცენტრი არ გაჩნდება, ვისთანაც შესაძლებელი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის საუბარი, რომელიც გახდება ორიენტირი ქართველი ამომრჩევლისთვის, დემოკრატიულ მოძრაობას გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არ აქვს საქართველოში. თავისი არსით, ბუნებით, შინაარსით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე წარმატებული ვერ იქნება.
მე ვგულისხმობ მიზიდულობის ცენტრის გაჩენას. თუ ვინმეს იმის თავი აქვს, რომ ინდივიდუალურად გააჩინოს ეს მიზიდულობის ცენტრი, ინდივიდუალურად გააჩინოს, ოღონდ პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი უნდა გაჩნდეს. ჩვენ ვლაპარაკობდით სამხრეთ კავკასიის თემებზე, რომ ვაშინგტონი არ ელაპარაკება თბილისს, გასაგებია, რომ არ ელაპარაკება, მათ შორის, იმიტომაც, რომ ის ხალხია ხელისუფლებაში, ვინც არის, მაგრამ ხვალ-ზეგ თუ კარის გახსნის საკითხი დგება და ეს პროცესი დასასრულებელია, ვის უნდა ელაპარაკოს ვაშინგტონი?
ამგვარად, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც გარე ლეგიტიმაციაც მოხდება არა იმიტომ, რომ ვინმეს „ოცნება“ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არავინ არ არის ქვეყანაში, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი სტრატეგიულ გეგმებზე, გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებაზე, გრძელვადიან დაგეგმვაზე.
მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძე ირანში. ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას ირაკლი კობახიძესთან ერთად „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო. 2024 წლის 31 ივლისი.






