მთავარი,სიახლეები

შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“

11.04.2024
შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“

„მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს,“ – ამბობენ შუახევში მოკლული 33 წლის მელანო ქიზინიძის ოჯახის წევრები. ისინი დღეს, 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ფემიციდის შემთხვევებზე ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირება მოითხოვეს.

შუახევში, ნენიის ხიდთან, პროკურატურის ვერსიით, ქმარმა ცოლი დანით 2024 წლის 4 აპრილს მოკლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს განიხილავს.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე კლინიკაშია.

„ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა მელანოს, ერთი მესამე კლასელია, მეორე – მეექვსე. ალბათ, სასამართლო გადაწყვეტს, სად იქნებიან ბავშვები,“ – გვიყვება მერაბ ქიზინიძე, მოკლული ქალის ბიძა. – „ჩვენ შევიკრიბეთ სასამართლოსთან იმიტომ, რომ მკვლელი უმკაცრესად დაისაჯოს და სხვა ასეთი შემთხვევა აღარ მოხდეს.

მოკლული ქალის ოჯახის წევრებს ვკითხეთ ფემიციდის შესახებ კანონზეც, რის მიღებაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. კანონპროექტის მიზანი იყო გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.

„… მანამდე უნდა შეიძლებოდეს შეჩერება, რომ სხვა შემთხვევები არ მოხდეს. ქალის უფლებებს სჭირდება განსაკუთრებით დაცვა…

შეიძლებოდა ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობა უკეთესად. გავიგეთ, რომ იქ ასვლამდე მანქანაში უჩხუბიათ და ეს დაინახეს. შეიძლებოდა ინფორმაციის მიწოდება უწყებისთვის,“ – მიიჩნევს მერაბ ქიზინიძე.

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ კი სცადეს ქალის მკვლელობა.

ამ თემაზე:

სიჩუმე კლავს, რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაფიო – ბათუმში ფემიციდ გააპროტესტეს 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: