მთავარი,სიახლეები

ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე

11.04.2024 • 2992
ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე

„ევროპელ პოლიტიკოსები ნათლად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაიკეტება.

ეს მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და თუ მაინც გაიტანს ამ კანონს, ეს იქნება ნათელი დადასტურება იმის, რომ მმართველმა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა საქართველოს კონსტიტუციაც და მოსახლეობის, მინიმუმ 80 პროცენტის არჩევანი,“ – ასე ეხმაურება მხატვარი ლია უკლება რუსულ კანონს.

მხატვარი „ბათუმელებთან“ იხსენებს რუსულ გამოცდილებას, იმას, თუ რა დღეში ჩააგდო რუსული საზოგადოება მსგავსმა კანონმა.

„ყველა, მეტ-ნაკლებად პატიოსანი, ნიჭიერი და განათლებული რუსი ან ციხეში ზის, ან უკვე დახოცეს, ან ქვეყნიდან გაიქცა. ეს შეეხო არა მარტო პოლიტიკოსებს, ან ჟურნალისტებს. ყველას, ნავალნით დაწყებული, ალა პუგაჩოვათი დასრულებული. ცხადია, ეს კატასტროფაა, არა მარტო ადამიანის უფლებების კუთხით, არამედ თვითონ რუსეთისთვისაც, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ – ამბობს მხატვარი.

ლია უკლებას ვკითხეთ დაპირებაზე, რომელიც ხელისუფლებამ 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ გასცა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ რუსულ კანონს. როგორ გრძნობს მოქალაქე თავს, როცა აღმოაჩენს, რომ მთავრობამ ისევ მოატყუა.

„ჩემი აზრით, ეს უბრალოდ კრემლიდან დავალებაა. სხვანაირად წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადათქვა შენს მიერ საზეიმოდ დადებული პირობა. ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაცია პირველ რიგში ნდობას ემყარება. დღევანდელი ხელისუფლების ნდობის ხარისხი კი ნულთან ახლოსაა“, – ამბობს ლია უკლება.

მხატვრის თქმით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რა სირთულეებთან გამკლავებაც ერს უწევს, არ უნდა დავიღალოთ.

„არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შეგვეშინდეს. საქმე არ ეხება პოლიტიკურ სიმპათიებს. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის და ვალდებულები ვართ შესაბამისად მოვიქცეთ, თუნდაც ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ – ამბობს ლია უკლება.

ამავე თემაზე: 

„ოცნების“ მიერ დაწყებული ეს პროცესი ხაფანგია, რომელიც ქვეყანას გაანადგურებს – ელზა გურგენიძე

„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: