ბათუმელები
მინისტრის შეხვედრა ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და მას ძირითადად პირველკურსელები ესწრებიან, თუმცა დღეს მინისტრთან კითხვები სხვა სტუდენტებსაც ჰქონდათ. გია აბულაძესთან შესახვედრად წამების წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორებიც მოვიდნენ, მათ მინისტრთან კონკრეტული შეკითხვები ჰქონდათ:
„რას ფიქრობთ, ჩვენი ეროვნული გმირი მემედ აბაშიძე „უნდა იყოს იქ სადაც არის, მოყუჩებულში?“ – ამ შეკითხვის ავტორებს მხედველობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნისას პრეზიდენტის განცხადება ჰქონდათ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა განახცადა, რომ „მემედი უნდა იყოს იქ, სადაც არის, მოყუჩებულში”.
გია აბულაძემ განმარტა, რომ ის ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდა ეროვნული გმირების მიმართ და შეკითხვების ავტორ სტუდენტებს უთხრა, რომ თავად ისინი ფიქრობენ ასე და „სპექტაკლს მართავენ“ ყველას დასანახად. სტუდენტებმა მინისტრს შეახსენეს, რომ ასე სტუდენტები კი არა, პრეზიდენტი ფიქრობს: „სპექტაკლებსაც თქვენ მართავთ, რადგან ქვეყნის ასეთ დაძაბულ დროს გრანტებზე და გაცვლით პროგრამებზე საუბრის დრო არ არის!” – მიმართეს განათლების მინისტრს ლევან დუაძემ და გოჩა სურგულაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები” სტუდენტებს გაესაუბრა:
ილია ურუშაძე: შეხვედრა პირველ კურსელებს ეხებოდა ძირითადად, რომლებიც სიტუაციაში გარკვეულნი არ არიან და რეალური პრობლემები არ იციან, ამიტომ გადავწყვიტეთ მათ მაგივრად ჩვენ დაგვესვა შეკითხვები, თუმცა შეკითხვებზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, პრობლემებს უბრალოდ არ იმჩნევენ.
გოჩა სურგულაძე: მესამე კურსელი ვარ და მესამე წელია ვისმენ განათლების მინისტრისგან ერთი და იგივეს, რომ არსებობს გაცვლითი პროგრამები, რომ თვითმართველობას უნდა მივმართოთ პროექტებით… ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ისეთ განათლებას ვღებულობთ აქ, რომ სტუდენტებმა პროექტის წერაც კი არ იციან, გაცვლით პროგრამებზე მერე დაიწყონ საუბარი, როცა განათლების სისტემას მოაგვარებენ. მინისტრ გია აბულაძეს ჩვენ მივმართეთ, რომ ჩვენს გვერდით დამდგარიყო ამ ვითარებაში, მან გვითხრა, რომ პოლიტიკა მას არ ეხება და ამაზე საუბარს არ აპირებს. განათლების პოლიტიკა პოლიტიკა არ არის?! თუ განათლების მინისტრია, იქ უნდა იყოს, სადაც მისი სტუდენტები და მოსწავლეები არიან.
ბექა ესაძე: მე ბოლომდე ვესწრებოდი შეხვედრას, გამოვეხმაურები რექტორს გრანტებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არ არის ის ბაზა, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ და იქ არსებული სასწავლო კურსი დავძლიოთ. უნივერსიტეტში არსებულ კამერებსა და მოსასმენ აპარატებს რაც შეეხება, რექტორის თქმით ეს კამერები სტუდენტებზე სათვალთვალოთ კი არა ლექტორების გასაკონტროლებლად დააყენეს. გამოდის, რომ უნივერსიტეტს ჰყავს არაპროფესიონალი ლექტორ-მასწავლებლები?!
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, განცხადება დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იურისტებთან გააკეთა. მისი განცხადებით, „ტელეარხი 25„ -ის და აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილება არასამართლიანია და მას შეფასება უნდა მიეცეს.
„25-არხის პროდიუსერმა განმიცხადა, რომ კანონი მას მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის დროის დათმობას ავალდებულებს. კანონში წერია, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს თანაბარი დრო უნდა დაუთმონ და არსად წერია რომ არაკვალიფიციური სუბიექტები არ უნდა მიიწვიონ დებატებში. აჭარის ტელევიზიამ განაცხადა, რომ დებატებში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებს იწვევდა, მაგრამ ეთერი დაუთმო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის„ მაჟორიტარობის კანდიდატებს და ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. მაგრამ როცა მან დაუშვა პრეცენდენტი, ახლა ვალდებულება ეკისრება, რომ სხვა სუბიექტებსაც დაუთმოს დრო.“
არაკვალიფიციურია საარჩევნო სუბიექტი, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
რამინ პაპიძე კონსტიტუციურ უფლებაზეც საუბრობს: „საარჩევნო კანონში რომც არ ეწეროს, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. ამიტომ საარჩევნო კოდექსის 51 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, სადაც საუბარია მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებზე, ანტიკონსტიტუციურია და მედიას უფლება აქვს ისარგებლოს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით“.
იურიტ ირაკლი შავაძის განცხადებით, ტელევიზიის პოზიცია, რომ მათ არა აქვთ ვალდებულება რამინ პაპიძე მიიწვიო დებატებში, არასწორია: „საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს, მიღებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ პოლიტიკური კონსესუსის შედეგად, ამიტომ, სამართლებრივად რამდენად სწორია ეს ნორმა, ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ის, რომ მედიას არ ევალება არაკვალიფიციური სუბიექტების მიწვევა დებატებში, არსად წერია და მედიამ არ უნდა დაუშვას დისკრიმინაცია“.
„არაკვალიფიციური სუბიექტი არის სამი, მათ შორის რამინ პაპიძე. იმის გამო, რომ დანარჩენი ორი სუბიექტი საერთოდ არ ჩანს და არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, ამიტომ დებატებში ვეღარ დავსვით, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ რამინ პაპიძე სამჯერ იყო ეთერში. იმის გამო, რომ მაინც აქვს პრეტენზია, კი ბატონო მოვიდეს და თუ სხვა სუბიექტებიც ვიპოვეთ, დავსვამთ დებატებში“ – აცხადებს გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერი ირმა ზოიძე.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ცირა აბულაძე კი აცხადებს: „ამ პარტიის სიის პირველ ნომერს ჩვენ დავუთმეთ ეთერი და შეეძლო მას ნაცვლად რამინ პაპიძე მოსულიყო. რაც შეეხება გია ბარამიძის და მურმან დუმბაძის მოწვევას, იმ დღეებში გავრცელდა პატიმართა წამების კადრები და ბარამიძეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს უნდა გაეცა კითხვებზე პასუხი, მურმან დუმბაძე კი მოპაექრე მხარე იყო“.
ბატონო ლევან, როგორი იყო თქვენი რეაქცია ამ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ?
ცუდი ფაქტი მოხდა.
მხოლოდ ეს არის თქვენი შეფასება?
ცუდი ფაქტი მოხდა ნამდვილად. ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რადგანაც არის ეს, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს და კანონის ფარგლებში ყველა უნდა დაისაჯოს.
ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები ამ დროისთვის არის ადეკვატური? პირადად თქვენ როგორ მიგაჩნიათ?
ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და ის მიიღებს შესაბამის ზომებს.
აქამდეც ხომ არსებობდა ინფორმაცია პატიმართა წამების და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რატომ არ აქცევდა ხელისუფლება ამ ფაქტებს ყურადღებას?
ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ მართლაც იყო სისტემური პრობლემა. თუ ეს ფაქტები ადრე გახდებოდა ცნობილი, შესაბამისად ადრე იქნებოდა რეაგირება.
ბატონო ლევან, ყოფილი პატიმრები, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები და სასჯელაღსრულების სისტემის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი წამების შემკვეთად და მონაწილედ ბაჩო ახალაიას ასახელებენ. თქვენ როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, საკმარისია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ ლეგიტიმურია მოთხოვნა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ?
ამის შესახებ ჰკითხეთ პროკურატურას. მიდის გამოძიება.

ბათუმში მცხოვრები თემურ ხალვაში მოითხოვს, რომ არ შეწყდეს ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიების ჩართვა, განსაკუთრებით კი „მეცხრე არხის” ტრანსლირების გაგრძელებას ითხოვს. „ღმერთმა დაიფაროს, ეს არხი გათიშოს! აბა სხვას რაღას უნდა ვუყუროთ? ერთადერთი ინფორმაციის წყარო ეს არხებია. სრულიად ვენდობი მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, – ამბობს თემურ ხალვაში.
ასეთივე აზრის არიან „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. გამოკითხული ათი რესპონდენტიდან ათივემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, უყურებენ თუ არა ამ ტელეარხებს, ისინი მაინც უნდა დარჩნენ საკაბელოების პაკეტებში ინფორმაციული მრავალფეროვნებისთვის. „ჯერ მეცხრე არხს და მაესტროს ვუყურებ და შემდეგ ვამოწმებ ინფორმაციას იმედსა და რუსთავი 2-ზე, ყველა არხს უნდა ვუყუროთ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ“, – ამბობს ბათუმელი ჯეინ-მარი ბოლქვაძე.
საქართველოს პარლამენტმა ივლისში საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება და საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს წინასაარჩევნოდ, 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპების გატარება დაავალდებულა.
2012 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საერთაშორისო მოდელის „მასთ ქერის“ ქართული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ პრობლემების გამოსწორებას – საკაბელო ოპერატორები უარს აცხადებდნენ მათ ტრანსლირებაზე, „მასთ ქერი“ კი მათ ავალდებულებდა ტელეკომპანიების სიგნალის შეფერხების გარეშე გადაცემას.
გაგრძელდება თუ არა „მასთ ქერი“ არჩევნების დღის შემდეგ? ამ კითხვაზე საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში პასუხობენ, რომ ეს საკაბელო ოპერატორებსა და ტელეკომპანიებს შორის მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. კომისია კი თავის მხრივ, ვერ ჩაერევა კერძო სუბიექტების საქმიანობაში.
„ჩვენ გვევალება აღვასრულოთ საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისათვის კი პარლამენტი არ განიხილავს „მასთ ქერის“ ვადებში რაიმე ცვლილების შეტანას“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.
აჭარაში საკაბელო ოპერატორების 17.181 აბონენტს 6 კომპანია ემსახურება, აქედან უმრავლესობა – 16.797 აბონენტი მხოლოდ ბათუმზე მოდის, 188 – ქობულეთზე, 97 – შუახევზე.
ბათუმში მოქმედ საკაბელო ოპერატორ „ერაში“ ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ ყველა ტელეკომპანიის ტრანსლირებას, ამის მიზეზად კი აბონენტების ინტერესს ასახელებენ. „ჩვენ არ გვაქვს იმის ფინანსური სახსრები, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ, თუმცა ზოგადი სიტუაცია ვიცით, რომ აბონენტებს აქვთ ე.წ. ოპოზიციური არხების ყურების სურვილი და მათ გათიშვას არ ვაპირებთ“, – ამბობს „ერას“ პრესმდივანი ნანა ჩხარტიშვილი.
შილკ თV-ში, რომელსაც 65 000 აბონენტი ჰყავს, „მასთ ქერის“ შესახებ ამბობენ, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ თითოეულ ტელეკომპანიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება დაიწყება. „მასთ ქერის“ შემოღების შემდეგ მათ პაკეტებში შეიტანეს „მეცხრე არხი“, „თრიალეთი“, „25-ე არხი“ და „მაესტრო“. თუმცა საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, მისი აბონენტების თითქმის ნახევარს ტელეკომპანია „მაესტრო“ არ მიეწოდება. „სილკ ტივი” სატელევიზიო სიგნალს აბონენტებს ორი გზით – სპილენძისა და ინტერნეტის კაბელებით აწვდის. „მაესტროს“ სიგნალი კი ტექნიკური ხარვეზის გამო ფერხდება.
ციფრული ტელევიზია Gლობალ თV-ი აპირებს ყველა ტელეკომპანიის ჩართვის გაგრძელებას, თუმცა ამბობენ, რომ მათ არც არასდროს გაუთიშავთ რომელიმე არხი მათი სურვილით. „ჩვენ მასთ ქერის პრობლემა არასოდეს გვქონია. ისედაც ჩართული გვქონდა ყველა არხი. ჩვენ გვაქვს მასთ ოფერის პრობლემა. რუსთავი 2 და იმედი საკანონმდებლო ვალდებულების გამო არიან ფაქტიურად ჩვენს პაკეტებში, თორემ როგორც კი ვადა გავა, სავარაუდოდ, უარს იტყვიან მათი სიგნალის გავრცელებაზე. დაახლოებით 12 000 აბონენტი გვყვავს და არ მჯერა, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, მათი გადაცემები ამხელა აუდიტორიას მიეწოდოს“, – ამბობენ „გლობალ თვ”-ში.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია 114 საკაბელო ოპერატორი, თუმცა რეალურად მათგან მხოლოდ 97 მუშაობს. მათი აბონენტების საერთო რაოდენობა 199 000-მდეა.
განსხვავებული მონაცემები აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მედიაანალიტიკოს მამუკა ანდღულაძეს, რომელმაც „ლევან მიქელაძის ფონდის“ იურისტ ლევან დოლიძესთან და ალექსანდრე დავითაშვილთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, „მასთ ქერის“ მედიამონიტორინგი აწარმოა. მისი თქმით, საკაბელო ოპერატორებს „მასთ ქერის“ პრინციპების შემოღებამდე 190 000 აბონენტი ჰყავდათ, თუმცა მოქალაქეების მხრიდან ინტერესის ზრდის გამო აბონენტთა რაოდენობა 215 000-მდე გაიზარდა. მამუკა ანდღულაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა საკაბელო ოპერატორს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ყველა ტელეარხი აქვს ჩართული.
„საკაბელოებსაც და ტელევიზიებსაც უნდა ჰქონდეთ ინტერესი, რომ, ერთი მხრივ, საკაბელოებმა მიიღონ მეტი შემოსავალი მეტი არხის ჩართვით და მეორე მხრივ, ტელევიზიებმა გაავრცელონ სიგნალი დიდ აუდიტორიაზე და შესაბამისად მიიღონ ბევრი რეკლამა“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა: “ეს შენ გეხება”, “აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” და „მედიის ადვოკატირების კოალიცია” გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც „მასთ ქერის“ პრინციპების გაგრძელებას მოითხოვენ.
ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ამზადებს პეტიციას, „მასთ ქერის“ ვადის გაგრძელების მოთხოვნით და აგროვებს 15 000 ხელმოწერას. პეტიციას – „Must Carry Must Stay“ (მასთ ქერი უნდა დარჩეს) – ამ დროისათვის უკვე 10 000 ხელმომწერი ჰყავს.
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამგვარი სამოქალაქო აქტივობა მნიშვნელოვანია და შესაძლოა დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.„კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს ვალდებულება, დაიცვას და გაითვალისწინოს მომხმარებელთა უფლებები და ინტერესები. თუ კი შეგროვდება 15 000 ხელმოწერა, ეს შეიძლება გახდეს „მასთ ქერის“ გაგრძელების საფუძველი“, – ამბობს ნათია კაპანაძე.
მომხმარებელთა მხრიდან მაღალ ინტერესს ადასტურებს NDI-ის მიერ 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევაც. კითხვაზე „არსებობს შემოთავაზება, რომ „მასთ ქერის“ ვალდებულება გავრცელდეს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ შემოთავაზებას?“ გამოკითხულთა 47% ეთანხმება, 6% არ ეთანხმება, 4% არ პასუხობს შეკითხვას და 44%-ის პასუხია „არ ვიცი“. ამასთან, გამოკითხულთა 88%-სთვის ტელევიზია პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის პირველი წყაროა და 44% ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს.
ლელა დუმბაძე
ახალ ბულვართან ბოლოს, აეროპორტის გაზატკეცილთან, ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან დუმბაძის საარჩევნო ბანერები დააზიანეს. „სამი ბანერი იდგა და სამივე დაზიანებულია“-აცხადებს მურმან დუმბაძე. პლაკატების დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, მერაბ ნაგერვაძეც: „დახეული და დაგელიჯილია მთლიანად პლაკატები“.
ზედამხედველოს სამსახურის, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ვასილ ჯინჭველეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატების ზედამხედველობა, მათი სამსახურის ვალდებულებას არ წარმოადგენს: „პოლიტიკური პარტიების პლაკატები ვინმემ რომ არ ჩამოხიოს, ამის კონტროლის ვალდებულება ჩვენ დებულებაში არ გვიწერია.შესაბამისად, არც ის პირები გამოგვივლენია, ვინც ამ პლაკატებს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომელი პარტიები დავაჯარიმეთ“.
ვასილ ჯინჭველეიშვილის თქმით, ჯარიმების რეკორდსმენია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შვიდჯერ დაჯარიმდა. დაჯარიმებული არიან „ქრისტიან დემოკრატები“ და „ქართული ოცნებაც“. პირველი დაჯარიმების შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტი 50 ლარიანით ჯარიმდება.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია ამბობს, პლაკატების დაზიანების ფაქტებზე სანქცია საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გამოწეროს, „თუმცა მანამდე, ვიღაცამ უნდა დააფიქსიროს თუ ვინ დააზიანა პალაკატი. ამის კონტროლი კი ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციოებში შედის“.
მარი ბოლქვაძე: ვარჯიში ექვსი წლის წინ ბათუმში გიორგი დიქტოპულოსთან დავიწყე. შემდეგ კი სამი წლით თბილისში გადავედი, სადაც ვიქტორ ბაქშისთან ვემზადებოდი. მოგვიანებით ისევ ბათუმში დავბრუნდი და ვარჯიშიც აქ გავაგრძელე. ზამთარში კი ორი-სამი თვით ინგლისში მივემგზავრები, სადაც ოთო ბუჩჰოლდიტთან გავდივარ წვრთნებს.
– როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი ხარ…
– დიახ, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვარ 14 წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის. პირველად შარშან გავიმარჯვე, წელს კი – მეორედ.
– „ბათუმი ლეიდის ოუფენ“ შენი პირველი საერთაშორისო ტურნირია?
– ჩემ ასაკობრივ კატეგორიაში ევროტურნირებზე ხშირად ვმონაწილეობ და 14 წლის ასაკის ჩოგბურთელთა შორის რეიტინგში 54-ე ადგილზე ვარ, დიდებში კი წელს პირველად ვცადე ბედი.
– მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წრეში დამარცხდი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლეილა მესხს და აჭარის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ასათიანს შენთვის საქებარი სიტყვები არ დაუშურიათ…
– მადლობას ვეტყვი ორივეს. რაც შეეხება ჩემ მარცხს, პაშკოვა 23 წლისაა, ასაკითაც და ფიზიკურადაც ჩემზე დიდია. მართალია, გამარჯვების შანსი მქონდა, მაგრამ აქ უკვე გამოცდილებამ ითამაშა დიდი როლი და შეხვედრა 4:6 / 5:7 დავთმე. თუმცა გული ნამდვილად არ მწყდება. კარგი გამოცდილება მივიღე. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, მე და ბარბარე ერისთავმა პირველი წრე გავიარეთ, მაგრამ მეორეში უკრაინელ წყვილთან დავმარცხდით.
– მარი, როგორც სპორტსმენს, საკუთარი თავის დადებით და უარყოფით მხარეებად რა მიგაჩნია?
– დადებითი? – ალბათ სტაბილურობა და ტექნიკა. უარყოფითზე კი… ფსიქოლოგიურად ძალიან განვიცდი თითოეულ წაგებულ ბურთს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ამაზეც ვმუშაობ და იმედია, მალე ამ ნაკლს აღმოვფხვრი.
– ამჟამად რომელი ტურნირისთვის ემზადები?
– თელავში მივემგზავრები, სადაც 50-ათასიან ტურნირში (დიდები) მივიღებ მონაწილეობას. ვეცდები, იქ უკეთ ვიასპარეზო.
– მისაბაძი სპორტსმენი?
– მარია შარაპოვა, ძალიან მომწონს როგორც ქალი და როგორც ჩოგბურთელი.
– ოცნება?
– გავხდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და მოვიგო „როლან გაროსი“.
„ცესკო, ჩვენ ვეღარ ავსახავთ რეალობას”, „ნუ დატოვებთ ხალხს ინფორმაციის გარეშე”, „no picture no democracy” – ბათუმში, დღეს, 25 სექტემბერს, უსკოს შენობასთან ჟურნალისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც მედიას არჩევნების გაშუქებისას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.
ცესკოს გადაწყვეტილებას ბათუმში გაზეთ „ბათუმელების”, „ტვ 25″-ის, „ტვ 9″- ს, აჭარის ტელევიზის, „ინფო 9″-ს, „პირველი არხის”, „გურია ნიუსის”, „ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.
ჟურნალისტების აქცია გამართა დღეს თბილისშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 7 საათამდე იმჯელებს 24 სექტემბერს მიღებული იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდება.
იმ შემთხვევაში თუ ეს დადგენილება არ გაუქმდება, ჟურნალისტები გადაწყვეტილებას ხვალ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ბათუმში, რუსთაველს ქუჩაზე, „ნაციონალური” მოძრაობის საზეიმო მსვლელობისას, ორი მანქანა, რომელსაც „ნაციონალები” მართავდნენ, ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
რამდენიმე დღეა ბათუმის ქუჩებში გადაადგილდება მანქანების კოლონა გაბმული სიგნალით, „ნაციონალური მოძრაობის” ხუთი ნომრითა და დროშებით.

ხელვაჩაურში, „BTM ტექსტილში“ ინცინდენტი მოხდა. როგორც ფაბრიკის თანამშრომელი ნაზი ვარშანიძე აცხადებს, მას წარმოების მენეჯერმა, ხასან იბიშმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. „ვთხოვდი სამუშაო მასალა მოეწოდებინა, მან კი მაგიდაზე ხელი დამიბრახუნა და ყველაფერი მომაყარა. ხელმძღვანელობისთვის უნდა მეთქვა მისი საქციელის შესახებ, მაგრამ კადრებში ჩასვლა ვეღარ მოვასწარი, რადგან ცუდად გავხდი“.
როგორც ფაბრიკის თანამშრომლები აცხადებენ, ხასან იბიში არაერთხელ არის შემჩნეული თანამშრომლებთან უხეშ დამოკიდებულებაში.
„საკმაოდ კონფლიქტური ადამიანია და სხვა ოპერატორებთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მუშებმა პატრული გამოიძახეს. ერთხელ ვუთხარი, ცხრა საათამდე სამუშაოდ ვერ დავრჩები მეთქი და მითხრა, ვირივით დარჩები და იმუშავებო. მსგავს შეურაცხმყოფ სიტყვებს სხვებთან მიმართებაშიც იყენებდა. ჩემი შეურაცხყოფა სხვა თანამშრომლებმა იუკადრისეს და ჩემი დაცვა სცადეს“. – ამბობს ნაზი ვარშანიძე.
როგორც „ტექსტილის“ იურისტი დავით ჩავლეიშვილი აცხადებს, ინცინდენტის მონაწილე პირები, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენა ხასან იბიშმა, პოლიციაში იმყოფებიან და იძლევიან ჩვენებას. „მე ვერ გეტყვით, რა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხასან იბიში ნაზი ვარშანიძეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება მოშლილია და ის დღეს ჩვენთან აღარ მუშაობს. ამგვარ ფაქტებს ჩვენ ვგმობთ“ – აცხადებს იურისტი.
ფაბრიკა თურქულ კორპორაცია ATK-ის ეკუთვნის, რომლის შვილობილ კომპანიას საქართველოში BTM Textile წარმოადგენს.
ჟურნალისტები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში, დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ. ჟურნალისტები ცესოკოს მიერ 24 სექტემბერს მიღებულ დადგენილებას გააპროტესტებენ. ამ დადგენილებით ჟურნალისტებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მუშაობის შესაძლებლობა.
ცესკოს დადგენილებას გუშინ მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ის ცესკოს მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„ის ვარიანტი, რა ვარიანტიც მიიღეს, არ არის კარგი, მაგრამ ბევრად სჯობს იმას, რაც წარმოადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ვადასტურებ. რომ არ არის იდეალური, ადრე კომისიის თავჯდომარეს უფლება ჰქონდა ჟურნალისტი გაეძევებინა უბნიდან და ახლა ეს უფლება აღარ აქვს.“
„ბათუმელების” შეკითხვაზე – თქვენ, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, როგორ ფიქრობთ, ხელს შეუშლის თუ არა მედიას რეალობის ასახვაში ის გარემოება, რომ ჟურნალისტი ინტერვიუს, რეგულაციის თანახმად, გარეთ ჩაწერის შემთხვევაში, ვეღარ შებრუნდება უბანზე? – ნიაზ ზოსიძე ამბობს: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბევრად ჯობს, წინა რეგულაციების პროექტს, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, ჟურნალისტების შეზღუდვას არ მივესალმები, ეს იყოს თუ გინდა ცესკოში, გინდა მის გარეთ.”
ნიაზ ზოსიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ქდმ -ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. იგი განმარტავს, რომ „ქდმ“-ს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ვარიანტისთვის, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მკაცრ რეგულაციებს დაუწესებდა მედიას.
ნიაზ ზოსიძე აცხადებს, რომ მათი გუშინდელი გადაწყვეტილება პარტიის რეიტინგზე არ იმოქმედებს და არც იმის შესახებ სმენია, რომ ქდმ-ს ხელისუფლების სატელიტად მოიაზრებენ: „ეს არის ხელისუფლების შემოგდებული, რაღაც უნდა დააბრალო შენს მოწინააღმდეგეს და სხვა ვერაფერს აბრალებენ გიორგი თარგამაძეს. ის არც ნარკომანია და არ არც კრიმინალი“ – აცხადებს ნიაზ ზოსიძე.
ქდმ – მცესკოში გუშინ ხმა მისცა ამ დადგენილების სასარგებლოდ, რომელსაც მედია და არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს.
ირაკლი დარცმელიძე
შაბათს საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბათუმის „ბათუმმა“ ანგისის სტადიონზე მცხეთის „არმაზს“ უმასპინძლა და 13:18 დამარცხდა. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში „ბათუმი“ მერვე ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, მათი სვლა ჩემპიონობისკენ მეოთხედფინალში დასრულდა. გორგოძე რუს იულია კალაბინას ვერ გაუმკლავდა, ქვაცაბაია კი უკრაინელ ანა შკუდუნთან დამარცხდა.
რაც შეეხება წყვილთა თანრიგს, ქართველებმა ვერც აქ ივარგეს. ტურნირის გამარჯვებული წყვილთა შორის, რუსთა დუეტი (კალაბინა-პაშკოვა) გახდა, რომელმაც ფინალში ალიონა ფომინასა და ანა შკუდუნის უკრაინულ ტანდემს 7:6; 6:2 მოუგო.
ერთეულთა თანრიგში ერთმანეთს სომხეთის წარმომადგენელი ანი ამირხანიანი და უკრაინელი ანა შკუდუნი დაუპირისპირდნენ. მატჩი და წვიმა თითქმის ერთდროულად დაიწყო, ამიტომ ფინალისტებმა სასტუმრო კომპლექს „მარინას“ დახურულ საჩოგბურთო კორტზე გადაინაცვლეს. სომეხმა სპორტსმენმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ორ სეტში 6:1 / 6:3 დაამარცხა შკუდუნი და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
წყვილთა შორის გამარჯვებულებმა საპრიზო ფონდიდან 955 აშშ დოლარი მიიღეს, ერთეულთა შორის ჩემპიონმა კი ჯიბე 2 352 დოლარით შეივსო.
– ბატონო გია, ოფიციალურად ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან „დინამომ“ მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გუნდის წარუმატებლობის მიზეზი?
– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გავმართეთ საკუთარ მოედანზე და ისიც გამარჯვებით დავასრულეთ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი გუნდისთვის. არის მეორე ფაქტორიც, წელს გადავედით უმაღლეს ლიგაში, ახალგაზრდული გუნდია და ჯერ შესაბამისი შეთამაშება სჭირდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ როდესაც გუნდი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძნელია ამ შემთხვევაში იფიქრო დამატებით, გუნდისთვის საჭირო გამოცდილი ფეხბურთელების შეძენაზე, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება და გაგვაძლიერებს.
– გათამაშების ცხრილში „დინამო“ ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება. ხუთი შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ ორი ფრე ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში მოპოვებულმა პირველმა გამარჯვებამ როგორ იმოქმედა გუნდზე?
– ამ გამარჯვებამ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. თამაში ყველასთან შეიძლება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო“ ყოველთვის ლიდერებში მოიაზრებოდა, ამბიციური გუნდი გახლდათ და ასე ვთქვათ, მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით.
– „კარპატიდან“ გყავთ დამატებული რამდენიმე ფეხბურთელი, მათზე რას გვეტყვით?
– დიახ, მეკარე ივან პიცანი და ფორვარდი ალექსანდრე ტიმჩიშინი. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს გამოადგებიან. პიცანი სტაბილური მეკარეა, ტიმჩიშინს კი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდნენ ჩვენთან, გეტყვით, რომ „კარპატის“ ხელმძღვანელობასთან ახლო, ასე ვთქვათ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და მეგობრული ხელი გამოგვიწოდეს. ისინი „დინამოში“ განათხოვრების წესით არიან ჩამოსულები.
– გუნდის მიზანი წლევანდელ სეზონში რა იქნება?
– უმაღლეს ლიგას წელს დავუბრუნდით და კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად არ მოუთხოვია ჩვენგან საპრიზო ადგილებზე გასვლა ან თუნდაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა. ვეცდებით, უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, თან ამ პერიოდს გუნდის შეთამაშებისთვის გამოვიყენებთ. მომავალი წლიდან კი აუცილებლად გავძლიერდებით და უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
მორიგი მარცხი განიცადა ბათუმის “დინამომ”. ქუთაისი “ტორპედოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ბათუმელებმა ხუთი გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთის გატანა შეძლეს, მე-17 წუთზე თავი ჯორბენაძემ გამოიჩინა. “დინამო” ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.
ქეთი ლაბაძე
ბათუმელმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია – „არა ძალადობას”, „არ აწამო” – ბარბარეს ეკლესიასთან წირვა-ლოცვით დაასრულეს.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციებს წყვეტენ , რადგან არ სურთ პროვოკაციას აყვნენ და მათთვის მთავარია პირველ ოქტომბრამდე სიმშვიდის შენარჩუნება.
ანრი ბეჟანიძე, სტუდენტი: “საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით აქციები უნდა შეწყდეს, რადგან მოახლოებულ არჩევნებს ხელი არ შევუშალოთ, ძალიან დიდი პროვოკაციები იგეგმება, ამიტომ ვწყვეტთ აქციებს არჩევნებამდე, მაგრამ თუ ისეთი რამ მოხდება, რომ აუცილებელი იქნება ჩვენი გამოსვლა, აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, იმედია ეს არ დაგვჭირდება.“
ნათია ზოიძე
აჭარაში „ლეიბორისტური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსლან მალაყმაძემ კანდიდატურა მოხსნა. საპარლამენტო არჩევნებზე იგი ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს.
რუსლან მალაყმაძემ კანდიდატურა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის, როსტომ ბოლქვაძის სასარგებლოდ მოხსნა. კითხვაზე, რატომ დატოვა „ლეიბორისტური პარტია“, იგი ამბობს, რომ „იქ საინტერესო არაფერი ხდებოდა“. იცის თუ არა ლეიბორისტული პარტიის აჭარის კოორდინატორმა დავით რობაქიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ? ამ კითხვას რუსლან მალაყმაძე ასე პასუხობს: „თქვენ ხომ იტყვით და გაიგებს“.
დაახლოებით ერთი კვირის წინ „ლეიბორისტური პარტიის“ რიგები კიდევ ორმა წევრმა დატოვა. ლეიბორისტური პარტიიდან მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა, ბიძინა დუმბაძემ და თამაზ დევიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების, მურმან დუმბაძის და თემურ კახიძის სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურა.
ბიძინა დუმბაძე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს, თამაზ დევაძე კი ბათუმში.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, მურმან დუმბაძის საარჩევნო ბანერი ჩამოხსნა, რასაც „ქართული ოცნების“ პროტესტი მოჰყვა.
ბანერის ჩამოხსნა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკრებულოს გადაწყვეტილებით ახსნა, რომლის თანახმადაც შენობებზე სარეკლამო ბანერების გაკვრა არ შეიძლება და „ქართული ოცნება” 50 ლარით დააჯარიმა.
„ქართული ოცნება” ამ მოტივს არ ეთანხმება, ამბობენ რომ ეს კერძო სახლია და ადმინისტრაციული კოდექსით კერძო საკუთრებაზე დასაშვებია ნებისმიერი რეკლამის განთავსება, მათ შორის, პოლიტკური რეკლამის.
„ქართული ოცნება” ზედამხეველობის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
„2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც ხელვაჩაურში დაიწყო მუშაობა საკუთრების აღიარების კომისიამ, მივმართეთ კომისიას, წარვადგინეთ საჭირო დოკუმენტები და ნაკვეთები გაგვიფორმეს. არჩევნების ჩატარებიდან სამი თვის შემდეგ კი გვითხრეს – თქვენი დოკუმენტი ყალბიაო. ანუ გამოვიდა, რომ თავად კომისიამ მოგვცა ყალბი დოკუმენტი“, – ამბობს „ბათუმლებთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სოფელ მირვეთის მკვიდრის, ზურაბ ჭელიძის თქმით კი, მას საჯარო რეესტრში მისცეს ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ნაკვეთის ერთი ნაწილი, რომელსაც ის წლებია ამუშავებს, აჭარის მთავრობამ თურქულ კომპანიას გადაუფორმა. ზურაბ ჭელიძე ამ მიწის ნაკვეთის დაკანონებას გასულ წელსაც ცდილობდა, რისთვისაც მან ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიას საჭირო დოკუმენტებით მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო, მაგრამ 218 ლარის გადახდა, რომელიც მას საკუთრების აღიარების საფასურად დაუანგარიშეს ვერ შეძლო“. „ამის შემდეგ დოკუმენტები შევინახე და ნაკვეთის დარეგისტრირება დროებით გადავდე. ახლა კი გავიგე, რომ მიწა მთავრობამ გამიყიდა“.
სამინისტროსთან შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სულხან ჯორთმენაძის ნაცვლად, მათთან შესახვედრად სამინისტროს ქონების მართვისა და ლიცენზირების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე გამოვიდა. მან გლეხებს განუცხადა, რომ სამინისტროს მათი ნაკვეთები არ გაუყიდია. ჭურკვეიძეს მოქალაქეებმა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარუდგინეს, რაზეც სამინისტროს წარმომადგენელმა მათ უპასუხა, რომ დოკუმენტში ტექნიკური ხარვეზი იყო დაშვებული.
იქვე, მედიასთან საუბარში ჭურკვეიძემ საპირისპირო რამ დაადასტურა, მან თქვა, რომ მოსახლეობის ნაკვეთები გასხვისებულია. ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ უკვე გასხვისებული ნაკვეთების მფლობელებს, ინვესტორმა კომპენსაცია მისცეს.
„აჭარ ენერჯი 2007“-ის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, რომელიც მან „ბათუმელებს“ გასულ კვირას მიაწოდა, „ინვესტორი იმ ნაკვეთებში, რაც უკვე კეთილსინდისიერად შეიძინა სახელმწიფოსგან, დამატებით თანხის დახარჯვას არ აპირებს“.
„ბათუმელების“ კითხვას, უკვე გაცემული საკუთრების დოკუმენტის გაუქმება იმ არგუმენტით, რომ ის ყალბია, ნიშნავს თუ არა იმას, რომ „მიწის კომისიამ“ უკანონო დოკუმენტები გასცა? – ზურაბ ჭურკვეიძემ უპასუხა, რომ საქმეს ასე დეტალურად არ იცნობს. – „ვაპირებ დავინტერესდე, შევისწავლი ამ საქმეს, რომ დავეხმარო ამ ადამიანებს“.

14:51 მამა თეიმურაზი: „კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ახალგაზრდები იცავენ ქვეყანას, ეს ასე იყო და ასე ხდება. ჩვენ თქვენთან ვართ, არაფრის შეგეშინდეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამთ, თუ პრობლემას არ გაექცევით და საღ აზრს გამოთქვამთ, ბოროტებს დაამარცხებთ. თქვენ ხართ ხვალინდელი დღე და თქვენ უნდა გააპროტესტოთ ის, რაც არ მოგწონთ. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგიცვათ პროვოკაციისგან”.
14:46 სტუდენტები გუშინწინ დაკავებული დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
14:14 აქციას შეურთდნენ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებიც ტრანსპარანტებით: „ნუ მაწამებ”, „არა ძალადობას”.
14:11 “ბაჩო ახალაიას და მისი ჯალათების ადგლი არის ციხეში” – ბათუმელი სტუდენტებმა ერთწუთიანი „ანტიდუმილის“ აქცია გამოაცხადეს. ისმის გაბმული სტვენა.
13:53 „თვალში ნაცარს ნუ გვაყრიან, ჩვენ ვგმობთ იმ ტყუილებს, რაც ვრცელდება ტელევიზიით, ესაა დაცინვა, თითო ოროლა ადამიანის დასჯით ვერ გაააჩერებენ ძალადობას, ჩვენ ვგმობთ ძალადობას” – ამბობენ სტუდენტები. ამ წუთებში აქციას აჭარაში მცხოვრები მწერლები შეურთდნენ. აქციამ 6 მაისის პარკში გადაინაცვლა.
13:49 „წადი შაშკინ” – სკანდირებენ სტუდენტები ბათუმის უნივერსიტეტის წინ.
13: 45 აქციას უერთდებიან სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის ლექტორები. აქციასთან ახლოს, უნივერსიტეტის წინ ნაციონალური მოძრაობის დროშებით მორთული მანქანები სიგნალებით და სტვენით დადიან. აქციის ორგანიზატორები აფრთხილებენ სტუდენტებს არ წამოეგონ პროვოკაციაზე.
13: 38 „გადადგეს დიმიტრი შაშკინი, რომელმაც ციხედ აქცია სკოლა და განათლების სისტემა” – ბათუმის უნივერსიტეტთან აქციაზე სტუდენტები დიმიტრი შაშკინის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
13:32 სტუდენტები ხაზგასმით მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სტუდენტური აქციების მათ სასიკეთოდ გამოყენებისთვის.
13:28 სტუდენტების აქციას უნივერსიტეტთან რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა. ისინი ამბობენ, რომ მოვიდნენ სტუდენტების დასაცავად.
13:21 სტუდენტური აქციის პარალელურად საზემო მსვლელობისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, რომელიც პარტიის შტაბის წინ შეკრიბა, დროშებით. „ნაციონალების’ საზეიმო მსვლელობა მანქანების გაბმული სიგნალებით ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს.
13:17 „ბათუმელების” კორესპოდენტი გვატყობინებს, რომ ბათუმს უნივერსიტეტთან ყოველ ხუთ წუთში ჩნდება პატრულს მანქანები.
დღის პირველი საათიდან მიმდინარეობს სტუდენტების აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან. „ნუ დაგვცინით”, „არ გვეზემება”, „გისოსებს მიღმაც საქართველოა”, „საქართველოს აუპატიურებენ SOS”, „სირცხვილი ტაშის დამკვრელებს” – ამ ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრებს.

მთავარი თემა: წამება – საქმე, რომელიც ჰააგამდე შეიძლება მივიდეს
ზურაბ მახაშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის იურისტი: „თუ წამება დაკავშირებულია მსხვერპლის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, მაშინ საქმე იშლება _ ჩვენება მთლიანად ძალადაკარგულია… სასამართლო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ აღიარებით ჩვენებაზე იყო დაყრდნობილი, შეიძლება მალე კრახის წინაშე დადგეს. თუ დამტკიცდა, რომ წამებას ჰქონდა ჩვენების გამოძალვის ხასიათი, ეს ხდებოდა ადამიანებისგან ფულის გამოძალვის, საპროცესო შეთანხმების, მათი აგენტებად ქცევისთვის, ან უბრალოდ მათი თავიდან მოშორების მიზნით, ეს იქნება ერთ-ერთი კომპონენტი საერთაშორისო ტრიბუნალის დანიშვნისა.“
თემა: სტუდენტების პროტესტი – სისტემა უნდა დაინგრეს
დათო ტურაშვილი: „ყოველთვის მეგონა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. იმიტომ, რომ შესაძლოა ყველა დროში მოძებნონ ისეთ სტუდენტები, ვინც ნებისმიერი ხელისუფლების მომხრე იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის აღმოჩნდებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც უსამართლობას ვერ შეეგუებიან და ასეც მოხდა.”
საზოგადოება: „როცა სახელმწიფო კლავს და შენ მას ამართლებ, მკვლელობის მონაწილე ხარ”
ლელა გაფრინდაშვილი: „საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას 97 პროცენტით ერთი პარტიის შესვლა პარლამენტში. ასეთი ეგზალტაცია იყო 2003 წელსაც და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შედეგი. პარლამენტის მრავალფეროვნება ამცირებს ამ ტიპის ავტორიტარიზმს.“
პოლიტიკა: ლევან ვარშალომიძე: „ნამდვილად ცუდი ფაქტი მოხდა“ – „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პატიმართა წამების შესახებ
რას ყიდიან პოლიტიკოსები – ნიკო თევდორაშვილი: „თუ მომხმარებელი ბაზარში ყიდულობს უვარგის კვერცხს, ეს მყიდველის პრობლემაა“
საზოგადოება: გაითიშება თუ არა ტელევიზიები არჩევნების შემდეგ – „ჯერ მეცხრე არხს და მაესტროს ვუყურებ და შემდეგ ვამოწმებ ინფორმაციას იმედსა და რუსთავი 2-ზე, ყველა არხს უნდა ვუყუროთ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ“, – ამბობს ბათუმელი ჯეინ-მარი ბოლქვაძე.
„საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობების დატოვება არ მიიღებს მასობრივ ხასიათს,“ – დარწმუნებულია „ნაცმოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე.
გია ბარამიძის აზრით, ვინც თანამდებობა დატოვა: „ისინი არამარტო სუსტი ნებისყოფის, არამედ სუსტი მორალის მქონე ადამიანები არიან, თუ დატოვებენ დატოვონ მათი საქმეა. როგორც ჩანს მათ საქმე არასდროს უკეთებიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ შეცდომა ყველას მოსდის. ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა თავდაყირა და ხალხმა ეს უნდა გაიგოს, სახლს ვერ დაალაგებ ერთი დღის განმავლობაში და ჩვენ შევძელით და დავალაგეთ ქუჩები რომ გარეთ გასვლა ყოფილიყო უსაფრთხო. ახლა დავიწყებთ ციხის დალაგებასაც, ძალიან მნიშვნელოვანია ადექვატურად აღიქვათ ეს, განსაკუთრებით მათ გასაგებად ვამბობ, ვინც ოპოზიციური მედიასაშუალება ხართ აქ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში საჯარო სამსახური აჭარაში სამმა პირმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ შოთა დოლიძემ, აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელმა გიორგი სირაბიძემ და აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ მინდია ნაკაშიძემ. ნაკაშიძემ და დოლიძემ ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„დღეს (21 სექტემბერს) დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე. რაც მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება, რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები!“ – ნათქვამის შოთა დოლიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში“.
გიორგი ბარამიძემ დღეს ასევე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ჩვენ ქვეყანაში არ დაუშვებთ ქაოსს, გვითხრან სად მოხდა ასეთი ფაქტები და რომელ ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენზე მკაცრი რეაქცია. გინდა აბუგრეიბი აიღეთ, გინდა სხვა რომელიმე“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ არჩევნებზე ჯორჯ ბუშმა და „რესპუბლიკელებმა“ ხომ დათმეს ხელისუფლება? – ბარამიძემ უპასუხა: „გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ამის გამო არ ყოფილა, იქ სხვა მიზეზები იყო. იქ არავინ არ ლაპარაკობდა, რომ ამის გამო აქვთ თუ არა უფლება დარჩნენ ხელისუფლებაშიო“.
ორი დღეა ბათუმის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ავტომანქანების გაბმული სიგნალით დადიან.
რა არის ამ მსვლელობის მიზანი, “ბათუმელები” ამის გასარკვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის თავმჯდომარეს გელა დეკანაძეს დაუკავშირდა.
“თქვენ თუ ვერ ხვდებით რასთან დაკავშირებით არის, მაშინ გიორგი კირთაძეს დაუკავშირდით,” – განაცხადა დეკანაძემ.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა აჭარაში გიორგი კირთაძემ “ბათუმელების” ზარებს არ უპასუხა.
ბათუმის დრამატულ თეატრის დასმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპექტაკლის გამართვაზე. სპექტაკლი – „ბოლო გაჩერება“ დღეს რვა საათზე უნდა დაწყებულიყო. თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში ამბობს, რომ ის თავის დასთან ერთად არის და ამ პროტესტს უერთდება:
„დღეს დასმა გადაწყვიტა, რომ არ ითამაშოს სპექტაკლი და შეუერთოს თავისი ხმა იმ ვანდალიზმისა და არაადამინობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაშია.
მომხდარის მიმართ დასს აქვს სამოქალაქო ვალდებულება – ის ამით გამოხატავს თავის სოლიდარობას იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სასტიკად აწამეს.
რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკური განცახადება და არ მინდა ეს პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანოთ. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ან ამისტები ვართ ან იმისტები. ჩვენ ვაპროტესტებთ ფაქტს და ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“.
ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის გასაშუქებლად მისულ „გაზეთ ბათუმელების” სტაჟიორს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმიანობათა ინსტიტუტის სტუდენტს, გოგებაშვილის ქუჩაზე უცნობმა სამოქალაქო პირმა ჯერ ფოტოს გადაღება აუკრძალა, მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა სთხოვა აეხსნა, რატომ არ შეიძლებოდა გადაღება, ფოტოაპარატის წართმევა სცადა.
სამოქალაქო პირს არ წარუდგენია ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. რეპორტიორი ამბობს, რომ იძულებული გახდა კამერა გამოერთო, რადგან უცნობი პირი ხელზე წვდა და ეცადა ძალით გამოეგლიჯა კამერა. აპარატის გამორთვის შემდეგ მან ჟურნალისტს კადრების წაშლა მოსთხოვა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა საჯარო ადგილას ფოტოს გადაღება, უცნობმა პირმა მოკლედ უპასუხა: „იმიტომ, რომ ასე მინდა”.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დღეს საქართველოს პრეზდენტმა გახსნა. გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩები რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა საპატრულო პოლიციას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაზეთ „ბათუმელების” ჟურნალისტებს, საჯარო ადგილას, პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს, უცნობი პირები ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. გაზეთ „ბათუმელების” რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობისას პრეზიდენტის ფოტოები წაუშალეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რეპორტიორს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიიდან დაუკავშირდნენ და ფაქტის დადასტურება სთხოვეს. კომისიის წამომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა უარყო, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი.
ამ წუთებში, ბათუმში, ჯერ კიდევ მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი ჯგუფი ელოდება პრეზიდენტს, რომელმაც დღეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა უნდა გახსნას.
სტუდენტების ერთი ნაწილი, მათ შორის ბათუმის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტები პრეზიდენტს ელოდებიან, შენობის გარეთ კი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფი მდუმარე აქციას მართავს ხელში ტრანსფარანტებით: „არა სიყალბეს”, „არა ძალადობას”, „არ აწამო”.
ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, გუშინ, 21 სექტემბერს, საღამოს, ქართველი რეჟისორის, რუსუდან ჭყონიას ფილმის, „Keep smiling“ – პრემიერა შედგა.
ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა მაყურებლების წინაშე აღნიშნა, რომ პრემიერის წინ იხდიან მადლობას, თუმცა მას არა აქვს უფლება მადლობა გადაიხადოს, იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება.
“დღეს რაც საქართველოში მოხდა ჩვენ ყველას გვეხება. ჩვენ, მე ესე ვთვლი როგორც საზოგადოება ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვატარებთ ამასთან დაკავშირებით და თუ ვინმე ამ დარბაზში იზიარებს ამ აზრს, მე გთხოვთ რომ პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად ერთი წამით ადგეთ ფეხზე”.
რუსუდან ჭყონიას განცხადებას კინოდარბაზში ოვაციები მოჰყვა. მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს კინორეჟისორს.
აჭარის ტელევიზიის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მინდია ნაკაშიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან შეტყობინება „ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „დღეს დავწერე განცხადება დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე.
რაც მოხდა საჯელაღსრულებით დაწესებულებაში, შესაძლებელია მოხდეს სხვა, განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაშიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება რეალურად დასაჯოს დამნაშავე პირები, რაც უწესობაა, მე კი ყოველთვის წესიერი საჯარო მოხელე ვიყავი და ვიქნები.“
აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა ცეცხლაძე „ბათუმელებთან” აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მინდია ნაკაშიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ მან ფეისბუქიდან გაიგო და პირადად მისთვის ნაკაშიძეს არაფერი უთქვამს.
„ბათუმელებმა” მინდია ნაკაშიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისათვის გამორთულია.
მინდია ნაკაშიძე პროფესიით იურისტია. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე იგი გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე მინდია ნაკაშიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი იყო.
გიორგი ბარამიძემ ციხეში პატიმართა წამება დაგმო და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მან აღნიშნა, რომ შეუცდომელი არავინ არის და ზუსტად ამ თემაზე ისაუბრა დღეს მეუფე დემეტრესთან.
„უნდა დაისაჯოს ყველა, დაპატიმრებულია 11 ადამიანი, ასევე ერთი პიროვნება იძებნება. უნდა დაისაჯოს ის, ვინც გვერდზე გაიარა და თვალი დახუჭა, ვინც გვერდზე გაიარა და არაფერი არ თქვა, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა და არ განაცხადა და ამით მისცა საშუალება ბარბაროსებს გაეგრძელებინათ სისასტიკე. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, წარსულში კარგად იქცეოდა თუ არა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მე პირადად გამოვუცხადე ქურდებს ბრძოლა და ქურდულ მენტალინტს და დავამარცხეთ, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საქციელს.“
გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც მომხდარა: „მაგალითად აბუ გრეიბის ციხის ამბავი არ გაგიათ? იქ არათუ დაუკავებიათ, არც კი მოუხსნიათ მინისტრი! ვინ გააკეთა ჩვენზე მეტი?!”
რეპლიკა დარბაზიდან: „მონაწილეობდა იქ მინისტრი პატიმართა წამებაში?“
რეპლიკის ავტორს გია ბარამიძემ უპასუხა, რომ თუ აქვს ბაჩო ახალაის მიმართ რაიმე მტკიცებულება, სასწრაფოდ წავიდეს პროკურატურაში, რადგან დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია.
შეხვედრაზე გიორგი ბარამიძეს სტუდენტების შეფასების მოსმენა მოუხდა.
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტმა, აკაკი გვიანიძემ გიორგი ბარამიძეს უთხრა, რომ მის გამოსვლაში პროპაგანდასა და დემაგოგიას ხედავს:
„თქვენ დღეს ბიბლიდან მოიყვანეთ ფრაზა – „უცოდველი არავინ არის“. ბიბლიაში საუბარია ასევე სოდომის და გომორის ცოდვაზეც, რაზედაც ღმერთი არ არის შემწყნარებელი. თქვენ საუბრობთ პასუხისმგებლობის აღებაზე, გეყოთ ვაჟკაცობა და მოხსენით საკუთარი თავი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობიდან, მაინც გახდებით პარლამენტარი, სიაში მესამე ხართ. დაგვიმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ პასუხისმგებლობის აღება, დავიღალე დღეს თქვენი ერთსაათიანი რიტორიკით. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ვერ იპოვის თქვენზე უკეთეს ხელისუფლებას საქართველოში. მე, როგორც რიგითი სტუდენტი, თქვენს დემაგოგიას 1 ოქტომბერს დავუსვამ წერტილს.“
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წამომადგენელი, თომა ხალვაში ორჯერ შეეცადა სტუდენტებისთვის აზრის გამოთქმაში შეეშალა ხელი, მოტივით – „აქ პოლიტიკური დებატების დრო არ არის.”
გიორგი ბარამიძემ ორსაათიან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს და რუსეთის ერთობლივ ინტერესებზე, მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ტვ 25-ის კრიტიკას, რომელმაც, მისი თქმით „გუშინ ბასკოში მისი შეხვედრის ვიდეო ისე დაჭრა, რომ დედაზე ლექსი დედაზე გინებად გადაქცია“, შეეხო ოპონენტების თემას და მათ მიმართ ერთ კონტექსტში გამოიყენა ფრაზა – „წარმოგიდგენია ესენი რომ ხელისუფლებაში მოუშვა“.
გიორგი ბარამიძესთან შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა, ორი სტუდენტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლის გარდა „ბათუმელებთან“ საუბარი შეხვედრის შესახებ არც ერთმა სტუდენტმა არ ისურვა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი ბარამიძე ტაშით დააჯილდოვეს.
ქეთი ლაბაძის ფოტორეპორტაჟი
პატიმრების წამებას დღეს ბათუმში ისევ აპროტესტებენ. საპროტესტო აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეურთდენენ ტრასფარანტებით: „ვგმობთ ძალადობას”, „გამოცოცხლდი”!
batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე გააშუქებს საპროტესტო აქციას ბათუმში
მეოთხედფინალურ ეტაპზე ეკატერინე გორგოძე რუს იულია კალაბინასთან 6:7 (3:7), 2:6 დამარცხდა, სოფო ქვაცაბაიამ კი უკრაინელ ანა შკუდუნთან – 5:7, 5:7 წააგო. წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძე-ქვაცაბაიას წყვილმა რუსულ დუეტთან (კალაბინა-პაშკოვა) 5:7, 6:4, 9:11 წააგო.
შს სამინისტროს ვებ გვერდის ცნობით შს მინისტრი ბაჩო ახალაია გადადგა.
შს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით“.
ივეტა ამაღლობელის ფოტორეპორტაჟი







„აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური სპეკულაცია, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ, რაც იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნათქვამი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში”, – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ეს სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია აშშ-სა და ევროპაში ძალიან დადებითად ხასიათდება და მას რეფორმატორად მოიხსენიებენ. წიკლაური ასევე აცხადებს, რომ ყოველივე იმასთან, რაც დღეს ხდება, ბაჩო ახალაიას არავითარი კავშირი არ აქვს.
დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ბაჩო ახალაიას პერსონასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია „მიშას ბიჭია“ და არა „ვანოს ბიჭი“ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შს სამინისტროს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“, ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.
ერთ-ერთი წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის წუხილია გამოთქმული ბაჩო ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე.
2011 წელს „ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა აშშ-ის თბილისის საელჩოდან სახელმწიფო დეპარტამენტში 2009 წლის სექტემბრის მიწურულს გაგზავნილი კონფიდენციალური წერილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს ვიზიტის დეტალები.
წერილში წერია, რომ თინა ქეიდენაუმ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას წუხილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის თაობაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ სააკაშვილმა უთხრა ქეიდენაუს, რომ ახალაიასთვის მიეცა შანსი, რათა მას დაემტკიცებინა რეფორმისადმი ერთგულება.
„ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მის ცუდ წარსულზე. სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უპასუხა ქეიდენაუს, რომ მისთვის გაუგებარია ახალიას მინისტრად დანიშვნაზე საერთაშორისო კრიტიკა.
სააკაშვილის თქმით, სასჯელარსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობისას ახალაია საქართველოში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო პასუხისმგებელი და საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,” – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.
ბაჩო ახალაიას შესახებ
ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩო ახალაია, საზოგადოებრივ ასპარეზზე 2003-04 წლებში „თავისუფლების ინსტიტუტის” კოორდინატორის რანგში გამოჩნდა, 2004-05 წლებში კი მუშაობა გააგრძელა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე.
2005 -2008 წლებში ახალაია სასჯელაღსურულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება უფლებადამცველების ყველაზე კრიტიკა, ციხეებში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან და ციხეში მომხდარ ბუნტთან დაკავშირებით, რა დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა.
2008-2009 წლებში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ამავე სამინისტროში კი მინისტრის თანამდებობა 2009 წლიდან 2012 წლის 4 ივლისამდე ეკავა.