ხულოს 12 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მხოლოდ 20-სმ აღწევს, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა რამდენიმე სოფელში მაინც დგას.

„15 წუთის წინ შემატყობინეს, რომ  ელექტროენერგია კიდევ ორ სოფელში – დიოკნისსა და რიყეთშიც გაითიშა. ამ დროისთვის სადღაც 12 სოფელს აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა როგორც მეუბნებიან, ტექნიკური სამუშაოები  დაწყებულია და ალბათ რამდენიმე საათში აღდგება დენის მიწოდება,“- განაცხადა ხულოს გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით,  ცენტრალური მაგისტრალი თოვლისგან გაწმენდილია, წმენდენ სოფლებში მისასვლელ გზებსაც.

გამგებლის თქმით, მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება შესაძლებელია გოდერძის უღელტეხილის მიმართულებითაც.

სტუდენტთა შეფასებით სისტემაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკის  მიმდინარე წლის 29 იანვრის ბრძანების საფუძველზე, სტუდენტთა შეფასებაში ცვლილებები შევიდა.

მუხლი 2. კრედიტების განაწილება

  1. კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ საკონტაქტო საათების მიხედვით.
  2. სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი.
  3. ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიული საათის განმავლობაში და მოიცავს, როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ საათებს.
  4. კრედიტის გაანგარიშებისას არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი გამოცდისთვის (მომზადება, ჩაბარება, შეფასება) განსაზღვრული დრო, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონსულტაციო დრო.
  5. ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იგივე შინაარსის, მოცულობისა და https://www.matsne.gov.ge 43003000022022017080 სწავლის შედეგის მქონე სასწავლო კომპონენტი ყველა პროგრამის სტუდენტისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.“;

მუხლი 21 . სასწავლო კვირა/სემესტრი/წელი…

  1. სასწავლო კვირა არის დროის პერიოდი, რომელზეც ნაწილდება სტუდენტის სასწავლო დატვირთვა კვირაში. სასწავლო კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 45 ასტრონომიულ საათს.
  2. სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს.
  3. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს.
  4. ერთი აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 60 (ECTS) კრედიტს.
  5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.“.

მუხლი 3სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმი

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განახორციელოს სწავლება-სწავლის პროცესი არასრული დატვირთვით.
  2. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმი ნიშნავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური მოცულობით არაუმეტეს 25 ასტრონომიული საათისა.
  3. სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის განსაზღვრისას ერთი აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 30 (ECTS) კრედიტს.“.

 „მუხლი 4. სტუდენტის შეფასება.

  1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის თითოეულ კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.
  2. შეფასების თითოეულ ფორმასა და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს ხვედრითი წილი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში) საბოლოო შეფასებაში.
  3. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
  4. შეფასების თითოეული ფორმა მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც მოიცავს შეფასების მეთოდს/მეთოდებს, ხოლო შეფასების მეთოდი/მეთოდები იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
  5. შეფასების კომპონენტი, მეთოდი და კრიტერიუმი ადეკვატური უნდა იყოს საგანმანათლებლო https://www.matsne.gov.ge 43003000022022017080 პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული და მისაღწევი სწავლის შედეგების შეფასებისთვის.
  6. შეფასების თითოეულ ფორმაში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 50%-ს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეფასების კომპონენტშიც განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  7. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.
  8. დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი ან სხვა სამეცნიერო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას.

    დისერტაცია, სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი.  შეფასების       სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:

(A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

 ორი სახის უარყოფით შეფასებას:

(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 10. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღეში.

აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება დისერტაციის, სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის, შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის მიმართ.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიეროკვლევითი კომპონენტი/კომპონენტების შეფასების სისტემა:

ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;

ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;

კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;

საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;

არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;

სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო მე-17 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.

მსგავი რეგულაციები ვრცელდება სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაშიც.

დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

დაბა ქედა იმ 28 დასახლების სიაშია, სადაც  2016 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

შესაბამისი ნუსხა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობის ნოტარიუსთა დანიშვნა შესაბამის დასახლებებში. სულ დასანიშნია 30 ნოტარიუსი, აქედან ერთი დაბა ქედაში.

დასახლება და 2016 წელს დასანიშნ ნოტარიუსთა რაოდენობა

მაღალმთიანი დასახლებები

დაბა მესტია 1
დაბა ლენტეხი 1
ქალაქი ცაგერი 1
ქალაქი ამბროლაური 1
ქალაქი ონი 1
დაბა ქედა 1
დაბა ასპინძა 1
ქალაქი ნინოწმინდა 1
დაბა თიანეთი 1
ქალაქი წალკა 2

სხვა დასახლებები

ქალაქი მარტვილი 1
ქალაქი ლანჩხუთი 1
ქალაქი ვანი 1
ქალაქი წყალტუბო 1
ქალაქი ჭიათურა 1
დაბა ადიგენი 1
ქალაქი ბორჯომი 1
ქალაქი ქარელი 1
ქალაქი კასპი 1
ქალაქი დუშეთი 2
ქალაქი თეთრიწყარო 1
სოფ. სართიჭალა 1
ქალაქი ახმეტა 1
ქალაქი საგარეჯო 1
ქალაქი ყვარელი 1
სოფ. კაჭრეთი 1
ქალაქი სიღნაღი 1
ქალაქი დედოფლისწყარო 1
ფონიჭალა 1

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძე დაასახელა

დღეს, 29 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა. დავით კვაჭაძეს „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ.

დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.

1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა.
უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.

H1N1-ის 16 შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 29 იანვრის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს დღეს 363-მა პაციენტმა მიმართა.

გრიპი და გრიპისმაგვარი სხვა მწვავე ვირუსული ინფექციებით სტაციონარში მოთავსებულია 90 პაციენტი. აქედან 18 პაციენტი სტაციონარში დღეს განთავსდა. რეანიმაციაში კი ხუთი პაციენტი იმყოფება.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სულ 57 ნიმუში,  16 შემთხვევაში დადასტურდა A H1, დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში (1 რენიამციაში), 1 გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა. დადასტურებული შემთხვევებიდან  ორი პაციენტი  რჩება სტაციონარში ( ერთი რეანიმაციაში), ერთი კი გუშინ გარდაიცვალა.  13 – პაციენტი უკვე სახლში გაეწერა.

ძველ ბათუმში სახლის აივნის სახურავი ჩამოინგრა

რამდენიმე წუთის წინ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ახმედ მელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აივნის სახურავი ჩამოინგრა.

სახურავის ჩამონგრევა თოვლის სიმძიმემ გამოიწვია. სახლი მოქალაქე გულნარა დავითაძეს ეკუთვნის. მან უკვე მიმართა მერიის ადმინისტრაციულ ორგანოს დასახმარებლად. მისი თქმით, რადგან სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, ის აივნის სახურავის აღდგენას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.

გულნარა დავითაძის თქმით, სახლის მცხოვრებლებს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.

ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში თოვდა. თოვლის საფარი ბოლო რამდენიმე დღეს 60 სმ-ს აღწევდა.

ქედის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა [ფოტო]

29 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო 4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. არ ფუნქციონირებს ცხრა საბავშვო ბაღი.

ამ დროისთვის დაბაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს. რაც შეეხება სატრანსპორტო მიმოსვლას, თემების ადმინისტრაციულ ცენტრებამდე გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ხოლო შიდა სასოფლო გზებზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა მხოლოდ მახუნცეთის თემის სოფლებს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

ბზუბზუ

სოფელი ბზუბზუ

ბზუბზუ

ბზუბზუ

ბზუბზუ
სოფელი ბზუბზუ

ბზუბზუ

ქედა
დაბა ქედა

ქედა

ქედა
დაბა ქედა
მახუნცეთის სკოლა
სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა

ბაღი

ბზუბზუ

ბზუბზუ
2016 წლის 29 იანვარი / ეკა ბარამიძის ფოტოები

 

50 ათასი ლარი ეკონომია ტენდერებიდან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში, ტენდერებიდან ეკონომიამ 50 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 იანვრის სხდომაზე, ცვლილება შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების შიდა პროექტის მომზადებას მოხმარდება.

ბიუჯეტში შეტანილ პირველ ცვლილებას მხარი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვაჟა ბოლქვაძემ არ დაუჭირა.

ქედის ბიუჯეტს ასევე დაემატა 125 ათასი ლარი. ეს თანხა ქედის თვითმმართველმა ორგანომ გასული წლის დეკემბერში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო.

საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ცხრა საკითხი განიხილეს, საიდანაც ერთ-ერთს – საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებას – ოპოზიციასთან ერთად მმართველი კოალიციის წევრებმაც არ დაუჭირეს მხარი. მათი განმარტებით, საპრივატიზაციო ნუსხაში შესატანი 14 ობიექტიდან 8 ობიექტზე აუდიტის დასკვნაში ტექნიკური შეცდომა იყო.

2016 წლის 29 იანვარს საკრებულოს სხდომას ქედაში 24 დეპუტატიდან შვიდი არ ესწრებოდა. ქედის 2016 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 195 ათას 691 ლარია.

ქედის საკრებულო
ქედის საკრებულოს სხდომა /29.01.2016/

 

დასუფთავების მოსაკრებელი სოციალურად დაუცველთათვის შემცირდა

29 იანვარს ბათუმის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დუფთავებისთვის მოსაკრებლის შესახებ პროექტი დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი  იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასი, ან 70 ათასზე დაბალია, ნაცვლად თვეში 1.3 ლარისა,  1  ლარით განისაზღვრა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის განმარტებით, ეს თანხაც კვლავ ბიუჯეტის სცოციალური პროგრამებიდან დაფინანსდება. ცვლილების მიზეზი კი კანონში გათვალისწინებული მოთხოვნა გახდა, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ტარიფი უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე იმ ოჯახებისა, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასზე მეტია.

ბათუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის გამოფენა გაიმართება

 

3-6 თებერვალს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

ჩელიქი 1940 წელს ართვინის რეგიონის შავშეთის რაიონის სოფელ აქდამლაში დაიბადა. მის ნამუშევრებში ნაჩვენებია თურქეთის ისტორია და ლანდშაფტები.

1990 წელს ქემალ ჩელიქმა ანკარის ციხე-სიმაგრეში გახსნა სახელოსნო, შეარჩია სტუდენტები და ამზადებდა მათ სახვითი ხელოვნების გამოცდებისთვის და სწავლის დასრულებამდე ეხმარებოდა. მხატვარს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ აქვს შვიდი ათასზე მეტი ნამუშევარი.

პირველი პერსონალური გამოფენა ართვინელმა მხატვარმა 1977 წელს გახსნა. ბათუმში გამართული გამოფენა კი მისი პირველი საერთაშორისო გამოფენა იქნება.

გამოფენა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ართვინის გუბერნატორის აპარატისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2 თებერვალს გაიხსნება.

ბათუმი-ართვინი ხელოვნების მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში ართვინში, ერთ-ერთი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენით გაგრძელდება.

 

ბათუმში კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ქუჩა იქნება

ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა ქუჩად გარდაიქმნება და მას ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის სახელი დაერქმევა. პროექტი ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

თენგიზ აბულაძე 1924 წელს ქუთაისში დაიბადა.  მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ფილმებია: “ნატვრის ხე”, “ვედრება” და “მონანიება”. კინორეჟისორი 1994 წელს გარდაიცვალა.თენგიზ აბულაძე

დიდთოვლობის გამო დაზიანებული სახლის სახურავების შესახებ მერიაში 46 განცხადება შევიდა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გახდა, რაც ფრაქციების თავმჯდომარეებმა ათ-ათწუთიანი შესვენებებით გააპროტესტეს.

როგორც სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერიაში შესული განცხადებების რაოდენობის მიხედვით, ბათუმში დიდთოვლობის შედეგად 46 მისამართზეა სახლის სახურავი დაზიანებული. თოვლის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსპორტის შესახებ კი მერიაში სულ 7 განცხადებაა შესული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ზარალის ანაზღაურებაზე სპეციალურმა კომისიამ უნდა იმსჯელოს – „თუ მერიამ ვერ გაითვალისწინა რაღაცა და ამის გამო დაზიანდა ვინმე, ამ შემთხვევაში საკითხს განიხილავს კომისია“.

 

 

საკრებულოში მერს ელოდებიან

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მესამე ათწუთიანი შესვენება მთავრდება. ოპოზიციური ფრაქციები სხდომაზე მერის მისვლას ელდებიან.  დღეს საკრებულოს სხდომა 11 საათზე იყო ჩანიშნული და პირველი სხდომაზე ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მოხსენება იყო დაანონსებული. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გიორგი ერმაკოვის ნაცვლად მერიის სამსახურების წარმომადგენლები წარადგენენ. საკრებულოს თავმჯდომარის ამ ინფორმაციამ ფრაქციების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

20 და 50 ლარის ნომინალების ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში თებერვლიდან ჩაეშვება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიმდინარე წლის 27 იანვრის დადგენილებით, 2016 წლის პირველი თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები.

2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.

 მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები

ბანკნოტის ზომა:  66 მმ X 132 მმ.

ძირითადი ფერი: მეწამული.

ბანკნოტის დიზაინის აღწერა:

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907”, გაზეთ „ივერიას” გამომცემლობა, ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი „საქართველოს მოამბე” გაზეთი „ივერია”, ილიას ხელმოწერა  და მისი პირადი ნივთები – ლუპა, საათი, კალამი და სამელნე.

ბანკნოტის წინა მხარეს ასევე გამოსახულია:

ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

წარწერები – „საქართველოს ეროვნული ბანკი”, „NATIONAL BANK OF GEORGIA”, „ოცი ლარი”, „TWENTY LARI”, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”;

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა;

გამოშვების წელი – „2016“;

სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია ძველი თბილისის პანორამა, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა, დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ქანდაკება მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ბანკნოტის უკანა მხარეს ასევე გამოსახულია:

ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

წარწერები – „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“, „ოცი ლარი“.

ვიზუალური იერსახე:

წინა მხარე –

ლარი

უკანა მხარე –

ლარი

ბანკნოტის დამცავი ნიშნები:

  1. წყლისნიშანი გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
  2. ვერტიკალური დამცავი ძაფი – დამცავი ძაფი წარწერით „20 ლარი“, წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მეწამულიდან ოქროსფერში.
  3. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე (პორტრეტი, შენობა, ფაეტონი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები, გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
  4. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 3 მოკლე ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
  5. ჰოლოგრამა – ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ფაეტონი, რუკა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.
  6. დამცავი ბოჭკოებიქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
  7. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
  8. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
  9. ოპტიკურად ცვალებადი საღებავი – სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მეწამულიდან მწვანეში.
  10. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
  11. მიკროსტრიქონიგამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები:

11) „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“;

11ბ)  „ილია ჭავჭავაძე“;

11) ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

„GEORGIA“, „საქართველო“ – თანმხვედრ გამოსახულებაში;

„ლარი“, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, „ილია ჭავჭავაძე“, „საქართველო“ – ჰოლოგრამაში.

  1. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ბანკნოტზე ჩნდება ლურჯი და ყვითელი ფერის ბოჭკოები.
  2. ფოსფორესცენციური კვადრატი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ გამოისახება კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
  3. ფლუორესცენციური ნომინალი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
  4. ფლუორესცენციური სერიული ნომერი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ჰორიზონტალური სერიული ნომერი.
  5. ინფრაწითელი დაცვა – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალების ნაწილი.
  6. მაგნიტური დაცვა – ვერტიკალური სერიული ნომერი და ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალის ნაწილი შესრულებულია მაგნიტური საღებავით და მაგნიტური დეტექტორის შეხებისას იძლევა სიგნალს.

მიმოქცევის დანიშნულების ახალი მოდიფიკაციის 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინი და სხვა მახასიათებლები

ბანკნოტის ზომა:  68 მმ X 137 მმ.

ძირითადი ფერი: მწვანე.

ბანკნოტის დიზაინის აღწერა:

ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე XII ს.“, XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია, ბარელიეფი XIII საუკუნის  ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან.

ბანკნოტის წინა მხარეს ასევე გამოსახულია:

ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

წარწერები – „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“, „ორმოცდაათი ლარი“, „FIFTY LARI“, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“;

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა;

გამოშვების წელი – „2016“;

სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.

 ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია  XII ს-ის ხელნაწერთა კრებულიდან  ზოდიაქოს ნიშნის–მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი. ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ბანკნოტის უკანა მხარეს ასევე გამოსახულია:

ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

წარწერები – „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“, „ორმოცდაათი ლარი“.

ვიზუალური იერსახე:

წინა მხარე –

ლარი

 უკანა მხარე –

ლარი

ბანკნოტის დამცავი ნიშნები:

  1. წყლისნიშანი გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
  2. ვერტიკალური დამცავი ძაფი – დამცავი ძაფი წარწერით „50 ლარი“, წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან მეწამულში.
  3. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე (პორტრეტი, სამონასტრო კომპლექსი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები, გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
  4. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 4 მოკლე ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
  5. ჰოლოგრამა – ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, გრიფონი, რუკა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და გააჩნია ცვალებადი ეფექტი.
  6. დამცავი ბოჭკოებიქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
  7. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
  8. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
  9. ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი – სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.
  10. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
  11. მიკროსტრიქონიგამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები:

11) „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA“;

11ბ)’ „თამარ მეფე’;

11) ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები;

„GEORGIA“, „საქართველო“ – თანმხვედრ გამოსახულებაში;

„ლარი“, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, „თამარ მეფე XIIს“, „საქართველო“ – ჰოლოგრამაში.

  1. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ბანკნოტზე ჩნდება ლურჯი და ყვითელი ფერის ბოჭკოები.
  2. ფოსფორესცენციური კვადრატი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ გამოისახება კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
  3. ფლუორესცენციური ნომინალი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
  4. ფლუორესცენციური სერიული ნომერი – ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ჰორიზონტალური სერიული ნომერი.
  5. ინფრაწითელი დაცვა – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალების ნაწილი.
  6. მაგნიტური დაცვა – ვერტიკალური სერიული ნომერი და ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალის ნაწილი შესრულებულია მაგნიტური საღებავით და მაგნიტური დეტექტორის შეხებისას იძლევა სიგნალს.

ახალი ბანკნოტების გამოშვების შესახებ ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს განაცხადა.

ბათუმის მერი ქალაქში არსებულ ვითარებაზე საკრებულოში ისაუბრებს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციას ქალაქში არსებულ ვითარებაზე, ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოისმენენ.

ქალაქის მერი კონკრეტულად „უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ისაუბრებს.

საკრებულოს სხდომა 29 იანვარს, დილის 11 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპრტამენტის პრესსამსახურის ცნობით, 22-24 იანვარს, დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე გამოფენა – „Adventur 2016” წარადგინა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში „Adventur 2016” საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ტურისტული სააგენტოს „Georgian Experience” და ურკაინის საერთაშორისო ავიხაზების წარმოამდგენლებიც ღებულობდნენ. „Georgian Experience”-მა სტუმრებს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გააცნო და „თბილვინო“-ს ქვევრის ღვინოები დააგემოვნებინა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენელმა კი ყურადღება ვილნიუსიდან თბილისსა და ქუთაისში განხორციელებულ რეგულარულ ფრენებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზენტაციას ლიტველი ტურსააგენტოები, გამოფენის მონაწილეები, ტურისტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიტვაში საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ყურადღება დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იურგიტა კაზლაუსკიენემაც გაამახვილა.

ლიტვის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ლიტვაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ ღებულობდა მონაწილეობას.

ლიტვაში მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს აჭარის დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც, დეპარტამენტის ინფორმაციით, წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014-თან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი

შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. შპს “სლავა” ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.

ნიაზ ხაბაზი, შპს "სლავას" იურისტი
ნიაზ ხაბაზი, შპს “სლავას” იურისტი
ნიაზ ხაბაზი, “სლავა 2015”-ის იურისტი: ამას [დემონტაჟს] ყველა ხედავდა, რა თქმა უნდა, სააგენტოს თანამშრომლებიც ხედავდნენ, მერიის თანამშრომლებიც, მაგრამ უცბად გადაწყვიტეს შოუ მოეწყოთ, 21 ოქტომბერს მოიწვიეს ჟურნალისტები, საპატრულო პოლიცია და შეწყდა დემონტაჟი. ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაწყდებოდა პროექტი ერთობლივად, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ეს შენობა წაიქცა და ქალბატონმა მირანდა ჩარკვიანმა ჩათვალა, რომ შენობა წავაქციეთ ჩვენ.

ანუ თავისით წაიქცა შენობა?

დიახ. ამაზე მესამე თვეა გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ მალე შეწყვეტენ საქმეს იმის გამო, რომ დანაშაული არ დადასტურდება. ჩვენ რომ ეს წაგვექცია [ფასადის კედელი], ახლა იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეში მიცემული [კომპანია].

ბოლოს როდის იყავით პროკურატურაში?

26 ნოემბერს დაკითხეს ქალბატონი მირანდა, 27-ში დამკითხეს მე, შემდეგ დირექტორი [კომპანია “სლავა 2015”-ის ხელმძღვანელი], მეზობლები და ასე შემდეგ. ყველამ დაადასტურა, რომ შენობა წაიქცა თავისით. გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზამაც ვერაფერი დაადგინა.

თქვენ გაეცანით დასკვნას?

ჩვენ არა ვართ მხარე ამ საქმეში და მოწმის სტატუსით არ გვეძლევა დასკვნა. ეს დასკვნა ექნება სააგენტოს. მაგრამ რომ დადგენილიყო ჩვენი დანაშაული, ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ბრალდებული, ეჭვმიტანილი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ, გამოიყენეს 21 დეკემბრის მომენტი, როცა ნაგავი გაგვქონდა ტერიტორიიდან და ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდათ, რომ აეტეხათ ეს ამბავი. სასამართლო რომ დაიწყო, მხარემ იგრძო, რომ წააგებდა. პირველივე დღეს მოსამართლემ გააგებინა, რომ წააგებდნენ პროცესს, შეკამათებაც მოხდა მირზა ცეცხლაძესთან [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი].

სამინისტრო და მათ შორის სააგენტო ვალდებული იყვნენ, იმ შემთხვევაში, თუ შენობას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, გაეფორმებინათ ხელშეკრულება და რადგან ქონება იყო ჩვენი, უნდა დაგვკისრებოდა მოვლა-პატრონობა. ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

კომპანიის ხელმძღვანელს, მურმან ჯინჭარაძეს ესაუბრა “ბათუმელები”, როცა სახლზე მოხსნეს მოაჯირები. მან აღნიშნა, რომ მოაჯირი სარესტავრაციოდ იყო წაღებული და სააგენტო იყო საქმის კურში. გამოდის, მან იცოდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იყო საუბარი…

არა, არ იცოდა. იცით რაშია საქმე, სააგენტოს წარმომადგენელს, ზვიად ბურჭულაძეს უნდა გაკეთებინა პროექტი, სადაც ამ შენობის რაღაც ნაწილი, რომელიც იმ დროისათვის განადგურებული არ იყო, დარჩებოდა, ამიტომ იყო ეს… ჩვენ არ ვაპირებდით შენობის დანგრევას.

მე ვარ იურისტი. ადამიანს რომ პასუხი მოსთხოვო, ის უნდა იყოს ინფორმირებული არა ზეპირი ფორმით, არამედ წერილობით. ისინი ვალდებული იყვნენ შეეჩერებინათ მშენებლობა, მიემართათ სასამართლოსთვის, თუ ჩვენ ჯიუტად ვიქცეოდით და სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდებოდა დემონტაჟი, მაგრამ მათ სასამართლოს არ მიმართეს. მე ვერ დავადანაუშაულებ ვერავის, მაგრამ მათ აინტერესებდათ აშენებულიყო ისეთი სახლი, რომლის პროექტიც დაიხაზებოდა მისი [სააგენტოს ხელმძღვანელის] მეგობრის მიერ. ვინაიდან ვერაფერს ვერ მიაღწიეს, გამოიყენეს ეს ტელე-შოუ. მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭია, დარწმუნებული ვარ, იმ დღეს შეშინდა, რადგან ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხდომას, მაგრამ არა უშავს, ჩვენ გავასაჩივრებთ და იმედი მაქვს, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

აჭარაში H1N1-ით მამაკაცი გარდაიცვალა

35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს ისევ არ აჭარბებს და შეადგენს 332.6 შემთხვევას ყოველ 100 000 მოსახლეზე [ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე].

ncdc აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით ქვეყნის მასშტაბით რეკომენდებულია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

· სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე, 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით;

· სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;

· სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ პირის იზოლაცია;

· ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;

· განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;

· ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გაააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდარტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;

· კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტის შემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.

· გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

· გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები:

· გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
· შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
· პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
· სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
· სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
· მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა.

„ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას რვასართულიანი კორპუსის აგებას გეგმავს.

საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს  დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას
ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

ბათუმში სამარშრუტო ხაზის მფლობელები მგზავრობის გაძვირებას უარყოფენ

28 იანვარს, დიდთოვლობის მესამე დღეს, ბათუმში სამარშრუტო ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური გააძვირა და მგზავრებისგან 40 თეთრის ნაცვლას 50 თეთრი მოითხოვა.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ფასს კომპანიები, რომლებიც სამარშუტო ტაქსების ხაზებზე ოპერირებენ, თავად ადგენენ, თუმცა, ჩვეულებრივ, მერიასთან შეთანხმებით. “ამჯერად მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა,” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა.

მისივე განმარტებით, ბათუმში 31 სამარშრუტო ხაზია და ამ ბაზარზე სულ ოთხი კომპანია ოპერირებს.

მგზავრობის საფასურის გაძვირება „ბათუმელებთან“ უარყო ორი კომპანიის მფლობელმა.

„ყველა სამარშრუტო ტაქსს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე მძღოლმა თავისი გადაწყვეტილებით იუზრდელა. გავუშვით დისპეჩერი ხაზებზე და თუ რომელიმემ თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, ფასი შეიცვლება ისევ ძველი ტარიფით,” – აღნიშნა „ბათუმელებთან” ნუგზარ ფარტენაძემ, ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მფლობელმა.

მგზავრობის ტარიფის გაძვირებას გამორიცხავს მალხაზ თურმანიძეც, შპს „აჭარტრანსის“ მფლობელიც: „ეს არის ცრუ ინფორმაცია, ფასი არ გაზრდილა და არც არის მოსალოდნელი მგზავრობის საფასურის გაძვირება,“ – აღნიშნა მან.

სპორტსმენები და სტუდენტები ბათუმის ქუჩებს წმენდენ

28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

„სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო გაჩერება იქნება ბულვარი, დავეხმარებით ბულვარის ადმინისტრაციას,“ – აღნიშნა დავით მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და სპორტსმენები.

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას პირველ თებერვალს განაახლებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება.

საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაითვალისწინა აღსაზრდელთა მშობლების თხოვნა დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ და საბავშვო ბაღები ბათუმში რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს.

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილები უხვი ნალექისგან გაწმინდეს.

პრესსამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, დიდთოვლობის პერიოდში, ბათუმისა და მთელი საქართველოს, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ეხმარება.

გზის გაწმენდა [ვიდეო] – ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია.

ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება.  ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ.

დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ, თუმცა ღამით შენარჩუნებული იქნება ყინვა -3, -5 გრადუსი.

ტექნიკა მემედ აბაშიძის გამზირზე:

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე

„ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა.

კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. არსებობს ბულინგის ოთხი სახეობა: ვერბალური, ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ბულინგი. ხშირად სკოლაში განხორციელებული ბულინგი მოსწავლეებს თამაშის ფორმად და მიღებულ ნორმად მიაჩნიათ, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისაგან, თუმცა ფსიქოლოგიური ტრავმა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

მოზარდი განიცდის შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობს, შესაძლებელია თვითშეფასებაც დაუქვეითდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში სწავლა. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა ზრუნავდეს ბავშვებისათვის მეგობრული გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელია ძალადობის ხელშემწყობი დამოკიდებულებების შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობების შესწავლა.

ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ასევე მისი ინიციატორი. ფსიქოლოგები გამოყოფენ მსხვერპლსა და აგრესორის ხასიათის ზოგიერთ ტიპიურ თვისებას და ქცევის სტილს.

ბავშვი-მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.

ბავშვი-აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007-2008 წლებში ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვლევის თანახმად, მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ადამიანებს ჩაგრავენ მათი წონის, სიმაღლის ან სხეულის ფორმის გამო, მოსწავლეები დაცინვის მსხვერპლი ხდებიან მათი მეტყველების, სიარულის მანერის ან კანის ფერის გამო. მოსწავლეები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო.

მაინტერესებს, თქვენ გარშემო თუ დაგიფიქსირებიათ ბულინგის ფაქტები? ან თუ შეგიძლიათ მაგალითები მოიყვანოთ?

ხვიჩა ბერიძე, მოსწავლე: ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. სიგარეტს არასდროს ვეწეოდი, მაგრამ მოვხვდი საზოგადოებაში, სადაც ყველა ეწეოდა და ჩემზე იყო რაღაც დოზით ზეწოლა, რატომ არ ეწევი, შენც ხომ კაცი ხარ? და მეც დავიწყე მოწევა.

ედო ბიბინეიშვილი, მოსწავლე: ჩემი მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა ეწევა სიგარეტს, მხოლოდ მე არ ვეწევი, მე მაქვს ნებისყოფა, ვფიქრობ, რომ სიგარეტის გამო არ ღირს გავიფუჭო ჯანმრთელობა.

გოჩა ბაკურიძე, მოსწავლე: მქონია შემთხვევა, როცა დამცინეს ცხვირის გამო, თუმცა მე არ მქონია ამის კოპლექსი.

კახა გურგენიძე, მომხსენებელი: თქვენს სკოლაში თუ ყოფილა ბულინგის ფაქტები ან ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან მასწავლებლები?

ხვიჩა ბერიძე: ჩვენს სკოლაში არის მორიგე მასწავლებელი, რომელიც აკონტროლებს სკოლაში მოსწავლეების ურთიერთობებს.

ნარგიზ ბერიძე, წონიარისის საჯარო სკოლის მასწავლებელი: საქმე იმაშია, რომ ბავშვები ტელევიზიით მხოლოდ ძალადობას უყურებენ, ეს დიდ გავლენას ახდენს. საზოგადოება, სკოლა და მასწავლებელი ერთმანეთისგან იზოლირებული არასდროს ყოფილა და ვერც იქნება, მაგრამ ტელევიზია ცუდ გავლენას ახდენს. იყო მოსწავლეებს შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლის შემთხვევა, სიტყვის გამო იჩხუბეს და სისხლიც დაიღვარა, შემდეგ ეს ბავშვები სკოლიდან გადავიდნენ, სხვაგვარად მათი ურთიერთობის დარეგულირება ვერ მოხერხდა.

ანა ბაკურიძე, მოსწავლე: დამრიგებლები გვიტარებენ მსგავს გაკვეთილებს და გვიხსნიან, რომ არ უნდა ვიძალადოთ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები და ა.შ

მოამზადა სალომე გურგენიძემ

ორგანიზატორი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“

ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია ბათუმში

დღეს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება – “ინფორმაცი არის ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი სისტემისთვის იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ და ნარკო დანაშაულს” – თქვა შს მინისტრმა  გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრის ორგანიზატორია აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის (INL) და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია (DEA).

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა. მინდა მადლობა გადავუხადო DEA-ს და INL-ს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენი სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფს გაუწიეს. როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014 წლებში ჩვენ 116 კილოგრამი ჰეროინის ფხვნილი და 2 ტონა და 446 ლიტრი თხევადი ჰეროინი ამოვიღეთ. 2015 წელს კი ამოღებული იქნა 40 კილოგრამამდე კოკაინი, რაც უპრეცედენტო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, პროდუქტიული და ინფორმაციული, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

“საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი როლი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში  საკმაოდ დიდია. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა მონაწილე ჩამოვიდა ბათუმში, რათა ამ შეხვედრას დაესწროს. როგორც იცით ეს პრობლემა ყველა ქვეყანას ეხება და სწორედ ამიტომ საჭიროა მოხდეს ერთობლივი ძალების მობილიზება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ. ეს კონფერენცია სწორედ ასეთი თანამშრომლობის საუკეტესო მაგალითია” – თქვა შეხვედრაზე საქართველოს აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ნიკოლას ბერლინერმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისი (INL), აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 2009 წლიდან ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ მომუშავე ქართველი გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისთვის ტრენინგ-პროგრამებს ახორციელებს.

“ჩვენ შევიკრიბეთ რათა ვისაუბროთ საერთო პრობლემებზე, და შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. საერთო სტრატეგია საჭიროა, რათა უფრო ეფექტური და ქმედითი მექანიზმები შევიმუშაოთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის. ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია არის არის გარკვეულწილად მომზადება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციისთვის. შესაბამისად ხდება თავმოყრა,  სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიების და მიდგომების, რათა ერტობლივი ძალებით ვებრძოლოთ ნარკოდანაშაულს” – განაცხადა DEA-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა კაილი ვილიამსონმა.

შსს-ს ცნობით, აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდაცვით და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, 2016 წლის ზაფხულში თბილისში, აშშ-ს საელჩოში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) კავკასიის ახალი ოფისი გაიხსნება.

27 იანვარს ღამით ბათუმში გამოიდარებს და ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 28 და 29 იანვარს ბათუმში და მთლიანად აჭარაში გამოიდარებს, ხოლო 30-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10-დან +15 გრადუსამდე გაიზრდება.

ბათუმში ამ წუთებში თოვს, თუმცა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით თოვა საღამომდე შეწყდება: „27 იანვრის საღამოს და შემდგომ 2-3 დღის განმავლობასი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით -5 გრადუსი ყინვა იქნება შენარჩუნებული”.

აჭარის მთავრობა დახმარებისთვის თავდაცვის სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმში დიდთოვლობის შედეგად ბევრი ხე დაზიანდა. ხშირად შეხვდებით მოგლეჯილ თუ გადატეხილ ხეებსაც, როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე ბათუმის ბულვარში. განსაკუთრებული ზიანი მაინც ბათუმის ბულვარს მიადგა – აქ მცენარეების უმრავლესობა დაზიანებულია.

xxxx

x3
xeebi xeebiii motexili xeebi
1 4მართალია, სამოქალაქო ჯგუფები თუ მერიის სამსახურები ცდილობდნენ ხეების თოვლისგან გათავისუფლებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ბათუმის გამწვანების, ლადნშაფტური დაგეგმარების და სანდასუფთავების სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ თოვლის საფარისაგან დაზიანებული ხეების გაწმენდაზე“. თუმცა, საკმარისი არც ეს არის, რადგან ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

nagaviგარდა ამისა, ბათუმის ქუჩებში გაჩნდა ნარჩენების დიდი გროვებიც. ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ქუჩების გაწმენდა თოვლის საფარისგან სრულად, შესაბამისად, სანდასუფთავების მანქანებით ქუჩებზე გადაადგილება შეუძლებელია. დღეს ქალაქის ქუჩებიდან ნარჩენების გატანა ვერ მოხერხდა.

ხომ არ აპირებს აჭარის მთავრობა მიმართოს თავდაცვის სამინისტროს დახმარების თხოვნით, რომ ჯარისკაცები გამოვიდნენ ქალაქში გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას. მთავრობის პრესცენტრის განმარტებით: “ეს საკითხი ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მივიჩნიეთ საჭიროდ მიმართვა. თუ გართულდება სიტუაცია, იმ შემთხვევაში მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს”.

დიდთოვლობა ბათუმში [ვიდეო]

ღამის განმავლობაში ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ ჭირს, შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. მოყინულია ფეხით სდავალი გზებიც.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში გზების გაწმენდაზე მუშაობს 35 ერთეული ტრაქტორი, თოვლის საწმენდი და ყინულის საჭრელი მანქანა. დამატებით მობილიზებულია დაქირავებული ტექნიკა.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო სკოლაში. მოსახლეობა სრულყოფილად უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით.

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“.

„თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის საფუძველზე აღნიშნული ნივთების შიგთავსიც დაათვალიერეს და პოლიეთილენში შეხვეული ნარკოტიკები აღმოაჩინეს. ავტომანქანას უკრაინიდან საქართველოში შემოჰქონდა მოქალაქე რ.ა.-ის კუთვნილი საქონელი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებას,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მოქალაქეები ქუჩებში ტექნიკური მარილის შეტანას ითხოვენ

ბათუმის ქუჩებში ავტომანქანებით მოძრაობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური მარილი დღეს დილიდან დაყარეს „ცენტრალურ ქუჩებზე – გორგილაძეზე, ჭავჭავაძეზე, მელიქიშვილზე, გოგებაშვილსა და ტბელ აბუსერისძეზე, ასევე სხვა ცენტრალური ქუჩების კვეთაში [დიდი გამატარიანობის ქუჩებზე]“და ხიდებზე .

თუმცა ტექნიკური მარილი, მაგალითად, მელიქიშვილის ქუჩაზე „ბათუმელებმა“ მხოლოდ 6 მაისის პარკის შესასვლელთან შენიშნა. ამ ქუჩის სხვა მონაკვეთებში, განსაკუთრებით ჭაობის დასახლების მიმართულებით, ტექნიკური მარილი არ არის დაყრილი. მარილი დაყრილი არ არის არც რუსთაველის ქუჩაზე.

122მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიის სანდასუფთავების სამსახურს ტექნიკური მარილი შეაქვს მეორეხარისხოვან ქუჩებზე, მაგალითად, მემედ აბაშიძეზე.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სეზონისთვის მერიას მარაგის სახით 30 ტონა ტექნიკური მარილი ჰქონდა. მის შესაძენად მერიამ 4900 ლარი დახარჯა. ამ დროისთვის მხოლოდ 12 ტონა მარილია დარჩენილი.  ქუჩებში მარილის შეტანაზე სანდასუფთავების სამსახურის 4 ავტომანქანა მუშაობს.

სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი ითხოვს თავის ქუჩაზე ტექნიკური მარილის შეტანას. მოქალაქეები მსგავს მოთხოვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფეისბუქგვერდზეც აფიქსირებენ.

როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ

2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია.  გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა.

მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი: “ოცნების ქალაქი” წლიდან წლამდე პრობლემად რჩება. არათანმიმდევრულობამ და სტრატეგიის უქონლობამ ასობით ოჯახის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, რა გეგმა აქვს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის დასაძლევად. რაც მეტი დრო გავა, მით მეტად გართულდება “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა საჭიროების დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემად რჩება საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმის ნიშნები აჭარის მთავრობის მუშაობაში.

სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებასა და მუნიციპალიტეტებშიც მაღალჩინოსნებთან ნათესაური თუ სხვა ნიშნით დაკავშირებული პირები ინიშნებიან, რაც საჯარო სამსახურის ეფექტიანად მუშაობის პრობლემას ქმნის.

2015 წლის დასაწყისში ხელმოწერილი ბრძანება, დანამატების წესის განაწილების შესახებ, ორიენტირებულია მაღალი თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურების გაზრდაზე და ნაკლებად ითვალისწინებს უფრო დაბალი რანგის დასაქმებულთა ინტერესებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "ოცნების ქალაქის" პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად “ოცნების ქალაქის” პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებენ

აჭარის მთავრობამ ადგილობრივი ინიციატივები გაცილებით მეტად უნდა წაახალისოს. რეგიონში, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, უმთავრესი აქცენტი ხარისხიანი განათლების მიღებაზე უნდა კეთდებოდეს – ვფიქრობ, მთავრობა ამ მიმართულებით უფრო მეტ რესურსს უნდა ხარჯავდეს.

ბათუმის საკრებულოსა და მერიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებსა და მთავრობას კოორდინაციის დეფიციტი აქვთ.

კარგია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეკონომიკური განვითარება სხვა დარგების აქცენტირებას უფრო მოაქვს (მომსახურება, მრეწველობა და ა.შ.). ვისურვებდი, ყველა აგროპროექტი შესაბამისი კვლევისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე განხორციელდეს.

მთავრობა ყველა პოლიტიკური გემოვნებისა თუ პლატფორმის მოქალაქის მიერ დაქირავებული ორგანოა და, შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებში ეს უნდა ჩანდეს. პოლიტიკური სიძულვილის ენით მოწინააღმდეგეებზე საუბარი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესთან შეუსაბამოა.

2016 წელს აჭარის მთავრობა მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. სოციალურ საჭიროებებსა და პროგრამებზე აქცენტირებული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას. არც ცენტრალურ და არც ავტონომიურ ბიუჯეტში აღარ დარჩება ამ მიმართულებით გასახარჯი სახსრები, ლარის გაზრდილი კურსისა და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით. ისიც აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია.

არჩილ ხახუტაიშვილი – “დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი: `2015 წელს აჭარის ხელისუფლებას ბევრი მოუგვარებელი საკითხი დარჩა, რომელთა დიდი ნაწილი წინა წლებშია დაწყებული, მაგალითად, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების (ე.წ. უკანონოდ შესახლებულები) საკითხი, გონიოს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. ბევრ პრობლემაზე, რომლებიც მოითხოვდა ეფექტურ და დროულ გადაწყვეტას, სამწუხაროდ, მთელი წელი გაიწელა და გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის გასააზრებლად ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულთა საკითხზე გადაწყვეტილების არქონაც საკმარისია.

აჭარის ხელისუფლების საქმიანობაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უმაღლესი საბჭოს ფაქტორი. სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს 2015 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება არა საკანონმდებლო პროცესი, არამედ შიდა დაპირისპირება იყო, რაც უარყოფითად აისახება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ხარისხზე.

იმ პრობლემების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აჭარის ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, აჭარის ავტონომიის შეზღუდულ უფლებამოსილებას უკავშირდება. თუმცა, 2015 წელს, გასული 11 წლის მსგავსად, ხელისუფლებას არ გამოუჩენია ინიციატივა, რომ ეს უფლებამოსილებები გაიზარდოს.

დადებითად შეიძლება შეფასდეს სოციალური სახლების მშენებლობის პროცესის გააქტიურება, სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის” ამოქმედება, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის დაწყების საკითხის გადაწყვეტა, რამდენიმე იპოთეკარის პრობლემების მოგვარება. აჭარის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედებდა რამდენიმე კარგი პროგრამა განათლების, კულტურისა და სოციალურ სფეროში”.

ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი: “2015 წლის შეფასებისას ჩემი ფიქრები ბათუმში ტრიალებს და მახსენდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „შანჰაის“ (შავშეთის ქ. 29) პრობლემა. საკითხი თითქმის ხუთი წელია ავარიული საცხოვრებელი სახლის (აგებული 1937 წელს) რეაბილიტაცია/გამაგრებას ეხება. ასეთი სახლი ბევრია ქალაქში. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის მონაწილეებმა მერიის წარმომადგენლებს მიუთითეს, რომ სწორედ ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა იგეგმებოდეს ქალაქის ბიუჯეტი, პასუხმაც არ დააყოვნა – „იცით, ქალაქში რამდენი ასეთი სახლია?!“… მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა ქალაქის ბიუჯეტი ხომ სწორედ ადგილობრივი საჭიროებებზე, პრობლემებისა თუ გამოწვევის გადასჭრელად უნდა იგეგმებოდეს.

18 დეკემბერს მერიაში გაიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია. ამ დღეს ყველანი ველოდით და აი, ისიც: საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკის” მონაცამებით, ბათუმში არსებულ ყველა ძეგლს (გარდა ცამეტისა, რადგან ისინი ფიზიკურად აღარ არსებობს) უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. უფრო მეტიც, 42 შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამით დასრულდება პოზიცია – „განა ყველა ძეგლი, ძეგლია?!“. იმედია, დაიწყება მუშაობა ქალაქის გეგმარებაზე და დამტკიცდება ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული საყრდენი გეგმა”.

გიორგი ხიმშიაშვილი, “საიას” ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე: “2015 წელი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირის მხრიდან, რაც დადებითი წინაპირობაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება აჭარის მთავრობის მუშაობას,

საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეფორმაზე შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ობიექტურობის მისია ვერ შეასრულა; ბევრი კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა სუბიექტივიზმის გავლენით, ბევრი ადამიანი გათავისუფლდა უარყოფითი შედეგების გამო და ეს შედეგები არ იყო დასაბუთებული.

ყველა ვხედავთ, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, რაც დიდ პრობლემად რჩება, ვინაიდან ბათუმი არის ტურისტული ცენტრი საქართველოსთვის და, შესაბამისად, საჭიროა ადეკვატური ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაშიც არ გვაქვს არსებითი ცვლილება – ჯერ კიდევ არ არის ქალაქი ადაპტირებული შშმ პირებისთვის და მათ არ აქვთ შესაძლებლობა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი კვლავ რჩება ოცნების ქალაქი” – იქ განსაკუთრებით დაუცველი ბავშვები არიან”.

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებით. სამივე მათგანი სამთავრობო კომისიამ შეარჩია.

პაატა ჯალაღონია
პაატა ჯალაღონია

პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებადე პაატა ჯალაღონია არასამთავრობო სექტორში მუშაობდა:

2010 -2012 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროგრამების კოორდინატორი იყო. 2007 -2009 წლებში პაატა ჯალაღონია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის რწმუნებული იყო ბათუმში. მანამდე სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ ცენტრს, იყო საიას იურისტი და ეწეოდა პედაგოგიურ საქიმიანობასაც.

დავით ქარცივაძე
დავით ქარცივაძე

დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2014 წლიდან 2015 წლის იანვრამდე ის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 -2013 წლებში კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიწვეული სპეციალისტი იყო.

რაც შეეხება მის საარჩევნო გამოცდილებას – 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

უსკოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი პრეტენდენტი დავით კვაჭაძე, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, თბილისში ცხოვრობს. ის 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის საგარეჯოში ორგანიზაციის დამკვირვებლების მონიტორინგს ხელმძღვანელობდა. 2012 -2013 წლებში მას „სამოქალქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დამკვირვებლების ტრენერთა მომზადების უზრუნველყოფა ებარა.

1994 -1995 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 -1992 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრს ხელმძღვანელობდა.
უფრო ადრე დავით კვაჭაძეს ბიზნესსექტორშიც უცდია ბედი, სხვადასხვა დროს ის შპს „ლარგოგრუპს“ და შპს „ლაქი ბენდს“ ხელმძღვანელობდა.

ვისზე გააკეთებს არჩილ ხაბაძე არჩევანს, ეს 29 იანვარს დღის ბოლომდე გაირკვევა. უსკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით აირჩევენ.

აჭარის განათლების სამინისტრო: სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება შაბათი დღეების ხარჯზე

მეორე დღეა აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია დიდთოვლობის გამო. აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, გაცდენილი საათები ანაზღაურდება მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 27 იანვარს დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის 27 საჯარო და 18 კერძო სკოლაში. ასევე, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხელვაჩაურის 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, ქობულეთის 46 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, ქედის 29 საჯარო სკოლიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ 7 სკოლაში, ხოლო შუახევსა (43 საჯარო და 1 კერძო სკოლა) და ხულოს (49 საჯარო და 1 კერძო სკოლა) საჯარო და კერძო სკოლებში უწყვეტად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.

27 იანვარი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღე

27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული. ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშებისა და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში 2013 წელს გაიხსნა. ის განთავსებულია ვარშავის ყოფილი გეტოს ადგილზე.

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი ქალაქ ვარშავაში

ვარშავის გეტო – მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლება. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდოდ 450 000-დან 37 000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რაც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
„ვარშავის გეტო“, პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა

 პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა

აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა

აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს.

 პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა, 2015 წლის აგვისტო /ფოტოები: გაზეთი ბათუმელები/
პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი, ვარშავა, 2015 წლის აგვისტო /ფოტოები: გაზეთი ბათუმელები/

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

გაყინული თბა

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება.

გაყინული ტბა

გაყინული ტბა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

ბათუმი, 2016 წლის 27 იანვარი / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმი, 2016 წლის 27 იანვარი / ფოტო: „ბათუმელები“

 

Exit mobile version