კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

27.01.2016 • 4591
საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე

„ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა.

კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. არსებობს ბულინგის ოთხი სახეობა: ვერბალური, ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ბულინგი. ხშირად სკოლაში განხორციელებული ბულინგი მოსწავლეებს თამაშის ფორმად და მიღებულ ნორმად მიაჩნიათ, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება განიკურნოს ფიზიკური დაზიანებისაგან, თუმცა ფსიქოლოგიური ტრავმა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

მოზარდი განიცდის შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობს, შესაძლებელია თვითშეფასებაც დაუქვეითდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში სწავლა. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა ზრუნავდეს ბავშვებისათვის მეგობრული გარემოს შექმნაზე, სადაც შესაძლებელია ძალადობის ხელშემწყობი დამოკიდებულებების შეცვლა და არაძალადობრივი ფასეულობების შესწავლა.

ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ბულინგის მსხვერპლი, ასევე მისი ინიციატორი. ფსიქოლოგები გამოყოფენ მსხვერპლსა და აგრესორის ხასიათის ზოგიერთ ტიპიურ თვისებას და ქცევის სტილს.

ბავშვი-მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.

ბავშვი-აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007-2008 წლებში ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვლევის თანახმად, მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ადამიანებს ჩაგრავენ მათი წონის, სიმაღლის ან სხეულის ფორმის გამო, მოსწავლეები დაცინვის მსხვერპლი ხდებიან მათი მეტყველების, სიარულის მანერის ან კანის ფერის გამო. მოსწავლეები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო.

მაინტერესებს, თქვენ გარშემო თუ დაგიფიქსირებიათ ბულინგის ფაქტები? ან თუ შეგიძლიათ მაგალითები მოიყვანოთ?

ხვიჩა ბერიძე, მოსწავლე: ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. სიგარეტს არასდროს ვეწეოდი, მაგრამ მოვხვდი საზოგადოებაში, სადაც ყველა ეწეოდა და ჩემზე იყო რაღაც დოზით ზეწოლა, რატომ არ ეწევი, შენც ხომ კაცი ხარ? და მეც დავიწყე მოწევა.

ედო ბიბინეიშვილი, მოსწავლე: ჩემი მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა ეწევა სიგარეტს, მხოლოდ მე არ ვეწევი, მე მაქვს ნებისყოფა, ვფიქრობ, რომ სიგარეტის გამო არ ღირს გავიფუჭო ჯანმრთელობა.

გოჩა ბაკურიძე, მოსწავლე: მქონია შემთხვევა, როცა დამცინეს ცხვირის გამო, თუმცა მე არ მქონია ამის კოპლექსი.

კახა გურგენიძე, მომხსენებელი: თქვენს სკოლაში თუ ყოფილა ბულინგის ფაქტები ან ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან მასწავლებლები?

ხვიჩა ბერიძე: ჩვენს სკოლაში არის მორიგე მასწავლებელი, რომელიც აკონტროლებს სკოლაში მოსწავლეების ურთიერთობებს.

ნარგიზ ბერიძე, წონიარისის საჯარო სკოლის მასწავლებელი: საქმე იმაშია, რომ ბავშვები ტელევიზიით მხოლოდ ძალადობას უყურებენ, ეს დიდ გავლენას ახდენს. საზოგადოება, სკოლა და მასწავლებელი ერთმანეთისგან იზოლირებული არასდროს ყოფილა და ვერც იქნება, მაგრამ ტელევიზია ცუდ გავლენას ახდენს. იყო მოსწავლეებს შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლის შემთხვევა, სიტყვის გამო იჩხუბეს და სისხლიც დაიღვარა, შემდეგ ეს ბავშვები სკოლიდან გადავიდნენ, სხვაგვარად მათი ურთიერთობის დარეგულირება ვერ მოხერხდა.

ანა ბაკურიძე, მოსწავლე: დამრიგებლები გვიტარებენ მსგავს გაკვეთილებს და გვიხსნიან, რომ არ უნდა ვიძალადოთ, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტები და ა.შ

მოამზადა სალომე გურგენიძემ

ორგანიზატორი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: