მთავარი,სიახლეები

როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ

27.01.2016 • 1838
როგორ იმუშავა 2015 წელს აჭარის მთავრობამ

2015 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ 2015 წელს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა პრობლემებს მოაგვარებდა. 2015 წლის მიწურულს არასამთავრობოები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას ამ პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია.  გარდა ამისა, მათ ჩამონათვალში შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, ნეპოტიზმი, სახელფასო და საპრემიო პოლიტიკა მოხვდა.

მალხაზ ჭკადუა – არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი: “ოცნების ქალაქი” წლიდან წლამდე პრობლემად რჩება. არათანმიმდევრულობამ და სტრატეგიის უქონლობამ ასობით ოჯახის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, რა გეგმა აქვს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის დასაძლევად. რაც მეტი დრო გავა, მით მეტად გართულდება “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა საჭიროების დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემად რჩება საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმის ნიშნები აჭარის მთავრობის მუშაობაში.

სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებასა და მუნიციპალიტეტებშიც მაღალჩინოსნებთან ნათესაური თუ სხვა ნიშნით დაკავშირებული პირები ინიშნებიან, რაც საჯარო სამსახურის ეფექტიანად მუშაობის პრობლემას ქმნის.

2015 წლის დასაწყისში ხელმოწერილი ბრძანება, დანამატების წესის განაწილების შესახებ, ორიენტირებულია მაღალი თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურების გაზრდაზე და ნაკლებად ითვალისწინებს უფრო დაბალი რანგის დასაქმებულთა ინტერესებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "ოცნების ქალაქის" პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად “ოცნების ქალაქის” პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებენ

აჭარის მთავრობამ ადგილობრივი ინიციატივები გაცილებით მეტად უნდა წაახალისოს. რეგიონში, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, უმთავრესი აქცენტი ხარისხიანი განათლების მიღებაზე უნდა კეთდებოდეს – ვფიქრობ, მთავრობა ამ მიმართულებით უფრო მეტ რესურსს უნდა ხარჯავდეს.

ბათუმის საკრებულოსა და მერიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებსა და მთავრობას კოორდინაციის დეფიციტი აქვთ.

კარგია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეკონომიკური განვითარება სხვა დარგების აქცენტირებას უფრო მოაქვს (მომსახურება, მრეწველობა და ა.შ.). ვისურვებდი, ყველა აგროპროექტი შესაბამისი კვლევისა და საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე განხორციელდეს.

მთავრობა ყველა პოლიტიკური გემოვნებისა თუ პლატფორმის მოქალაქის მიერ დაქირავებული ორგანოა და, შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებში ეს უნდა ჩანდეს. პოლიტიკური სიძულვილის ენით მოწინააღმდეგეებზე საუბარი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესთან შეუსაბამოა.

2016 წელს აჭარის მთავრობა მეტად უნდა გახდეს ორიენტირებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. სოციალურ საჭიროებებსა და პროგრამებზე აქცენტირებული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას. არც ცენტრალურ და არც ავტონომიურ ბიუჯეტში აღარ დარჩება ამ მიმართულებით გასახარჯი სახსრები, ლარის გაზრდილი კურსისა და ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით. ისიც აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რაც ცალსახად დადებითი ფაქტია.

არჩილ ხახუტაიშვილი – “დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი: `2015 წელს აჭარის ხელისუფლებას ბევრი მოუგვარებელი საკითხი დარჩა, რომელთა დიდი ნაწილი წინა წლებშია დაწყებული, მაგალითად, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების (ე.წ. უკანონოდ შესახლებულები) საკითხი, გონიოს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. ბევრ პრობლემაზე, რომლებიც მოითხოვდა ეფექტურ და დროულ გადაწყვეტას, სამწუხაროდ, მთელი წელი გაიწელა და გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის გასააზრებლად ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულთა საკითხზე გადაწყვეტილების არქონაც საკმარისია.

აჭარის ხელისუფლების საქმიანობაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უმაღლესი საბჭოს ფაქტორი. სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს 2015 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება არა საკანონმდებლო პროცესი, არამედ შიდა დაპირისპირება იყო, რაც უარყოფითად აისახება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების ხარისხზე.

იმ პრობლემების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აჭარის ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა, აჭარის ავტონომიის შეზღუდულ უფლებამოსილებას უკავშირდება. თუმცა, 2015 წელს, გასული 11 წლის მსგავსად, ხელისუფლებას არ გამოუჩენია ინიციატივა, რომ ეს უფლებამოსილებები გაიზარდოს.

დადებითად შეიძლება შეფასდეს სოციალური სახლების მშენებლობის პროცესის გააქტიურება, სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის” ამოქმედება, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის დაწყების საკითხის გადაწყვეტა, რამდენიმე იპოთეკარის პრობლემების მოგვარება. აჭარის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედებდა რამდენიმე კარგი პროგრამა განათლების, კულტურისა და სოციალურ სფეროში”.

ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი: “2015 წლის შეფასებისას ჩემი ფიქრები ბათუმში ტრიალებს და მახსენდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „შანჰაის“ (შავშეთის ქ. 29) პრობლემა. საკითხი თითქმის ხუთი წელია ავარიული საცხოვრებელი სახლის (აგებული 1937 წელს) რეაბილიტაცია/გამაგრებას ეხება. ასეთი სახლი ბევრია ქალაქში. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის მონაწილეებმა მერიის წარმომადგენლებს მიუთითეს, რომ სწორედ ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა იგეგმებოდეს ქალაქის ბიუჯეტი, პასუხმაც არ დააყოვნა – „იცით, ქალაქში რამდენი ასეთი სახლია?!“… მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა ქალაქის ბიუჯეტი ხომ სწორედ ადგილობრივი საჭიროებებზე, პრობლემებისა თუ გამოწვევის გადასჭრელად უნდა იგეგმებოდეს.

18 დეკემბერს მერიაში გაიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია. ამ დღეს ყველანი ველოდით და აი, ისიც: საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკის” მონაცამებით, ბათუმში არსებულ ყველა ძეგლს (გარდა ცამეტისა, რადგან ისინი ფიზიკურად აღარ არსებობს) უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. უფრო მეტიც, 42 შენობას უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამით დასრულდება პოზიცია – „განა ყველა ძეგლი, ძეგლია?!“. იმედია, დაიწყება მუშაობა ქალაქის გეგმარებაზე და დამტკიცდება ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული საყრდენი გეგმა”.

გიორგი ხიმშიაშვილი, “საიას” ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე: “2015 წელი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირის მხრიდან, რაც დადებითი წინაპირობაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისა და კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება აჭარის მთავრობის მუშაობას,

საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეფორმაზე შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ობიექტურობის მისია ვერ შეასრულა; ბევრი კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა სუბიექტივიზმის გავლენით, ბევრი ადამიანი გათავისუფლდა უარყოფითი შედეგების გამო და ეს შედეგები არ იყო დასაბუთებული.

ყველა ვხედავთ, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, რაც დიდ პრობლემად რჩება, ვინაიდან ბათუმი არის ტურისტული ცენტრი საქართველოსთვის და, შესაბამისად, საჭიროა ადეკვატური ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაშიც არ გვაქვს არსებითი ცვლილება – ჯერ კიდევ არ არის ქალაქი ადაპტირებული შშმ პირებისთვის და მათ არ აქვთ შესაძლებლობა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი კვლავ რჩება ოცნების ქალაქი” – იქ განსაკუთრებით დაუცველი ბავშვები არიან”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: