ქობულეთის პოლიციის უფროსმა გადადგომაზე პატაკი დაწერა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაზა გურჩიანი თანამდებობას ტოვებს. პატაკი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ დაწერა. ეს, სავარაუდოდ, ქობულეთში, 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უკავშირდება.

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ასაფეთქებელი მოწობილობების ამოღების მუხლით კიდევ ორი მოქალაქის დაკავება იგეგმებოდა ქობულეთში, თუმცა პოლიციელებმა მათი დაკავება ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქობულეთის პოლიციის უფროსის გადადგომის შესახებ. უწყებაში არც ვინმეს მიმალვაზე ადასტურებენ ინფორმაციას.

ამ დროისთვის აჭარაში შსს-ს ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს პოლიციის დეპარტამენტების უფროსების თანამდებობები ვაკანტურია.

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“ – ეს წარწერა ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ფოტოზე გააკეთა. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტისა და აგრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გახშირებულია შემთხვევები, როცა მოზარდები გარჩევების დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლექსიკით საუბრობენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა ძველბიჭური ლექსიკისა და ე.წ. ქუჩური გარჩევების მომძლავრებაში სახელმწიფოსა და სკოლის პასუხისმგებლობას თანაბრად ხედავს.

ბატონო ლადო, როგორ ფიქრობთ, ე.წ „ძველბიჭური მენტალობა“ რამდენად ძლიერია დღეს ახალგაზრდებში, თუ გქონიათ პრაქტიკაში მსგავს შემთხვევებთან შეხება და რამდენად ხშირია ეს?

სამწუხაროდ, მომრავლდა შემთხვევები ქალაქებშიც და მუნიციპალიტეტებშიც, როცა  მოზარდები, რომლებმაც საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინეს, სკოლიდან წავიდნენ და არც სამუშაო აქვთ, ე.წ. ბირჟაზე დგანან. გარდატეხის პერიოდში ბავშვები, სამწუხაროდ, ისევ ირჩევენ ლიდერად ასეთ ადამიანებს და მოსწავლეების თვალში მიმზიდველად გამოიყურებიან. ვფიქრობ, ამაზე პასუხისმგებლობა მოდის სკოლაზეც, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სკოლიდან მიდიან. ანუ მისი ქცევის კორექცია თვითონ ამ სკოლაში კი არ ხდება, არამედ უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვს იშორებენ თავიდან.

სკოლა იშორებს თავიდან, და სად უშვებენ ბავშვებს?

არ ვიცი, სკოლიდან სკოლაში დადიან ასეთი ბავშვები და ბოლოს ერთ რომელიმე სკოლაში იყრიან თავს. ასეთ ბავშვებთან ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს. ჩვენთან სკოლაში ორი ბავშვი იყო რთული ქცევის. თვითშეფასებაც დაბალი ჰქონდათ, ამიტომ, ერთ-ერთ აქტივობაში ჩავრთე, დიდ ფურცელზე მათი ფოტოები დავაკარი და მოსწავლეებს  ვუთხარი, რომ თბილი კომენტარები დაგვეწერა მათთვის, რადგან ხშირად ამბობდნენ  ეს ბიჭები, რომ ბავშვებს  არ უყვარდათ ისინი. შემდეგ ეს პლაკატი გადავეცით მათ და როცა წაიკითხეს, ტიროდნენ. იმდენად იმოქმედა ამ სითბომ მათზე.

ამ პატარა აქტივობამ,  ფაქტობრივად, შეცვალა ეს ბიჭები. სასკოლო აქტივობებშიც ჩაერთნენ, რეიტინგულ სისტემაშიც, ზრუნავენ კლასის გამარჯვებაზე და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ როცა ბავშვი ძალიან რთული ქცევისაა, ჩვენ მუდმივად ვუჩიჩინებთ „გაჩერდი“, „როგორ შეიძლება ეს“, რაც შედეგს არ იძლევა. ტრანსფორმაციას იწვევს ამ ადამიანების ჩართულობა პროცესებში და მათთან კომუნიკაცია.

სწორედ ამიტომ ვაკეთებ ხშირად აქტივობებს სიძულვილის ენაზე, ძალადობის თემაზე მოსწავლეების თანამონაწილეობით.  ახლახან  90  ბავშვი შევარჩიე ლანჩხუთის სკოლებიდან და გავაკეთეთ  პროექტი, – „არა ძალადობას“. ამ ბავშვებმა ეს ტრენინგ-მოდული თავიანთ სკოლაში უნდა წაიღონ.

როგორ ფიქრობთ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ანტიპროპაგანდა  შეცვლის სურათს? მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმა, თუ უნდა შეიცავდეს ამ საკითხებზე მსჯელობას, რომ მოზარდებმა იცოდნენ  ამ მენტალობის ნეგატიური გავლენა და შედეგები?

ცალკე თემად არ ვიცი, მაგრამ სკოლას შეუძლია ისეთ აქტივობებზე გააკეთოს აქცენტი, რაზეც ბავშვები დაფიქრდებიან. კარგია ძალადობის წინააღმდეგ კამპანიები, რომელშიც ბავშვები თვითონ მონაწილეობენ. შესაძლებელია მოზარდებს გავაცნოთ მსხვერპლი, ვესაუბრო იმაზე, რა თვისებები აქვს მოძალადეს. როცა ბავშვს ეს ეცოდინება და შემდეგ ამ თვისებებს საკუთარ თავში აღმოაჩენს, შეეცდება, რომ გამოსწორდეს. მარტო ვიძახოთ, რომ ძალადობაა, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია მეტი შრომა.

რატომღაც მასწავლებლებს გვგონია, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უფროსებს თუ მოეწონებათ, მაშინ გამართლებულია. მე ისეთ აქტივობებს ვაკეთებ, სადაც მოსწავლეები გრძნობენ კომფორტულად თავს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ნამუშევარია მნიშვნელოვანი, ის არის ყურადღების ცენტრში და არა სხვა რამე.

არაერთი შემთხვევაა, როცა რაიმე  ცუდი ხდება მოზარდებს შორის, სკოლა იჭერს პოზიციას, რომ ეს მას არ ეხება, თუკი ეს მოხდა სკოლის ფარგლებს გარეთ. რამდენად გამართლებულია ასეთი დამოკიდებულება?

ეს ძალიან ცუდი პოზიციაა. კონფლიქტი ყველა სკოლაში ხდება, მაგრამ მისი მართვა არის მნიშვნელოვანი, რადგან ზოგჯერ რაც გვგონია, რომ კონფლიქტს მოაგვარებს, სწორედ ის ამწვავებს კონფლიქტს. თუ კონფლიქტი სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ სკოლა თავისუფალია პასუხისმგებლობისგან. გავაფრთხილეთ მშობელი და ავუხსენით, რომ რთული სიტუაციაა? არა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ თავზე.

რამდენად ახერხებს სკოლა დაინახოს კონფლიქტი და დანაშაულის პრევენცია მოახდინოს? 

ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ სკოლა თავის სიმაღლეზე დგას.  მასწავლებლებიც რაღაც სიდუხჭირის თუ პრობლემების გამო, ვეღარ იღიმებიან და, შესაბამისად, ვეღარ არიან პროდუქტიული ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი მოქმედებს მოზარდებზე. ერთხელ შევნიშნე ,რომ მე-7 კლასელები მოწყენილები იყვნენ და არ მომეწონა. შევიყვანე კაბინეტში, ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და გული გადამიშალეს. აღმოჩნდა, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ სახლში და ის ხუთი ბიჭი შეიკრიბა იმიტომ, რომ ერთნაირი პრობლემები ჰქონდათ. ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რომ სახლში კონფლიქტები არ ჰქონოდათ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლებთან და ასე შემდეგ.

ბავშვი ყველაზე მეტად ოჯახში და თანატოლების მხრიდან ძალადობას განიცდის და ეს არ არის რთული შესამჩნევი. მასწავლებელი ადვილად უნდა ხვდებოდეს, რომელია მსხვერპლი და ძალიან სათუთი მოპყრობაა საჭირო ამ ბავშვების მიმართ.

თბილისში მომხდარი მკვლელობების შემდეგ ითქვა, რომ მანდატურის სამსახური უნდა გაძლიერდეს სკოლაში, ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვნი და ეფექტური რომ გახდეს პრევენცია და კონფლიქტების მართვა, რა უნდა გაკეთდეს?

ვფიქრობ, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პოლიციის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ის უნდა თანამშრომლობდეს სკოლასთან. ტრენინგ-კურსებიც უნდა ტარდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ქვეყანამაც ვაღიაროთ, როგორც უსაფრთხოების დამცველი ინსტიტუტი, რადგან ბავშვები რომ არ თანამშრომლობენ დღეს პოლიციასთან, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

ეს ნიშნავს, რომ სკოლა ვერ ასწავლის მოზარდებს სამოქალაქო ღირებულებებს?

სკოლაში ვერ მიიღო, სახლში ვერ მიიღო და უკვე ძველბიჭურ მენტალობას არის დაყრდნობილი მოზარდი. მნიშვნელოვანია, ფორმალურ განათლებაში ღირებულებებიც ჩამოუყალიბდეთ მოზარდებს და რაღაც მიდგომები განუვითარდეთ. ამისთვის მასწავლებელმა არაფორმალური განათლებაც უნდა გამოიყენოს. მარტო წიგნში თუ ვასწავლით, რომ აუცილებელია თანამშრომლობა, ჩართულობა, თუ ნასწავლს პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ, არაფერი არ გამოგვივა.

მაინც რას უკავშირებთ ძალადობის მასშტაბების ზრდას მოზარდებში და საბოლოოდ  ვისზე მოდის მეტი წილი პასუხისმგებლობა, როცა მოზარდების მხრიდან ძალადობაზე და სისასტიკეზე ვსაუბრობთ?

როგორც ფიზიკის გაკვეთილზე მოსწავლეებს უხსნიან, რომ ენერგია არ იკარგება არსად, არც ის მოვლენები იკარგება არსად, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ეს ყველაფერი ილექება ბავშვების გონებაში და შემდეგ ვიღებთ იმას, რითაც ყველაფერი უფასურდება. სახალხო დამცველის კვლევების შემდეგ სახელმწიფოს განგაშის ზარები უნდა დაეკრა, მაგრამ შედეგი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პრობლემას და არ გვინდა, რომ გამოვსწორდეთ.

მარტო სკოლის გაკვეთილებზე არ ხდება ძალადობა. მე ვნახე ურეკში გადაღებული ფოტო, სადაც სპორტული ჯგუფის ტრენერი ბავშვებს სჯის იმით, რომ ქვიშიან მიწაზე დაჩოქილი ატარებს.  ამ ბავშვების მშობლებიც იქ იყვნენ და იცინოდნენ. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საზოგადოების ცნობიერებაშიც არის პრობლემები.

 

სპილბერგის ახალი ფილმი ჟურნალისტების შესახებ ამერიკის კინოკრიტიკოსთა რჩეულია

აშშ-ს კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაერთიანებამ, კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ,  2017 წლის საუკეთესო ფილმად სტივენ სპილბერგის The Post აირჩია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებმა ტომ ჰენკსმა და მერილ სტრიპმა წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვეს.


The Post დრამაა აშშ-ში დაძაბული პერიოდის შესახებ. ფილმი ამერიკული გამოცემების, „ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდებათ ხელში ვიეტნამის ომის შესახებ.

ფილმის გმირები არჩევანის წინაშე დგანან: ან უნდა გამოაქვეყნონ მასალა და ციხეში აღმოჩნდნენ სახელმწიფო  საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ან დაემორჩილონ აშშ-ს ხელისუფლებას.

მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი. კადრი ფილმიდან ,,The Post”

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო წელს არა სპილბერგს, არამედ 34 წლის გრეტა გერვიგს ერგო ტრაგიკომედიისთვის „Lady Bird“. წლის საუკეთესო რეჟისორის ფილმში აშშ-ში მცხოვრები თინეიჯერებისა და უფროსების ურთიერთდამოკიდებულებაა ასახული.


აშშ-ს კინოკრიტიკოსთა ნაციონალური საბჭო 100 წელზე მეტია არსებობს. ტრადიციის მიხედვით, მათი ჯილდოების გაცემის შემდეგ მიიჩნევა გახსნილად  დიდი კინოდაჯილდოებების სეზონი.

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

„შეიძლება სირცხვილია ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ნაგვის ყუთიდანაც კი ამომიღია ქაღალდი, რომ მისგან სასწავლო რესურსი შემექმნა. სადაც კი მივდივარ, იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა შეხვედრები, გამოყენებულ ფურცლებს ვაგროვებ და სკოლაში მომაქვს. ფერადი ფურცლები, ფუნჯები, ზედმეტ ფუფუნებად ითვლება სკოლაში“, – გვეუბნება ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა. მასწავლებელი, რომელიც მიმდინარე წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდა საქართველოში. რატომ არსებობს სოციალური უთანასწორობის პრობლემა განათლების სისტემაში და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო რესურსების სწორად გადანაწილებას?

საქართველოს მთავრობის თითქმის ყველა წევრის შვილი განათლებას კერძო სკოლაში იღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ორი შვილის განათლებაში წელიწადში 6 233 ლარს იხდის; ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორი შვილის სწავლის საფასური კი, 7 500 ლარია წლიურად.

კერძო სკოლაში სწავლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შვილიც, რაშიც 5 250 ლარის გადახდა უწევს კახა კახიშვილს.

შვილების განათლებაში ფულს იხდის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილიც. ის ორი შვილის სწავლის საფასურს ეროვნულ ვალუტაში იხდის, რაც წლიურად 22 500 ლარს შეადგენს, მესამე შვილის სწავლის საფასური კი, 4 832 დოლარია.

სამი შვილის განათლება 14 040 ლარი უჯდება ყოველწლიურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს.

კერძო სკოლაში სწავლობენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის შვილებიც. მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მათ განათლებაში წელიწადში 9 000 ლარი იხარჯება.

2017 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს თავისი შვილების განათლებაში 7 850 ლარი და 2 000 დოლარი დაუხარჯია. როგორც მთავრობის თავმჯდომარის პრესცენტრში განმარტავენ, 7 850 ლარი ზურაბ პატარაძეს უფროსი შვილის საუნივერსიტეტო განათლებაზე დაუხარჯია, ხოლო 2 000 დოლარი ყაზახეთში ცხოვრების დროს შვილების სასკოლო განათლებაში. პრესცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც პატარაძე საქართველოში დაბრუნდა, მისმა შვილებმა სწავლა საჯარო სკოლაში გააგრძელეს, ხოლო წელს კერძო სკოლაში გადავიდნენ.

კერძო სკოლაში დაჰყავს შვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძესაც. მას შვილის სწავლის საფასური ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მიანიჭა უპირატესობა კერძო სკოლას? თალაკვაძე ამბობს, რომ მას ყველაზე მეტად ოზურგეთის სკოლა მოსწონს, რომელიც თვითონ დაამთავრა. შვილი კი კერძო სკოლაში იმიტომ მიიყვანა, რომ „ეს კარგი სკოლა ოზურგეთშია“, ისინი კი თბილისში ცხოვრობენ.

საჯარო სკოლებთან შედარებით კერძო სკოლას ანიჭებენ უპირატესობას ის მაღალჩინოსნებიც, ვინც უშუალოდ ქმნიან განათლების პოლიტიკას ქვეყანაში. მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის შვილიშვილიც განათლებას კერძო სკოლაში იღებს. ბავშვების მამა, ალექსანდრე ყანჩაველი, რომელიც ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი იყო, ამბობს, რომ კერძო სკოლას საჯაროსთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს.

„თუნდაც ის, რომ ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობენ“, – გვეუბნება ის. მაღალი ფასის მიუხედავად, ალექსანდრე ყანჩაველი ამბობს, რომ „დიდი ალბათობით მეორე შვილსაც ამავე სკოლაში შეიყვანს“. სკოლაში სწავლის წლიური საფასური, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, 2100 დოლარია მე-9 კლასის ჩათვლით, მაღალ საფეხურზე კი – 2 300 დოლარი.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს სჯერა, რომ ქვეყანაში განათლების სისტემა გაუმჯობესებულია და სახელმწიფო ზრუნავს განათლებაში სოციალური თანასწორობისა და მაღალი ხარისხის მიღწევაზე, თუმცა თავის შვილს მაინც კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში ასწავლის. დეკლარაციის მიხედვით, ის ორი შვილის (ერთი სტუდენტია, მეორე – მოსწავლე) სწავლაში წელიწადში 12 500 ლარს ხარჯავს.

„აშშ-ში როცა ვცხოვრობდით, იქ ჩემი შვილები ნაწილობრივ საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, ნაწილობრივ – კერძოში. როცა საქართველოში დავბრუნდით, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ შეძლებოდათ იმ ცოდნის შენარჩუნება, რაც ჰქონდათ მიღებული ამერიკაში“, – ამბობს მარიამ ჯაში.

დეკლარაციის მიხედვით, შვილის განათლებაში წლის განმავლობაში 5400 დოლარს იხდის პარლამენტარი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, შვილის კერძო სკოლაში მიყვანა ოჯახის საერთო გადაწყვეტილება იყო: „ჩემი ძმისშვილიც იმავე სკოლაში დადის და გვინდოდა ბავშვები ერთად ყოფილიყვნენ.“ გარდა ამისა, კაპანაძე მიიჩნევს, რომ კერძო სკოლებში აკადემიური ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლებში.

განათლების კომიტეტის წევრის, სერგო რატიანის შვილიც კერძო სკოლაში სწავლობს. პარლამენტარის აზრით, ამის მიზეზი სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკაა განათლების სისტემაში.

„საჯაროში სავალალო მდგომარეობაა. არის კვალიფიციური კადრების პრობლემა. სამინისტრო კი ვერ გეგმავს თანმიმდევრულ პოლიტიკას – ერთ წელს ერთი სქემა აქვს, მეორე წელს – მეორე და ა.შ. კარგი მასწავლებლები ვინც არიან, ისინიც კი, სახელფასო სისტემიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ მაღალი ხელფასის აღებას, რადგან ანაზღაურება საათობრივ დატვირთვაზეა მიბმული. არ ახალისებენ კარგ მასწავლებლებს, რაც მძიმე მდგომარეობას იწვევს“, – ამბობს რატიანი.

ხელისუფლების განათლების პოლიტიკას აკრიტიკებს განათლების კომიტეტის წევრი, ლელა ქებურიაც. „მართალია, ჩემმა შვილებმა საჯარო სკოლა დაამთავრეს ზუგდიდში, მაგრამ მათ დამატებითი მომზადება მაინც სჭირდებათ“. პარლამენტარის თქმით, დღევანდელი საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს ახალი თაობის მომავალი გამოწვევებისთვის მომზადებას: „გარდა ამისა, შეუსაბამობაა საჯარო სკოლის სწავლის დონესა და იმ მოთხოვნებს შორის, რომელსაც უმაღლესში ჩარიცხვის დროს აყენებენ.“

თავიანთ შვილებს კერძო სკოლებში აძლევენ განათლებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ წულაძე და ილია ვერძაძე. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძესაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავს. რამდენს ხარჯავენ შვილების განათლებაში, ქონებრივ დეკლარაციაში არც ერთს მითითებული არ აქვს.

მაშინ, როცა მმართველი გუნდის წევრები და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები თავიანთი შვილების უკეთეს მომავალზე ფიქრობენ, საქართველოში არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, კონკრეტულ საგნებში გაკვეთილებიც კი არ უტარდებათ. ასეთი სკოლა არაერთია საქართველოში.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტრო ამ დროისთვის 30 ვაკანსიაზე ელოდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის მასწავლებლების განაცხადებს, თუმცა ამაოდ. ეს იმ დროს, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრიორიტეტულია და მეცნიერება უნდა წავახალისოთ.

აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ კოორდინატორი, მაია დოლიძე გვეუბნება, რომ მასწავლებლებს მთაში წასვლა არ სურთ. მიზეზი გარემო პირობები და დაბალი ანაზღაურებაა. „ორმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ სკოლები საკმაოდ შორს იყო ხულოს ცენტრიდან და წასვლაზე უარი გვითხრეს,“ – ამბობს ის.

მაია დოლიძის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი წელს 340 ათასი ლარია, რომელიც მთლიანად პედაგოგების ხელფასებისთვის არის გათვალისწინებული. პედაგოგი, რომელიც მთის სკოლაში სამუშაოდ წავა, პროგრამიდან 500 ლარს მიიღებს (აქედან 20 პროცენტი იქვითება). „ამას ემატება კომპეტენციისა და საათების მიხედვით გათვალისწინებული თანხა, მთის კანონის ფარგლებში ერიცხებათ 30 პროცენტიც. საშუალოდ 1000-1200 ლარი გამოსდით ხელფასი“, – გვეუბნება მაია დოლიძე.

საყოველთაო უმუშევრობის პირობებში პედაგოგებისთვის არც ეს ხელფასია მიმზიდველი. მაია დოლიძე: „2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მასწავლებლებისთვის ათასი ლარი ჩავდეთ ამ პროგრამაში, იმედია დაგვიმტკიცებენ ბიუჯეტს.“

მსგავსი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ქვეყანაში ყველა მოსწავლისთვის ვერ უზრუნველყოფს თანაბარ განათლების ხელმისაწვდომობას და საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურად გადანაწილება-მართვას.

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს, ამბობს, რომ ხშირად სასწავლო რესურსებისთვის საჭირო მასალების მოძიება სანაგვე ურნებშიც კი უწევს:

„მე, პირადად, იმ ზღვრამდე ვარ მისული, რომ სანაგვედან ამომაქვს ფურცლები. გაკვეთილზე ექსპერიმენტისთვის გვჭირდებოდა ქაღალდის კალათა. ახალი ფურცლები ვერ გავიმეტე დასაკუჭად და ურნიდან ამოვიღე ფურცლები. ტრენინგების დროს გამოყენებულ ფურცლებს რომ ვკრეფ და მომაქვს, გაკვირვებული მიყურებენ.“ მასწავლებლის თქმით, სახელმწიფოსგან ყველა ბავშვი ვაუჩერით ფინანსდება, მაგრამ ეს თანხა ხშირად პედაგოგებსა და სკოლის ინფრასტრუქტურას ხმარდება, ვიდრე უშუალოდ მოსწავლეების საჭიროებებს. საკმარისი არ არის ის რესურსი, რასაც დირექტორები იძენენ სკოლებისთვის.

ლადო აფხაზავა იხსენებს, როგორ გამოართვა ერთ ლანჩხუთელ კაცს სანაგვეში გადასაგდებად გამზადებული რკინის ყუთი:

„რკინის სკივრი იყო, გამოვართვი და მოვიტანე სკოლაში. გავაფერადეთ, გავაახლეთ და სკოლის ცენტრალურ შემოსასვლელში დავდგით. სკივრში ყველა იმ საჭირო ინფორმაციას ვათავსებ, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოს სკოლის მოსწავლემ. აქამდე ეს ინფორმაციები სკოლის კედელზე იყო გაკრული, თუმცა არავინ კითხულობდა. ახლა კი თითქმის ყველა ბავშვი კითხულობს. დღის განმავლობაში 300-ჯერ მაინც ახდიან და ხურავენ სკივრს თავს“.

პედაგოგის თქმით, აუცილებელია სკოლამ შეძლოს ინოვაციური მეთოდებით ბავშვების ინტერესების გაღვივება და ყველა საჭირო რესურსის მოპოვება, თუმცა ამისთვის სკოლის მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო.

ლადო აფხაზავას მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ, ზოგადად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოციალურ თანასწორობას განათლებაში, ეს უთანასწორობა სოფლისა და ქალაქის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემია: „ინფორმაციის ნაკლებობა, ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, საერთაშორისო პროექტებთან ხელმიუწვდომელობა, ცუდი ინფრასტრუქტურა, კადრების დეფიციტი – ეს ყველაფერი ქმნის უთანასწორობას განათლებაში. მაშინ, როცა ამ ბავშვებსაც იმავე კომპეტენციების დაძლევა უწევთ ეროვნულ თუ საატესტატო გამოცდებზე,რაც იმ ბავშვებს, რომლებსაც უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი ყველა ამ სიკეთზე.“

აფხაზავას თქმით, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის, რომ სკოლაში ვერ შედის კვალიფიციური კადრი და თაობები განათლების გარეშე რჩებიან: „21-ე საუკუნეში ახალგაზრდებს დიდი გამოწვევები ელოდებათ, სკოლა კი ამ გამოწვევებისთვის ვერ ამზადებს ახალგაზრდებს.

ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ უნდა განავითაროს სკოლა პედაგოგმა ან დირექტორმა, რომელსაც პაროლი ვერ შეჰყავს კომპიუტერში და ვერ წერს? მოსწავლეს ეუბნება „სტატუსი დამიწერე ფეისბუქზე“. ან ამბობს, „მე არ მჭირდება კომპეტენციის დამტკიცება, 3-4 წელი და წავალ სახლში“. ამასობაში კი სამი-ოთხი თაობა გადის სკოლიდან და ისინი ცხოვრებისთვის მოუმზადებლები არიან“.

წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარებული ლადო აფხაზავას აზრით, ისევე როგორც პედაგოგებმა, განათლების პოლიტიკის შემქმნელებმაც კომფორტის ზონიდან გამოსვლა უნდა ისწავლონ.

„სიახლეების დანერგვას სჭირდება არაკ­ომ­ფორტულ ზონაში გადასვლა. ასეთ ზონაში გადავდივარ მეც, როცა ვსწავლობ რაღაც ახალს და ჩემს მოსწავლეებსაც იმავეს ვასწავლი. ესტონეთის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 1900 მოსწავლეა, დირექტორმა მითხრა, „მე ვარ დირექტორი, რომელიც სკოლაში არაფერს აკეთებს.“ იმიტომ, რომ მან მისცა დელეგირება სხვა თანამშრომლებს. ქართველი დირექტორები ღამის 12 საათამდე მუშაობენ, მაგრამ ბოლოს არაფერი აქვთ გაკეთებული და არც არაფერი არ ხდება ახალი, ეს იმიტომ, რომ ვერავინ ისწავლა შრომის გადანაწილება და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების და დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების შვილებსაც ერთნაირად უწევთ კომპეტენციების დადასტურება უმაღლესში მისაღებ თუ საატესტატო გამოცდებზე. ქვეყნის განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიაჩნია, რომ ეროვნული და საატესტატო გამოცდების ბარიერები უნდა აიწიოს, რადგან უმაღლესი განათლება მხოლოდ „რჩეულების“ ხვედრია.

რამდენად სამართლიანია, როცა სახელმწიფო არ უზრუნველყოფს თანაბარ გარემოს განათლებაში? – ვკითხეთ ნინო რევიშვილს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორს. ის მიიჩნევს, რომ ცვლილებებს პოლიტიკური ნება სჭირდება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ: „ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი და ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სახელი ჰქვია.“ რევიშვილის თქმით, სკოლებში არსებული უთანასწორობა არ მთავრდება აქ და მას გაგრძელება შრომის ბაზარზეც აქვს.

საერთაშორისო (TIMSS/PISA) და ეროვნული კვლევები, რომლებსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი პერიოდულად ატარებს, ნათლად აჩვენებს, რომ განსხვავება კერძო და საჯარო სკოლების, სოფლისა და ქალაქის სკოლების მიღწევებს შორის მნიშვნელოვნად იზრდება.

მაგალითად, TIMSS-სა და PISA-ს კვლევების მიხედვით, თუკი 2007 წელს საჯარო და კერძო სკოლებს შორის განსხვავება მცირე იყო მიღწევებში, 2015 წლის კვლევების მიხედვით, ეს სხვაობა გაორმაგებულია. ნაპრალი იზრდება სოფლისა და ქალაქის სკოლების შემთხვევაშიც.

კვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო რესურსების მხრივ უთანასწორობა გვხვდება მაშინაც, როცა სწავლების ენა განსხვავებულია. „თუ შევადარებთ ქართული და ეთნიკური უმცირესობების სკოლებს, საშუალო ქულა ქართულ სკოლებში არის 415, რუსულში – 407, აზერბაიჯანულში კი – 321. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული სკოლები დაახლოებით ორი აკადემიური წლით ჩამორჩებიან ქართულენოვან სკოლებს“, – ამბობს ნინო რევიშვილი.

კვლევის მიხედვით, განსხვავებებს საქართველოში განაპირობებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ნინო რევიშვილის თქმით, აქ მოიაზრება მშობლის განათლება, საქმიანობა, ის საგანმანათლებლო რესურსი, რაზეც ხელი მიუწვდება ბავშვს ოჯახში:

„ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო რესურსები – წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, კვალიფიციური მასწავლებლები, სპორტული მოედნები და ა.შ. მაგრამ, როცა სკოლა არ არის შესაბამისად აღჭურვილი, სოციალური სტატუსი ამ დეფექტს კიდევ უფრო ზრდის“.

ნინო რევიშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო თანაბარი ხელმისაწვდომობის ამაღლება სკოლის პირობებში, ოჯახის დაბალი სოციალური სტატუსი სახელმწიფომ რომ დააბალანსოს: „უთანასწორობა იქმნება მაშინ, როცა საგანმანათლებლო რესურსები სწორად არ ნაწილდება ქვეყანაში. არ იკვლევენ იმას, რა სჭირდება კონკრეტულ სკოლას და ამ საჭიროებების მიხედვით არც ფინანსები ნაწილდება“.

ნინო რევიშვილის თქმით, ის, რაც განათლებაში გვაძლევს შედეგს, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს. პოლიტიკური ფასის შედეგია ის, რომ სახელმწიფო სკოლებს არ აძლევს რეალურ დეცენტრალიზაციას და თავისუფლებას, რათა შეძლონ კონკრეტულ საჭიროებებზე დაყრდნობით ბიუჯეტის მართვა, მიიღონ კვალიფიციური კადრები სკოლაში და უფრო მეტად იფიქრონ ინოვაციებზე.

პესიმისტურია ლადო აფხაზავას პროგნოზიც: „ჩვენს მოსწავლეებს ბევრი გამოწვევა ელოდებათ წინ და ძალიან უცხო იქნება მათთვის ეს ყველაფერი, რადგან ეს თაობები ამ გამოწვევებისთვის მზად არ აღმოჩნდებიან“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერში. 

ქედის მერმა პირველ მოადგილედ როლანდ ბერიძე დანიშნა

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილედ  პროფესიით მათემატიკოსი, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ყოფილი მთავარი სპეციალისტი როლანდ ბერიძე დანიშნა.

ქედის მერმა პირველი მოადგილე თანამშრომლებს დღესვე წარუდგინა და განაცხადა, რომ კადრის შერჩევისას აქცენტი განათლებასა და კვალიფიციურობაზე გააკეთა.

რაც შეეხება მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობას ქედის მერიაში, ლევან გორგილაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი შერჩეულია და მოადგილეებს უახლოეს პერიოდში დანიშნავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მუნიციპალიტეტში არის ინფრასტრუქტურა და შესყიდვები, შესაბამისად ჩემი პირველი მოადგილე ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოადგილეების ვაკანტურ პოზიციებს, კონსულტაციები მიმდინარეობს,“- განაცხადა ქედის მერმა.

ლევან გორგილაძემ დღესვე, ქედის კულტურის ცენტრის დირექტორად პროფესიით ეკონომისტი,  ქედის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ჯამბულ სურმანიძე დანიშნა. ჯამბულ სურმანიძე ბოლო მოწვევის ქედის საკრებულოში, ნინო ბურჯანაძის პარტიის კვოტით შევიდა, რაც შეეხება 2010 წლის მოწვევის საკრებულოს, მაშინ „ნაციონალების“ კვოტით გახდა ქედის საკრებულოს წევრი.

ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტში ვაკანტურია სასპორტო სკოლის დირექტორის პოზიცია, ყოფილი დირექტორი არჩილ გორგილაძე კი ქედის საკრებულოს წევრი გახდა.

 

 

ციდან დანახული ამერიკა

ჯეფრი მილშტეინი აეროფოტოებით ყვება ლოს-ანჯელესის და ნიუ იორკის ამბებს. კადრები ჩიტის ფრენის სიმაღლიდანაა გადაღებული. მაღლიდან კარგად ჩანს ერთი შეხედვით ქაოსური ქალაქების მოწესრიგებული არქიტექტურა.

მილშტეინმა საუკეთესო აეროკადრები შეაგროვა და ერთ წიგნ LA NY-ში მოათავსა. ფოტოსერიები შთამბეჭდავ არქიტექტურულ წყობას გვიჩვენებს, რაკურსით, რომლითაც თვითონ ვერასდროს დავინახავდით ქალაქს.

მილშტეინის წიგნის პრეზენტაცია და აეროფოტოების გამოფენა ლოს-ანჯელესის კოპეიკინის გალერეაში მოეწყო 28 ოქტომბერს. ფოტოგამოფენა 2017 წლის 23 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფოტოგრაფი ქალაქების დაგეგმარებას, არქიტექტურულ წყობას გვიჩვენებს მაღლიდან, მაგრამ ითვალისწინებს ადამიანურ მასშტაბებსაც, როცა მილშტეინის ფოტოებში ადამიანები ხვდებიან ყოველთვის შესაძლებელია მათი გარჩევა.

მილშტეინი 1950-1960-იან წლებში ლოს-ანჯელესში იზრდებოდა. როგორც ახალგამოცემულ წიგნში – LA NY წერს, მისი საყვარელი გასართობი იმ დროს სანტა-მონიკას აეროპორტში, მიწაზე დაშვების პროცესში თვითმფრინავებზე დაკვირვება იყო. ბავშვობაში თვითმფრინავების მოდელებს აკეთებდა და 17 წლისამ კერძო პილოტის გამოცდებიც ჩააბარა, რომ ციდან გადაღება შესძლებოდა.

წიგნ LA NY-ში შესული მაღლიდან გადაღებული თვითმფრინავების ერთ-ერთი ფოტოსერიისთვის ჯეფრი მილშტეინმა ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის აეროპორტები და უამრავი თვითმფრინავი დაიქირავა. ფოტოგრაფი გეგმავს მომავალში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებსაც გადაუფრინოს ფოტოსერიების გადასაღებად.

მილშტეინი ამჯერად  ნიუ იორკის ერთ-ერთ შტატში, ვუდსტოკში ცხოვრობს. მისი ფოტოები New York Times-ში, GQ, European Photography-ში, American Photo-სა და სხვა გამოცემებში იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს.

ჰუდსონ-იარდის მატარებლები

ცენტრალური პარკი

თაიმს სქვერი

ნიუ იორკი. მე-5 ავენიუ

ნიუ იორკი. თაიმს სქვერი და მე-7 ავენიუ

ნიუ იორკი. თავისუფლების ქანდაკება

ნიუ იორკი. სტეივესანტი

ემპაირ სტეიტ ბილდინგი

ნიუ იორკი. კოლუმბუსის წრე

ნიუ იორკი. მიდთაუნი

ნიუ იორკი. ნავმისადგომი

გუგენჰეიმის მუზეუმი

კალიფორნია. დისნეილენდის გასართობი პარკი

აეროპორტი

კონი-აილენდი

არმი პლაზა

 

ფოტოები ჯეფრი მილშტეინის ოფიციალური გვერდიდან  jeffreymilstein.com

ინგა შამილიშვილი უსაფრთხოების საკითხებზე დირექტორებს და ბაღის ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის მენეჯერებს შეხვდა და მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებში „უსაფრთხოების რისკების“ მართვასთან დაკავშირებით ესაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა:  „მართალია, საჯარო სკოლებს აქვთ მეორე გასასვლელები, თუმცა ხშირად ეს კარები ჩარაზულია, მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი კარები ღია იყოს და არ მოხდეს მისი დალუქვა, რადგანაც საგანგებო სიტუაციის დროს კარების გახსნამ არ შეაფერხოს პროცესი,“ – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ.

წონიარისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ზეინაბ წულუკიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სკოლის გვერდით „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტრანსფორმატორია განთავსებული, რომელიც საფრთხეს უქმნის სკოლის უსაფრთხოებას და სკოლის ტერიტორიიდან  ტრანსფორმატორის გადატანა ითხოვა.

„იმ შემთხვევაში, თუკი ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდება, არის რისკი, რომ სკოლის დიდი ნაწილი განადგურდეს,“ – განაცხადა დირექტორმა.

დოლოგნის სკოლის დირექტორმა, იზოლდა ჯაფარიძემ, ქუჩის ძაღლებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, „სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია სავსეა მაწანწალა ძაღლებით, სკოლაშიც კი დაიწყეს შემოსვლა, ვითხოვთ, ამ ძაღლების გაყვანას“.

მერისის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მერისში არსებული სკოლა-პანსიონის წინ გზა მოასფალტებულია, სკოლასთან კი საავტომობილო მოძრაობის შემანელებელი არანაირი ნიშნული არ არის განთავსებული.

„ავტომობილები დიდი სისწრაფით დადიან, ვითხოვთ, სვლის შემანელებელი ხელოვნური ბარიერები მოეწყოს,“ – განაცხადა მერისის სკოლის დირექტორმა.

ინგა შამილიშვილის განცხადებით, პედაგოგების მიერ დასახელებულ პრობლემებზე რეაგირება დროულად მოხდება. მინისტრის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს გადაამზადებენ.

„შესაბამის უწყებებს მივმართავ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, რაც შეეხება სკოლებსა და საჭიროებებს, ყველა სკოლაში არის ხანძარმაქრობები და შესაბამისი აღჭურვილობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ტრენინგები არის ჩასატარებელი. ჩვენ ხელახლა გადავამოწმებინებთ ყველა სკოლას, თუ რაიმე სახის პრობლემა გამოიკვეთება, გამოვასწორებთ.

რაც შეეხება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს, მართალია, საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტებს ექვემდებარება, თუმცა მუნიციპალიტეტებთან ერთად ვმუშაობთ, არ მოხდება ბაღისა და სკოლის განცალკევება და ჩვენი ტრენინგი-მოდულით საბავშვო ბაღის თანამშრომლებიც გადამზადდებიან,“-განაცხადა მინისტრმა.

საინფორმაციო შეხვედრაზე ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, „უსაფრხოების რისკების შემცირებაზე“ პრეზენტაცია წარმოადგინა.

უსაფრთხოების რისკების შემცირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია შუახევსა და ხულოში.

ინგა შამილიშვილი ხვალ, 5 დეკემბერს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრას ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც გამართავს.

განათლების მინისტრი ქედაში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებსა და საბავშვო ბაღის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო.

„მე შევარჩიე საქართველო“

„ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. მინდა ვიმუშაო სკოლაში ფიზიკური განათლების მასწავლებლად. ამისთვის მაგისტრატურის გავლაა საჭირო,“ – გვიყვება ირენე სანც სეპერო, რომელიც ბათუმში ფეხბურთის სანახავად მეგობრებთან ერთად მიდიოდა და „ბათუმელების“ რედაქციაში გვესტუმრა.

„როცა ერასმუს პლუსის პროგრამის კოორდინატორს ვესაუბრე მაგისტრატურის შესახებ, მითხრა, რომ სამი არჩევანი მქონდა: სერბეთი, რუსეთში პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე შევარჩიე საქართველო… ვიცოდი, რომ უცხო იქნებოდა, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ. მქონდა ინფორმაცია, რომ აქ კავკასიის მთებია, კარგი ბუნება.“

გამართლდა თუ არა მოლოდინი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რაც კოორდინატორმა მითხრა. მინდოდა ისევ ფიზიკური განათლების კუთხით მაგისტრატურის გავლა, მაგრამ ინგლისურენოვანი კურსი ამ კუთხით ბათუმში არ იყო. ამიტომ ვარჩიე განათლების მენეჯმენტი. ერთი წელი ვისწავლი აქ. მერე უკან დავბრუნდები და იქ დავამთავრებ მაგისტრატურას, ისევ ალკალას უნივერსიტეტში. მაგისტრის წოდებასაც ესპანეთში მივიღებ.

მოლოდინი გამართლდა. მომწონს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარგი ლექტორები არიან, საინტერესოა აქ სწავლა.

რა არ მოეწონა ირენეს ბათუმის სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე

რამდენიმე სკოლაში ვესწრებოდი სპორტის გაკვეთილებს. ჩემი დაკვირვებით, პრობლემაა დრო. არ არის საკმარისი საათები, რაც ფიზიკურ განათლებას ეთმობა. პრობლემაა აღჭურვილობაც. პედაგოგს ხშირად არ აქვს დაგეგმილი გაკვეთილი და იგი სპონტანურად ტარდება.

მაგალითად, ბათუმის პირველ სკოლაში რაც დამამახსოვრდა, არის ის, რომ სკოლის სპორტის დარბაზის ერთ კუთხეში ისხდნენ გოგონები, ხოლო ბიჭები თამაშობდნენ. მასწავლებელი ამას მშვიდად უყურებდა, არ დაინტერესებულა, რატომ არ თამაშობდნენ გოგონები…

„მიკვირს, თავისუფალ დროს არაფერს აკეთებთ“

პირდაპირ ბათუმში ჩამოვედი. ძალიან მომეწონა აქაურობა და ბულვარში წავედი სარბენად. კულტურული შოკი, რა თქმა უნდა, მქონდა. ბულვარში სირბილის დროს მოულოდნელად ერთი ბიჭი გამეცნო და მაშინვე ფეისბუქის მისამართი მომთხოვა… მიკვირს ის, რომ ადამიანები თავისუფალ დროს არაფერს აკეთებენ. თავდაპირველად მე ქართულ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. საღამოობით ყველა თავისთვის იყო: ერთი წევრი კომპიუტერთან იჯდა, მეორე – მობილურთან საათების განმავლობაში, მესამე – ტელევიზორს უყურებდა. მერე მივხვდი, რომ ეს ოჯახი გამონაკლისი არ იყო. ეს ცოტა უცნაურია ჩემთვის. ჩვენთან, ესპანეთში უფრო დაგეგმილია ცხოვრება, ვიდრე აქ, მაგრამ ადამიანები ყოფენ დასვენების და მუშაობის დროს. ეს ერთმანეთისგან გამიჯნულია და როცა ადამიანები ისვენებენ, მაქსიმალურად ერთობიან, გამოხატავენ ემოციას. ალბათ იცით, რა ხდება ყოველდღიური შესვენების – ფიესტის დროს.

შოკი იყო ნაადრევი ქორწინებაც. როგორც ვხედავ, საქართველოში ბევრი ქორწინდება ადრეულ ასაკში. ერთი ჩემი კურსელი გოგოც ფეხმძიმეა. ჩვენთან ქორწინებისთვის მისაღები ასაკი, საშუალოდ, 30 წელია. ჯერ ადამიანმა ხომ უნდა ისწავლოს და დასაქმდეს?

შოკი არა, უფრო სიგიჟეა, რაც ქუჩებში ხდება. მუდმივად საცობია და ადამიანებმა ავტომანქანის მართვა არ იციან, ასეთი განცდა მაქვს. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა დამოკიდებულება ქვეითების მიმართ. მთავარია, ის ზის საჭესთან და გარეთ ვინ მოძრაობს, აღარ აინტერესებს.

„რა მინდა გითხრათ…“

უკვე ვიყავი სვანეთში, ძალიან მომეწონა უშგული. ყაზბეგშიც ვიყავი, კახეთშიც. ულამაზესია მაღალი მთები… ხულოშიც ვიყავი. ჩვენ ასეთი სოფლები არ გვაქვს. უფრო პატარა ქალაქებია სოფლები. მე მადრიდთან ახლოს ვცხოვრობ ქალაქ გვადალახარაში. პატარა ქალაქია, მაგრამ ყველაფერი გვაქვს: კვების ობიექტები, ბარები, კლუბები.

ამ ყველაფერს, რაც საქართველოში გაქვთ, დაფასება უნდა. ადამიანები აქ ბევრს მუშაობენ, მაგრამ, როგორც ვთქვი, თავისუფალი დროის გამოყენება კარგი იქნება. მიკვირს, როცა ასეთი კარგი ბულვარი გაქვთ და იქ თითქმის არავინაა. მნიშვნელობა არ აქვს, მზეა თუ წვიმა.

ისე, წვიმა მართლა საინტერესოა ბათუმში. წვიმა არაა ეს, უფრო ურაგანია…

ირენე სანც სეპერო სვანეთში / 2017

 

ხელფასების გადაუხდელობის გამო ექვსი მოქალაქე კომპანიას უჩივის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მცხოვრები ექვსი ადამიანი კომპანიას გადაუხდელი ხელფასების გამო უჩივის. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლე კონსტრუქცია 231“-მა, რომლის ხელმძღვანელია ლევან ჭანტურია, კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშებს კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მუშებისთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ 7 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თითოეულ მუშაზე 1100 ლარი. სამუშაოების დამკვეთი აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაცია საგზაო დეპარტამენტია.

იაშა ღორჯომელაძე, რომელიც კომპანიამ წყლის არხის მშენებლობაზე აპრილის თვეში დაიქირავა, დღემდე კუთვნილ ხელფასს ელოდება. „1166 ლარი მეკუთვნის ხელშეკრულებით, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ჭანტურია ხელფასს არ გვიხდის. ოქტომბრის შემდეგ კი საერთოდ არ გვეკონტაქტება, არც ჩვენს ტელეფონს პასუხობს“.

კუთვნილ ხელფასს უკვე მეშვიდე თვეა ელოდება ბიჭიკო ხოზრევანიძეც. „არც ერთი მუშისთვის არ გადაუხდია ხელფასი, არც ჩემთვის. ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, რომ რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე.  როგორც მონა, ისე გვამუშავეს, შემდეგ კი ანაზღაურება აღარ მოგვცეს. კანონი არ არსებობს ამ ქვეყანაში? მუშა დაუცველი როდემდე უნდა იყოს. ჩვენ უსამართლობას არ შევეგუებით. ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი იმალება და ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის,“-გვეუბნება ერთ-ერთი დაზარალებული.

„ექვსი ადამიანი ვიყავით ამ არხის მშენებლობაზე დასაქმებული, სულ 7 ათასი ლარი აქვს გადასახდელი კომპანიას ჩვენი ხელფასებისთვის“.

დაზარალებული პირები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად საგზაო დეპარტამენტსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„რაიონის ხელმძღვანელობასაც მივმართეთ და დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესაც, მან კომპანიის ხელმძღვანელზე გვითხრა, რომ „ქურდი და ყაჩაღია“ და როგორმე შეგახვედრებთ, რომ ფული გადაიხადოსო, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა. მე ვცხოვრობ ღურტაში, ყველაზე მაღალ ადგილზე, სადაც ექვსი თვე გზა იკეტება და ზამთრისთვის უნდა მოვემზადო. თუ ფქვილი, შაქარი ვერ ვიყიდე, ჩემი ოჯახი მშიერი უნდა დარჩეს,“-გვეუბნება ის.

დაზარალებული მუშები ამბობენ, რომ თუკი კომპანია არც ამის შემდეგ დაფარავს სახელფასო დავალიანებას, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

მუშების თქმით, კომპანია „ლე კონსტრუქცია 231“-ს  მიმდინარე წელს სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული და მომჩივანი მუშები მას სხვა სოფელშიც ჰყავს.   „მეზობელ სოფელში ჰქონდა ტენდერი მოგებული და იქაც დატოვა მუშები უხელფასოდ. 12 ათასი ლარი აქვს იქაც გადასახდელი, თუმცა იქ მუშებს ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული,“-ამბობენ მუშები.

„გიორგი კვირიკაშვილმა წელს განაცხადა, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდეს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დასაქმებული პირების მიმართ ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანებს აპრილიდან დღემდე არ აქვთ კუთვნილი ხელფასი მიღებული,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის კომპანიის ხელმძღვანელთან, ლევან ჭანტურიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ამ დროისთვის მისი მობილური გამორთულია.

ღურტაში მცხოვრები ექვსი მოქალაქე კომპანიას გადაუხდელი ხელფასების გამო უჩივის.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

 შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები: თ.კ., გ.შ. და ზ.წ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მოქალაქეებს – ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა – გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის,“-ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს.

1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს დაიღუპა.

რას წაიკითხავთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ნოემბრის ნომერი. ჟურნალს დღეიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე.

ფოკუსი თემაზე: სხალთელი მთავარეპისკოპოსი
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

პოლიტიკა: მოგებულები და წაგებულები
ავტორი: დათო ქოქოშვილი

ეკოლოგია: გვირაბის ჩამოშლის შემდეგ
ავტორი: ჯაბა ანანიძე

განათლება: დამალული ამბავი სკოლიდან
ავტორი: ლელა დუმბაძე

ეკონომიკა: თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ
ავტორი: თედო ჯორბენაძე

საზოგადოება: გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში! 
ავტორი: ჯაბა ანანიძე

კავკასია: ილუსტრაციებისთვის დევნილი
ავტორი: გუნელ მევლუდი

ინტერვიუ: პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი
ავტორი: ზურა აბაშიძე

ბავშვთა უფლებები: ყველაზე „ლამაზი ბავშვი“
ავტორი: თამარ ნერგაძე

უცხოეთი: მიმართვა ულტრამემარჯვენეებს
ავტორი: იან ბურუმა

პორტრეტი: მოჭადრაკე
ავტორი: ნანა კვაჭაძე

მოგზაური: ცის ფანჯარა კავკასიონზე
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ლიტერატურა: თავისუფლება ონკანებს
ავტორი: ლია ლიქოკელი

ფოტოპროექტი: მანდარინობა
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

კულინარია: დღეს რა ვჭამოთ?
ავტორი: თამარა მირიანაშვილი

„ბათუმელების” ნოემბრის ნომრის გარეკანი

ხულოში ხანძარი ლოკალიზებულია – დაიწვა სამი სახლი

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ხანძარი სოფელ ტუნაძეებში ლოკალიზებულია, სახანძრო -სამაშველო ბრიგადები კი, ადგილზე კვლავ მუშაობენ.

„სამი საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში არავინ ცხოვრობდა და სახლი დროებით სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა, ამ დროისთვის ორივე დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ. დილიდან მუშაობას დავიწყებთ იმისთვის, რომ ოჯახები დროებით ქირით დავაბინაოთ. რაც შეეხება სახლს, სადაც დროებით სასწავლო პროცესი ტარდება, სკოლის ინვენტარის ნაწილის გამოტანა და გადარჩენა მოხერხდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ მოსწავლეები გადავანაწილოთ სხვადასხვა სკოლაში და საჭიროებისამებრ ბავშვების სკოლებში გადასაყვანად ტრანსპორტი გამოვუყოთ, სასწავლო პროცესი არ შეწყდება“, – ამბობს გოჩა მელაძე.

სამივე დაზარალებული ოჯახი ხარაბაძეა. 

ხულოს სოფელ ტუნაძეებში დღეს, 6 საათზე ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და სამი სახლი, ორი ბოსელი და ერთი ნალია დაიწვა.

ცეცხლი შესაძლოა მეოთხე სახლზეც გადავიდეს – ხანძარი ხულოში

სოფელ ტუნაძეებში ხულოს გამგებლის წარმომადგენლის ოთარ ჭელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელში სამი საცხოვრებელი სახლი ბოლომდე დაიწვა. ხანძარი უკვე მოედო მეოთხე საცხოვრებელ სახლთან მდგარ ბოსელს. ოთარ ჭელიძის თქმით, მსხვერპლი არ არის. მოსახლეობამ ცხოველების გადარჩენაც შეძლო.

„სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და ხანძარი მეოთხე სახლის ბოსელზე გადავიდა, რომელთან ახლოს დგას მეოთხე სახლი. არის საშიშროება, რომ ხანძარი სახლზეც გადავიდეს“, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.
ხანძარი სოფელ ტუნაძეებში
,,„ხანძარი საღამოს, დაახლოებით 6 საათზე გაჩნდა. სახანძროსთან ერთად ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. თოვლს ვაყრით ხანძარს”, – ამბობს ზაზა ბერიძე,  სოფელ ტუნაძეების მცხოვრები.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ჩაქრობას 400 ადამიანი ცდილობს.
სოფელ ტუნაძეებში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და სამი სახლი და სკოლის შენობა დაიწვა.

ხულოში სამი სახლი იწვის

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში სამი საცხოვრებელი სახლი და სკოლის შენობა იწვის.

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით, თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ მოგვიანებით ხანძარი მეორე სახლზეც გადავიდა. ამ დროისთვის ხულოში მეხანძრეების სამი ბრიგადა მუშაობს.

მეხანძრეების ინფორმაციით,  ადამიანები დაშავებულები არ არიან.

ლაშა ბოლქვაძის თქმით, ხანძარმოდებული სახლების გვერდით ექვსი ხის სახლი დგას. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ხანძარი ამ სახლებზეც გადავიდეს.

რაც შეეხება სკოლის შენობას, როგორც მეხანძრეები ამბობენ, „ეს იყო ძველი კანტორის შენობა“, რომელსაც დროებით ჰქონდა სასწავლო დაწესებულების დანიშნულება.

ხულოში სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს შუახევიდან და ბათუმიდან.

 

 

 

რა შეცვალა ბათუმის მერიამ შშმ პირებისთვის მრჩევლის დანიშვნის შემდეგ

2015 წლის აპრილიდან ბათუმის მერს ცალკე მრჩეველი ჰყავს შშმ პირების დაცვის საკითხებში. „ბათუმელები“ შორენა მამულაძეს ესაუბრა, რომელიც 2015 წლიდან ამ პოზიციაზე მუშაობს. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაა და არა იმ პირების გადაწყვეტილებები,  რომლებსაც ის რჩევებს აძლევს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ქალბატონო შორენა, რა აჩვენა ამ ორმა წელმა თქვენთვის, რისთვის დასჭირდა მერს მრჩეველი შშმ პირების დაცვის საკითხებში? 

ეს არ ყოფილა პიარზე გათვლილი.  გიორგი ერმაკოვი რეალურად დაინტერესებული იყო იმით, რომ ამ კუთხით მდგომარეობა შეეცვალა. ასეა ახლაც. რა შეიცვალა, რთული სათქმელია. ეს იმდენად ფართომასშტაბიანი საკითხებია, ერთ და ორ წელიწადში ვერ მოგვარდებოდა, ვერც ერთი შტატი ვერ შეცვლიდა პრობლემას. ამას სჭირდება გუნდი, სამთავრობო, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ჩართულობა. ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, მაგალითად, იგივე ტერმინების გამოყენება. ძირითადად ყველა „ინვალიდს“ იყენებდა. ყველა საჯარო სამსახურშია ამის პრობლემა და უმთავრესად საზოგადოებრივი ცნობიერებაა მაინც მთავარი. მერიაში როცა მოდიან შშმ პირები და მათ სთხოვენ წარმოადგინონ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, ვერ ხვდებიან, რას სთხოვენ, როცა უხსენებენ, „ინვალიდს“, გასაგები ხდება.

შორენა მამულაძე

რა ფორმით ხართ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების დროს თქვენ, როგორც მრჩეველი? 

როცა პროგრამას ამუშავებენ, მეკითხებიან აზრს, რა როგორ ჯობია, ვესწრები ასეთ შეხვედრებს. ზოგჯერ სატელეფონო საუბრები გვაქვს… მე ვმუშაობ მერიის ლერმონტოვის ქუჩის ოფისში, მერი – ლუკა ასათიანის ქუჩაზე. ეს პრობლემაა. ხან შეხვედრა ასათიანზეა, ან ორბელიანი ქუჩის ოფისში და ისე გამოდის, რომ სამსახურამდე ვეღარ მივდივარ. სამსახურებრივად ვექვემდებარები უშუალოდ მერს და ამიტომ სასურველია, რომ ფიზიკურად მერთან ახლოს ვიყო. ახალ მერს, ლაშა კომახიძეს ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ იმედია ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

არის თუ არა ადაპტირებული მერიის ოფისები ლერმონტოვის და ორბელიანის ქუჩებზე? 

კი, ადაპტირებულია. ჩემთან მოდიან შშმ პირები. ძირითადად, მერთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან იციან, რომ ისაა გადაწყვეტილების მიმღები… ორბელიანის ქუჩაზე იყო შენიშვნა, რომ ასასვლელს არ ჰქონდა შესაბამისი დახრილობა, მაგრამ მაინც ხერხდება შეხვედრები პირველ სართულზე. იქ არის საკონფერენციო ოთახი.

კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში შშმ პირებისთვის? თქვენ რა რჩევა გქონდათ, რომელიც გაითვალისწინეს? 

ასე რთულია თქმა, ბევრია ასეთი. მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ ჩემს ხედვებს. მაგალითად, თავდაპირველად პროგრამა ითვალისწინებდა მხოლოდ უსინათლოებისთვის უფასო გაზიფიცირებას, ჩემი ჩართულობის შემდეგ ყველა კატეგორიის შშმ პირი ჩაერთო ამ პროგრამაში. სოციალურ პროგრამებში, ასევე როცა ქუჩების კეთილმოწყობა ხდება, ყველგან ითვალისწინებენ შშმ პირების ინტერესებს.

კონკრეტულად რომ გვითხრათ შენობა, ან ქუჩა, სადაც ადაპტირებული გარემო მოეწყო. 

გამოითხოვეთ ეს ინფორმაცია კეთილმოწყობის სამსახურიდან და ნახავთ… მე ასე ზუსტად არ ვიცი. მე ვიცი, რომ არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურები არიან მაქსიმალურად ინფორმირებულები და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. მაქვს სურვილი, შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ქუჩებზე რა ხდება. მარტო ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს.

რას გამოყოფდით პრობლემად, რასაც მერია ამ დრომდე არ ან ვერ აგვარებს კონკრეტული მიზეზის გამო? 

პრობლემა მაინც არის საზოგადოების ცნობიერება, დამოკიდებულება…

არ ფიქრობთ, რომ ამ შეხედულებებს შშმ პირების მიმართ ამყარებენ საჯარო მოხელეები, რომლებიც არ ქმნიან ადაპტირებულ გარემოს? 

გეთანხმებით, ასეა, მაგრამ მე ვერ მივწვდები ყველას… ჩემი სურვილია, ყველაფერი იყოს ადაპტირებული. თანაც ყოველდღიურად ჩნდება პრობლემები და არ ილევა… თქვენი აზრით, კარგი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან ვილაპარაკო შიდა სამზარეულოზე? მე მერიის თანამშრომელი ვარ. რა თქმა უნდა, იდეალურად არ არის საქმე და ეს კარგად ვიცი, ვარდისფერი სათვალიდან არ ვუყურებ ამ საკითხებს, მაგრამ არ მგონია, რომ მე უნდა ვისაუბრო ამ საკითხებზე…

ამჟამად რა პროგრამაზე მუშაობთ? 

ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჟესტური ენის მთარგმნელის მომსახურება გაჩნდეს. ამ ადამიანებს აქვთ პრობლემა საავადმყოფოსა თუ მაღაზიაში მარტივი კომუნიკაციის. დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, ახლა მუშავდება პროგრამა და გვინდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე იყოს.

თქვენი შეფასებით, ის პროგრამები როგორ მუშაობს, რაც შშმ პირებისთვის ხორციელდება? 

ყველა კარგად მუშაობს… ერთადერთი იყო სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც ვერ განხორციელდა. კლინიკები არ არიან ადაპტირებული, არ აქვთ არც პლინტუსი და არც შესაბამისი სავარძელი, ასევე შესაბამისი აღჭურვილობა.

 

მთავარ ფოტოზე: შშმ ამომრჩეველმა ბათუმში, კონსერვატორიის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე შესვლა ვერ მოახერხა/ მანანა ქველიაშვილის ფოტო

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას გაამრტივებული შესყიდვის წესით აპირებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 850 000 ლარია. სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეს აღმოსავლეთ საქართველოშიც ხედავს. გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ასე ასაბუთებს:

„მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები საშიში ინვაზიური მავნებლის – აზიური
ფაროსანას საწინააღმდეგოდ. დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, სიმინდის კულტურები და დასახლებული პუნქტების ტერიტორიები. მავნებლის პოპულაციის რიცხოვნობიდან და გავრცელების არეალიდან გამომდინარე არსებობს რეალური საფრთხე მისი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების და დიდ ფართობებზე სტრატეგიული სასოფლო სამეურნეო კულტურების მასობრივი დაზიანების. მავნებლის წინააღმდეგ მრავალჯერადად დასამუშავებელმა ფართობმა შეიძლება შეადგინოს 1მლნ ჰა.

მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ადრე გაზაფხულზე ხდება მისი გააქტიურება და გამოსაზამთრებელი ადგილებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლა. ამდენად, მის წინააღმდეგ ღონისძიებების ეფექტურად ჩატარებისათვის საჭიროა გაზაფხულზე მონიტორინგისა და ქიმიური წამლობების დროულად დაწყება. მავნებლის წინააღმდეგ სათანადო, ეფექტური ღინისძიებების დროულად გაუტარებლობის შემთხევაში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.“

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეიძენს: 200,000 ლიტრ ზეთოვანი ფორმაციის, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდს, 160,000 ლიტრ ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდს და 100,000 ცალს ფერომონიანი მისატყუებელს (ინსექტიციდი).

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას შეწამვლას მომავალი წლის აპრილიდან გეგმავს.

ყალბი ფულის გასაღებაზე ორი პირი დააკავეს

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების გასაღებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში გაასაღეს ყალბი ფული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელით თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავლის დაქირავებას აპირებს

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავალის დაქირავებას აპირებს. სახელმწიფო შესყიდვა თოვლმავალზე კურორტის ადმინისტრაციამ პირველ დეკემბერს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი დამკვეთის მიერ მითითებულ დღეებში მოსახლეობას მოემსახურება. თოვლმავალში 12 მგზავრის ადგილი უნდა იყოს.

თოვლმავალის გამოყენებას კურორტი „გოდერძი“ აპირებს ზანკა-გოდერძის უღელტეხილზე უტყუსუბნის მიმართულებით დამსვენებლების გადასაყვანად.

თოვლმავალის რეისების სავარაუდო რაოდენობა 240-ია.

„კონკიას“ თანამედროვე ვერსია ბრიტანელი რეჟისორებისგან ბათუმში

ბრიტანეთის საკონსულოს ინფორმაციით, 12 დეკემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში „კონკიას“ თანამედროვე ვერსია დაიდგმება. დადგმა ეკუთვნის ბრიტანელ რეჟისორს ქრესიდა ბრაუნის.

პიესის ამ ვერსიაზე მუშაობდნენ ბრიტანელი ხელოვანები – სელი ქოქსონი და ადამ ფექსი. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია  თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ  ღირებულებებზე.

სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების,  სიძულვილის, შურისძიების, ეჭვიანობის, გარიყულობის, გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და რა თქმა უნდა, ჯადოსნური თავგადასავლის!  შემოთავაზებული ვერსიის ერთ-ერთი ავტორის – სელი ქოქსონის აზრით,  ეს არის „ჩვეულებრივი, უბრალო ზღაპარი, რომელიც ისეთ ფუნდამენტურ კითხვაზე სცემს პასუხს, როგორიცაა რას ნიშნავს იყო ადამიანი,“-ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სპექტაკლი 12 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.  სპექტაკლი დაიდგა  ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის  ფარგლებში.

დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა.

„იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ დაინერგება მოსწავლეთათვის სპეციალური „კრავამაგას“ პროგრამა… აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიმდნარე წლის სექტემბერში მხარი დაუჭირა ჩვენი და კარატეს ეროვნული ფედერაციის ინიციატივას და მომავალი წლიდან ეს პროგრამა ამოქმედდება,“ – წერს ლადო მგალობლიშვილი. დეპუტატმა „კრავამაგას“ სადემონსტრაციო ვიდეოც გამოაქვეყნა.

„კრავამაგა“ – ეს არის თავდაცვის ილეთების ტექნიკა, ეს არ არის კარატე და ჭიდაობა,“ – განმარტავს ლადო მგალობლიშვილი „ბათუმელებთან“.  – „ისრაელში, მაგალითად, ეს ისწავლება პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. ჩვენთან ვისაც სურვილი აქვს, იმას ექნება ამაში მომზადების შესაძლებლობა. ის, რომ სკოლაში იყოს უსაფრთხო გარემო, შედგება მრავალი კომპონენტისგან. ეს არის სკოლა, ოჯახი, ფსიქოლოგი და ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს ეს. ძირითადი გზა ვერ იქნება, ამით არაფერი არ შავდება, თავდაცვის ილეთები მას მომავალშიც გამოადგება.“

ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი იმას, რომ სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ბავშვებმა უნდა ისწავლონ საბრძოლო ხელოვნება თავის დასაცავად? – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ ასე არ არის.

„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ მოსწავლეს რომ ვასწავლით თავდაცვის ილეთები, მას ექნება დაცვის საშუალება, უამრავი საფრთხეებია, მათ შორის, ტერორისტული,  მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ელემენტარული თავდაცვითი უნარები. ამის სწავლება არ იქნება სავალდებულო,“ – აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი.

დეპუტატის თქმით, სწავლა პოტენციურ თავდამსხმელსაც შეუძლია, მაგრამ პროგრამა თავდაცვის ილეთების სწავლებას გულისხმობს და არა თავდასხმის.

„მაგალითად, როცა მოდის ადამიანი დანის დასარტყმელად, ან იარაღის გამოყენების დროს, როგორ უნდა აიცილო ეს თავიდან, როგორ დაიცვა თავი მოძალადისგან. აქ, ზოგადად, საუბარია დაახლოებით 15-20 ილეთის სწავლაზე, თუ როგორ დაიცვა თავი, მოახდინო სიტუაციის ნეიტრალიზება და დატოვო ტერიტორია, შენ ჩხუბზე გადახვიდე, ამას არ გასწავლიან,“ –  გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა.

რატომ უნდა მოუწოდო მოსწავლე საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლოს და ამისთვის ფიზიკურად მოემზადოს? – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ „კრავამაგას“ სწავლებას ფიზიკური მომზადება არ სჭირდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის სწავლა ნებისმიერ ასაკში. „მე, მაგალითად, ამაში ორი წელი ვივარჯიშე,“ – დასძინა უმაღლესი საბჭოს წევრმა.

 

 

რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

აუდიო გიდები სხვადასხვა ენაზე ბათუმის მუზეუმებისთვის – ეს მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ ჩაწერა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში. კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა მთავრობისთვის და კონკრეტულად ჯერ არ იცის, რომელ მუზეუმს სჭირდება აუდიო გიდის სერვისი, ან რა დაჯდება ეს.

ბათუმში აუდიო გიდების სერვისი ქართულ და უცხო ენებზე რამდენიმე მუზეუმში წლების წინ გაჩნდა, თუმცა ამან არ იმუშავა. არქეოლოგიურ მუზეუმში აუდიო გიდით ტურისტები უკმაყოფილო დარჩნენ და მომსახურება გააუქმეს, გონიოს ციხეში კი, 10-დან 6 აპარატი მუშაობს. გონიოს ციხის ადმინისტრაციის თქმით, აუდიო გიდზე დიდი მოთხოვნა არ არის.

„აუდიო გიდის პროგრამა გვაქვს და ტექნიკური აღჭურვილობაც, მაგრამ ჩვენთან ეს არ გამოიყენება,“ – გვითხრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის განყოფილების უფროსმა, იზოლდა დუმბაძემ. მისი განმარტებით, პროგრამის აუდიო ვერსია არ შეესაბამებოდა ექსპონატებს, ასევე თხრობა ძალიან სწრაფი იყო.

„მეც როცა მოვისმინე, შეშლილივით თვალები აქეთ-იქით გამირბოდა, ვერ გავიგე ვერაფერი. ჩვენ ტექსტები მივაწოდეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და იქედან მოგვაწოდეს აუდიო ვერსიები და აღჭურვილობა. 14 ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ პრაქტიკულად ვერ იმუშავა. აუდიო გიდის საფასური 2 ლარი იყო, მაგრამ ტურისტი ყველა უკან აბრუნებდა. პროგრამა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იყო დამუშავებული. ჩემი ინფორმაციით, ჯამში 14 ათასი ლარი დაიხარჯა ამისთვის. აღჭურვილობა შენახული გვაქვს, მე მაბარია, მაგრამ 2014 წლიდან აღარ ვიყენებთ, ანუ მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩატარდა და ექვსკუთხედი კარადები გვაქვს. რეაბილიტაციამდე სადღაც ერთი, თუ ორი წლით ადრე მომზადდა აუდიო გიდის პროგრამა,“ – აღნიშნა იზოლდა დუმბაძემ.

არქეოლოგიურ მუზეუმში თვლიან, რომ აუდიო გიდის პროგრამა კარგად იმუშავებს დამთვალიერებლებში, თუ მას სათანადოდ დაამუშავებენ. იზოლდა დუმბაძე ამბობს, რომ აუდიო გიდმა შედარებით გონიოს ციხეში იმუშავა: „იქ უფრო მარტივია, ჩართავს ტურისტი ხმას, ისმენს ინფორმაციას და ათვალიერებს ციხის კედლებს. როცა ბევრია ექსპონატი და თითოეული ექსპონატის შესახებ ცალ-ცალკე უნდა მოუყვე ტურისტს, ეს რთულია.“

„დამთვალიერებლების დაახლოებით 10-15 პროცენტი იყენებს აუდიო გიდის მომსახურებას,“ – გვითხრა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, შოთა მამულაძემ. აქ აუდიო გიდის მომსახურება 5 ლარი ღირს, ჩვეულებრივი გიდი – 10 ლარი. შოთა მამულაძე თვლის, რომ ექსკურსია-მძღოლის ტრადიცია უკეთესად მუშაობს, ვიდრე აუდიო გიდი.

„აუდიო გიდი გვაქვს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დაზიანდა აპარატურა და დღეს მხოლოდ 6 ცალი მუშაობს. ჩვენ ტექსტები მივაწოდეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ტენდერით შეიძინეს ეს მომსახურეობა, რა დაჯდა არ მახსოვს,“ – აღნიშნა შოთა მამულაძემ.

აუდიო გიდის პროგრამა არ არსებობს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი, ოთარ გოგოლიშვილი თანამედროვე მუზეუმისთვის აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევს მსგავს სერვისს. იგი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კომპანიას შეხვედრია, რომელიც მუზეუმისთვის აუდიო გიდის სერვისს შეიმუშავებს. ოთარ გოგოლიშვილმა ვერ გვითხრა, რომელ კომპანიას შეხვდა, ან ვინ გადაიხდის ფულს აუდიო გიდის პროგრამის შესაქმნელად.

„თვითონ შემოგვთავაზეს, გავაკეთებთო, რა ინტერესი აქვთ, არ ვიცი. კიდევ უნდა შევხვდე და კონკრეტულად შემდეგ გეტყვით, რა გადაწყდება. როგორც ვიცი, წლის ბოლომდე უნდა ჩამოვიდნენ ისევ და გაირკვევა ყველაფერი,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი.

უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ აუდიო გიდი, პირველ რიგში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უნდა გაკეთდეს.

„მე მქონდა ეს შეთავაზება. იდეა ჯერ სამინისტრომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მისი განხორციელება,“ – თქვა ლადო მგალობლიშვილმა.

აუდიო გიდის პროგრამის შექმნისთვის დაფინანსებას აჭარის ბიუჯეტი ჯერ არ ითვალისწინებს. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განმარტებებს ორშაბათს გააკეთებენ.

ზვიად ელიზიანი, ტურიზმის ექსპერტი: „უცხოეთში ძალიან ბევრ მუზეუმს აქვს აუდიო გიდი და ეს სისტემა კარგა ხანია მუშაობს. ეს არის დამატებითი სერვისი და შემოსავალი მუზეუმისთვის. მეორე: ეს კომფორტულია ტურისტისთვის, რომელიც დამოუკიდებლად იღებს ინფორმაციას მუზეუმში. ყველა შემსვლელი ხომ არ აიყვანს გიდს, ასევე ყველა შემსვლელ ჯგუფს რომ ცალკე გიდი შეჰყვეს, უფრო მეტ დროს მოითხოვს დათვალიერება. რაც შეეხება გონიოს ციხეს, მისი სპეციფიკა სულ სხვაა, გონიო ქალაქგარეთაა და იქ გიდი ძირითადად მიჰყვება ჯგუფებს“.

რომელი პარტიები მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან – ცესკოს მონაცემები

ცესკომ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება და ამისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 8 მილიონ 939 157 ლარი დაიხარჯება.

დაფინანსებას ბიუჯეტიდან ის პოლიტიკური პარტიები იღებენ, რომლებმაც წინა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 %-იანი ბარიერი გადალახეს. ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბარიერგადალახული პოლიტიკური ბლოკის წევრები იყვნენ.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას 27 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, შემდეგი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან  2017 წლის ნოემბრიდან:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 2 081 038
  2. „თავისუფალი დემოკრატები“ – 512 196
  3. „ლეიბორისტული პარტია“ – 472 812
  4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 991 726
  5. „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 378 849
  6. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 378 849
  7. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1 036 126
  8. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507 174
  9. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241 625
  10. „თავისუფალი საქართველო“ – 87 024
  11. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241 625
  12. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 270 995
  13. „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87 024
  14. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“  – 87 024
  15. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87 024
  16. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87 024
  17. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195 511
  18. „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195 511

მთავრობა ფაროსანასთან საბრძოლველად ტექნიკას ყიდულობს – ვის შეხვდება აპარატები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას საწინააღმდეგო 1 135 ერთეული აპარატის შეძენას მომავალი წლის ბიუჯეტიდან გეგმავს. შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან აჭარის უმაღლესმა საბჭომ შენიშვნებში ჩაწერა, რომ საჭიროა 2 500 ცალი.

„გუშინ მივიღეთ უმაღლესი საბჭოს შენიშვნები. განვიხილავთ ამ წინადადებას და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი აპარატი შევიძინოთ, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

საიდან დადგინდა, რომ 1135 შესასხურებელი აპარატია საკმარისი? – სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ კვლევის შედეგად მაღალი გავრცელების რისკის ზონები გამოიკვეთა და თითოეულ სოფელში დაახლოებით 10-12 ცალი აპარატი დაურიგდებათ ფერმერებს. მამუკა თურმანიძის თქმით, ესაა ძირითადად ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლები, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის ნაწილი. რამდენიმე აპარატი გაიცემა ხულოსა და შუახევშიც.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თითოეული აპარატის შეძენას, სავარაუდოდ, 1840 ლარად აპირებს, ხოლო ფერმერი მას თანამონაწილეობის პრინციპით შეიძენს. სახელმწიფო ღირებულების 80 პროცენტს დაფარავს.

„ეს აპარატი ბაზარზეც არის და მისი ღირებულება 2000 ლარია. ჩვენ რის შეძენასაც ვაპირებთ, მისი ტექნიკური მახასიათებლები გაცილებით კარგია… ფერმერს შეუძლია ეს აპარატი განათავსოს ბაღში და გადაადგილების გარეშე შესაძლებელი იქნება ნახევარი ჰექტარის შეწამვლა,“ – აღნიშნავს მამუკა თურმანიძე.

ზაფხულსა და შემოდგომაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფენტრინი“ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა. გამოიყენეს თუ არა ეს პრეპარატი ფერმერებმა? მამუკა თურმანიძე ადასტურებს, რომ ფერმერების ნაწილმა პრეპარატის გამოყენებაზე უარი თქვა.

„იყო შემთხვევები, როცა არ გამოიყენეს… ჩვენ გავაცანით ინსტრუქცია, რომელიც ამ პრეპარატს ახლავს. რეალურად იგი დიდი ტოქსიკურობით არ გამოირჩევა. ტოქსიკური, ზოგადად, ყველა ქიმიური პრეპარატია და ბევრად უფრო ტოქსიკურია ის პრეპარატები, რასაც ისინი ბაზარზე ყიდულობენ. ბაზარში ყიდვის დროს მათ არავინ ესაუბრება ტოქსიკურობაზე. ჩვენ სოფლებში შევიყვანეთ მექანიზაციის საშუალებებიც, ტრაქტორები, რომლებიც უფასოდ მოემსახურა მოსახლეობას, ვინც პრეპარატი გამოიყენა,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მამუკა თურმანიძე.

როდის უნდა გამოიყენოს ფერმერმა „ბიფენტრინი“? – მამუკა თურმანიძის თქმით, ზამთარში პრეპარატის გამოყენებას აზრი არ აქვს. „გაზაფხულზე შეასხუროს ჯობია, როცა ფაროსანა ისევ გამოვა გარეთ.“

ურთულესია სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ ექიმებთან რამეს მიაღწიო – ყოფილი პატიმარი

„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა.

დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით.

ბარბარეს ტაძრის კელიაში ვცხოვრობ. არ მინდა ახლობლები შევაწუხო. შვილი და 2 შვილიშვილი მყავს, ცხოვრების მთავარი სიხარული ეს არის, რისთვისაც ვცოცხლობ. მინდა კარგი მამა და ბაბუა ვიყო“, – გვიყვება რამაზ ასლანიშვილი. პატიმარი, რომელიც სასჯელს 15 წელი იხდიდა.

ფოტო:დემოკრატიის ინსტიტუტი

გათავისუფლების შემდეგ ძალიან გაუჭირდა დასაქმება. დამსაქმებლებს გულწრფელად უყვებოდა ნასამართლობის შესახებ, რაც ხშირად ხდებოდა უარის მიზეზი. თუმცა რამაზი ამბობს, რომ ადამიანურად ესმის, რატომ უჭირს დამსაქმებელს სამსახურში მიიღოს თანამშრომელი, რომელსაც 6 ოპერაცია აქვს გადატანილი. 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ცხოვრების აჩქარებული რიტმს ნელ-ნელა ეწევა:

„რთულია ცხოვრების რიტმს უცებ დაეწიო, თუმცა ყველაფერი რთულია ქვეყანაზე, შრომა აუცილებელი და გარდაუვალი რამ არის. გარდაუვალ და აუცილებელ რამეებზე კი წუწუნი არ ღირს, სიყვარულით უნდა ვშრომობდეთ. ხომ იმისთვის ვწვალობთ, ახლობლებს შევეშველოთ, შევუმსუბუქოთ? არის ამაში რაღაცნაირი შვება.

მალე გამოფენის მოწყობას ვაპირებ. მამა შიოს და დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის დახმარებით ხეზე კვეთისთვის აუცილებელი ხელსაწყოები შევიძინეთ. წლებია ხელით ვმუშაობდი, არსებობს დანადგარები, რომლებიც შრომას გიმარტივებს და მეტი სიზუსტით აკეთებს ყველაფერს. შრომა არ მეზარება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს გადატვირთვის საშუალებას“.

ფოტო: დემოკრატიის ინსტიტუტი

ბოლო ოპერაცია უროლოგიის ცენტრში გაუკეთეს აპრილში, როგორც ამბობს, დიდი ხარვეზით. თითქოს კენჭი ამოუღეს, ღუდუშაურის საავადმყოფოში კი ოპერაციიდან 25-ე დღეს უთხრეს, რომ კენჭი იმავე ადგილას იყო, სადაც ოპერაციამდე ჰქონდა. ამბობს, რომ არასწორად გაკეთებული ოპერაციის სანაცვლოდ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს:

„იცოდნენ, რომ აღარ გავჩუმდებოდი. ძალიან რთულია პატიმარმა რაიმეს მიაღწიოს ციხის შიდა ადმინისტრაციულ წრეებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან დაკავშირებული კლინიკის ექიმებთან. სულ მქონდა დავიდარაბა სამედიცინო დეპარტამენტთან, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. ცდილობდნენ უმნიშვნელოდ ექციათ ჩემი საქმე და არ გამოკვეთილიყო პრობლემები. ცხრაჯერ მივიყენე თვითდაზიანება, რომ ჩადგმული სტენტი ამოეღოთ. მატყუებდნენ, თითქოს მუდმივი სტენტი მქონდა ჩადგმული. რომ დამეჯერებინა და არ ამომეღო, სხეულშივე გაიხრწნებოდა უცხო სხეული… ბოლოს კი ყველაფერი ფატალურად დამთავრდებოდა. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, პატიმრობის პერიოდში მათ ჩემს მკურნალობაში მინიმუმ 160 ათასი ლარი დახარჯეს. 70-ჯერ დამჭირდა ციხიდან სხვადასხვა კერძო კლინიკაში გადაყვანა.

ერთი და იგივე ოპერაცია ხუთჯერ გამიკეთეს. ერთ თვეში სამი ოპერაცია რატომ უნდა დასჭირდეს ადამიანს, თუ ყველაფერი ნორმალურადაა გაკეთებული?!. დავუშვათ საზოგადოებისთვის ვიყავი მიუღებელი, მძიმე მუხლით გასამართლებული პატიმარი, მაგრამ ექიმისთვის ხომ ჩვეულებრივი პაციენტი ვარ?!“.

რამაზ ასლანიშვილმა შპს „ჰელსს“ მათი ექიმების დაუდევარობის გამო უჩივლა და კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო. ამბობს, რომ თანხა მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი და მხოლოდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულებისგან.

„ყველაფერმა ჩაიარა. ახლა ვოცნებობ საკუთარი სახელოსნო მქონდეს. ხატების კვეთა ჩემთვის სიხარული, შინაგანი დიალოგია საკუთარ თავთან. შეიძლება საქმიანობისას ვინმე ახლოს იდგეს გვერდით და დამიძახოს, მაგრამ არ მესმოდეს, ისე ვიყო ჩართული პროცესში“.

ოცნებობს საკუთარი ნაკეთობებით შეძლოს არსებობა, როცა წამალი დასჭირდება არავინ შეაწუხოს. ახლაც საავადმყოფოებზე და წამლებზეა დამოკიდებული. ოცნებობს, როცა ექიმი დასჭირდება საკმარისი თანხა ჰქონდეს, იყოს კარგი მამა გოგონასთვის, კარგი ბაბუა შვილიშვილებისთვის.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს  ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მეწყერი შუბნის თემში – გზა, რომელიც საფრთხის შემცველია

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის თემში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში შუბნის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა.

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულიად გაიწმინდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. „გზა გაიხსნა, მაგრამ მეწყერი აქტიურია, არის ალბათობა, რომ ისევ განვითარდეს მეწყრული პროცესი. მეწყერი გუშინ განვითარდა, გავწმინდეთ, თუმცა დღეს განმეორებით ისევ ჩამოვიდა მიწის მასა“ – ამბობს შუახევის მერი.

შუახევის მერის ინფორმაციით ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება შუბნის თემში შემავალ კობალთის უბანს, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელ სახლებამდე დამაკავშირებელი საუბნო გზა, გეოლოგების დასკვნით, საფრთხის შემცველია და მეწყრული პროცესები ხშირად აქტიურდება. მერის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაჭრას ამ უბანში მცხოვრები 10 ოჯახის პრობლემა, თუმცა როგორ – ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.

ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე აცხადებდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კობალთის უბანში მცხოვრები 10 ოჯახის განსახლების გეგმას განიხილავდა.

ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლის ოთხსართულიანად გადაკეთება სურთ

ძველ ბათუმში, ჟორდანიას #9-ში მოქალაქე ორსართულიანი ისტორიული სახლის რეკონსტრუქციას და კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. გარდა იმისა, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მასზე შემორჩენილია ძველი მასკარონები [ ქვაზე გამოსახული ადამიანების სახეები], ქუჩას კი შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სიმწყობრე.

სახლის რეკონსტრუქციას მოქალაქე ხასან გორგაძე აპირებს. მან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უკვე მიმართა, საბჭომ კი ერთხელ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და უარიც უთხრა – „სიმაღლის გამო“.

მიმართავს თუ არა ზონალურ საბჭოს მშენებლობის ინიციატორი სახეცვლილი პროექტით? – ამის თაობაზე „ბათუმელებმა“ თავად ხასან გორგაძეს ვერ ჰკითხა.

ჯერჯერობით სააგენტოს მხოლოდ ჟორდანიას #9-ის რეკონსტრუქციაზე ნებართვის მიღების თხოვნით მიმართეს. ეს სახლი, ისე როგორც მის გვერდით არსებული კიდევ ერთი ორსართულიანი სახლი პოლიეთილენის პარკითაა შეფუთული.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არსებობს პრაქტიკა, როცა მშენებლები რამდენჯერმე მიმართავენ საბჭოს ერთსა და იმავე პროექტით და დაჟინებით ითხოვენ მის მხარდაჭერას.

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ მოქალაქესთან შეხვედრას აღარ აპირებს.

კომპენსაციას საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ მირანდა ნაკაშიძეს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სთავაზობს. მიხეილ უჯმაჯურიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და ყველა პროცედურას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უმტკივნეულოდ დასრულდეს მედიაციის პროცესი“.

რა თანხას სთავაზობს სახელმწიფო მოქალაქეს 419 კვადრატული მეტრი სახლის დათმობის სანაცვლოდ? – მოქალაქის თქმით, მას 200 დოლარს სთავაზობენ კვადრატულ მეტრში და სხვა ოჯახებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს. გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი კონკრეტულ თანხას კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით არ გვისახელებს. მიხეილ უჯმაჯურიძე განმარტავს, რომ ტენდერით შერჩეული სერტიფიცირებული აუდიტორული კომპანია თითოეულ სახლს ინდივიდუალურად აფასებს.

„ბუნებრივია, არის მაღალი ანაზღაურებაც შეთავაზებული სხვა ოჯახებისთვის. ეს ინდივიდუალური შეფასების საგანია, მაგალითად, როგორი სახლი აქვს, რა დაჯდება იმავე სახლის აშენება და ასე შემდეგ. ამ ზოლში, მახინჯაურს ვგულისხმობ, სხვა ოჯახთან არ გვაქვს პრობლემა კომპენსაციის ნაწილში,“ – აღნიშნავს მიხეილ უჯმაჯურიძე.

როდემდე გაგრძელდება მოლაპარაკება და გამოიყენებს თუ არა გზების დეპარტამენტი იძულებით აღსრულებას? – გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის ხელმძღვანელი გვპასუხობს: „იძულებით აღსრულებას არ ვიტყოდი, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“

 

„ელესამ“ ახალი აუდიოალბომი გამოუშვა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა  „ელესამ“ მეორე აუდიოალბომი გამოუშვა.  „ელესას“ აუდიოალბომის პრეზენტაცია ოფიციალურად  გუშინ, 30 ნოემბერს,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობის“ ორგანიზებით გაიმართა.

ალბომი, რომელშიც „ელესას“ მიერ შესრულებული ცხრამეტი ძველი აჭარული სიმღერაა ჩაწერილი, „ქართული გალობის“ მოძრავმა სტუდიამ ადგილზე, ქედაში ჩაწერა.

„ელესამ“ პირველი აუდიოალბომი 2016 წელს, ანსამბლის 25-ე  წლის იუბილეზე გამოსცა. პირველ დისკში 20 სიმღერაა ჩაწერილი.

ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ანსამბლი „ელესა“ 2013 წელს ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა ნომინაციაში – „ახალი თაობა“  .

2006 წლის პირველ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იანვარში ვადა გასდის

2018 წლის პირველი იანვრიდან მოქმედების ვადა ეწურება იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც 2006 წლის პირველ აპრილამდეა გაცემული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების საგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლას  გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებთ. სავალდებულო მოთხოვნაა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა). ახალი მოწმობის აღების, ან შეცვლის შემთხვევაში, დღეს არსებული ღირებულება – 15 ლარი, უცვლელი დარჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1-ელ სექტემბრამდე. ამავე პერიოდში საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

2014 წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), არის 15 წელი.

იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), არის 5 წელი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ აღებულ მართვის მოწმობებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში მართვის მოწმობას ვადა ეწურება საზღვრის კვეთიდან ერთი წლის შემდეგ. „ვადის გასვლის შემდეგ პირი, რომელიც ფლობს საზღვარგარეთ აღებულ მართვის მოწმობას, უნდა მოვიდეს სააგენტოში, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გაიცეს თუ არა მასზე მართვის მოწმობა,“ – გვითხრეს მოსამხურების სააგენტოს პრესსამსახურში.

ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დადგმა დაიწყეს

ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დამონტაჟება დაიწყეს. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის დამონტაჟებას და მორთვას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, ყველა ნათურა კი, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე ტრადიციულად 25 დეკემბერს აინთება.

ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი.

შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის მთავარი თემა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც. ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ის ხედვები და ინიციატივები გააცნო, რაც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის – საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საგანგებო ვითარებაში ოპერატიული რეაგირება და სავალალო შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილება, თუნდაც სპეციალური სამსახურების მოსვლამდე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოხდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება. ამასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა, ბიუჯეტში გაითვალისწინონ ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებებისათვის საჭირო დაფინანსება.

გუშინ, 30 ნოემბერს, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას არ დასწრებია სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი. „ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესსექტორს, რომ ჩაატარონ ტრენინგები,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გოდერძიზე ავიარესიები ამ სეზონზე არ განხორციელდება

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ხელისუფლების მიერ წელს, ზაფხულში, დაანონსებული ავიარესიები არ განხორციელდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სამინისტრო იმ მიწების გამოსყიდვაზე მუშაობს, სადაც ვერტმფრენისთვის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი უნდა მოეწყოს.

როცა სამინისტრო აეროდრომისთვის საჭირო მიწის ფართობს მესაკუთრეებისგან გამოისყიდის, სპეციალურ მოედანს მოაწყობს, ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან შემდეგ ეტაპზე განახორციელებს.

2017 წლის ზაფხულში ხელისუფლება გოდერძიზე ახალი სეზონიდან ვერტმფრენის დანიშვნას  აანონსებდა და აცხადებდა, რომ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობდა, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდებოდა.

სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ ავიარეისები „გოდერძიზე“ მომავალი სეზონიდან შესრულდება. რაც შეეხება მიწის ფართობს,  სამინისტრო აეროდრომისა და დამხმარე ნაგებობებისთვის ჯამში სულ 3 900 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს გამოისყიდის.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთები მოსახლეობიდან უნდა გამოისყიდონ.

რა გადაწყვიტა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის საქმეზე“

საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღემდე, როცა რომელიმე კომპანიას ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა დაეკისრებოდა სასამართლოს მიერ, მას მხოლოდ კანონით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადა ჰქონდა თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შესატანად. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვადა გონივრული არ არის და საერთო სასამართლოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ზარალის ანაზღაურების ვადა.

მოსარჩელე ასევე ითხოვდა ამ კუთხით გამოსული სასამართლო განჩინების გასაჩივრების უფლებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.


საკონსტიტუციო სასამართლომდე კომპანია „კორჯიან მანგანეზიმ“ საერთო სასამართლოებს მიმართა, როცა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ შუქს გაუთიშავდა. ამ შეტყობინებამდე „ჯორჯიან მანგანეზს“ ე.წ. გარანტირებული სიმძალვრის საფასური გაეზარდა „ელექტრონული ტარიფების შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად.

საკონსტიტუციო სარჩელში კომპანია წერს, რომ ტარიფი 2015 წლის ოქტომბერში გაიზარდა, ნოემბერში კი ელექტროენერგიის საფასურმა მილიონ 230 216 ლარი შეადგინა, 907 955 ლარით მეტი, ვიდრე წინა თვეში.

„იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა საწარმოს კოლაფსს და, სავარაუდოდ, ადამიანთა მსხვერპლს გამოიწვევდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზრის ოპერატორს, სადავო აქტებიდან გამომდინარე დავალიანების გამო, მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა აეკრძალა,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2016 წლის 29 მარტს ისევ მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მოითხოვა სადეპოზიტო ანგარიშზე 5 მილიონ 047 936 ლარის შეტანა. ეს მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

კომპანიამ ამ თანხის შეტანა სადეპოზიტო ანგარიშზე ვერ მოახერხა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მას სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლებაც არ ჰქონდა.

„ამ ვალდებულების შესრულებას შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხებს, რის თაობაზეც სასამართლოს უკვე ეცნობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება კი ნიშნავს, რომ ბაზრის ოპერატორი შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას, რაც საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევს“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

 

 

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი.

„კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს და ბინას, მიყიდონ მათ 200 დოლარად გარემონტებული სახლი მახინჯაურში. თავდაპირველად მითხრეს, რომ განსახლება არ მეხებოდა. საბოლოოდ სამხარაულის ექსპერტიზამ მომცა დასკვნა, რომ შევდივარ სიაში,“ – გვითხრა მირანდა ნაკაშიძემ.

მოქალაქე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი არის სამსართულიანი და 419 კვადრატული მეტრია. სახლი 10 მეტრით არის ავტობანს დაშორებული. სახლში, რომელიც აღებაშია, მირანდა ნაკაშიძე მეუღლესთან, ორ შვილთან, დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.

მირანდა ნაკაშიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ წარმოადგინა ფოტომასალები, რის მიხედვითაც ჩანს, რომ სახლი გარემონტებულია.

თეთრი სახლის საშობაო მორთულობამ ამერიკელებს საშინელებათა ფილმები გაახსენა

აშშ-ში თეთრი სახლი უკვე მორთეს შობის დღესასწაულისთვის. თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირველი ლედი მელანია ტრამპი ფეისბუქისა და ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე საშობაო სამზადისის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ.


როგორც პირველმა ლედიმ განაცხადა, ტრამპები შობის პირველ დღესასწაულს თეთრ სახლში, ტრადიციული წესებით აღნიშნავენ და მორთულობაც ტრადიციული იქნება.

ოფიციალურ განცხადებაში მელანია ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის, ისევე, როგორც ამერიკის მოსახლეობისთვის, სადღესასწაულო ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ლედი იმედოვნებს, რომ  საშობაოდ მორთულ თეთრ სახლში სტუმრები თავს ისე იგრძნობენ,  როგორც საკუთარ ოჯახში.

ფოტო მელანია ტრამპის ფეისბუქგვერდიდან

 

ფოტო მელანია ტრამპის ფეისბუქგვერდიდან

ამერიკელებს სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდათ ტრამპების გემოვნებით მორთულ თეთრ სახლზე. სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აღფრთოვანებას ვერ მალავს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ პირველმა ლედიმ თეთრი სახლი  ყინულის დედოფლის სამფლობელოს დაამსგავსა, ბევრს ტიმ ბარტონის საშობაო საშინელებათა ფილმები გაახსენდა, ბევრმაც ცივი შუქით განათებული, თეთრი სახლის გრძელი დერეფნები ფილმ „ნათების“ შემზარავ კადრებს მიამსგავსა.

 

 

 

B2B – სამედიცინო ტურიზმის დღეები ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში სამედიცინო ტურიზმის დღეები გაიმართება. B2B (business to business} პირველად ტარდება და მისი მიზანია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების უშუალო მონაწილეობით.

პროექტში 22 ქართულ კლინიკასთან ერთად მონაწილეობენ სამედიცინო სერვისების შემსყიდველი კომპანიები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან: რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

ორგანიზატორების განცხადებით, კომპანიებს შორის ძირითადად ქართული კლინიკებისთვის პოტენციური პარტნიორები არიან შერჩეული, რაც კლინიკების მენეჯმენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ორი დღის განმავლობაში  პირისპირ შეხვდნენ და გააცნონ კომპანიებს ყველა იმ სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი, რაზეც შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა საქართველოში.

პროექტის ორგანიზატორია შპს „ბითუბიდეისი“.

პროექტი ხორციელდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ღონისძიება 9 დეკემბერს, 10 საათზე,  სასტუმრო Wyndham Batumi-ს საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.

Exit mobile version