მთავარი,სიახლეები

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება

04.12.2017 • 20189
„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“ – ეს წარწერა ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ფოტოზე გააკეთა. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტისა და აგრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გახშირებულია შემთხვევები, როცა მოზარდები გარჩევების დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლექსიკით საუბრობენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა ძველბიჭური ლექსიკისა და ე.წ. ქუჩური გარჩევების მომძლავრებაში სახელმწიფოსა და სკოლის პასუხისმგებლობას თანაბრად ხედავს.

ბატონო ლადო, როგორ ფიქრობთ, ე.წ „ძველბიჭური მენტალობა“ რამდენად ძლიერია დღეს ახალგაზრდებში, თუ გქონიათ პრაქტიკაში მსგავს შემთხვევებთან შეხება და რამდენად ხშირია ეს?

სამწუხაროდ, მომრავლდა შემთხვევები ქალაქებშიც და მუნიციპალიტეტებშიც, როცა  მოზარდები, რომლებმაც საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახდინეს, სკოლიდან წავიდნენ და არც სამუშაო აქვთ, ე.წ. ბირჟაზე დგანან. გარდატეხის პერიოდში ბავშვები, სამწუხაროდ, ისევ ირჩევენ ლიდერად ასეთ ადამიანებს და მოსწავლეების თვალში მიმზიდველად გამოიყურებიან. ვფიქრობ, ამაზე პასუხისმგებლობა მოდის სკოლაზეც, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სკოლიდან მიდიან. ანუ მისი ქცევის კორექცია თვითონ ამ სკოლაში კი არ ხდება, არამედ უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვს იშორებენ თავიდან.

სკოლა იშორებს თავიდან, და სად უშვებენ ბავშვებს?

არ ვიცი, სკოლიდან სკოლაში დადიან ასეთი ბავშვები და ბოლოს ერთ რომელიმე სკოლაში იყრიან თავს. ასეთ ბავშვებთან ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს. ჩვენთან სკოლაში ორი ბავშვი იყო რთული ქცევის. თვითშეფასებაც დაბალი ჰქონდათ, ამიტომ, ერთ-ერთ აქტივობაში ჩავრთე, დიდ ფურცელზე მათი ფოტოები დავაკარი და მოსწავლეებს  ვუთხარი, რომ თბილი კომენტარები დაგვეწერა მათთვის, რადგან ხშირად ამბობდნენ  ეს ბიჭები, რომ ბავშვებს  არ უყვარდათ ისინი. შემდეგ ეს პლაკატი გადავეცით მათ და როცა წაიკითხეს, ტიროდნენ. იმდენად იმოქმედა ამ სითბომ მათზე.

ამ პატარა აქტივობამ,  ფაქტობრივად, შეცვალა ეს ბიჭები. სასკოლო აქტივობებშიც ჩაერთნენ, რეიტინგულ სისტემაშიც, ზრუნავენ კლასის გამარჯვებაზე და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ როცა ბავშვი ძალიან რთული ქცევისაა, ჩვენ მუდმივად ვუჩიჩინებთ „გაჩერდი“, „როგორ შეიძლება ეს“, რაც შედეგს არ იძლევა. ტრანსფორმაციას იწვევს ამ ადამიანების ჩართულობა პროცესებში და მათთან კომუნიკაცია.

სწორედ ამიტომ ვაკეთებ ხშირად აქტივობებს სიძულვილის ენაზე, ძალადობის თემაზე მოსწავლეების თანამონაწილეობით.  ახლახან  90  ბავშვი შევარჩიე ლანჩხუთის სკოლებიდან და გავაკეთეთ  პროექტი, – „არა ძალადობას“. ამ ბავშვებმა ეს ტრენინგ-მოდული თავიანთ სკოლაში უნდა წაიღონ.

როგორ ფიქრობთ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ანტიპროპაგანდა  შეცვლის სურათს? მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმა, თუ უნდა შეიცავდეს ამ საკითხებზე მსჯელობას, რომ მოზარდებმა იცოდნენ  ამ მენტალობის ნეგატიური გავლენა და შედეგები?

ცალკე თემად არ ვიცი, მაგრამ სკოლას შეუძლია ისეთ აქტივობებზე გააკეთოს აქცენტი, რაზეც ბავშვები დაფიქრდებიან. კარგია ძალადობის წინააღმდეგ კამპანიები, რომელშიც ბავშვები თვითონ მონაწილეობენ. შესაძლებელია მოზარდებს გავაცნოთ მსხვერპლი, ვესაუბრო იმაზე, რა თვისებები აქვს მოძალადეს. როცა ბავშვს ეს ეცოდინება და შემდეგ ამ თვისებებს საკუთარ თავში აღმოაჩენს, შეეცდება, რომ გამოსწორდეს. მარტო ვიძახოთ, რომ ძალადობაა, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია მეტი შრომა.

რატომღაც მასწავლებლებს გვგონია, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უფროსებს თუ მოეწონებათ, მაშინ გამართლებულია. მე ისეთ აქტივობებს ვაკეთებ, სადაც მოსწავლეები გრძნობენ კომფორტულად თავს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ნამუშევარია მნიშვნელოვანი, ის არის ყურადღების ცენტრში და არა სხვა რამე.

არაერთი შემთხვევაა, როცა რაიმე  ცუდი ხდება მოზარდებს შორის, სკოლა იჭერს პოზიციას, რომ ეს მას არ ეხება, თუკი ეს მოხდა სკოლის ფარგლებს გარეთ. რამდენად გამართლებულია ასეთი დამოკიდებულება?

ეს ძალიან ცუდი პოზიციაა. კონფლიქტი ყველა სკოლაში ხდება, მაგრამ მისი მართვა არის მნიშვნელოვანი, რადგან ზოგჯერ რაც გვგონია, რომ კონფლიქტს მოაგვარებს, სწორედ ის ამწვავებს კონფლიქტს. თუ კონფლიქტი სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ სკოლა თავისუფალია პასუხისმგებლობისგან. გავაფრთხილეთ მშობელი და ავუხსენით, რომ რთული სიტუაციაა? არა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ თავზე.

რამდენად ახერხებს სკოლა დაინახოს კონფლიქტი და დანაშაულის პრევენცია მოახდინოს? 

ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ სკოლა თავის სიმაღლეზე დგას.  მასწავლებლებიც რაღაც სიდუხჭირის თუ პრობლემების გამო, ვეღარ იღიმებიან და, შესაბამისად, ვეღარ არიან პროდუქტიული ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი მოქმედებს მოზარდებზე. ერთხელ შევნიშნე ,რომ მე-7 კლასელები მოწყენილები იყვნენ და არ მომეწონა. შევიყვანე კაბინეტში, ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და გული გადამიშალეს. აღმოჩნდა, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ სახლში და ის ხუთი ბიჭი შეიკრიბა იმიტომ, რომ ერთნაირი პრობლემები ჰქონდათ. ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რომ სახლში კონფლიქტები არ ჰქონოდათ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლებთან და ასე შემდეგ.

ბავშვი ყველაზე მეტად ოჯახში და თანატოლების მხრიდან ძალადობას განიცდის და ეს არ არის რთული შესამჩნევი. მასწავლებელი ადვილად უნდა ხვდებოდეს, რომელია მსხვერპლი და ძალიან სათუთი მოპყრობაა საჭირო ამ ბავშვების მიმართ.

თბილისში მომხდარი მკვლელობების შემდეგ ითქვა, რომ მანდატურის სამსახური უნდა გაძლიერდეს სკოლაში, ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვნი და ეფექტური რომ გახდეს პრევენცია და კონფლიქტების მართვა, რა უნდა გაკეთდეს?

ვფიქრობ, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პოლიციის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ის უნდა თანამშრომლობდეს სკოლასთან. ტრენინგ-კურსებიც უნდა ტარდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია ქვეყანამაც ვაღიაროთ, როგორც უსაფრთხოების დამცველი ინსტიტუტი, რადგან ბავშვები რომ არ თანამშრომლობენ დღეს პოლიციასთან, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

ეს ნიშნავს, რომ სკოლა ვერ ასწავლის მოზარდებს სამოქალაქო ღირებულებებს?

სკოლაში ვერ მიიღო, სახლში ვერ მიიღო და უკვე ძველბიჭურ მენტალობას არის დაყრდნობილი მოზარდი. მნიშვნელოვანია, ფორმალურ განათლებაში ღირებულებებიც ჩამოუყალიბდეთ მოზარდებს და რაღაც მიდგომები განუვითარდეთ. ამისთვის მასწავლებელმა არაფორმალური განათლებაც უნდა გამოიყენოს. მარტო წიგნში თუ ვასწავლით, რომ აუცილებელია თანამშრომლობა, ჩართულობა, თუ ნასწავლს პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ, არაფერი არ გამოგვივა.

მაინც რას უკავშირებთ ძალადობის მასშტაბების ზრდას მოზარდებში და საბოლოოდ  ვისზე მოდის მეტი წილი პასუხისმგებლობა, როცა მოზარდების მხრიდან ძალადობაზე და სისასტიკეზე ვსაუბრობთ?

როგორც ფიზიკის გაკვეთილზე მოსწავლეებს უხსნიან, რომ ენერგია არ იკარგება არსად, არც ის მოვლენები იკარგება არსად, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ეს ყველაფერი ილექება ბავშვების გონებაში და შემდეგ ვიღებთ იმას, რითაც ყველაფერი უფასურდება. სახალხო დამცველის კვლევების შემდეგ სახელმწიფოს განგაშის ზარები უნდა დაეკრა, მაგრამ შედეგი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ პრობლემას და არ გვინდა, რომ გამოვსწორდეთ.

მარტო სკოლის გაკვეთილებზე არ ხდება ძალადობა. მე ვნახე ურეკში გადაღებული ფოტო, სადაც სპორტული ჯგუფის ტრენერი ბავშვებს სჯის იმით, რომ ქვიშიან მიწაზე დაჩოქილი ატარებს.  ამ ბავშვების მშობლებიც იქ იყვნენ და იცინოდნენ. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საზოგადოების ცნობიერებაშიც არის პრობლემები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: