1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ სახელწოდებით რამდენიმე ღია ბარათიც დაიბეჭდა, ფოტოები გამოჩნდა ქართულ პრესაშიც.
დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი
ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო.
მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის საჭიროებებს. მეუღლეც ეხმარებოდა და მალე ძლიერ ოჯახად იქცნენ, რომელსაც სხვების დახმარებაც შეეძლო.
„არასოდეს ვამბობდი უარს ხელის გამართვაზე. როცა აღარ გიჭირს, კარგად ხარ და ახლობელს დახმარება სჭირდება, რა თქმა უნდა, დაეხმარები. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ურთიერთობა ძალიან დაგვეძაბა ოჯახში ნათესავების გამო: ქმარი დაჟინებით მთხოვდა მესესხებინა პროცენტიანი თანხა მისი დეიდაშვილებისთვის, რომლებსაც ოქროს ბიზნესის წამოწყება სურდათ და არ ჰქონდათ საწყისი თანხა. ჩვენ კარგად ავაწყეთ ყველაფერი და რატომ არ უნდა გავუმართოთ ხელი სხვებსაცო – მაქეზებდა მეუღლე და ამაში ცუდს მეც ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ თავიდანვე მეძნელებოდა პროცენტიანი თანხის ჩემი სახელით სესხება და უარს ვამბობდი. ეს იყო ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზეზი“, – ყვება ყოფილი პატიმარი ნინო კ.
მიუხედავად იმისა, რომ ნინოს თავად არ სურდა თანხის სესხება, ქმრის ოჯახმა და ნათესავებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქალის საბოლოო გადაწყვეტილებაზე და დაიყოლიეს. ქმრის ნათესავმა ნინოს სახელით აღებული სესხი არ გადაიხადა, მიიმალა და მერე ქვეყნიდანაც წავიდა, ისე, რომ ოჯახის წევრებისთვის, როგორც ნინოს არწმუნებენ, უცნობია, სად გაქრა ადამიანი.
საქმე ეხებოდა 18 ათას ლარს, რომლის პროცენტსაც ნინო თავიდან მაშინაც კი ფარავდა, როცა ქმრის ნათესავი ვერ იხდიდა, მაგრამ მერე ვეღარც მან შეძლო პროცენტის გადახდა და ვალმა 45 ათას ლარს გადააჭარბა. მევალეებმა ნინოს სასამართლოში უჩივლეს. როგორც ნინო ამბობს, მის მაღაზიაში შეიჭრნენ და საქონელი დაიტაცეს.
ქმარი ნინოს ურჩევდა უკრაინაში გაქცეულიყვნენ და ასე აერიდებინათ თავიდან სასჯელი, თუმცა ცოლი ქმარს ამ წინადადებაზე არ დასთანხმდა: სამივე შვილის წაყვანას ვერ მოახერხებდნენ და მიმალვასა და შვილის საქართველოში დატოვებას ქალმა პატიმრობა არჩია – თავისით ჩაბარდა. ნინოს მეუღლე კი უკრაინაში წავიდა და მას შემდეგ იქ დასახლდა.
„სასამართლოზე ყველა მგულშემატკივრობდა, პროკურორიც კი და ხშირად იმეორებდა: რა დააშავა ამ ქალმა, რა ამის ბრალიაო, ყველაზე მცირე სასჯელი დამაკისრეს, რაც კი თაღლითობის მუხლით შეიძლება განისაზღვროს – 4 წელი და რამდენიმე თვე. ამნისტიის შედეგად თვეები მომაკლდა და სრული 4 წელი ვიყავი საპატიმროში. 2008 წელს დამიჭირეს, 2013-ში გავთავისუფლდი. შვილებს ბებია ზრდიდა, გოგონა 16 წლის მოიტაცეს ჩემი პატიმრობისას, ახლა 26 წლისაა და შვილები ჰყავს“, – გვიყვება ნინო.
ძალიან გაუჭირდა ციხესთან შეგუება. არ ტოვებდა სირცხვილის, შიშისა და უიმედობის განცდა, მაგრამ, როგორც ამბობს, ფიქრების შეკავება ისწავლა, საქმე გაიჩინა, რომ ფიქრის დრო არ დარჩენოდა: მძივებით ნივთების გაფორმება, ხატწერა და ხელსაქმე. მერე დრო ნელ-ნელა გავიდა და ბოლოს აღმოაჩინა – ციხეში რომ არ მოხვედრილიყო, ვერც იმ ადამიანს გაიცნობდა, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებს.
„გამათავისუფლეს და ჩემს ტანჯვას საზღვარი მაინც არ ჰქონდა, მეგონა, რომ თითოეულმა უცნობმა, რომელიც ქუჩაში მხვდებოდა, იცოდა ჩემი პატიმრობის შესახებ და მაქილიკებდა, ცუდად მიყურებდა. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი ფსიქიკის პრობლემა იყო, აკვიატებული აზრი, რომლიც უნდა დამემარცხებინა და მალევე მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს და სინამდვილეში არავის არავისთვის აქვს ამდენი დრო სხვის განსჯას შეალიოს. პირველი, რაც გათავისუფლებულს თვალში მომხვდა იყო თბილისის ქუჩებში ერთიანად მომრავლებული უამრავი მანქანა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თავზარდამცემი იყო ქუჩაში ხმაურისა და მანქანების თვალშისაცემად გაზრდილი რაოდენობის დანახვა“, – აგრძელებს ნინო ამბავს.
გათავისუფლების შემდეგ ნინო ხშირად სტუმრობდა ქალს, ვისთან ერთადაც სასჯელს იხდიდა. მასთან ნინომ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამ თვეში ახალი ოჯახი შექმნა. შვილებს გაუხარდათ, რომ დედა მარტო აღარ იქნებოდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ნინო ახლა სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. მისდევენ სოფლის მეურნეობას და თავს ასე ირჩენენ. ჰყავთ რამდენიმე ძროხა, მათ შორის ერთ-ერთი დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის დაფინანსებით შეიძინეს, რომელიც ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების გაძლიერებას ისახავს მიზნად. რძისა და ყველის რეალიზაცია ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ ნინო ამბობს, რომ ფინანსურად მათ ძირითადად საბერძნეთში სამუშაოდ წასული დედამთილი ეხმარება.
„აღარ ვენდობოდი ადამიანებს, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მეორედ შევქმნიდი ოჯახს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემმა ახლანდელმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთა, ადამიანების ნდობა რომ დამბრუნებოდა. ყველაფერი უცნაურად მალე მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ხუხულასავით ჩამომენგრა პირველი ოჯახი, რომელიც სიმწრით და წვალებით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც საერთოდ არ ვგეგმავდი“, – ასრულებს ნინო თავის ამბავს.
სატელეფონო ინტერვიუს ვწერთ და მის შესახებ მხოლოდ ხმის ტემბრით, თხრობის რიტმით, ისტორიის მიხედვით შემიძლია შთაბეჭდილება შემექმნას. 44 წლის ქალის ხმა ცოცხალ, მხიარულ ქალს ჰგავს, რომელსაც ცხოვრება ძალიან უყვარს და ყოველი სევდიანი მონაკვეთის მოყოლის შემდეგ რამე ხუმრობასაც ჩაურთავს უსიამოვნო ამბის გასანეიტრალებლად. გრჩება შთაბეჭდილება, რომ სიცოცხლისმოყვარული ადამიანები ყოველთვის იგებენ ამავე სიცოცხლესთან ნებისმიერ ბრძოლას.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გამო ქვის ჯვარს გადაიტანენ
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართულია ჯვარიც, რომლის გადატანის საკითხზე მოლაპარაკება ეკლესიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ჯვარს ეკლესიის მიერ შერჩეულ ადგილზე გადაიტანენ, თუმცა სად, მთავრობაში ვერ აკონკრეტებენ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ფიქრობდნენ ახალი საკათედრო ტაძრის აშენებას. იყო შესაბამისი ხელმოწერებიც, თუმცა ამ დროისთვის ადგილი ბათუმში, სადაც საკათედრო ტაძარი აშენდება, შერჩეული არ არის.
„ჯვარს, ვიდრე საკათედრო ტაძრის მშენებლობის საკითხი გადაწყდება, დროებით, რომელიმე მშენებარე ტაძართან გადაიტანენ“, – გვითხრეს ეპარქიაში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შესაძლოა ჯვარი დროებით, ბაგრატიონის ქუჩის მხარეს გადაიტანონ, საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, რათა სამუშაოები არ შეფერხდეს.
ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. შპს „სტადიონმა“, რომელიც სტადიონის მშენებლობას უწევს ზედამხედველობას, რამდენიმე დღის წინ მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურებაზე გამოაცხადა ტენდერი.
როგორც შპს „სტადიონში“ აცხადებენ, საფეხბურთო სტადიონი V კლასს მიკუთვნებული ნაგებობაა, რომლის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. ამასთან, კანონით, აუცილებელია სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის განხორციელების ეტაპების დასრულება დაადასტუროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
„ტენდერით შევარჩევთ ექსპერტს, რომელიც ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვალდებული იქნება მოვიდეს, დაადასტუროს და ეს ინფორმაცია გადაიგზავნება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში. სულ იქნება დაახლოებით 13-დან 15-ეტაპამდე“, – აცხადებს სულხან ხალვაში, შპს „სტადიონის“ დირექტორი.
შპს „სტადიონმა“ კიდევ ერთ, მშენებლობის ზედამხედველის შერჩევაზე უნდა გამოაცხადოს ტენდერი, რომელიც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას გააკონტროლებს. ტენდერის გამოცხადებამდე კი, როგორც კომპანიაში გვითხრეს, მიმდინარე სამუშაოებს მათი ინჟინერი ზედამხედველობს.
შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.
ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტიდან მშენებელ კომპანიას შპს „სტადიონის“ ანგარიშიდან გადაუხდიან არა 99,4 მილიონს, არამედ 117,3 მილიონ ლარს, საიდანაც „ანაგი“ 18 მილიონამდე ლარს, როგორც დღგ-ს, გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი
სოფლებისა და დაბების განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განახორციელებს.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ პროექტი სამეტაპიანია და გრანტების გაცემა პროექტის ბოლო ეტაპზე განხორციელდება. თუ რა სახის პროექტები დაფინანსდება, ამას აქტიურ მოქალაქეთა მმართველი საბჭო და გრანტები შემფასებელი კომისია გადაწყვეტს.
„პროექტის პირველი ეტაპი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ე.წ. ლაგის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მეორე ეტაპზე სოფლის განვითარების სტრატეგია უნდა დამუშავდეს, ხოლო ბოლო, მესამე ეტაპი გრანტების გაცემას გულისხმობს, პროექტი ოთხწლიანია და 2017 წლის სექტემბერში დაიწყო.
„ამ დროისთვის ლაგის ჩამოყალიბება დასრულებულია – ქედაში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ, რომლის შემადგენლობაში 266 ადგილობრივია დარეგისტრირებული. ლაგის ფორმირების შემდეგ, წევრებმა ფარული კენჭისყრით მმართველთა საბჭოს 15 წევრი აირჩიეს. ამ თვეში მმართველი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს, რის შემდეგაც ლაგის ინსტიტუციური გაძლიერებას დავიწყებთ და მმართველთა საბჭოს წევრებს ტრენინგებს ჩავუტარებთ“, – ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.
მმართველთა საბჭოს 15 წევრიდან 4 ქალია, 11 – კაცი [საბჭოს წევრები არიან გიორგი აბულაძე, თამილა ბალაძე, დავით ღოღობერიძე, ნიაზ შერვაშიძე, ზაზა დავითაძე, ფრიდონ სირაბიძე, თენგიზ თედორაძე, მალვინა კონცელიძე, ნათია ტვილდიანი, ფრიდონ ბოლქვაძე, რაულ ცინცაძე, თამარ აბულაძე, სოსო შერვაშიძე და ვლადიმერ თებიძე].
მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველთა საბჭოს წევრებს გადაამზადებს, 15-წევრიანი შემადგენლობა სოფლის განვითარების სტრატეგიას დაამუშავებს. სტრატეგიის დამუშავებასთან ერთად შეიქმნება გრანტების შემფასებელი კომისია, რომელიც შეაფასებს შესულ პროექტებს და გადაწყვიტს რომელი პროექტი დააფინანსოს.
დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა მოქალაქემ პროექტი უნდა წარუდგინოს მმართველთა საბჭოს. იმ შემთხვევაში თუ მმართველთა საბჭო და გრანტების შემფასებელი კომისია წარდგენილ პროექტს მოიწონებს, პროექტი დაფინანსდება. თუცა ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, ძირითადად, რა სახის პროექტები დაფინანსდება და რა თანხით. ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც სოფლის განვითარების სტრატეგია დამუშავდება.
„ვინ მიიღებს დაფინანსებას და რა პროექტი დაფინანსდება ამას ლაგის მმართველთა საბჭო და პროექტების შემფასებელი კომისია გადაწყვეტს. გრანტებისა და დაფინასების კომპონენტი პროექტის ბოლო ეტაპია, გრანტების გაცემა კი მაშინ დაიწყება, როდესაც სტრატეგია დამუშავდება, გამოიკვეთება პრიორიტეტული სფეროები“.
ამ დროისთვის არც ის არის დაზუსტებული, ორი მილიონი ევროდან მესამე ეტაპზე კომპონენტზე რა თანხა დაიხარჯება. ნინო გაფრინდაშვილის თქმით 2 მილიონი ევრო პროექტის მთლიანი ღირებულებაა და ამ თანხით ფინანსდება, როგორც ლაგის ჩამოყალიბება, ასევე სტრატეგიის შემუშავება. ამ თანხით გადაამზადებენ მმართველთა საბჭოს წევრებსაც.
რაც შეეხება ანაზღაურებას, მმართველთა საბჭოს წევრებისთვის, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებენ, პროგრამულად ხელფასი გაწერილი არ არის.
ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ათვისებას არასამთავრობო ორგანიზაცია CENN უზრუნველყოფს.
თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – თურქეთში უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეიძლება.
ბათუმში და მის შემოგარენში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც დილით მიდიოდნენ თურქეთის ახლომდებარე ქალაქებში სამუშაოდ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ, ზედიზედ 90 დღის განმავლობაში საზღვრის კვეთის შემდეგ, გრძელვადიანი ვიზის აღება მოუწევთ.
დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც თურქეთის ვიზის მისაღებად არის საჭირო, ასე გამოიყურება: დამსაქმებელთან დადებული სამუშაო ხელშეკრულება ან მოწვევა, ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ, 1 ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ყველა საბუთი უნდა იყოს თარგმნილი თურქულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.
თურქეთის ვიზის მიღების მსურველმა ეს დოკუმენტები ბათუმში ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინოს.
ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან ახლოს რამდენიმე ბიუროა, სადაც ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება 110-120 ლარი ღირს.
საკონსულოში ვიზის მისაღებად წინასწარი შესატანი 50 დოლარია. საკონსულოში საბუთებს დილის საათებში იბარებენ, დღის მეორე ნახევარში კი ვიზის მსურველი მოქალაქეები იღებენ სპეციალურ კოდს. მოქალაქე ამ კოდს უგზავნის თურქეთში თავის დამსაქმებელს ან მოწვევის გამომგზავნს, რომელმაც 10 დღის ვადაში უნდა მოახერხოს და შესაბამის სამსახურებში ვიზის საკითხი გაარკვიოს. მას შემდეგ, რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვა, მოქალაქე მიდის ისევ საკონსულოში, დამატებით 110 დოლარს იხდის და ვიზას იღებს.
სავიზო პროცედურებისთვის მოქალაქეებს მინიმუმ 160 დოლარისა და 120 ლარის გადახდა უწევთ.
თურქეთში ლეგალურად დასაქმებისთვის სამუშაო ვიზა აუცილებელია. მოქალაქე ვიზასთან ერთად იღებს თურქეთში ცხოვრების ნებართვას და სამედიცინო დაზღვევას.
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში. რა თქმა უნდა, უცნობია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ყოველდღიური მიმოსვლის რეჟიმში მუშაობდნენ.
რაზე თანხმდებიან და რაზე ვერა ბათუმში აფეთქებული სახლის მცხოვრებლები მერიას
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მაცხოვრებლებს ბათუმის მერია ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება. შეხვედრა დაზარალებულებსა და ბათუმის მერს შორის რამდენჯერმე შედგა. მერიამ მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინები შესთავაზა. დღეს, 10 იანვარს დაზარალებულთა ნაწილმა შეთავაზებული ფართობები ნახა.
ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები გურამ აბაშიძე ამბობს, რომ ფართობი, რომელიც ბათუმის მერიამ შესთავაზა, არ მოსწონს.
„მე არ მომწონს ის ფართი, რაც შემომთავაზეს, რადგან არის ბნელი, მიუსადეგი. გორგილაძისა და ჯავახიშვილის კუთხეში შემოგვთავაზეს ბინა, ყრუ და ბნელი ფართებია. აქ [ახვლედიანის ქუჩაზე] მე სულ სხვა ფართი მეჭირა. სარდაფი და მანქანის სადგომი მქონდა. არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, შემოთავაზებულ ვარიანტზე წინააღმდეგი ვარ, ვერ დავთანხმდები,” – ამბობს გურამ აბაშიძე.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში სულ 10 ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთი დაზარალებული ლევან ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ზოგი მაცხოვრებლისათვის, ვისაც მცირე ფართი [ერთ ოთახიანი ბინა] ჰქონდა, მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, მისაღებია.
“მე არ ვიცი ჯერ რას ვიზამ. თუ ყველაფერი ისე მოგვცეს ფართის მიხედვით და ნორმალურად იქნა, მთლიანად დავცლი და წავალ. მართლა ის ხომ არაა, მეც შევდივარ ამათ [მერიის] მდგომარეობაში. იგი ხომ არაა ბოლომდე გამოეკიდო. გვეხმარებიან და ჩვენც ვგებულობთ ამ დახმარების არსს,” – უთხრა “ბათუმელებს” ლევან ტყეშელაშვილმა.
ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 2017 წლის 10 დეკემბერს, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო დაზიანდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის აღდგენა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს.
ყველაზე „ლამაზი ბავშვი“
რეკლამები, ფილმები, მოდის სამყაროსა და პოპკულტურის გაძეგლებული სახეები სილამაზის მზა კრიტერიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც უამრავი ადამიანისთვის საოცნებო და მისაბაძი მოდელია. დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი ასლის დამზადება საკუთარი თავისგან მიმზიდველი ცდუნებაა. მოდამ, კულტურამ, გარემომ იცის როგორი უნდა იყოს შენი იდეალური გარეგნობა. შენ მხოლოდ მიმსგავსება გევალება.
სილამაზის თავსმოხვეული კრიტერიუმებისგან გათავისუფლება ზრდასრულებისთვისაც კი პრობლემაა. შეფასებითი კოდური სიტყვები: „კარგი“, „ცუდი“, „ლამაზი“, „უშნო“ ბავშვობიდანვე იწყებს მოქმედებას და მოზარდები პატარა ასაკიდანვე ხდებიან სუბიექტური შეფასებების მსხვერპლი, სკოლის, მშობლებისა და სამოდელო სააგენტოების გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ძალისხმევით.
საქართველოს სკოლებში პერიოდულად შედის სხვადასხვა სააგენტო სილამაზის კონკურსების ჩატარების ინიციატივით, გარეგნული ნიშნით არჩევენ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე და ირჩევენ „კონკურსში გამარჯვებულებს“.
ფოტოსტუდია „შედოუ შაინის“ დირექტორი, ნანა მაისურაძე სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელსის“ ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ადასტურებს, რომ ქობულეთში, ბათუმში, მარტვილსა და სხვა რეგიონებში სამოდელო სააგენტო მოდელებს ეძებს სკოლებში, სადაც პერიოდულად ატარებენ სილამაზის კონკურსებს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში – ექვსიდან ოცდახუთ წლამდე. ნანა მაისურაძის თქმით, მისი „ბესტ მოდელსთან“ თანამშრომლობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური საბავშვო კონკურსები ქობულეთში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა.
„ბესტ მოდელსის“ გენერალური დირექტორის, კახი ხაბეიშვილის ორგანიზებით 2017 წელს საბავშვო კონკურსში „მის და მისტერ მარტვილი“ გამოავლინეს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბავშვების მშობლები გარკვეულ თანხას იხდიან.
სააგენტო „ნიუ ლუქ მოდელსსაც“ აქვს სასკოლო სილამაზის კონკურსების ჩატარების გამოცდილება – ბავშვები „მის და მისტერ სკოლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან ერთმანეთს. თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელი, მადონა ძაგოევა სინანულით აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია ათიდან ორ სკოლაში თუ უშვებენ, საგაკვეთილო პროცესის შეფერხების ნებას ზოგან არ აძლევენ და ყველა სკოლიდან ვერ ახერხებენ ბავშვების ჩართვას კონკურსში.
რა სარგებლობა მოაქვს და რა მიზანი აქვს სასკოლო სილამაზის კონკურსებს, არის თუ არა ბავშვის გარეგნობის შემფასებლური კონკურსები მათი უფლებების დარღვევა და ვინ არის პასუხისმგებელი „გამარჯვებული“ თუ „დამარცხებული“ მოზარდების კონკურსის შემდგომ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი გვეუბნება, რომ 2017 წელს სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ სკოლაში ბავშვების ასარჩევად სილამაზის კონკურსისთვის.
„მერიის კულტურის სამსახურიდან დამავალეს მიმეღო რომელიღაც სააგენტოს წარმომადგენლები. დარბაზი მთხოვეს, საღამოობით მოდიოდნენ, რას აკეთებდნენ, ვინ იყვნენ, რა ერქვათ და ჩატარდა თუ არა ეს კონკურსი, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ“, – ამბობს დირექტორი.
„დე, შენ, უბრალოდ, ძალიან გიყვარვარ და გეჩვენება, რომ ლამაზი ვარ, აბა, რატომ არ ამარჩიეს სილამაზის კონკურსისთვის სკოლაში?“ – პატარა ნუცა (სახელი შეცვლილია) შესჩივის დედას, რომელსაც ხანგრძლივი საუბარი უწევს, შვილი პოტენციური ძალადობისგან რომ დაიცვას.
ნუცა ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი თავისი შვილის საბავშვო ბაღის პერიოდს იხსენებს:
„მოდის ერთ დღეს ჩემი გოგონა ბაღიდან და მეუბნება: ჩემი მეგობრები პოდიუმზე გამოდიან, მე კიდე – არა. სათვალეს რახან ვატარებ, ალბათ, ლამაზი არ ვარო. გავაპროტესტე ეს ამბავი, ბაღში მივედი და ავუხსენი პედაგოგებს, რომ ყველა ბავშვი ლამაზია და გარეგნობის მიხედვით შეჯიბრი მათთვის სტრესულია. ამიხსნეს: ვიცოდით, რომ არ გადაიხდიდი თანხას და არ ჩავაბით ბავშვი კონკურსშიო. მართლებიც იყვნენ, – სილამაზის კონკურსები ბიზნესია ვიღაცისთვის და უზარმაზარი ხარჯი – მშობლებისთვის. არავინ ფიქრობს, რომ ბავშვებს აზარალებენ. შვილთან დიდი მუშაობა დამჭირდა სტრესის მოსახსნელად“.
ფსიქოლოგის თქმით, ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა დიდ გავლენას ახდენს მოზარდის მომავალ ცხოვრებაზე, რადგან ბავშვისთვის სტრესია დამარცხებაც და გამარჯვებაც: „ვმუშაობდი ერთ გოგონასთან, რომელმაც პატარა ასაკში გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში. მას მიაჩნდა, რომ ცხოვრებაში უკვე მიაღწია მთავარს. შესაბამისად, დაკარგა მომავლის ყოველგვარი მოტივაცია – სცენაზე მიღებულ დიდ ემოციებთან შედარებით აღარაფერს ნიშნავდა მისთვის ყოველდღიურად გაკვეთილების მომზადება, საკონტროლო წერის კარგი ნიშანი“.
ირმა ფეიქრიშვილის თქმით, თუ მაინც გადაწყვეტს მშობელი, რომ ბავშვები სცენაზე გაიყვანოს, უნდა გააცნობიეროს, რომ „შეჯიბრი, მარცხი, მოზარდისთვის უზარმაზარი სტრესია, რომლის გადატანაც ძალიან უჭირთ“.
სოფომ სილამაზის კონკურსში 90-იან წლებში მიიღო მონაწილეობა, მაშინ მერვე კლასში იყო და იმ ემოციაზე გვიყვება, რომელიც სცენაზე და სცენის შემდეგ ჰქონდა:
„რატომ გავდიოდი კონკურსზე, ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი, კარგად ვმღეროდი და მინდოდა რაღაც ფორმით მიმეტანა ადამიანებამდე ჩემი სიმღერები, თუმცა კონკურსი სილამაზის იყო. ჟიურის სიმპათიის ტიტული მერგო, არ ვიცოდი, ეს ზუსტად რას ნიშნავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მთავარ კონკურსში ვერ გავიმარჯვე. მახსოვს ბიჭების ყიჟინა, სტვენა და ხორხოცი გოგოების სცენაზე გამოსვლისას, ვწითლდებოდი, ნერვიულობისგან ოფლი მასხამდა და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. სისულელეა მოზარდის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება“.
სოფო ახლა გერმანიაში ცხოვრობს, მისი ქალიშვილი, 6 წლის მარტა (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთი გერმანული კომპანიის სარეკლამო სახეა, რაშიც ბავშვი სოლიდურ ჰონორარს იღებს. გათვლილია თითოეული დეტალი, რამაც პატარას გადაღებისას კომფორტი არ უნდა დაურღვიოს: დღეში მხოლოდ რამდენიმეწუთიანი გადაღების პროცესია დასაშვები, ბავშვის სახელი და გვარი არსად ფიგურირებს, დედას არ აქვს უფლება, ბავშვის ნებართვის გარეშე გაავრცელოს ფოტო-ვიდეომასალა და ა.შ.
გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძეც მიიჩნევს, რომ მშობლის უფლება და არჩევანია ბავშვის კონკურსში ჩართვა.
როგორც წესი, კონკურსის ჩატარების ინიციატორები სამოდელო სააგენტოები არიან, თუმცა ბათუმის #2 საჯარო სკოლაში სილამაზის კონკურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივით 2014 წელს ჩაუტარებიათ. როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე აღნიშნავს, ამ კონკურსმა ბავშვებზე დადებითი გავლენა იქონია.
„საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სილამაზის კონკურსში, გვინდოდა პატარებშიც ჩაგვეტარებინა, მაგრამ მშობლები უარზე იყვნენ. მონაწილე გოგონები ყოფით ცხოვრებაში არ ჩანდნენ, მაგრამ უცებ პოპულარულები გახდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ, დაიხვეწა მათი მანერები. პატარა ასაკიდანვე უნდა ტარდებოდეს სილამაზის კონკურსები, მაგრამ მშობლებს სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰქონდათ და არ ისურვეს შვილების კონკურსში ჩაბმა. ჩვენ ვისაც სურდა, ყველა ჩავრთეთ ღონისძიებაში, არავინ შეგვირჩევია. არაცნობადი სახეები მერე უცებ ცნობადები გახდნენ, ისე დაამშვენეს სცენა. ჩემი მოადგილე, მედიკო კეშელავა ისევ გეგმავდა სილამაზის კონკურსის ჩატარებას“, – ამბობს #2 საჯარო სკოლის დირექტორი.
ქუთაისში ჩატარებული სილამაზის კონკურსების ერთ-ერთი ხშირად მიწვეული ჟიურის წევრი, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ამბობს, რომ მას კონკურსის დღეს ეძახიან და არაფერი იცის ბავშვების საკონკურსოდ შერჩევის პროცედურების შესახებ. მისთვის ეს კონკურსები სახალისო შოუა, სადაც ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები არიან.
უფროსების უმრავლესობა ბავშვთა სილამაზის კონკურსებზე საუბრისას შოუს, სანახაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ფსიქოლოგები კი ერთჯერადი დღესასწაულის დასრულების შემდეგ ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ საბავშვო კონკურსების ორგანიზატორებმა ბავშვთა უფლებების კონვენციით უნდა ისარგებლონ და გაანალიზონ რა შედეგის მომტანი იქნება ღონისძიებები მოზარდებისთვის.
მაია ცირამუა ამბობს, რომ ბავშვისთვის, მოზარდისთვის გარეგნობა არ არის ნეიტრალური სფერო, ამ ასაკში ეს ყველაზე მტკივნეული თემაა:
„პირველი ომი თინეიჯერებს საკუთარ სხეულთან აქვთ. ნებისმიერი რამ, რაც მათ გარეგნობას უკავშირდება, ძალიან მგრძნობიარე ელფერს იძენს. შეიძლება თინეიჯერმა უარი თქვას ქუჩაში გასვლაზე და სკოლაში სიარულზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე და ჩაიკეტოს თუ მას, მაგალითად, აქვს აკნე. როცა მსგავს კონკურსებს აწყობენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები შორს არიან ბავშვის ინტერესებისგან.

მიმუშავია მშობლებთან, რომლებიც ბავშვების პოპულარობაზე ზრუნავენ მუდამ. ენერგია, რომელიც ბავშვის საკონკურსო, შეჯიბრობით პოზიციაში ჩაყენებას სჭირდება, განლევადია და თუ წარუმატებლობით მთავრდება კონკურსი, ამას მოჰყვება დიდი ემოციური პრობლემები, დაბალი თვითშეფასება. მშობლები ხშირად ნანობენ ბავშვების ასეთ სიტუაციაში ჩართვას და აღიარებენ, რომ ეს იყო შვილების წინაშე დაშვებული სერიოზული შეცდომა.
მშობლები, მასწავლებლები, კონკურსების ორგანიზატორები, რომლებიც მოზარდებისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემით, გარეგნობით მანიპულირებენ, ხშირად ვერ აცნობიერებენ რა ზიანი მოაქვთ ბავშვებისთვის. შეუძლებელია მსგავსი კონკურსებისგან რაიმე სახის დადებითი შედეგი მივიღოთ. არ შეიძლება ბავშვები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ვინ უფრო ლამაზია.
არ ვიცი, ვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ექიმს, რომელსაც პირდაპირ აბარია ყველაზე ძვირფასი რამ, ადამიანის სიცოცხლე თუ სკოლას, რომელიც აყალიბებს სკოლის შიდა კულტურულ ღირებულებებს. ამ კულტურის მატარებლები ხდებიან სწორედ მომავალში ბავშვები.
შვილების მუდამ რაღაც კონკურსებში ჩაბმის მოყვარული მშობლები ხშირად არიან ჰიპერმეურვეები, რომლებსაც სრული კონტროლი სურთ შვილების ცხოვრებაზე და ცდილობენ წინასწარ განუსაზღვრონ მათ გარანტირებული მომავალი. ეს გაუცნობიერებელი, სერიოზული ძალადობაა ბავშვზე, როცა მას არ აძლევ არჩევანის უფლებას, თვითონ წყვეტ მის ნაცვლად ყველაფერს და თან ძალადობას ზრუნვის მანტიაში ხვევ.“
რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ დასავლეთის ქვეყნებში? – მაგალითად, საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული.
გერმანიაში, ინგლისში, სკანდინავიის ქვეყნებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები არსად არ ტარდება.
აშშ-ში ფსიქოლოგები და ადამიანის უფლებათა დამცველები მკაცრად აკრიტიკებენ საბავშვო შოუებს – თoddlers & Tiaras-სა და კონკურს Little Miss Perfect-ს, სადაც თვალშისაცემია აქცენტი ბავშვების სექსუალურ იმიჯზე. საბავშვო შოუებისა და სილამაზის კონკურსების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში, სადაც 1993 წლის ოფიციალური სტატისტიკით 450 000 ბავშვი იყო დარეგისტრირებული, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მსგავსი კონკურსები ძალადობის მაპროვოცირებელი საშუალებაა და უხეშად არღვევს ბავშვის უფლებებს.
ლუკინო ვისკონტის ფილმში „ყველაზე ლამაზი“ ანა მანიანის გმირი მადალენა თავგადაკლული დედაა, რომელიც ოცნებობს ექვსი წლის შვილი მარია ჯეკონი კინოვარსკვლავად აქციოს. კასტინგები, რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის აგდებული, ბავშვებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დედას რეალობას აჩვენებს და შვილის ზღაპრულ მომავალზე ილუზიებს უფანტავს.
ფილმის დასაწყისში მადალენა შვილით აღფრთოვანებული, მის ვარსკვლავურ მომავალზე მეოცნებე დედაა, ფილმის დასასრულს კი, ის გარემოს სიყალბეს, შეჯიბრის აბსურდულობას და ბავშვისადმი მიყენებულ ზიანს სრულად აცნობიერებს და როცა ფილმის რეჟისორი ბავშვთან კონტრაქტის გასაფორმებლად თავად ეწვევა შინ, მანიანის გმირი ტკივილით, გამოცდილებით გაზრდილი მშობლის სიტყვებს ეუბნება მეუღლეს:
„სპარტაკ, გაყარე ეს ხალხი სახლიდან, ჩვენი შვილი ფილმში აღარ ითამაშებს“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“
პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი დაიხარჯება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა.
ცესკოს დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად 39 მილიონ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯება. აქედან 17 მილიონამდე ლარი საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის წევრების ხელფასებს მოხმარდება.
ცესკოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 28,2 მილიონი ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება; 1 მილიონი ლარი – მოხელეთა მომზადება-გადამზადებას არჩევნებისთვის; 7,6 მილიონი ლარი – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას, ხოლო 2,2 მილიონი ლარი – ამ სუბიექტთა სატელევიზიო რეკლამის განთავსებას:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.
ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობს.
„ძველ მეწყრულ ადგილზე განვითარდა მეწყერი, თუმცა არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, ტექნიკა მუშაობს, მალე აღდგება საავტომობილო მიმოსვლა“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.
ამ დროისთვის ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვს, თოვლის საფარი კი 30 სმ-ს აღწევს.
„დაბაში თოვლი არ არის, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარის სიმაღლე 30 სმ-მდეა. ამ დროისთვის გზა ღორჯომში, საციხურში, ბაკოსა და ფუშრუკაულში იწმინდება, ქედლებსა და ვაშლოვანი კი გაიწმინდა, მაღალი გამავლობის ავტომობილი ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდება“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე.
მთავარი ფოტო: დამეწყრილი გზის გაწმენდა სოფელ პანტნარში / ხულოს მერიის ფოტო არქივიდან
ბათუმის აქციაზე ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე და ჩხვირკია სასამართლომ გაამართლა
“თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,” “ეს სირცხვილია,” “ბრძოლას ვაგრძელებთ”- ასეთი შეძახილებით შეხვდა დარბაზი მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც “ბათუმის აქციის“ გახმაურებულ საქმეზე დღეს, 10 იანვარს განაჩენი გამოაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას პატიმრობა წელიწადით და ექვსი თვით მიუსაჯეს.
ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მძიმე დანაშაულია – მასობრივ ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.
“თქვენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება არ ჩაგიდენიათ,” – მიმართა მოსამართლემ მსჯავრდებულებს. დავით მამისეიშვილის აზრით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაცვლად, მერაბ ღოღობერიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. დანაშაული სამ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
“მე ვფიქრობდი, რომ მერაბ ღოღობერიძისთვის შემეფარდებია უფრო მკაცრი სასჯელი, მაგრამ მას 4 შვილი ჰყავს…” – აღნიშნა მოსამართლემ.
დავით მამისეიშვილმა ირაკლი ჩხვირკიას უთხრა, რომ ძალადობის ორგანიზება არ ჩაუდენია, თუმცა “ცდილობდით რაიმე სასიკეთო გაგეკეთებიათ პარტიისთვის, რომელმაც შემდეგ გაგრიცხათ”.
განაჩენის გამოცხადებას მერაბ ღოღობერიძე არ დასწრებია. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარე აპირებს, პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას განაჩენის დეტალური გაცნობის შემდეგ მიიღებს.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ირაკლი ჩხვირკია სწორედ ამ პარტიის წევრი იყო.
“ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივ ძალადიბაში მონაწილეობის მუხლით კიდევ 19 პირი გასამართლდა. ბრალის აღიარების შემდეგ მათ საპრიცესო შეთანხმება გაუფორმეს, გარდა ლაშა დეკანაძისა, რომელმაც დანაშაული არ აღიარა. მას ხულიგნობის მუხლით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ლევან გელოვანმა.
შსს: ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ხუთი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.ქ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ფ., თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს; მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, თაღლითური გზით 10 760 ლარი მოიგეს, შემდეგ მოგებული თანხა აიღეს და შენობა დატოვეს. კლუბის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს და სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ ხუთივე პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხელ კვალზე დააკავა.
დადგინდა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის დეკემბერში, მსგავსი თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხას რამდენჯერმე დაეუფლნენ“ – აცხადებს შსს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თურქეთთან მიმოსვლის შეცვლილ რეგულაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება
საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში მიმოსვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე ყოველდღიურად შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ახალი რეგულაციით ერთი საათით გადასვლასაც კი აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის ერთი დღე, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში, ახლა უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეეძლებათ.
ჰქონდა თუ არა თურქეთის მხარეს საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე კონსულტაციები? რატომ გადაწყვიტა მეზობელი სახელმწიფოს ხელისუფლებამ მსგავსი მკაცრი წესების შემოღება? – ამის გასარკვევად “ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ “ეს თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს თემა არ არის, იმიტომ, რომ ეხება თურქეთის რეგულაციას, რომელმაც შეცვალა თავისივე რეგულაცია და რისი სრული უფლებაც ჰქონდა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე პოზიცია ვერ ექნება“.
საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შესაბამის უწყებას არ გაუკეთებია საჯარო განმარტება თუ რას უკავშირდება ახალი რეგულაციების შემოღება.
ბათუმიდან და მისი შემოგარენიდან თურქეთში ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მუშაობენ (ძირითადად ხოფა და ქემალფაშა), საღამოს კი უკან, საქართველოში ბრუნდებიან. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის დრო მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთვლებოდათ, თუ ქვეყანაში 24 საათით ან მეტი დროით რჩებოდნენ. შესაბამისად, ეს წესი იძლეოდა საშუალებას მოქალაქეს ეცხოვრა ერთ ქვეყანაში [საქართველოში] და ემუშავა მეორეში [თურქეთში] ყოველგვარი სპეციალური ნებართვის გარეშე.
ახალი რეგულაცია ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
ბათუმი, ჩუმი დღესასწაულების ქალაქი [ფოტო]
შობა-ახალი წლის მთავარი დღეები გადაგორებულია. აფეთქდა ყველა ფოიერვერკი. აშუშხუნდა ყველა მაშხალა, გააწყეს ყველა ნაძვი, განათდა ყველა გირლიანდი და ჩაწყნარდა დღესასწაულებისგან გადაქანცული ქუჩები. ადამიანების უმრავლესობამ შვებულების ბოლო დღეების უშფოთველობას მისცა თავი. გვიან გაღვიძება, ოთახში ჯიუტად დამდგარი მზის სხივები და ცალი თვალის გახელის შემდეგ ტკბილი ფიქრი იმაზე, რომ შეგიძლია გააგრძელო მცონარება შუადღის თორმეტამდეც.
ბათუმში შუა ზამთარი ჯერ ისევ მზიანია, მაგრამ ცივა. თანახმა ხარ იანვრის მატყუარა მზეს თავი სიამოვნებით გააცუცურაკებინო და საუზმე ისევ აივანზე გირჩევნია, თუნდაც შალმოფუთულს. შენ და მეზობლის კატა დილის სუფთა, გრილ ჰაერზე ნეტარებისგან ერთად ამთქნარებთ. ჩაგორგლილი, გაქსუებული არსება ამ დამთხვევას დამეგობრებად და სამეზობლო საზღვრების წაშლად მიიჩნევს და ერთი სკუპით ხტება პატრონის აივნიდან შენსაზე. თვალით გზომავს და ტანის რხევით კუდაპრეხილი მოემართება შენკენ, რომ რძის სანუკვარ ფინჯანთან ახლოს აღმოჩნდეს. ხუთი წუთის შემდეგ შენს მუხლებზე კრუტუნებს, შენი რძიანი ფინჯანიც მისია და შენს აივანსაც იმპერატორივით ათვალიერებს.
ბათუმი ასეთი ქალაქია. მეზობლის კატა უცებ შენიც აღმოჩნდება. ძველებურ საერთო ეზოში თუ ცხოვრობ ყველა მეზობლის სადილ-ვახშმის მენიუ ძალაუნებურად გამახსოვრდება სურნელის მიხედვით და ამ ეზოების სავალდებულო, სამეზობლო დავებიც შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. უკვე იცი, როგორი წამლეკავი ქარბორბალას დატრიალება შეუძლია სხვა დროს მშვიდ, ფაშფაშა მეზობელ გუგულის თუ მერიის ნაჩუქარი დიდი, მწვანესახურავიანი სკამის გადადგმას მოინდომებს ვინმე თავნება მეზობელი ეზოს სხვა კუთხეში.
მაგრამ ახალ წელს ყველა რიგდება. ყველა მეზობელი მშვიდობის თეთრ ფიფქებს მიაკრავს საგანგებოდ დაკრიალებული ფანჯრის მინებს და ძველი ბათუმის საერთო ეზოებსა და ქუჩებში დღესასწაულისშემდგომი გარინდება ჩამოდგება დროებით. ყველას შინ ყოფნა ურჩევნია და მთელი ქალაქი საახალწლო მორთულობით იმ კანტიკუნტად მოსიარულეებს ეკუთვნით, რომლებსაც დღესასწაულის ხალხმრავლობა მობეზრდათ და მაშინ გამოდიან სასეირნოდ, როცა ქუჩები ცარიელდება.
აირჩიე საით წახვალ: ძველ ბათუმს მოივლი ფეხით თუ ახალს. ალბათ უფრო პირველს აირჩევ და საფიქრალიც აღარაფერია: ხელისგულივით ქალაქს ფეხით ან ველოსიპედით ერთ საღამოს მოივლი თუ მოინდომებ.
თუმცა ასე გადაადგილებაც შეგიძლია, თუ ვინმე ჯეელის გარეშე ვერ ძლებ და მის გარეშე ფეხის გადგმაც არსად გინდა, მაგრამ ბათუმი ველოსიპედით და ფეხით მოსავლელი ქალაქია. არ ღირს მანქანის დაბურულმა მინებმა წაგართვას სიამოვნება, რომელსაც ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში ფეხით სეირინობისას გრძნობ.
მაღაზიების ვიტრინებს ჩავუაროთ. აციმციმებული ქუჩების რიგს ეს მორთულობებიც ავსებს. გასაგებია, რომ ესეც მარკეტინგის ნაწილია, კლიენტების მიზიდვის სადღესასწაულო ფორმა, მაგრამ გავიხაროთ მარკეტინგული ბრჭყვიალით, რა გვაკლდება. მთავარია, ყველა სარეკლამო ფასდაკლების მსხვერპლად არ ვიქცეთ, გამორჩეულად სულსწრაფებმა და თავშეუკავებლებმა კი სულაც შინ დავტოვოთ საკრედიტო ბარათი და ქეშად გვქონდეს იმდენი, რამდენის დახარჯვაც ერთი საღამოსთვის არ დაგვენანება.
ესეც ბაქლავის სახლი. ბათუმში იმდენჯერ ისმის „ბაქლავა, ბაქლავამ, ბაქლავას, ბაქლავის…” იმდენგან მოგართმევენ სტუმრად მისულს ყავასთან ერთად ამ ნუგბარს, რომ ნამდვილად უნდა არსებობდეს ბათუმში მისი სახლიც და სასახლეც. ჰოდა ეს არის. ყოველთვის დაინახავთ მაღაზიაში ტკბილეულის მოყვარულ ერთ-ორ ადამიანს.
ესეც საახალწლოდ მორთული დედოფალი. აივლიან პატარა გოგოები, ჩაივლიან, აკვირდებიან, ათას სისულელეს წარმოიდგენენ და სინამდვილეში კი მანეკენს ფარატინა, თეთრი წვიმის კაბა ზუსტად ძველით ახალი წლის შემდეგ უსწრაფესად შემოაცვდება. ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ აქ შეჩერება არ ღირს, წინ უფრო საინტერესო ამბები ხდება.
თუ უსათვალოდ მოძრაობ შორიდან გეგონება, რომ აქ „დასეილებულ“ სიყვარულს ყიდიან, მაგრამ არა. ტანსაცმლის ჩვეულებრივი მაღაზიაა. მის მოპირდაპირე მხარეს კი ფეხსაცმლის მაღაზიაში, რომელიც კადრში ვერ მოხვდა და სადაც მხოლოდ შავი ფეხსაცმელი იყიდება, შეხვალ და მალევე გამოხვალ, რადგან ვერაფრით გაარკვევ რა ხელმა შექმნა, რა ზონარი უკეთია და რა გრდემლმა გამოაწრთო ფეხსაცმლის ლანჩა, 1000 ლარი რომ აწერია ამაყად.
დავივიწყოთ ეს ამბავი. რა დროს ფასებზე ლაპარაკია, როცა ასე ფერადია პარალელური ქუჩა, ზღვასთან კიდევ უფრო ახლოს.
აქვეა ოქროსფერჩუქურთმებიანი, სარკეებიანი კაფე, სადაც 25 წლის წინაც კაფე იყო, ყიდდნენ ქაფქაფა კაკაოს და ვანილიან, კრემიან ფუნთუშებს, რომელსაც შენი ბავშვობის სურნელი ასდიოდა. ცხელი სასმელის მირთმევა აქ ბავშვობის გასახსენებელი აუცილებელი რიტუალია, კაფე ისევ ისე ზღაპრულადაა მოჩუქურთმებული და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ათას ერთი ღამის შეჰრეზადად წარმოგიდგენია თავი და გგონია, რომ ათასერთივე ზღაპარს ამ აღმოსავლურ სასახლეში უამბობდა ცოლი მეფეს.
ათას ერთი ღამის კაფე თუ შეიძლება მოხვდეს კადრში, რა დააშავა ფენოვანი ხაჭაპურების და ლობიანების ვიტრინებმა? იყოს აქ. მერე რა, რომ ამეების მირთმევა ყოველდღე არ შეიძლება, შუაღამემდე აცხობს ეს ქალი, ვიტრინაც სადღესასწაულოდ მორთო. ვის არ ჩაგვიჩურთავს სწრაფად გამჭვირვალე პარკში ფენოვანები, როცა სადმე გვეჩქარება და არსად ჩამოჯდომის დრო არ გვაქვს. თან სულ დაცარიელებული ვიტრინაა, ყველაფერი გაიყიდა! კმაყოფილია გამყიდველი და კმაყოფილად აცხობს შემდეგ წყებას.
ახალ წელს თუ ხელოვნური ნაძვი გქონდა, ძველით ახალი წლისთვის შეგიძლია ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ჯუჯა ნაძვი იყიდო, მოუარო, გაზარდო და მომავალ ახალ წელს პლასტმასის ნაცვლად ბუნებრივი ნაძვით შეხვდე, რომელსაც დღესასწაულის შემდეგ სიკვდილი არ ელის.
ახალი წლის შემდეგ უამრავი სათამაშო რჩება მაღაზიებში, რომელიც წელს ნაძვზე ვერ აღმოჩნდა. ასეთ სათამაშოებს და თოვლის ბაბუებს ჯერ ვიტრინებთან დატოვებენ, სანამ დროა. მერე კი შემდეგი წლისთვის გადაინახავენ გასაყიდად.
შინ მიერეკებიან სპანჯბობებს, სპაიდერმენებს, მიკი მაუსებსა და ვარდისფერ გოჭებს. ვერც ესენი გაყიდეს მთელი დღის განმავლობაში.
ფეხით სეირნობისას ბათუმში წვიმა თუ წამოგეწევა ჩვეულებრივი ამბავია. ქოლგა, საწვიმარი და ბოტები შენს ყოველდღიურობად უნდა იქცეს თუ აქ ცხოვრებას აპირებ. წვიმაში ქალაქი სველ, მოკირწყლულ ქვაფენილებზე ირეკლება და ერთის ნაცვლად ორი ბათუმი გაქვს, თუ გაგიმართლა და თავსხმაში აღმოჩნდი.
ესეც კლასიკური გაგებით ლამაზი ქალი მაღალ ქუსლებზე, მოკლე კაბით და მოშიშვლებული მკერდით, ოღონდ ეგ არის, რომ კედელი სადაც ეს ქალი დაუკიდიათ, ცოტათი მონგრეულია და ვინ იცის როდემდე დაიჭერს რეკლამას. იქვე ახლოს კოლონადებთან კომბინიზონიანი ფადიმე გოგიტიძის ძეგლი დგას ხელში თვითმფრინავით.
მყუდრო ქუჩაზე შეიძლება მოულოდნელად გადაეყარო მცენარეების სიმწვანეში ჩაკარგულ კაფეს, რომელიც ხალხმრავლობით და ხმაურიანი მუსიკით არ გამოირჩევა, დანარჩენი კაფეებივით. შენც ეს მოგწონს. არ გშია და გზად, უბრალოდ, ფინჯანი ჩაი ან ყავა გინდა მიირთვა ნამცხვრით. ჰოდა ეს ადგილი ზედგამოჭრილად გეჩვენება: მოგწონს, რომ ყველაფერი პედანტურად ახალი არ არის, სავარძლები მოძველებულია და ულამაზესი იატაკი ალაგ-ალაგ გვარიანადაა გაცვეთილი. თავს ისე გრძნობ, როგორც სახლში, რომელსაც შენი და შენი ოჯახის წევრების არსებობის კვალი ეტყობა.
ასეთია დღესასწაულების დასასრულს ბათუმი. თუ აქ საცხოვრებლად გადაწყვეტთ ჩამოსვლას, აუცილებლად და ხშირად გეტყვიან, რომ ქალაქი ზამთრობით იწყენს და ვერ გაძლებ, მოგენატრება ხმაურიანი ქუჩები და ცხოვრების აქტიური რიტმი. მაგრამ მგონია, რომ ვინც ასე ხედავს ზღვისპირა ქალაქს, ვერ ხედავს ბათუმის ჩუმ დღესასწაულს, რომელიც არ ყვირის, არ ხმაურობს, მაგრამ სულ არსებობს კალენდარული დღესასწაულების მიღმაც. ბათუმი არის ქალაქი, სადაც შადრევანი შეიძლება მარტო ცეკვავდეს ზამთრის სუსხიან ღამეს ისე, როგორც ხალხმრავალი ზაფხულის დროს.
შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან მიმოსვლის პირობა შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ [ძირითადად ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრებლები] და ამის გაკეთება მათ შეეძლოთ შეუზღუდავად, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე თურქეთში გადამსვლელებს ამიერიდან 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით გადასვლის უფლება ექნებათ.
რეგულაციების დეტალებთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ„ N:6458 კანონის 11-ე მუხლის თანახმად „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. მე-19 მუხლის თანახმად კი „თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა”.
ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა – შესაძლოა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება”, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.
საქართველო-თურქეთის საზღვარს ყოველდღიურად ასეულობით საქართველოს მოქალაქე კვეთს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე მუშაობენ. დღემდე მათი თურქეთში ვიზიტი არ ფიქსირდებოდა როგორც 1-დღიანი. ამიერიდან თურქეთში მუშაობის მსურველ მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვის აღება მოუწევთ.
დამალული ამბავი სკოლიდან
ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება.
ნათიქს სკოლაში წასვლა არ უხარია, მეტიც, მისთვის სკოლა სასჯელივითაა. ის გასულ წელს კლასში ჩატოვეს, მიზეზი – ბიჭის ახლობლები ენობრივი ბარიერის გარდა კლასში არსებულ კონფლიქტურ გარემოს ასახელებენ. ნათიქი რამდენიმე თანაკლასელმა თავიდანვე აითვალწუნა. დასცინოდნენ იმის გამო, რომ ქართულად ვერ საუბრობდა, რომ ქართველი არ იყო. სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და ძალადობდნენ ფიზიკურადაც. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
სასწავლო წლის მიწურულს ნათიქი ექვსი აგრესიული ბიჭის წინ მარტო აღმოჩნდა. აქედან ერთი მეშვიდეკლასელი იყო, ორი – მეათეკლასელი და სამიც – თანაკლასელი. ბიჭებმა ნათიქი წააქციეს და ფეხები ურტყეს.
„დასცინოდნენ მისი ეთნიკური განსხვავებულობის გამო და „აზერს“ ეძახდნენ. სახეში აფურთხებდნენ და მანდარინის ქერქებს აყრიდნენ. აგინებდნენ დედაზე, ცუდ სიტყვებს ეძახდნენ და ფიზიკურადაც ეხებოდნენ“, – გვიყვება კონფლიქტის დეტალებს მისი ერთ-ერთი თანაკლასელი, რომელიც დასძენს, რომ ნათიქის ჩაგვრისა და ცემის ფაქტს სკოლის მანდატურიც შეესწრო და „როცა ბიჭები ფეხებით შედგნენ, მანდატურმა ძლივს გაიყვანა მოძალადეები კლასიდან“. კლასში ამ ინციდენტს სხვა მოსწავლეებიც უყურებდნენ, თუმცა ნათიქი არავინ დაიცვა.
ერთ-ერთი თანაკლასელი გვიყვება, რომ ეს ბიჭები ნათიქის დასაც ავიწროებენ, „მერხიანად კედელზე მიახეთქეს. იყო შემთხვევა, როცა ჩანთა გადაუგდეს ფანჯრიდან, გოგონამ იტირა და დედა მოიყვანა. როგორც ვიცი, დედამ ოქმიც დაწერა მანდატურთან“, – გვეუბნება ნათიქის ყოფილი თანაკლასელი.
ბიჭები აგრესიულები არიან სხვა თანატოლების მიმართაც. „გოგონებს თმებში ტყლარწს გვაწებებენ. მეც ჩამაწებეს. ბაჩის სახეზე მიაწებეს ტყლარწი, მან ხელი მოუქნია და ისინი დაემუქრნენ, სკოლიდან ვერ გახვალო.“

კლასში ცემის შემდეგ ნათიქი რამდენიმე თვით სხვა ქალაქში წავიდა. ახალი სასწავლი წლის დაწყების შემდეგ კი, ის ისევ ამ სკოლაში დაბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნათიქი მათი თანაკლასელი აღარ იყო, ყოფილი თანაკლასელები მის ჩაგვრას მაინც აგრძელებდნენ. „ბუფეტში ვიყავი ჩასული, ფეხი დამიდეს და წამაქციეს“, – გვიყვება ნათიქი წინა დღით მომხდარ შემთხვევაზე. ის ცდილობს დეტალებზე ნაკლებად ისაუბროს, თუმცა აღიარებს, რომ რამდენიმე ბიჭი მას მუდმივად ავიწროებს. „მაგინებენ დედაზე, შუა თითს მაჩვენებენ. მანდატურს როცა ვეუბნები, ის მე მიყვირის“, – ამბობს ნათიქი.
„ბათუმელები“ ბავშვის დედასაც გაესაუბრა. შვილზე ძალადობის შემთხვევებს დედაც ადასტურებს: „ორი ბიჭი განსაკუთრებით ერჩის, არ ვიცი რატომ აითვალწუნეს. აგინებენ, სახეში არტყამენ. აზერი ხარ, ლაპარაკი არ იციო ეუბნებიან. ვაპირებდი მე თვითონ გავსწორებოდი მათ, მაგრამ დირექტორმა მითხრა ჩვენ მოვაგვარებთ საქმესო. არაფერი არ იცვლება. ბავშვს მაინც სცემენ“, – გვეუბნება ის.
ნათიქის თანაკლასელი ამბობს, რომ მათ სკოლაში ჩხუბი ხშირად ხდება. „დღეს მოხდა კიდევ შემთხვევა, მეთორმეტეკლასელმა მეშვიდეკლასელს თვალთან დაარტყა და ბავშვს სისხლი წამოუვიდა. ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა კი მეხუთეკლასელს ჩაარტყა მუცელში, ფეხსაცმლის კვალი მაისურზეც ემჩნეოდა. დირექტორი ეუბნებოდა იმ ბიჭს, უნდა გაგრიცხოო“.
ამ სკოლის მოსწავლეები არა მარტო თანატოლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ. მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე გვეუბნება, რომ მას სპორტის მასწავლებელი გაკვეთილზე ყელში წვდა. „იმ ოთახში შევედი, სადაც ჟურნალი და კალათბურთის ბურთები იყო. მითხრა აქ რა გინდაო. ყელში წამიჭირა და ამწია, თან ზურგშიც მირტყამდა. მე ხელი მოვუქნიე. დამრიგებელს რომ ვუთხარი როგორ მომექცა, მან მე მომახდევინა ბოდიში“, – გვეუბნება ზურა. ინციდენტს მისი თანაკლასელიც ადასტურებს.
„ჯერ სახეში დაარტყა და ზურა დავარდა. ზურამ რატომ მირტყამო და ხელი მოუქნია. ამაზე გაბრაზდა მასწავლებელი და ყელში წაუჭირა. ყელის ორივე მხარეს წითლად ემჩნეოდა ზურას“, – გვეუბნება ის.
ზურა ამბობს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ოჯახში არ უსაუბრია. „მინდოდა მამაჩემისთვის მეთქვა, მაგრამ ვერ ვუთხარი, არც დედისთვის მითქვამს“, – ამბობს ის. ბავშვის ბებია კი, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის ფსიქოლოგიურ სიმყარეში ეჭვი ეპარება, შვილიშვილის მხარეს არ იჭერს. „კი მომეშალა ნერვები, მაგრამ… ახლანდელი ბავშვები ხომ იცი, დააშავებდნენ რამეს“, – გვეუბნება ის.
ბავშვები სპორტის მასწავლებლის მხრიდან მოზარდზე ძალადობის სხვა ფაქტსაც იხსენებენ. „შარშან ქათამაძეს წაუჭირა ხელი ყელში. ის ბავშვი ცუდად გახდა, მგონი სასწრაფოც მოვიდა. მანდატური, დირექტორი ყველა შემოვიდა. მაშინ დირექტორმა უთხრა, რამდენჯერ გითხარი ეს აღარ განმეორდესო. ის ბავშვი სკოლიდან გადავიდა“.
რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა მოსწავლის უსაფრთხოებას და როგორ რეაგირებს ჩაგვრაზე? – ამ კითხვებით მივმართეთ სკოლის დირექტორს, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო ვერ გამონახა.
დირექტორი რკინის ჭიშკრის მეორე მხარეს იდგა და ბავშვებზე ძალადობისა და მოსწავლის ჩაგვრის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა. „ახლა დრო არ მაქვს სასაუბროდ. მსგავსი ფაქტების შესახებ არაფერი მსმენია“, – გვითხრა დირექტორმა და ჭიშკრის იქეთ გაუჩინარდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლებში მომხდარი ყველა ინციდენტისა თუ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია. „ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამინისტროს ინფორმაცია ნათიქის ცემასა და ჩაგვრაზე, მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით სამინისტროში გვითხრეს, რომ „ინფორმაცია არ დასტურდება“. რა ინფორმაციაზე იყო საუბარი, კონკრეტულად რა მოიკვლიეს და რა არ დადასტურდა, სამინისტროს აღარ განუმარტავს.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი მაღალია. „სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, ზედმეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების დამალვა ან დაზიანება“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, „გამოწვევად რჩება სავარაუდო ბულინგის, ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება, რადგან ისინი მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებს ბავშვურ ხუმრობად აღიქვამენ“.
მაგალითად, „ბავშვურ ხუმრობად“ შეფასდა ოქტომბერში ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი, სადაც თანაკლასელებმა ერთ-ერთი ბავშვი ე.წ. „თამაშის“ დროს დააზიანეს. „ბავშვი დაეცა და თავი დაარტყა“ – ამბობენ სკოლაში. სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა და საქმე პოლიციის განყოფილებასაც გადასცა, თუმცა მომხდარი საბოლოოდ შეაფასეს როგორც „თამაში“ და არა როგორც ძალადობა.
დირექტორის თქმით, კონფლიქტები ან დაპირისპირების შემთხვევები ხშირად არ აღწევს ადმინისტრაციამდე, რადგან მოსწავლეები თვითონ ცდილობენ მოაგვარონ ურთიერთობა. „თუმცა იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მერვეკლასელმა გვითხრა, „ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ არ გამომდის, ამიტომ დამეხმარეთო“.
დირექტორი ამბობს, რომ იყო ერთი შემთხვევაც, რასაც სკოლის გარეთ ჰქონდა გაგრძელება. „გოგო და ბიჭი იყო ჩართული ამ პროცესში, თუმცა, ვფიქრობ, მოვაგვარეთ ეს პრობლემა“.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების გარკვეული ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციას არ ენდობა. „აზრი არ აქვს“, „არაფერი შეიცვლება“, არავის ვენდობი“, „უმჯობესია თვითონ მოვაგვარო პრობლემები“, – ამბობენ მოსწავლეები.

ამ უნდობლობას ხშირ შემთხვევაში პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლის მიმართ არასათანადო ქცევა ან ძალადობა განაპირობებს.
მანდატურის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბულინგის მიზეზით სკოლიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, 2017 წლის იანვრიდან დღემდე კი – 9 პედაგოგი. „აქედან ოთხი ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გათავისუფლდა“.
სახალხო დამცველის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სკოლებში ძალადობას შეეხება, გამოკითხულთა 60 პროცენტი მასწავლებლის მხრიდან ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს. იმავეს ფიქრობს სკოლის თანამშრომლების 25.4 პროცენტი. ძალადობად არ მიიჩნევს მუქარას მოსწავლეთა 24 და სკოლის თამშრომელთა 11.9 პროცენტიც.
კვლევის მიხედვით, ძალადობასთან არ იგივდება: უსამართლოდ ნიშნის დაკლება, თანაკლასელების წინაშე ლანძღვა, მშობლის შეურაცხყოფა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ დღეს მასწავლებელთა თითქმის ასი პროცენტი სიტყვიერ ძალადობას ძალადობად არ მიიჩნევს. „მაშინ, როცა სწორედ სიტყვიერი ძალადობაა ყველაზე მტკივნეული ბავშვებისთვის. მასწავლებლებს გათავისებული უნდა ჰქონდეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში სიტყვიერ ძალადობას. ალბათ ამის შედეგია ძალადობის მაჩვენებლების ზრდა სკოლებში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის აღიარება, რომ სკოლებში კონფლიქტები არსებობს. ნუ ვმალავთ პრობლემებს, რადგან ეს დამალვები და მიჩქმალვები გადაგვჩეხავს. როცა დირექტორი ამბობს, რომ მის სკოლაში ყველაფერი რიგზეა, იქ უკვე ჩნდება ეჭვი“, – გვეუბნება ლადო აფხაზავა.
პედაგოგის თქმით, სკოლებში აგრესიის მატების მიზეზია ისიც, რომ პედაგოგები ვერ პატიობენ მოსწავლეებს: „ვერც სიცილს, ვერც ღიღინს, ხუმრობას. ერთ-ერთ სკოლაში შევესწარი ფაქტს, როცა მასწავლებელი ამბობდა მოსწავლეზე – „ვერ გავაჩერე, იცინის“. ვუთხარი, რა არის ცუდი სიცილში-მეთქი, ბავშვი კი მიუბრუნდა და უთხრა: მასწავლებელო, მე ვიღიმი და ვიცი, პოზიტივი მომაქვს, თქვენ კი ბღავიხართო.
მე ზოგჯერ მსაყვედურობენ, შარშან ხომ გააკეთე ძალადობაზე პროექტი, ისევ რატომ აკეთებო. თაობები იცვლება და ყველა მათგანს სჭირდება განმარტება, საუბარი და სწავლება.“
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წელს ფსიქო-სოციალური მომსახურება 2002 მოსწავლეს გაეწია. ბულინგთან დაკავშირებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან 4 431 მიმართვა განხორციელდა. „აქედან 500-ზე მეტი სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაგზავნილი, ყველა დანარჩენთან კი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს“.
სახალხო დამცველთან გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით კი, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა, რა რესურსები უნდა ჰქონდეს სკოლას, რომ შექმნას უსაფრთო გარემო და რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი კლასის ეფექტური მართვისთვის? როგორ უნდა მოვახერხოთ ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობა? – ეს არის კითხვები, რომლებსაც ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი გვთავაზობს.
„ბათუმელები“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოფიო გორგოძეს ესაუბრა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც განათლების სფეროს სხვა ექსპერტებთან ერთად უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა.
სოფო გორგოძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის გუნდის პოზიცია ბულინგთან საბრძოლველად: „ჩვენ ყველა ვუყურებთ იმას, რას აკეთებს სახელმწიფო ამისთვის, მაგრამ სკოლაც უნდა ეცადოს, რომ ამ პირობებში თავისი წილი საქმე გააკეთოს. იმისათვის, რომ ბავშვს მივცეთ განათლება, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა განწყობით არის ბავშვი სკოლაში. თუ ის შეშინებულია და დათრგუნული, მაშინ ვერ განახორციელებ აკადემიურ მიზნებს. როცა ამას გაიაზრებს სკოლა და გააკეთებს შეფასებას, რა ვითარება აქვს ამ მხრივ, ეს დაეხმარება მას პრობლემის დაძლევაში“.
სოფო გორგოძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ნაწილი სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხშირია მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური თუ სიტყვიერი ძალადობის ფაქტები:
„ერთ-ერთი კვლევის შედეგმა ისიც აჩვენა, რომ ბავშვები სკოლას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევენ, ვიდრე ოჯახს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. ჩვენი საზოგადოება ძალადობად არ მიიჩნევს ისეთ გამოვლინებებს, როგორიცა, მაგალითად, ყვირილი, მსუბუქი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა. ის, რომ დედა ან მამა თავში წამოარტყამს შვილს, ან უყვირის იმის გამო, რომ გაკვეთილი არ მოამზადა ან საჭმელი არ ჭამა, ამაზე საზოგადოება არ ნერვიულობს, რადგან მშობელი ფიქრობს, რომ ამას შვილის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. მასწავლებელსაც ჰგონია, რომ თუ მოსწავლემ არ იცის გაკვეთილი და ამის გამო კლასის წინაშე შეარცხვენს, მეორედ აღარ მოვა მოუმზადებელი. სინამდვილეში ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებთ ბავშვს, როგორც აკადემიური, ასე ფსიქოლოგიური განვითარების მხრივ – ძალადობით საპირისპირო შედეგებს მივიღებთ მხოლოდ.“
სოფო გორგოძის აზრით, ერთი შეხედვით, სკოლაში ყველამ იცის, რომ სიტყვიერი ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ რეალობა სხვა რამეს აჩვენებს. განათლების სპეციალისტს მიაჩნია, რომ ბავშვის აკადემიურ მოსწრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ მასწავლებლის მოლოდინია მის მიმართ.
„თუ მასწავლებელი თავიდანვე ეძახის ბავშვს დებილს და შტერს, ეს მოსწავლის მოტივაციას კიდევ უფრო აქვეითებს. მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და განათლება არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი“.
სოფო გორგოძის თქმით, ბევრი სკოლა არ აღიარებს, რომ ბულინგის პრობლემა აქვთ, შესაბამისად, რეაგირებაც ნაკლებია. მეორე მხრივ კი, თუ დაფიქსირდა ჩაგვრის შემთხვევა, სკოლა არ არის მზად, ამ პროცესებს გაუმკლავდეს.
„არც მანდატურს, არც სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ტრენინგებს გადიან, არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტებს მართვის. მასწავლებლების გადამზადების დროს ძალადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები მაინც ზედაპირულად განიხილება. ორ დღეში მასწავლებელი ვერ მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომ ყველა ფორმის ძალადობას გაუმკლავდეს სკოლაში. ამისთვის ცალკე სატრენინგო კურსია საჭირო“.
სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ბავშვების 25 პროცენტი ამბობს, რომ სკოლაში აზრის თავისუფლად გამოხატვა არ შეუძლია. „ბავშვები ფიქრობენ, რომ მას არ დაუჯერებენ ან დასცინებენ. და თუ ეს ბავშვი ჩაგვრის ობიექტია, ოდესმე იტყვის რამეს ამაზე?“ – ამბობს სოგო გორგოძე.
სპეციალისტის აზრით, ჯერ უნდა გავიგოთ რა პრობლემები გვაქვს, შემდეგ – ვაღიაროთ, „მხოლოდ ამის შემდეგ გახდება უფრო მარტივი მათი მოგვარება“.
მთავარ ფოტოზე: იმიტირებული ფოტო. „ბათუმელები“/ მანანა ქველიაშვილი
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“
ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის ახალი უფროსები დანიშნეს
ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.
ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ქალაქ ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა.
რაც შეეხება შუახევს, აქ სამმართველოს უფროსად დავით ბეჟანიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ხელვაჩაურის პოლიციის ჩაისუბნის განყოფილების უფროსი იყო.
აჭარაში შსს-ს ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს პოლიციის სამმართველოების უფროსების თანამდებობები ბოლო რამდენიმე თვეა ვაკანტური იყო. რაც შეეხება ქობულეთის სამმართველოს, აქ თანამდებობიდან წასვლის შესახებ პატაკი ზაზა გურჩიანმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა.
ამ დროისთვის ვაკანტური რჩება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
ღმერთების ყოველდღიურობა – კლასიკური პერსონაჟების თანამედროვე ცხოვრება
კლასიკური მხატვრობის პერსონაჟები კლუბებში, თანამედროვე კაფეებსა და ბარებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ პლაჟზე არც ისე რთული წარმოსადგენი ყოფილა, თუკი უკრაინელი მხატვრის, ალექსეი კოდაკოვის ნამუშევრებს დაათვალიერებთ. ფოტოშოპის საშუალებით მხატვარს საუკუნეების წინანდელი პერსონაჟები გადმოჰყავს 21-ე საუკუნის ყოველდღიურობაში და ჰარმონიულად ათავსებს ერთი შეხედვით უცხო გარემოში.
ნახატების დაუსრულებელი სერია „ღმერთების ყოველდღიურობა“ თავიდან უკრაინაში გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოდაკოვმა ინსტაგრამზე დაიწყო ნამუშევრების განთავსება, მხატვრის საინტერესო პროექტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ღრმად ამოიოხრეს, როცა მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს.
“კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდე. ამიტომ გადაწყვეტილებას ზეგ გამოვაცხადებ,” – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზიდან გავიდა.
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება გამოძიება “ბათუმის აქციის საქმეზე”. დღეს საბოლოო სიტყვას და განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს დიდი დარბაზი სრულად შეავსო.
დღევანდელ პროცესს მერაბ ღოღობერიძე არ დასწრებია. მას საბოლოო სიტყვა სასამართლოსთვის არ უთქვამს.
საბოლოო სიტყვაში ირაკლი ჩხვირკიამ სათანადო მტკიცებულებების არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება. “სასამართლო ხომ ლირიკა არ არის? თუ ლირიკაა, მაშინ მე ვიტყვი ლექსებს და დარწმუნებული ვარ, ვაჯობებ პროკურორებს,” – უთხრა მან მოსამართლეს.
ირაკლი ჩხვირკიამ დეტალურად და ემოციურად ისაუბრა თითოეულ მტკიცებულებაზე, რაც პროკურატურამ დადო.
“არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ჩემს გამო ვინმეს ზიანი მიადგა… ან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას როცა მედავებიან, სადაა ეს ჯგუფი? ვის ვუხელმძღვანელე და მივეცი დავალება? მაჩვენეთ ეს ადამიანები. თუკი ჯგუფზეა საუბარი, ორი ადამიანი ხომ უნდა იყოს მაინც?” – იკითხა ირაკლი ჩხვირკიამ.
მისივე აზრით, გამომძიებლებმა თუკი მერაბ ღოღობერიძის სტატუსებში რამე დანაშაულებრივი დააფიქსირეს, მაშინ მათ ტექსტები კი არ უნდა დაეკოპირებინათ, არამედ კომპიუტერი ამოეღოთ.
“ბატონო მოსამართლევ, თუკი თქვენ მაინც დაგრჩათ კითხვა, რატომ. ჩამოვედი იმ ღამით თბილისიდან ბათუმში, გეტყვით, რომ მე ასეთი ვარ, ყველგან მივდივარ, სადაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ვინმეს დავეხმარო…” – დასძინა ირაკლი ჩხვირკიამ.
“ბათუმის აქციის საქმეზე” სისხლის სამართლის წესით სულ 21 პირი გასამართლდა. აქედან 18-მა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს აღიარა მასობრივ არეულობაში მონაწილეობა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დანაშაული ამ ბრალზე მხოლოდ ლაშა დეკანაძემ არ აღიარა. მას ხულიგნობის მუხლით მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა.
მგზავრობის ფასი ისევ 40 თეთრი იქნება – ვიდრე საკრებულო არ იმსჯელებს
დღეს, 8 იანვარს, ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მგზავრობის გაძვირებული საფასურის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკების დასასრულს ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის, შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორმა, ნუგზარ ფარტენაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულომ უნდა იმსჯელოს საბოლოო ფასის დადგენაზე.
მგზავრობის ფასის ზრდა, ნუგზარ ფარტენაძის თქმით, საწვავისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებამ გამოიწვია. ნუგზარ ფარტენაძე აცხადებს, რომ ხვალიდან ან ზეგიდან, მძღოლებთან მოლაპარაკების შედეგად, მგზავრობის საფასური ისევ 40 თეთრი იქნება, ხოლო მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო კომპანიები ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენენ, მერია იმსჯელებს საბოლოო ფასის განსაზღვრაზე.
,,აქამდე მგზავრობის საფასურს არეგულირებდა ბაზარი. 40-თეთრიანი ტარიფის დროს არ იყო საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასები მომატებული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია თავად განსაზღვროს მგზავრობის ფასი, თუმცა არ გვინდოდა ეს მოულოდნელობა ყოფილიყო მოქალაქეებისთვის. განცხადება, რომელიც მერიაში შევიდა მგზავრობის საფასურის ზრდის მოთხოვნით, ჩვენი, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელების მიერ იყო მომზადებული. დიდი ხანია მძღოლები ითხოვდნენ მგზავრობის ფასის მომატებას, თუმცა არ გვინდოდა ეს მერიასთან შეუთანხმებლად გაგვეკეთებინა“, – ამბობს ნუგზარ ფარტენაძე.
მისივე თქმით, მერთან შეხვედრაზე ბათუმში მოქმედი ოთხი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა. შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორის გარდა კომენტარის გაკეთება სხვებმა არ ისურვეს.
სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი ბათუმში 40-თეთრიდან 50-თეთრამდე ახალი წლის შემდეგ გაძვირდა.

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე
სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია დაავიწყდეს.
სვანეთის გზაზე, ხაიშს რომ გასცდებით და ენგურზე გადებულ ხიდს გადაივლით, მესტიაში წასვლამდე, ჭუბერისკენ გადაუხვიეთ. ჭუბერის მთებში ლაშქრობა ერთი დიდი თავგადასავალია, ხოლო ის, ვინც მაშრი ჭალაში ერთხელ მაინც ყოფილა, ყოველთვის ბრუნდება უკან ან დაბრუნების სურვილი აქვს. ჭუბერში ბალზემოთა სვანეთისგან განსხვავებით, სვანური კოშკები არ არის. ამას თავისი მიზეზი აქვს, ხეობაში მეექვსე საუკუნეში შეწყდა ცხოვრება და მეცხრამეტეში განახლდა. 13 საუკუნის განმავლობაში ჭუბერი დაუსახლებელი იყო. მესტიაში, სვანეთის მუზეუმშია დაცული ლარილარის სამაროვანზე აღმოჩენილი ადრე ბრინჯაოს ხანის ნივთები. დაახლოებით ერთი წლის წინ სოფელ ლახამში ნაპოვნი მეტალურგიული ქურები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეულობით წლის წინ აქ დასახლებულმა ადამიანმა რკინის ენა იცოდა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
სვანეთის ბუნება კი ულამაზესი და მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის ამ კუთხეს უფრო მეტ მიმზიდველობას ის ადამიანები სძენენ, ვინც აქ ცხოვრობენ. მესტიის გზაზე სოფელი ბეჩოა, საიდანაც მწვერვალი უშბა ჩანს და სოფელი, სადაც მირანდა ცხოვრობს, საკუთარ მხარეზე, ისტორიასა და უშბაზე შეყვარებული გოგო.
„არსებობს ლეგენდა „დეცე ლახვრაზე“ – ანუ ცის ფანჯარაზე. ზაფხულის ერთ დღეს, თითქოს ცა იხსნება და ანგელოზი გადადის. თუ ამას ნახავ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო, აუცილებლად აგისრულდება. გამოთქმაცაა ჩვენთან, კარგი და დაუჯერებელი რამ რომ დაგემართება, გეტყვიან – „დეცე ლახვრა როქ აჯფეტა“, ანუ ცის ფანჯარა გაპობილა შენთვისო. ბებია ამბობდა, რომ ნახა ცის გახსნა და ინატრა – ჩემი ოჯახის არც ერთ შთამომავალს პური არასდროს მოაკლდესო. მე სულ მგონია სვანეთში ეს ცის ფანჯარა მუდმივად ღიაა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ მისი ხილვის საშუალება,“ – მიყვება მირანდა.
„მურყვამ“ – კოშკი, „კოჯარ“ – კლდეები, „ლახვმიარ“ – ტაძრები, „ლახვარ“ – მთები, „ლცარ“ – წყლები – ეს ისაა, რასთანაც სვანეთი ასოცირდება. სხვა ქვეყნებში არ ვიცი, მაგრამ ლატალის თემი, რომელიც 11 სოფელს აერთიანებს, ერთადერთია საქართველოში, სადაც 87 ნატაძრალი და წმინდა ადგილია შემორჩენილი. ლატალის თემში არსებულ ტაძრებში ხატებია განთავსებული. თუ რამდენად ძლიერი იყო სვანური სახელოვნებო სკოლა, ამას მესტიაში, სვანეთის მუზეუმის ნახვისას მიხვდებით.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ენგურს გაღმა მდებარე სვანეთის მუზეუმიდან მესტიის ულამაზესი პანორამა იშლება. არ ვიცი, საიდან დავიწყო იმ განძის შესახებ მოყოლა, რომელსაც მუზეუმი ინახავს. იქნებ ნუმიზმატიკის შეუფასებელი კოლექციიდან ან ოქროთი ნაჭედი ხატებიდან, მეცხრე საუკუნით რომ თარიღდება. იქნებ სვანი ოქრომჭედლების, გვაზავაისძეების სამი თაობის ნამუშევრებიდან, ან იმ უძველესი ხალხის ნაჭედი ცულებისგან, რკინის ენას რომ ფლობდნენ და ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ.
მუზეუმში ქრონოლოგიურადაა დალაგებული სვანეთის მკვიდრთა ცხოვრება და განვითარება ადრებრინჯაოს ხანიდან თანამედროვეობამდე. მოგზაურობების დროს მუზეუმებს დიდად არ ვწყალობ ხოლმე, ვცდილობ ხალხთან მეტი კონტაქტი მქონდეს და მათგან წამოვიღო ცოცხალი ისტორიები. სვანეთი ამ მხრივ განსხვავებული აღმოჩნდა. მუზეუმიდან გამოსვლა ძლივს მოვიფიქრე. არასდროს მიფიქრია, რომ ხელნაწერი წიგნების სამუზეუმო ექსპოზიციას შეიძლებოდა იმხელა ემოციები გამოეწვია, თვალი ვერ მომეწყვიტა. ჰადიშის ოთხთავთან ერთად, პირველად აქ ვნახე კოლხური თეთრი, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მესამე საუკუნეებით დათარიღებული პატარა ვერცხლის მონეტა. გინახავთ ან გაგიგიათ რამე „ცოდვის ქვების“ შესახებ? მსგავსი რამ მარტო სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. გახვრეტილ ქვებს სვანები გულზე იკიდებდნენ. სწამდათ, რომ ასე გამოისყიდდნენ ჩადენილ ცოდვას. ქვა ისე უნდა ეტარებინათ, არავის დაენახა, შეემჩნია. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ხდებოდა ქვა სხვებისთვის შესამჩნევი. ეს გახვრეტილი ქვები სვანეთის მუზეუმშია დაცული.
თუ გსურთ ნახოთ სვანურად ამეტყველებული ქრისტიანობა, იოანე ნათლისმცემლის საოცრად მეტყველი, ხეზე შესრულებული ან წმინდა გიორგის ჭედური ხატი, რომელზეც წმინდანს მკვეთრად გამოხატული სვანური ნაკვთები აქვს, ან მაცხოვრის გამოსახულება, რომლიც ძალიან ჰგავს სვანი მამაკაცის აღნაგობას, მაშინ ამისთვისაც სვანეთის მუზეუმს უნდა ესტუმროთ.
მუზეუმშივეა დაცული ხეზე ნაწერი სვანური ისტორიული საბუთები, რომლებიც ქართული დიპლომატიკის ძეგლებია. ასეთი ფორმით საბუთები საქართველოში მხოლოდ სვანეთში, კალას თემში გვხვდება. აქვე ნახავთ უზარმაზარ საწესო-სარიტუალო ქვაბს, რომელსაც სვანები „ლელღენს“ ეძახიან. მსგავს ქვაბებს სამსხვერპლო საკლავის მოსახარშად იყენებდნენ. სპილენძის ფურცლებისგან შეკრულ უზარმაზარ ქვაბში შეწირული ხარი იხარშებოდა. ქვაბი, რომელიც სათემო დღესასწაულებზე სოფლის მოედანზე გაჰქონდათ და მასში შეწირულ ხარს ან ძროხას ხარშავდნენ, იმხელაა, ერთი ხარი თავისუფლად ეტეოდა. „ლელღენის“ ქვაბი სოფლის საკუთრება იყო და, როგორც წესი, ეკლესიის მინაშენში ინახებოდა ხოლმე, მომდევნო გამოყენებამდე.

წლის ამ დროს სვანეთში ცოტა ტურისტია. 15 დეკემბრიდან არც ჰაწვალის საბაგირო მუშაობს, ცარიელია საოჯახო სასტუმრო სახლები და მესტიის ყველა კუთხეში გახსნილი კაფეებიც. მესტია და სვანეთის სოფლები სავსეა დიდი, ლამაზი ძაღლებით. სოფლის შუკაში ისე ვერ გაივლი, ფიქალით ნაგები რომელიმე ყორიდან უზარმაზარი თეთრი ძაღლი არ გადმოხტეს და არ აგედევნოს. არაფერს გერჩიან, მთავარია, არ შეგეშინდეს. ასე იყო სოფელ ლანჩვალშიც, სადაც ძველი სვანური სახლის ინტერიერის სანახავად ავედი. მესტიის ცენტრიდან სოფლამდე ოთხმა ძაღლმა მიმაცილა. მარგიანების ცნობილი მაჩუბსა (საცხოვრებელი სახლი) და კოშკში ყველაფერი ისეა შემონახული, გგონია სადაცაა საკურცხილიდან (მაჩუბის ცენტრში, ცეცხლის დასანთებ ადგილთან მდგარი სავარძელი, სადაც მახვში, ოჯახის უფროსი მამაკაცი ჯდებოდა) მახვში წამოდგება და კერასთან მიგიპატიჟებს. ლერგიმზე (ხის უზარმაზარი, გრძელი ძელსკამი) თითქოს სტუმრები ჩამომსხდარან და ქვეყნის საქმეებს არჩევენ. თუმცა ეს მისტიურობა მაშინ ქრება, როცა ეზოში ორ სვანურ კოშკს შორის „ამოსულ“ თეთრ, ლურჯსახურავიან შენობას ხედავ. ძველი და ახალი არქიტექტურის არაჰარმონიულობა ვიზუალურ კონფლიქტს ქმნის და ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ შესაბამის უწყებებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ბერკეტები, არ გასცენ მშენებლობის ნებართვები.
მერე უშგულში წავედი.
უშგულში წასვლამდე სულ ფიქრობ იმაზე, რამდენად იღბლიანი ხარ. ამოანათებს თუ არა შხარა, თუ ღრუბლის საბურველში გაეხვევა. მესტიიდან უშგულში რომ მივდიოდით, იფარს რომ გავცდით და კალას გზას დავადექით, „დელიკას“ მძღოლმა თქვა, ახლა ჩემი ძმაკაცის ბებოს კაფესთან მივალთ და გემრიელ ყავას დავლევთო. კაფე ხის ოთხკუთხედი ქოხი აღმოჩნდა, რომელსაც ჰქონდა ხელით მინაწერი ინგლისურენოვანი აბრა – „ბუთულის და ირას კაფე“, ფანჯრებზე კი სხვადასხვა სტიკერი მიკრული. „კაფეში“ მოხუცი ცოლ-ქმარი დაგვხვდა. ქმარს, ანუ იგივე ბატონ ბუთულის, იმდენად ტიპიური სვანური სახე ჰქონდა, ნებართვის თხოვნაც კი დამავიწყდა, ისე დავიწყე ფოტოების გადაღება. მოიცადე ერთ წამსო, მითხრა ბუთულიმ და ქოხის სიღრმეში მიიმალა. რამდენიმე წამში ძველი, გახუნებული ფოტოთი გამოჩნდა ფანჯარაში, – „ასე გადამიღე, ხალხმა არ იფიქროს სულ მოხუცი იყოო“.



ნოემბრის იმ ცივ და ნაცრისფერ დღეს, როცა უშგულის შუკებში ტალახი, ახალი არქიტექტურული შენობების უგემოვნება და უიმედობა ერთმანეთში იყო გადაზელილი, შხარა აღმოჩნდა ერთადერთი რამ, რისთვისაც ღირდა ასვლა. თანამედროვე არქიტექტურული სტილი და ძველი სვანური არქიტექტურა ერთმანეთთან მთლად ჰარმონიულად რომ ვერაა შერწყმული, ჩემთვის ამის მასშტაბური სურათი უშგულია. საუკუნოვანი სვანური კოშკების გვერდით, რთულად აღქმადია წითელი თუნუქის ფურცლებით შეფუთული, თეთრი მეტალოპლასტმასის ფანჯრებიანი სახლი. ჩემ მიერ ნანახი უშგული და ის უშგული, რომელსაც მანამდე ფოტოებით ვიცნობდი, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. წლის ამ დროის უსიცოცხლო ფერები, თანამედროვე შენობების სიმახინჯე და ძველი კოშკების ნანგრევები ერთდროულად უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და უსუსურობის განცდას გიჩენს. და ფიქრობ, რომ ადამიანთა უგუნურობას საზღვარი არ აქვს. ერთადერთი ლამარიას ტაძარი და მზით განათებული შხარა იყო, რომელმაც გადამაწყვეტინა, რომ ოდესმე, წლის სხვა დროს, ზამთარში ან გვიან გაზაფხულზე დავბრუნდები და ვნახავ იმ უშგულს, რომელიც ასე მოსწონთ სხვებს. თუმცა არ მგონია წელიწადის დროის ცვლილებამ არქიტექტურულ ნაგებობებზე მოახდინოს გავლენა.
თუ უშგულში ვერ ახვალთ, მულახის თემის სოფლებს შეგიძლიათ ესტუმროთ. კოშკები და თვალწარმტაცი პეიზაჟი იქაც მრავლადაა, ხალხი კი – უფრო გახსნილი, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე.
საქართველოს სხვა კუთხეებიდან მესტია იმითაც გამოირჩევა, რომ აქ შიდა სასოფლო ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს. ხოლო იმ ტრანსპორტის შესახებ, რომელიც სოფლებიდან მესტიაში ჩამოდის, ინფორმაციას არავინ გაძლევს. განრიგს არ გეუბნებიან არც ე.წ. სადისპეჩეროებში, არც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში და არც თავად მძღოლები არ გეხმარებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მესტიაში ისეთივე მისტიურია, როგორც სვანური ლეგენდები. თან გჯერა, რომ არსებობს, მაგრამ ყველა გიმტკიცებს, რომ არ არსებობს. გადაადგილების ერთადერთი საშუალება კერძო ავტომანქანის დაქირავებაა, რომელიც საკმაოდ ძვირია. მაგალითად, თეთნულდზე ან ჰაწვალზე რომ ახვიდე, 40-50 ლარი ღირს ავტომანქანის დაქირავება, უშგულში ასვლა კი – 150-200 ლარი. იმ შემთხვევაში, თუკი მარტო ხართ, ან ამ თანხის გადახდა სრულად თქვენი ბიუჯეტიდან გიწევთ, ან სხვა ტურისტებს უნდა შეუამხანაგდეთ და ისე წახვიდეთ სასურველი მიმართულებით.

ინგლისურენოვანი კლუბები ბათუმის ამერიკულ კუთხეში
ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ
ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა.
ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ „ბათომში“. დისკუსიაში ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც ჩაერთო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალაქის პირველმა პირმა მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის ასეთი ფორმა აირჩია.
მოქალაქეთა პროტესტს, რომლებიც წერდნენ, რომ საჭიროა ისტორიული შენობების შენარჩუნება და რესტავრაცია, ლაშა კომახიძემ ინიციატივით უპასუხა:
„მეგობრებო, დიახ რესტავრაცია უნდა ხდებოდეს და ეს შესაძლებელია ბიუჯეტიდან. 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გეგმავს 2, ხოლო მერია 1 შენობის რესტავრაციას… ასეთი ტემპით ფონს ვერ გავალთ… მოდით ვიყოთ პრაგმატულები. რატო ვერ ვაკეთებთ მეტს? იმიტომ, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეს პროექტები გაცილებით უფრო მასშტაბური (ფართის თვალსაზრისით) ახალი შენობის აშენებაზე ძვირი ჯდება. ხშირად ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება ცალკეული აღებული შენობისთვის… დიახ შეიძლება წელიწადში ვაკეთოთ 30-50 შენობა, მაგრამ სხვა აღარაფერი ვაკეთოთ ამ ქალაქში. არ დავაფინანსოთ ბავშვთა ბაღები, სპორტი, ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოები და ა.შ. მე მგონი მეთანხმებით, რომ არ არის ეს სწორი გზა… რა არის გამოსავალი? ფონდების მოზიდვა?! შესანიშნავია, მაგრამ ნურავინ წარმოიდგენს ამ ფონდებს როგორც ფულის დასტას, რომელიც დევს და არ ვსარგებლობთ. 8 წელი გაეროში მუშაობა საერთაშორისო პროექტების მოზიდვის და განხორციელების გამოცდილებით მაძლევს საშუალებას ვიცოდე, როგორ მუშაობს დონორის ინსტიტუტი. აი, აქ მჭირდება თქვენი დახმარება! აქ გავერთიანდეთ ერთად და აქ აჩვენეთ თქვენი პროფესიონალიზმი და მხარდაჭერა! არასამთავრობო სექტორი ჩაერთეთ ფონდების მოზიდვაში! ეს არის თქვენი სათამაშო მოედანი… მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ და მე როგორც მერია და როგორც ბათუმელი გვერდში დაგიდგებით! მოიზიდეთ პროექტები და მე მოგცემთ თანადაფინანსების თანხებს! ამაზე კარგი პირობა რა გინდათ? პირადად მე ამ მიმართულებით ვმუშაობ. ეს არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი. შედეგებიც ისეთი ტემპით არ მოდის, როგორც ვინატრებდით… ასე რომ გააქტიურდით ამ მიმართულებით და გვერდში მიგულეთ,“ – დაწერა ბათუმის მერმა.

შსს: ბათუმში ნარკოტიკულ დანაშაულზე ორი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ხოლო 1978 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. ორივე პირი ბათუმში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ა.კ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ი.ჩ.-ს მიერ გაყიდული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მგზავრობის ფასის 50-თეთრამდე გაძვირების გამო მერიაში დახურული შეხვედრა იმართება
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და ძველი ფასის, 40 თეთრის ნაცვლად მგზავრები 50 თეთრს გადაიხდიან. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისი ინიციატივით მოიმატა ქალაქში მგზავრობის საფასურმა. მძღოლების ნაწილი ფაქტს ბენზინის გაძვირებას უკავშირებს.
6 იანვარს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ფასები თვითნებურადაა გაზრდილი და მოქალაქეებს ძველი ტარიფით გადახდისკენ მოუწოდებს. კომახიძე აღნიშნავს, რომ მერიაში განცხადება შევიდა ფასების მომატებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ აკონკრეტებს ვისი მოთხოვნა იყო ფასის გაძვირება.
მცირე მანძილზე მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსების ფასი – 40 თეთრი, ათი თეთრით გაძვირდა 2017 წლის მარტში თბილისშიც. თბილისის მაშინდელი მერი, დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ეს არ იყო თბილისის მერიასთან შეთანხმებული საკითხი და სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ არ ჰქონდა ვალდებულება ფასების ზრდა მერიასთან შეეთანხმებინა. გასული წლის მარტში გაიფიცნენ მიკროავტობუსების მგზავრობის ფასის 10 თეთრით მომატების მოთხოვნით ქუთაისშიც, თუმცა მათი მოთხოვნა მაშინ საკრებულომ არ დააკმაყოფილეს.
ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დღეს, 8 იანვარს, 14:00 საათზე დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ბათუმში ტრანსპორტის გაძვირების საკითხს განიხილავენ.
„მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა აღსაყდრების საზეიმო წირვას“ – საჩივარი „ქრონიკის“ წინააღმდეგ
„საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში ესწრებოდა მღვდელმთავების უმრავლესობა, თუმცა აქ არ იმყოფებოდნენ, მაგალითად, მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მათ შორის არც პატრიარქის ძმის შვილი მეუფე დიმიტრი“, – ეს წინადადება გახდა იმის საფუძველი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის სოფო ბერიძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადება შეეტანათ.
სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა.
განცხადების ავტორი თორნიკე პეტრემღვდლიშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ამ განცხადებით, “ირიბად თუ პირდაპირ, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მეუფე დიმიტირი დაპირისპირების გამო არ ესწრებოდა საზეიმო წირვას”.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან რეალურად მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას. ამის დასტურად მოჰყავს “ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად“.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ “საზეიმო წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თორნიკე პეტრემღვდლიშვილის განცხადება.
გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!
22 მოხუცი ქობულეთში და 15 ბათუმში თავშესაფარს ითხოვს. ეს ქალაქები არ არის გამონაკლისი, სადაც მოხუცები თავშესაფრის რიგში დგანან. ჩვენს ქვეყანაში მათი რაოდენობა ზუსტად არავის დაუთვლია. „სადღაც 100-მდე მოხუცი იქნება რიგში,“ – გვიპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოში კითხვაზე: რამდენ მოხუცს სჭირდება თავშესაფარი?
ქობულეთში თავშესაფარი არ არსებობს, თუმცა გამგეობაში პასუხი აქვთ – რამდენიმე მოხუცს შევთავაზეთ ბათუმის თავშესაფარი და უარი გვითხრესო. საუბარია ღამის თავშესაფარზე, სადაც მოხუცს საღამოს 8 საათზე შეუძლია მისვლა და ადრე დილით უნდა წავიდეს სადმე – დღისით თავშესაფარი დაკეტილია. ბათუმის სათნოების სახლთან კი, სადაც დღისით და ღამითაც შეიძლება დარჩენა, მოხუცების რიგია. იციან, რომ მათი ადგილი შიგნით მაშინ იქნება, როცა თავშესაფარში ვინმე მოკვდება.
მოხუცები სხვადასხვა პრობლემით აღმოჩნდნენ თავშესაფრის კართან – უსახლკაროა, მომვლელი არავინ ჰყავს, ძალადობის მსხვერპლია და შვილს ვერ უჩივლა, გაცლა ამჯობინა, ან კიდევ: „ვის რაში ვჭირდები? ზედმეტი ვარ“. თითოეული მათგანი გეტყვით, რომ ძალიან მძიმე იყო ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომელიც ასეთი შაბლონით სრულდება: „გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!“
„ახსნა სჭირდება, რატომ მინდა თავშესაფარში?“
„ახსნა სჭირდება, რატომ მინდა თავშესაფარში?“ – მკითხა მან და ჭაღარა თმის ხვეულებში შეასრიალა ხელი. 75 წლის გული ღვინჯილია ქობულეთში ცხოვრობს ქალიშვილთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად. ოჯახი სოციალურად დაუცველია. გულის ქალიშვილი თურქეთში მუშაობს. სიძე ხანდახან მუშაობს, როცა რამე გამოჩნდებაო, ამბობს გული. შვილიშვილები სკოლაში დადიან. გული პენსიას ვერ იღებს, რადგან ბანკის ვალი აქვს.

„ჩემმა სიძემ წამიყვანა და რაღაცას კი მოვაწერე ხელი, შვილივით ვენდობი, ხომ არ გადავამოწმებდი? თავისებური ხასიათი აქვს, მისებურად უნდა ყველაფერი. არც ვიცი, რაში დაიხარჯა ის ფული. მერე პენსიიდან რომ აღარაფერი დარჩა, მივედი ბანკში ამბის მოსაკითხად. მითხრეს, სესხი გქონიათო. 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მერე ხომ აღარ იქნება? დავა და ჩხუბი არ შემიძლია… არ ვერევი მე ოჯახის საქმეებში. ოჯახი ჯახია, ჯახიო, დედა ამბობდა. მართლა ასე ყოფილა,“ – ამბობს ის და თვალებში ეტყობა, რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. რამდენიმე წამით ფანჯრისკენ აპარებს მზერას და დასძენს:
„იცით, მე მუსიკა მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარდა. გულჩათხრობილი ვიყავი, აქამდე გულში ვიკლავდი ყველაფერს. ვფიქრობდი, ღირსი ვარ ალბათ-მეთქი. ბავშვობიდან ვუკრავდი ფანდურზე, ჩონგურზე, პიანინოზე, გიტარაზეც ვთამაშობ… სახლში მაშინ ვუკრავ, როცა მარტო ვრჩები,“ – მიყვება ის.
გული ღვინჯილია თავის სიყვარულზეც გვიყვება. ამბობს, რომ მეხუთე კლასის მოსწავლე იყო, როცა დანიშნეს და შეუყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გული მუსიკალურზე აპირებდა ჩაბარებას და მოულოდნელად ოჯახმა მისი გათხოვება სხვა ბიჭზე გადაწყვიტა.
„ვისზეც ბავშვობიდან დანიშნული ვიყავი, ჯარში იყო, ციმბირში, ვერაფერი გავაპროტესტე. ის ჯარიდან გამოიქცა და ჩამოვიდა, როგორც კი ჩემი ამბავი გაიგო. სოხუმელი იყო… სოხუმში დაუკავებიათ. მოუყოლია ყველაფერი მილიციისთვის, ასე და ასე, ქალი მიყვარსო და ის კიდევ გაათხოვესო. ჰოდა, დაგვიბარეს ყველა დაკითხვაზე, თუ ამბობს ეს კაცი მართალსო… ერთი კვირა „გაუბახტში“ ამყოფეს. მერე წერილი მისწერა დედაჩემს, შვილიანიც რომ იყოს, მაინც დავიბრუნებო. მე წალენჯიხაში ვიყავი უკვე, სოფელ ჯვარში. წლების მერე სიმღერის ხმა შემომესმა სოფელში. მივხვდი, ის დაბრუნებულიყო ჯარიდან. გარეთ გასვლა ვერ გავბედე. ის არ დაქორწინებულა. მერე გავიგე, რომ მოკვდა.
ქობულეთში ვმუშაობდი საკონსერვოში და აქ მომცეს ბინა. ჩემი ბინაა, ახლა სადაც ვცხოვრობ, მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა… ოჯახში რომ ვთქვი, თავშესაფარში უნდა წავიდე-მეთქი, შვილიშვილმა გააპროტესტა, ბებია, გინდა საქვეყნოდ თავი მოგვჭრაო? ვუთხარი, რომ მე წავალ, თქვენ იქნებით ტკბილად და ბედნიერად-მეთქი.“
„ამ ზამთარსაც კატები გამათბობენ, ალბათ“
„მე იულია ჟუკოვა ვარ, გენერლის გვარი მაქვს,“ – მითხრა მან, გაიღიმა და ოთახში შემიპატიჟა. ის უსახლკაროა. 79 წლის იულია ქობულეთში სხვისი სახლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს იმ პირობით, რომ საკუთრებას ყურადღებას მიაქცევს.
დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში დგას იულიას მაგიდა, სადაც წიგნები ალაგია, კარადა და საწოლი. იატაკი ამოყრილია და ნესტის მძაფრი სუნი იგრძნობა. ირგვლივ ყველაფერს გახუნებულია. იულია გამუდმებით იღიმის და მარწმუნებს, რომ დაღვრემილი ადამიანი, მით უმეტეს მოხუცი, არავის უნდა.
იულია მაგიდაზე მიმობნეულ წიგნებს და ჟურნალებს თავს უყრის, თან ემოციურად მიყვება, მიხარია, რომ მოხვედით, ადამიანებთან საუბარი მომნატრებია და აი, თქვენც გამოჩნდითო.
„პეტერბურგის ბლოკადის დროს ჩამომიყვანეს რუსეთიდან ბათუმში, ძალიან პატარა ვიყავი, არაფერი მახსოვს, არც მშობლები მახსოვს… დიდი ხანი ბათუმში ვმუშაობდი სხვადასხვა რესტორანში მიმტანად, „სალხინოში“ ვიყავი ბევრი წელი, საუკეთესო იყო ის წლები. მერე ქობულეთში წამოვედი და ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ვცხოვრობდი. ეზოებს ვალაგებდი, ვხვეტავდი. იმ დასახლებიდან გამოგვიშვეს და ქუჩაში დავრჩი ისევ. მას შემდეგ აქ ვარ, უკვე შვიდი წელია. სოციალურ დახმარებას მაძლევენ, მაგრამ არაფერში მყოფნის. წიგნები მიყვარს და მაგით ვიქცევ თავს. წამლები მჭირდება, გასულ წელს მანქანა დამეჯახა ქუჩაში. არც გაუჩერებია მძღოლს მანქანა, ისე მიმატოვა. მას შემდეგ სულ მტკივა ეს მხარი,“ – თქვა მან, მხარზე მიიდო ხელი და სახე შეეჭმუხნა, მერე დასძინა: „ჩემი ერთადერთი შვილიც ავტოავარიაში დაიღუპა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა… სხვა არავინ მყავს. სამი კატა მყავს და ისინი მათბობენ. ამ ზამთარსაც კატები გამათბობენ, ალბათ.“

„ყველას ვუთხარი, რომ უკვე მოვკვდი“
მეათე წელია 65 წლის ნათელა გოგიბერიძეს ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. მას სხვადასხვა მძიმე დაავადება აწუხებს. შინ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მარტოხელა დედაა. შვილი არსად მუშაობს, რადგან დედას მუდმივად სჭირდება მოვლა. დაახლოებით ერთი წლის წინ ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.
„მე როგორი გოგო ვიყავი იცით? თითის წვერებზე ვდგებოდი, ძალიან მაგრად ვცეკვავდი, ვმღეროდი,“ – დაიწყო მან, როცა ჯერ სტუმრების გამოჩენა იხარა, შვილმა საწოლიდან ეტლში გადმოიყვანა და ჩვენთან მოვიდა. მან სევდიანი მზერა გამისწორა და განაგრძო:
„მეურნეობაში ვმუშაობდი, ტვირთს ვეზიდებოდი, ძალიან მძიმე იყო, იმიტომ გავწყდი წელში… მეუღლე მძღოლი იყო, გარდაიცვალა. მანამდე გათხოვილი ვიყავი და იმ ოჯახშიც შემეძინა ერთი ბიჭი. ის თურქეთში დადის, იქ მუშაობს სეზონურად და ამით ირჩენს თავს. ხანდახან გამოივლის, როგორ ხარ დედიო, მეტყვის და წავა,“ – მიყვება ნათელა გოგიბერიძე. დაჟინებით მთხოვს სასწრაფოს ექიმებზე დაწერეთ რამე კარგიო. ესენი არიან ჩემი მომკითხავები, დღეში სამჯერ რომ დავურეკო, სამივეჯერ მოვლენო. ტელეფონის ხსენებაზე ეღიმება და ერთ ისტორიას იხსენებს.
„ერთხელ ძალიან მოვიწყინე და ჩემი ძმის ოჯახში დავრეკე. რძალმა მიპასუხა, ვერ მიცნო ტელეფონში, რომელი ხარ, რომელი ხარო, ამოიჩემა. ვუთხარი, ნათელას მეზობელი ვარ, მოკვდა ნათელა და რატომ არ მოდიხართ სატირალში, სად ხართ-მეთქი. უიო, უიმეო, იკივლა რძალმა, საწყალი ნათელაი მომკვდარაო… გავხალისდი. მერე მეორე ძმასაც დავურეკე და იგივე ვუთხარი. ყველას ჩამოვურეკე და ვუთხარი, რომ უკვე მოვკვდი… მეორე დილას რიგი იდგა ჩემს სადარბაზოსთან. აღარ მელაპარაკებიან, ასე როგორ მოგვატყუეო. აბა, ისე არ მოდიხართ, მომენატრეთ და რა მექნა-მეთქი, ვუსაყვედურე მეც… მას მერე მიმალავენ ტელეფონს“.

როდის ითხოვენ მოხუცები თავშესაფარს
სახლში არ დაგვხვდა გულიკო ჩარკვიანი. „მისი სახლი“ ქობულეთის სადგურთან ახლოს, „უსინათლოთა კავშირის“ ერთი მიტოვებული შენობაა, სადაც არც წყალია, არც ელექტროენერგია, ჩამოქცევის პირასაა სახურავი და იატაკიც. აქ ცხოვრობს 65 წლის გულიკო ჩარკვიანიო, გვითხრა „ღირსეული სიბერის“ კოორდინატორმა მარინა ჟღენტმა. მისი თქმით, გულიკო ყოველდღე მუშაობს, ტვირთსაც ეზიდება, ან შეკვეთით ვინმეს ბაღს ამუშავებს.
„თავშესაფრის სერვისი არ არსებობს და უკვე 22 განცხადებაა. წარმოიდგინეთ, სერვისი რომ არსებობდეს, რამდენი იქნება,“ – გვითხრა ნანა კალანდაძემ, ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია ქობულეთში წლების განმავლობაში ხანდაზმულების უფლებებისთვის მუშაობს. ნანა კალანდაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მენტალიტეტის გათვალისწინებით მოხუცები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს ითხოვენ თავშესაფარს.
მოხუცები წერილებს „ღირსეულ სიბერეში“ წერენ. აქ გვიყვებიან, რომ გამგეობაში არ ატოვებინებენ წერილს და ჩვენთან აგზავნიან. წერილები საბოლოოდ ისევ გამგეობამდე მიდის, თუმცა ამას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მოხუცს დაწერილი განცხადება უკან გაუტანია, რადგან შვილმა ამის შესახებ გაიგო და თავშესაფარი იუკადრისა. ხშირად მოხუცებზე ძალადობენ, მაგრამ მათ ამის შესახებ საუბარი არ სურთ. ეს პრობლემაა, რომელსაც ყურადღების მიქცევა უნდა,“ – გვიყვება „ღირსეული სიბერის“ კოორდინატორი, მარინა ჟღენტი. მას თითოეული მოხუცის ისტორია ზეპირად ახსოვს, ვისთანაც უმუშავია 2007 წლიდან დღემდე. ფიქრობს, ქობულეთში თავშესაფარი თუ იარსებებს, მინიმუმ 50 მოხუცი იქ მუდმივად იქნება.
„ზაფხულში შვილიშვილმა მოიყვანა ბებია და აქ დატოვა, მეც ქუჩაში ვარ და რა ვქნაო. მათ სახლი იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, გაუყიდეს და ახლობელთან ცხოვრობდნენ… მოხუცმა დროებით ურეხის თავშესაფარს შეაფარა თავი, ვიდრე ბათუმის სათნოების სახლში ადგილი გამოჩნდებოდა. იყო მოხუცი, რომელიც გვიყვებოდა, რომ ბალიშით ცდილობდა სიძე მის გაგუდვას. შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და როცა გაიგო, რომ დედა თავშესაფარს ითხოვდა, გაღიზიანდა. მოხუცმა ძალადობაც უარყო,“ – იხსენებს მარინა ჟღენტი.
„ღირსეული სიბერის“ მონაცემების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტს პეტიციით მიმართა – თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით.
„ღირსეულ სიბერეში“ გასული წლის ბოლოს თავშესაფრის პრობლემაზე მათ მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტიც გვაჩვენეს. სიუჟეტში გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – ხათუნა მამასახლისი ამბობს, რომ იმ დროისთვის 10 მოხუცის შესახებ შევიდა ინფორმაცია გამგეობაში. დადგინდა, რომ ორი მოხუცი იყო მხოლოდ უსახლკარო, მოხუცებს ღამის თავშესაფარი შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთო.

ქობულეთის გამგეობის პოზიცია
„იმ ეტაპზე არ იყო იმის აუცილებლობა, რომ სასწრაფოდ თავშესაფრის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი,“ – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა. მას ვკითხეთ, რის გამო დათანხმდებოდა მოხუცი ბათუმის ღამის თავშესაფარში მოთავსებას, რომელიც მან დღისით უნდა დატოვოს. გარდა ამისა, ამ თავშესაფარში ყოფნის მაქსიმალური ვადა სამი თვეა.
„წლების წინანდელ ამბავს ახლა რატომ მეკითხებით? ცხელ კვალზე რაც შევძელით, ეს იყო. გამზადებული თავშესაფარი ხომ არ გვქონდა? ჩვენ ეს სერვისი არ გვქონდა და გამოსავლის ძებნაში ვნახეთ ეს. ჩვენთვის არ უთქვამთ, რომ ეს თავშესაფარი დასატოვებელი იქნებოდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მე თუ თავშესაფარი არ მექნებოდა, დავთანხმდებოდი გამგეობის შეთავაზებას,“ – დასძენს ხათუნა მამასახლისი.
სად არიან ახლა ის მოხუცები, რომლებსაც ქობულეთის გამგეობამ გასული წლის დეკემბერში ბათუმის ღამის თავშესაფარი შესთავაზა? – ხათუნა მამასახლისის ინფორმაციით, ისინი ახლობლებთან არიან.
„ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია და ღმერთს მადლობა, არ აღმოჩნდა არც ერთი ისეთი მოხუცი, რომელიც ქუჩაშია და ღამის გასათევი არ აქვს. ბაზარს ვსწავლობთ და ამის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა ხათუნა მამასახლისმა. იგი 2014 წლიდან არის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
„კარგით რა, იმდენი პრობლემა იყო, ყველაფერს სამი წლის განმავლობაში ვერ მოვაგვარებდი, კარგად იცით თავშესაფარს რამდენი რაღაც სჭირდება,“ – ასე გვიპასუხა ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ კითხვაზე: რატომ ვერ მოხერხდა თავშესაფრის მოწყობა ქობულეთში.
დათვალა თუ არა გამგებელმა, რამდენი თანხა დასჭირდება თავშესაფრის მოწყობას და რატომ არ დაინტერესდა გამგეობა იმ მოხუცებით, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ? – სულხან ევგენიძემ ჩვენს კითხვებს ერთი და იგივე პასუხი გასცა: „ხათუნა მამასახლისი გაგცემთ პასუხს“.
„მე პირადად დავკავდები ამ საკითხით“, – ამბობს ქობულეთის ახალი მერი, მირიან ქათამაძე. წინასაარჩევნოდ იგი „ღირსეული სიბერის“ წევრებს შეხვდა და მოხუცების ისტორიებსაც გაეცნო. ახალი მერი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის გაჩენამდე, საკითხის დეტალურად შესწავლაა საჭირო.
მირიან ქათამაძე: „გასარკვევია, არიან თუ არა ეს მოხუცები რეგისტრირებული ქობულეთში, არიან თუ არა ნამდვილად მზრუნველობას მოკლებულები. პირველ რიგში, საცხოვრისის პრობლემა უნდა იდგეს. შესაძლებელია, ადვოკატირების პრობლემაა და არა საცხოვრისის. ამიტომ ეს საკითხები კომპლექსურად უნდა იქნას შესწავლილი და განხილული.“

ბათუმის მერია: ჩვენ ყველა მოხუცი დავაკმაყოფილეთ
„ამ დროისთვის 15 მოხუცი ელის თავშესაფარში ადგილის გათავისუფლებას… ადგილი გათავისუფლდება, როცა ვინმე გარდაიცვლება,“ – ამბობს იოანე ბარამიძე, წმინდა ეკატერინეს სახელობის ბათუმის `სავანის“ ხელმძღვანელი. სავანეში სულ 122 მოხუცის ადგილია. „სავანეს“ 276 ათასი ლარით საპატრიარქო აფინანსებს, 803 ათასით – ბათუმის მერია.
იოანე ბარამიძის თქმით, მოხუცებს შორის ზოგი¬ერთი უსახლკაროა, რადგან ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული და სესხის დაფარვა ვერ მოახერხეს, ზოგიერთს კი მომვლელი არავინ ჰყავს.
„სავანის“ ხელმძღვანელობისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ბათუმის მერიაში. აქ გვითხრეს, რომ თავშესაფრის მოთხოვნით მერიას წელს სულ შვიდმა მოხუცმა მიმართა და შვიდივე დააკმაყოფილეს.
„ჩვენ ყველა მოხუცი დავაკმაყოფილეთ. ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, რომ ვინმე რიგშია. შესაძლოა ერთი და ორი კვირა ვინმე ელოდეს ადგილის გამოთავისუფლებას, მაგრამ ჩვენთვის სხვებს არ მოუმართავთ… გიდასტურებთ, რომ ხშირად არის მოთხოვნა თავშესაფარზე და ამიტომაც გადაწყვიტა მერიამ, რომ ახალი თავშესაფარი მოაწყოს, პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ მის განხორციელებას დაახლოებით 2 მილიონი სჭირდება. რატომ არ გამოიყო ამისთვის დაფინანსება, არ ვიცი, ეს ფინანსისტებს უნდა ჰკითხოთ,“ – გვითხრა გოჩა ჯიბლაძემ, ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ.
თავშესაფრის საჭიროება შესაძლოა აღარ ჰქონდეთ იმ მოხუცებს, რომლებსაც სახლი აქვთ, მაგრამ მომვლელი არ ჰყავთ. ბათუმის მერიამ „შინმოვლის პროგრამის“ დაფინანსება 2017 წელს 54 ათას ლარამდე შეამცირა. შინმოვლა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების მოვლას ადგილზე გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ჩართულობით. 2016 წელს ამ პროგრამისთვის ბათუმის მერიამ 79 920 ლარი დახარჯა.
შინმოვლას წელს, მემორანდუმის საფუძველზე, საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“ ახორციელებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ვიზიტს თავად აფინანსებს, მერია მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს ყიდულობს. მერიაში არ მიიჩნევენ, რომ მინიმუმ იგივე დაფინანსება ამ პროგრამისთვის უნდა დარჩენილიყო და სხვა მოხუცებიც ჩართულიყვნენ პროგრამაში. შინმოვლის პროგრამით ბათუმში სულ 90 ადამიანი სარგებლობს. მერიაში სჯერათ, რომ ბათუმში 90-ზე მეტ მოხუცს ეს პროგრამა არ სჭირდება.
„ამას ვანგარიშობთ შემოსული განცხადებების საფუძველზე, ვინც მოგვმართავს,“ – განმარტავს გოჩა ჯიბლაძე. მას ჯანიკო სარჯველაძის ისტორიაც გავახსენეთ, რომელიც წლის დასაწყისში საკუთარ ბინაში შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმე დღის შემდეგ.
გოჩა ჯიბლაძე: „რატომაა ყველა პრეტენზია ჩვენთან? შინმოვლა ვერ წყვეტს ყველა საკითხს… ჯანიკო სარჯველაძე იღებდა ყველა დახმარებას. შინმოვლაში არ იყო ჩართული, ასეა, მაგრამ არ მოუმართავს ამ ქალბატონს ჩვენთვის.“

სახელმწიფო: გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავშესაფარი
„მოაწყონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავშესაფარი, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს“, – ეს ამირან დათეშიძემ გვითხრა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსმა.
საქართველოში სულ ორი თავშესაფარია – თბილისსა და ქუთაისში, თუმცა ამ თავშესაფრებში ბოლო ორი წელია მოხუცებს აღარ იღებენ. სახელმწიფომ გადაწყვიტა პანსიონატის ტიპის თავშესაფრები ოჯახური ტიპის პატარა თავშესაფრებით ჩაანაცვლოს – ე.წ. სათემო ორგანიზაციებით.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით „სათემო ორგანიზაციას“ მოაწყობს, სახელმწიფო თითოეულ მოხუცს დღე-ღამეში 16 ლარს ჩაურიცხავს. თავშესაფარში მოხუცების მაქსიმალური რაოდენობა 24-ს არ უნდა აჭარბებდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სულ ასეთი 10 სათემო ორგანიზაციაა, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ერთი – ანასეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ჯამში 250 შშმ პირის და ხანდაზმულის დაფინანსებას ითვალისწინებს.
სათემო ორგანიზაციაში, პირველ რიგში, მიიღება ის მოხუცი და შშმ პირი, რომელიც უსახლკაროა, ან შრომისუნარიანი ოჯახის წევრი არ ჰყავს. სურვილის შემთხვევაში, ბენეფიციარმა წერილობით სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან მის რომელიმე ფილიალს უნდა მიმართოს. საკითხის შესწავლის შემდეგ, მოხუცებს რიგში ხვდებიან. მათ აქვთ არჩევანი, მოხვდნენ იმ ქალაქის სათემო ორგანიზაციის თავშესაფარში, სადაც სურთ, მაგრამ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის არსებულ თავშესაფრებში რეალურად თავისუფალი ადგილი არსად არის.
რამდენად არის საკმარისი 16 ლარი ერთი მოხუცის მოვლისთვის და ხომ არ არის მწირი დაფინანსება იმის მიზეზი, რომ აჭარაში, ან სხვა რეგიონში არასამთავრობო სექტორს მსგავსი ოჯახური ტიპის თავშესაფრის მოწყობის სურვილი არ გაუჩნდა? – ამირან დათეშიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საკმარისია 16 ლარი და ამ კუთხით სხვა ქალაქების თავშესაფრების ხელმძღვანელებს მოთხოვნა არ დაუყენებიათ.
„რა თქმა უნდა, 16 ლარი საკმარისი არ არის,“ – ერთნაირი ფრაზებით გვიპასუხეს დაფინანსების სიმცირეზე მოქმედი სათემო ორგანიზაციების თავშესაფრების – „ანასეულის“ და „ბასილიადას“ დირექტორებმა. მათი თქმით, რომ არა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, სახელმწიფოს დაფინანსებით რთული იქნებოდა თავშესაფრის შენახვა. ამ თავშესაფრებში ასევე გვითხრეს, რომ არაერთხელ დასვეს დაფინანსების გაზრდის აუცილებლობის საკითხი სააგენტოში.
ქეთევან გელაშვილი, „ბასილიადას“ ხელმძღვანელი: „ჩვენ თავშესაფარი 2013 წელს მოვაწყვეთ თბილისში. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი მგონია. რომ არა ჩემი ეს სურვილი, რეალურად ძალიან რთულია მოხუცები ღირსეულ პირობებში ამყოფო არსებული დაფინანსებით. მოთხოვნა არის ძალიან დიდი. დღეში მინიმუმ სამი ადამიანი მირეკავს“.
მარინა თოფურია, „ანასეულის“ ხელმძღვანელი: „ყოველდღე გვირეკავენ ადამიანები, მოთხოვნა ძალიან დიდია. ამჟამად ორი მოხუცია ჩვენთან აჭარიდან. რამდენია რიგში, ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენთან პირდაპირ მოჰყავთ აღრიცხვაზე მყოფი მოხუცი, როცა ვინმე გარდაიცვლება. ჩემი გათვლებით რეალურად 28 ლარი სჭირდება მოხუცის მოვლას და არა 16 ლარი… ჩვენ გავარემონტეთ ძველი ბაღის შენობა და იჯარის თანხას ახლაც ვუხდით მუნიციპალიტეტს. თავიდან და ახლაც გვეხმარებიან დონორი ორგანიზაციები.“
„დაბერების“ პოლიტიკა
„მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემოგრაფიული დინამიკა მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ სექტორებზე) და გრძელვადიან პერიოდში შეიცავს რისკებს სახელმწიფო ფინანსებისთვის,“ – ვკითხულობთ მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც პარლამენტმა გასული წლის მაისში მიიღო. კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფოს დაბერების საკითხებზე სამოქმედო გეგმა 2016 წლის აგვისტოში უნდა დამტკიცებულიყო. გეგმა პარლამენტმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დაამტკიცა.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი შეფერხებულია, რაც უარყოფითად აისახება ხანდაზმულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე… სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების გათვალისწინება,“ – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ამირან დათეშიძე კი ირწმუნება, რომ გეგმა სრულდება. მისი აზრით, მუნიციპალიტეტებმა უნდა შეისწავლონ ხანდაზმულების საჭიროებები და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამები განახორციელონ.
„დაბერების საკითხზე კონცეფცია არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად მოუმზადებელია სისტემა,“ – ასე აფასებს არსებულ რეალობას უჩა ვახანია, კოალიციის „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელი. მას ევროპული პრაქტიკის შესახებ ვესაუბრეთ.
„ევროპული მიდგომის მიხედვით, თავშესაფარი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, მაგრამ თავშესაფარი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში – რაც არ უნდა კარგი პირობები იყოს იქ, თავშესაფარში ყოფნა არის მოხუცისთვის ერთგვარი სტრესი. მთავარი მიდგომა არის ის, რომ ხანდაზმული იყოს ღირსეულ პირობებში“, – გვიყვება უჩა ვახანია:
„ევროპის ქვეყნებში არსებობს უძლურების სხვადასხვა ხარისხი. ესენია: დაბანა, ჩაცმა, გადაადგილება, კვება, ტუალეტში წასვლა და გამონაყოფების კონტროლი. ეს ფასდება ქულებით და ენიჭება გარკვეული კატეგორია. ამის შემდეგ მოხუცს გამოეყოფა თანხა. ბინაზე მოვლის შემთხვევაში ეს არის 300-დან 1200 ევრომდე. მაგალითად, ჰოლანდია მკაცრად აკონტროლებს, რამდენად იხარჯება ეს თანხა მოხუცის მოვლისთვის. თუ დღეში ორიდან სამ საათამდე სჭირდება მოვლა, მაშინ ის უნდა გადაიყვანონ ე.წ. მოვლის სახლში. აქ მინიმალური ფასი 110 ევროა დღე-ღამეში, შვეიცარიაში 165 ფრანკია მინიმალური. მოვლის ხარჯები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდიდან ფინანსდება და არაფერს ხარჯავს მოხუცი. არსებობს თანადაფინანსების მოდელებიც, სპეციალური დაზღვევა არსებობს, ხელფასიდან 1,7 პროცენტს იხდიან დაქირავებული და დამქირავებელი ერთად და მოვლის სახლის გარკვეულ საფასურს ეს ფონდი აფინანსებს.“
დაბერების საკითხებზე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ნახავთ პროგნოზსაც, რამდენად გაიზრდება პრობლემა 2030 წელს:
მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4.4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო 1/3 – 50 და 50 წელზე მეტი ასაკის. მოსალოდნელია, რომ 2030 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 და 40 პროცენტამდე გაიზრდება. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში 78 წელი იყო, მამაკაცების კი – 71. 2030 წელს ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცების – 73 წლამდე.
„ასეთ ყოფას დიდხანს ვეღარ გავუძლებ“
თუკი „ღირსეული სიბერის“ ოფისში შეივლით, იქ ნახავთ საქაღალდეს, სადაც მოხუცების ხელით შევსებულ წერილებს ინახავენ.
„მოგახსენებთ, რომ ბედის უკუღმართობის გამო და თავს დატეხილი ტრაგედიებით დავრჩი სულ მარტო, დავკარგე საცხოვრებელი, უფრო სწორად, გამომაძევეს. რამდენიმე წელია ხან სად ვარ შეფარებული, ხან – სად. ამჟამად ღამეს ვათევ დროებით ფარდულში. ჩემი ცხოვრება გაუსაძლისია. უკვე ასაკიც დამჩემდა. მუშაობა აღარ შემიძლია, პენსიას ვიღებ, მაგრამ ვარ ნახევრად მშიერი, გამომწყვდეული სადგომში, სადაც საქონელსაც არ ამყოფებს კაცი. ერთადერთი გამოსავალი თავშესაფარია, თუ არადა, ასეთ ყოფას მე დიდხანს ვეღარ გავუძლებ. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულმოწყალება“.
„ვარ მარტოხელა, ჯანმრთელობა შერყეული მაქვს, ჯერ ასაკის გამო პენსიას ვერ ვიღებ, თავის გამოსაკვებად დროებითი სამუშაოს შესრულებაც არ შემიძლია. არავინ მყავს ხელშემწყობი, ვარ უმწეო მდგომარეობაში, ყოველგვარ მზრუნველობას მოკლებული. ჩემთვის არავის სცალია, ვისაც არ მივმართე, მხოლოდ დაპირებებით მისტუმრებენ. გთხოვთ, მიშუამდგომლოთ და იქნებ მომიხერხოთ უმწეოთა თავშესაფარში მოთავსება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ყველა იმედი ამოწურული მაქვს. იმედი მაქვს, ჩემს გაჭირვებას გულთან ახლოს მიიტანთ და უყურადღებოდ არ დამტოვებთ…“
და კიდევ ერთი მოხუცის წერილი, სადაც მხოლოდ ერთი ფრაზა წერია: „გთხოვთ, მომათავსეთ თავშესაფარში!“
საბა კონსტრაქშენი ბათუმში სპორტსკოლას 61 977 777 ლარად ააშენებს
„შპს სტადიონმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობაზე დღეს, 8 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერში სამი კომპანია – „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი, „დაგი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. ტენდერში სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 66 574 430 ლარი.
კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისთვის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები თანხა შესთავაზა შემსყიდველს. „გენჩ ინშაათ”-ის საქართველოს ფილიალი სპორტსკოლის მშენებლობას 66 224 429 ლარად სთავაზობდა სახელმწიფოს, ხოლო შპს „დაგი“ – 65 924 430 ლარად.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში [ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორია] უნდა ააშენოს სპორტული კომპლექსი. სამუშაოების წარმოება უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში.
ხელშეკრულებას ხელს აწერენ „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორის მინდობილი პირი სლავა შერაზადაშვილი და შპს „სტადიონის“ დირექტორი სულხან ხალვაში.
ვაკანსიები მასწავლებლებისთვის ბათუმის სკოლებში
მათემატიკა მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს როგორც გამოცდილ, ისე მაძიებელ მასწავლებელს.
ძირითადი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა. კონკურსანტი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნათაგანს: უნდა იყოს სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული/ან ჰქონდეს საგნის გამოცდა ჩაბარებული და იყოს სქემაში ჩართული. უნდა ჰქონდეს ზოგადასაგანამანათლებო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი.
კანდიდატმა განაცხადი ელექტრონული ფორმით უნდა გააგზავნოს სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე. კანდიდატმა საკონკურსო განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს: უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სქემაში ჩართვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სერტიფიცირებული მასწავლებლის შემთხვევაში, ასევე შესაბამისი სერტიფიკატი.
ამ სკოლაში მასწავლებლობის მსურველს შეაფასებენ გასაუბრებით, ასევე შეამოწმებენ მის ცოდნას საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში.
სავარაუდო ხელფასი თვეში – 500-548 ლარი.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადად მითითებულია 2018 წლის 10 იანვარი. შერჩეული კანდიდატი სამსახურებრივ მოვალეობას შეუდგება 15 იანვრიდან.
მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსია აქვს გამოცხადებული ბათუმის პირველ საჯარო სკოლასაც. მოთხოვნები თითქმის იგივეა, რაც მე-18 სკოლის შემთხვევაში. თუმცა, პირველ სკოლაში მასწავლებლობის მსურველს დამატებით მოუწევს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.
ამ სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ანაზღაურება თვეში იქნება – 110 ლარი. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 13 იანვარი. გამარჯვებული მასწავლებელი პირველი თებერვლიდან შეუდგება მუშაობას.
დაწყებითი საფეხურზე უცხო ენის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს შპს „ევრო-2000“-ი. საკვალიფიკაციო მოთხოვნებში წერია, რომ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლად მუშაობის დაწყებისთვის წაყენებულ სტანდარტებს. „ევრო 2000“-ს მასწავლებელი ესაჭიროება რუსული სექტორის დაწყებითი კლასებისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე ანაზღაურება იქნება თვეში 500-800 ლარი. სამუშაოს დაწყების თარიღად კი მითითებულია – 2018 წლის 1-ელი სექტემბერი.
მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიები გამოცხადებული აქვს ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლასაც.
საშობაო ნოქტიურნი
პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა,
და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი (იოანეს სახარება 1-1)
არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა
მისთჳს (იოანეს სახარება,1-8)
ავტორი: თამარ ხიტირი, ფილოლოგი
შობა, ალბათ, ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელთანაც ძლიერი ემოცია მაკავშირებს.
ვწერდი – ვშლიდი, ვწერდი – ვშლიდი…
იმიტომ, რომ ბევრი ვერ გამიგებს და თუ გამიგებს, ვერ აღიარებს. ერის ახალი წლისადმი აჟიტირებული დამოკიდებულება არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა ისტერია დაეუფლება ერს წინასაშობაოდ.
დიდი დღესასწაულია. მარხვა მთავრდება და აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეიძლება შეიჭამოს გოჭი, რომელსაც, სხვათა შორის, იესო არასდროს ჭამდა. მერე სანთლები, ღირებულებადაკარგული, ყოფითი სიტყვები „შობას გილოცავ, მრავალს დაესწარი“.
მრავალს ვერ დავესწრებით. ის შობა ერთი იყო. ერთადერთი. ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რის შემდეგაც სამყარო ორად გაიყო: სამყარო იესოს დაბადებამდე და მისი დაბადების შემდეგ.
ქრისტემდე ერთი რეალობა იყო, მას შემდეგ – მეორე. ის ადამიანის ცნობიერის დემარკაციული ხაზია. იმდენი კალენდარი, იმდენი ხერხი არსებობს თარიღების გამოსათვლელი, მაგრამ ის კალენდარი, რომელიც ქრისტეს შობაზეა დაფუძნებული ყველაზე ნიშანდობლივია. მის დაბადებასთან ერთად რაღაცა შეიცვალა ადამიანის არსში…
როდესაც ქრისტეზე ვსაუბრობ არანაირად არ ვგულისხმობ ქრისტიანობას, მით უმეტეს ქრისტიანობის დღევანდელ სახეს.
ქრისტიანობას აღარაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. არ ცდებოდა ნიცშე, როდესაც გენიალური სიტყვები თქვა: „სად არის ღმერთი? მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი მოკვდა! ღმერთი ვერ აღდგება! ჩვენ ის მოვკალით – თქვენ და მე! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!’’ იესოს მკვლელები ვართ ჩვენ… და რა პათოსით და სასტიკი ნაციონალიზმით ვამბობთ „მე ქრისტიანი ვარ“. მოკლული ღმერთის თაყვანისმცემლები.
დღემდე ვერ ვიაზრებთ ქრისტეს არსს, იმას, რომ ქრისტეს ბუნება თვით ამბოხია, შეუძლებელია მისი ორგანიზება და სისტემაში მოყვანა. ამ სისტემით მას ვკლავთ. და რჩება უსულო გვამი. შეგიძლიათ თაყვანი სცეთ მას, მაგრამ ფერისცვალებას ვერ განიცდით. ვერასდროს. შეგიძლიათ ათრიოთ ეს გვამი საუკუნიდან საუკუნეში, მაგრამ ამით მხოლოდ დამძიმდებით და არა გათავისუფლდებით.
თუ ქრისტეს გაგება გვსურს, ქრისტიანობის ფარგლებს უნდა გავცდეთ.
ქრისტე ყველა ეკლესიის მიღმაა. ქრისტე თვითონ არის რელიგიის შინაარსი. ქრისტეში რეალიზდება ყველა ადამიანის მისწრაფება.
სიმართლე ვთქვათ, ის ადამიანი იყო, მაგრამ ასევე უიშვიათესი სინთეზი. ჩვეულებრივი ადამიანები, უმეტესად ტანჯვაში და აგონიაში ვატარებთ ცხოვრებას. ამიტომაც, კრიშნას თუ შევხედავთ, ის სხვა პოლუსზეა, ექსტაზშია. შესაძლებელია გვიყვარდეს კრიშნა, მივყვეთ მას, გავერთიანდეთ ტრანსცენდენტურ ცეკვაში, მაგრამ არ არსებობს ხიდი მასსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის. ის ექსტაზშია, ჩვენ – ტანჯვაში, ბევრი ვერ პოულობს კავშირს.
ბუდა გენიალურია, ის უფრო შორს მიდის. ის არც ტანჯვაშია, არც ექსტაზში. ის სიმშვიდეშია. მისი დანახვა შესაძლებელია, მაგრამ რთულია დაიჯერო, რომ ის არსებობს. ბუდა – ადამიანის ოცნებაა და მხოლოდ ერთეულები მიდიან მასთან.
იესო კი ყველა მოლოდინის კულმინაციაა. ის ისევე იტანჯება, როგორც ჩვენ, მას ჯვარზე აწამებენ. მაგრამ ის ასევე ექსტაზშია, ისიც ტრანსცენდენტურია, და როდესაც უფრო და უფრო ახლოს მივდივართ მასთან, ვხედავთ, რომ არსი მის ჯვარზე გაკვრაში და ტანჯვაში კი არაა, არამედ ამ ყველაფრის დაძლევაში, ამაზე ამაღლებაში. ისიც ცეკვავს, ამიტომაც ასე ადვილია ჩვენთვის ქრისტეს გაგება და, ამავე დროს, თანამედროვე ადამიანისთვის ასე რთული. იმიტომ რომ ეკლესია ყოველთვის ქრისტეს წინააღმდეგაა. ის ამბოხია და ამბოხის ორგანიზება ყოველთვის კრახით სრულდება.
ქრისტესთან ერთად ადამიანთან მოდის ქაოსი, პირველადი ქაოსი, რომელიც მას ღმერთთან აკავშირებს.
ებრაელები იმდენი ხანი ელოდებოდნენ მესიას, რომ ქრისტეს არსებობა არ დაიჯერეს, ვერ მიიღეს და დღესაც კი ელოდებიან თავიანთ მესიას. მაგრამ მეორეჯერაც რომ მოვიდეს, დარწმუნებული ვარ, მაინც არ დაიჯერებენ. იმიტომ, რომ ლოდინს არიან მიჩვეულები, იმიტომ რომ ლოდინი გახდა მათი არსი, თვითონ ჩაიკეტნენ ამ ლოდინის ციხეში და ვერ აღიქვამენ რა ხდება გისოსებს გარეთ. ამიტომაც იესო ვერ მიიღეს და ჩვენც ამ გალიაში მყოფ ხალხს ვემსგავსებით. აღარ გვახსოვს რეალური იესო, აღარ გვესმის მისი სიტყვები, ამდენ ატრიბუტიკაში შეფუთვის და ამდენი ინტერპრეტაციის შემდეგ. ჩვენ ვახშობთ ამბოხს, ჩვენ ვებრძვით რეალურ „მე“-ს.
ყოველი დღით, ყოველი წლით, ყოველი შობით ჩვენ უფრო და უფრო შორს მივდივართ ქრისტესგან. დღეს ან ხვალ რომ მოვიდეს, ალბათ ვერ ვიცნობთ, არ დავიჯერებთ, ისევ ჩავახშობთ შინაგან პირველად ქაოსს. ისევ იესოს ბუნების, საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წავალთ.
ეკლესიებში დავდივართ, ვანთებთ სანთლებს და ვიცავთ მარხვას. დღეში რამდენჯერმე ვიხსენებთ მის სახელს და საშობაო ღვეზლებს ველოდებით. ქრისტესგან სულ უფრო შორს მივდივართ, თუმცა არის ადამიანის არსში რაღაც ბირთვი, რომელიც მუდამ ნამდვილ ქრისტეს ატარებს. მაგრამ ამას ვივიწყებთ, არაცნობიერის სიღრმეში ვმალავთ და გულზე ვატარებთ ჯვარს – მისი წამების და სიკვდილის სიმბოლოს, შემდეგ კი ნებით თუ უნებლიეთ ყოველდღე ისევ ვკლავთ მას.
მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ
7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვა-ლოცვა გვიან ღამით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.
წირვა-ლოცვას ტრადიციულად წინ უძღვოდა 6 იანვარს, 12 საათზე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული საშობაო ალილო, რომელსაც ბათუმის მერი, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ტკბილეული, ნობათი და შემოწირულობები მეალილოვეებმა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს.
საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე ქალაქის მერი, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციაში სტუმრობდნენ.















რა შემთხვევაში დაგიბრუნებთ რკინიგზა ბილეთის ღირებულებას
თუ მატარებელი დააგვიანებს და ამის გამო მგზავრს შეექმნება დისკომფორტი, მას აქვს უფლება მოითხოვოს სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება.
მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი 60 წუთზე მეტი ხნით დააგვიანებს ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლას, მგზავრს უფლება აქვს: „აუნაზღაურდეს ბილეთის მთლიანი ღირებულება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით“.
გარდა ამისა, ტრანსპორტირების უფლების დაკარგვის გარეშე მგზავრს უფლება აქვს მოსთხოვოს რკინიგზას კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ბილეთში მითითებულ გამგზავრების და დანიშნულების პუნქტებს შორის ადგილი აქვს დაგვიანებას. დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობა არის ბილეთის ღირებულების 25%. ეს იმ შემთხვევაში თუ მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დააგვიანებს.
ბილეთის ღირებულების 50%-ის მოთხოვნა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მატარებლი 120 წუთს ან მეტს დააგვიანებს.
მსგავსი რეგულაციის მიღებას საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
პაციენტის თხოვნით დაწერილი რომანი
თამარ თანდაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. მისი პირველი რომანი – „ბაბუაწვერას სტაფილოსფერი ქარბუქი“ შარშან გამოვიდა. წელს კი წიგნის მაღაზიებში მისი ახალი ნაწარმოები – „მატერიკონი“ გამოჩნდა. ქალები პატრიარქალურ კულტურაში, სექსი, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, სიკვდილი და გათავისუფლება – თამარი ამბობს, რომ მის რომანებში ნამდვილი ამბებია მოთხრობილი.
თამარ, პროფესიით ფსიქოლოგი ხარ, როდის და რატომ დაიწყე წერა?
წერა დავიწყე, თუ არ ვცდები, 2015 წელს, მანამდე არაფერი დამიწერია. საქართველოში ჩამოვედი 2013 წელს და მოულოდნელად, ისე, რომ არ ვგეგმავდი, დავიწყე ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. უცებ აღმოჩნდა, რომ ბევრი ტრავმული ამბავი მოვისმინე, განსაკუთრებით იყო სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, ძირითადად, ბავშვობის ასაკში მომხდარი. არ მეგონა, რომ ამას გადავაწყდებოდი. ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ მე თვითონ ვერსად ვსაუბრობდი ამაზე, ემოციებს კი დამუშავება უნდა. ეს რაციონალურად არ გადამიწყვეტია, უბრალოდ, ერთ დღეს დავჯექი, ჩემი დისერტაციის ერთი თავი უნდა დამეწერა და სცრეწ წრიტინგ-ის სავარჯიშოსავით მოვიდა გონებაში, ვიფიქრე, ამას გავაკეთებ, დავწყნარდები და მერე გადავალ დისერტაციაზე-მეთქი. დავიწყე სავარჯიშოს კეთება და სადღაც წამიყვანა, მერე კიდევ დავწერე, კიდევ დავწერე და ასე გამოვიდა პირველი რომანი, თითქმის სამ კვირაში დავწერე „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“. ეს იყო ამოხეთქილი ემოცია, ვულკანივით ამოიფრქვა. ჩემთვის იყო ძალიან კარგი, რადგან დავმშვიდდი, უცებ მივხვდი, რომ თურმე ამის თქმა მინდოდა ვიღაცასთან, ჩემი პირადი თერაპევტი საქართველოში არ ცხოვრობს, ვეღარ ვეკონტაქტებოდი და ის ემოცია ამოვიდა, რასაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი და ეს იყო ძალიან თერაპიული.
როგორ დაიწერა მეორე რომანი?
პირველის შემდეგ სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორეს აღარ დავწერდი, „მატერიკონს“ სხვა ისტორია აქვს. „მატერიკონის“ დაწერა მთხოვა ჩემმა პაციენტმა, რომელიც იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დიდი ხნის განმავლობაში. 14 წლის იყო, როცა მასზე ძალადობა დაიწყეს კლასელებმა და სადღაც 19-20 წლის ასაკში დაანებეს თავი. სექსუალური მონობაა ასეთი, უსაშინლესი, ძალიან მძიმე შემთხვევაა, რაც კი ოდესმე მსმენია, არა მხოლოდ ჩემს პრაქტიკაში. როგორ შეიძლება მეოცე საუკუნეში ადამიანი, უბრალოდ, გეკუთვნოდეს როგორც ნივთი, რასაც გინდა, იმას უშვრებოდე, მათ შორის ანათხოვრებდე სხვებზე. ამ ადამიანთან მუშაობისას მივედით ეტაპზე, როცა უკვე კარგად იყო: ტრავმებს გაართვა თავი, ემოციურად გადახარშა და უცებ მეუბნება – იცი რა, მე ხომ ამას ვერასდროს ვერსად ვიტყვი თქვენი კაბინეტის გარდა, არადა, არჩევანი რომ მქონდეს, მთელს მსოფლიოს ვეტყოდი, მაგრამ როგორ ვიტყვი, ოჯახი მყავს, მშობლები… მინდა, ჩემი ხმა და ჩემი ისტორია გაიგონ და რა კარგი იქნებოდა, შენ რომ დაგეწერაო. მეგონა, მეუბნებოდა ბლოგზე სტატია დამეწერა, სახელი შემეცვალა. ვუთხარი – კი, შენ თუ უფლებას მაძლევ, წაგაკითხებ და დავდებ-მეთქი. არაო, მაგას არ ვგულისხმობ, მინდა, რაღაც მხატვრულად იყოს, ადამიანებს მეტად მისწვდეთ, მე მინდა ჩემი ისტორიაო და ასე დაიწყო ამ წიგნის წერა. ბოლოს ვაჩვენე, ვუთხარი, რომ თუ შენ გადაიფიქრე, წიგნი არ იქნება და არა, მე მომწონს, ძალიან კარგად გიწერიაო. გამოვაქვეყნე.
შენი აზრით, რატომ უნდოდა ეს ისტორია დაგეწერა?
სექსი ძალიან მძიმე სტიგმაა ქალთან მიმართებით საქართველოში. ამ სტიგმატური ტრავმის მსხვერპლებს უნდათ მათი ისტორია წარმოჩნდეს. მე მომიყოლია სხვებთან ეს შემთხვევა და ჩემს მეგობრებსაც კი უთქვამთ, ზღაპრებს ყვები, როგორ, ხუთი წელი ჩემი მფლობელი იყოს ვიღაც და ვერ მოვახერხო გათავისუფლება?! არ სჯეროდათ, ამ ადამიანის არჩევანი ეგონათ. მასაც ეშინოდა, ვიღაცას არ ეთქვა, კახპა, ბოზი… როგორც ამკობენ ქალს ჩვენს ქვეყანაში. „ერთხელ და ორჯერ გასაგებია, ხუთი წელი როგორ იყავი ასე“, – დარწმუნებული იყო, ამას ეტყოდნენ.
ამ ადამიანს ჰქონდა იდეალური ინტუიცია, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მისი ეგრეთ წოდებული „ქამინგ აუთის“ დროს და ძალიან გაუხარდა, რომ ბოლოსდაბოლოს მის ამბავს გაიგებდნენ, მაგრამ ვერავინ მიხვდება, ვინ არის, თვითონაც არ იტყვის არასდროს. ამაზეც ვისაუბრეთ – ამბობდა, რომ მაშინ ოჯახის ყველა წევრს ხაზი უნდა გადავუსვა, მე თვითონაც სოციალური პოზიცია მაქვს ისეთი, რომ არ მინდა ამაზე საუბარი, მერე სახელით და გვარით ან პიროვნებით, ან პროფესიით აღარ გამიხსენებენ, იტყვიან, გახსოვს, აი, ის არის, წლების განმავლობაში რომ აუპატიურებდნენო. მაგრამ უნდოდა ისტორია ვინმეს ეთქვა, ასე გათავისუფლდა.
ორი რომანი გაქვს დაწერილი, რითი განსხვავდება შენთვის ისინი ერთმანეთისგან?
თემატური ხაზი ერთშიც და მეორეშიც საერთოა, ჩემთვის კი ძალიან განსხვავებულია, რადგან მეორეში პასუხისმგებლობა მქონდა, კონკრეტული ისტორია – კონკრეტული აუდიტორიისთვის. მინდოდა, რომ ეს კარგად ყოფილიყო ჩამოყალიბებული. როგორც ავტორს, ძალიან მეტკინებოდა გული, ვინმეს რომ ეთქვა, ეს რა სისულელე დაგიწერიაო, მაგრამ ორმაგად მეტად მეტკინებოდა გული იმ ადამიანის გამო – ის, ფაქტობრივად, არის დიდი ნაწილის ავტორი და ამის გამო ცოტა უფრო ველოლიავე. „ბაბუაწვერას“ შემთხვევაში არავის მიმართ პასუხისმგებლობა არ მქონია, გარდა საკუთარი თავისა. არც ვფიქრობდი, რომ შეიძლება დაბეჭდილიყო, უბრალოდ, მითხრეს, რომ კარგია, მოდი ახლა ვცადოთ, იქნებ ვინმემ დაგიბეჭდოსო.
რომელია უფრო მნიშვნელოვანი შენთვის?
ორივე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზით. „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ, ფაქტობრივად, ემოციურად გადამარჩინა. არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებდი, ეს რომ არ დამეწერა, შეიძლება საერთოდ მიმეტოვებინა ჩემი პროფესია. მაშინ მივხვდი, რასთან მქონდა საქმე, მაგრამ ემოციურად მივხვდი, რაციონალურად – არა. „მატერიკონი“ სხვა რაღაცის გამო იყო მნიშვნელოვანი, მე მგონი, პირველად მოხდა, როცა ამ საშინელი ტიპის ძალადობის მსხვერპლმა მომცა დავალება ეთნოგრაფიული მოწმეობის დაწერის, ჟანრი თავიდანვე განმისაზღვრა, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო ანთროპოლოგიაში, რომელიც კლასიკური მიმართულებაა და ნოვატორი ნამდვილად არ ვიქნებოდი, არამედ ეს უნდა შემდგარიყო ლიტერატურაში.
შენს ტექსტებში ხშირად ვხვდებით ლგბტ ადამიანებს. რატომ არის ეს თემები შენთვის მნიშვნელოვანი?
2013 წლის 17 მაისს მე და ჩემი ქმარი კინაღამ დაგვხოცეს დემონსტრაციაზე. იქ იყვნენ ჩემი მეგობრებიც და იყო არაორდინალური გამოცდილება. მერე „იდენტობაში“ დავიწყე მუშაობა როგორც ფსიქოთერაპევტმა და ამით დავუახლოვდი თემას, ამ ადამიანების ბიოგრაფიები აქედან გავიგე და არა, ვთქვათ, სტატიებით ან ყურმოკრული ამბებით. ამ ადამიანებმა შანსი მომცეს, ახლოდან შემეხედა მათი ცხოვრებისთვის. მათი პრეზენტაცია ლიტერატურაში საერთოდ არ ხდება, ან თუ ხდება, იმდენად გროტესკულია, რომ არ მომწონს. ერთია, როცა შენ გინდა საკითხის წარმოჩენა, მეორეა, როცა გინდა ადამიანი დაიყვანო მის სექსუალურ ორიენტაციამდე. ადამიანს უამრავი შრე აქვს, ამ შრეებს რატომღაც ტოვებ და კონცენტრაცია გაქვს იმაზე, თუ ვისთან აქვს სექსი. თუ წარმოდგენა ხდება ამ ადამიანების, წარმოდგენა ხდება მხოლოდ ამ მხრივ. ვისთან წვება ადამიანი, მარტო იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ ჰომოფობიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. რომ არ ვცხოვრობდეთ ასეთ საზოგადოებაში, კითხვების დასმა რელევანტურიც კი არ იქნებოდა.
როგორ ფიქრობ, საუბარი ლგბტ თემატიკაზე ლიტერატურაში, კინოში, მხატვრობაში, თეატრში შეცვლის თუ არა დამოკიდებულებას საზოგადოებაში?
ერთმა ადამიანმა რაც შეიძლება შეცვალოს თავისი შემოქმედებით, ალბათ ამ დონეზე შეცვლის. დღეს ჩვენ როცა რომანს ვშლით, რატომღაც გვგონია, რომ სასიყვარულო ისტორია უნდა იყოს ჰეტერონორმატიული ხასიათის. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ლგბტ იდენტობის წარმომადგენელს შეიძლება მსგავსი თემები შეეხოს. ჰოდა, რატომაც არა, საზოგადოების ნაწილია, რა მნიშვნელობა აქვს ბისექსუალი იქნება ჩემი გმირი, თუ ჰეტეროსექსუალი, პირველ რიგში, ის ადამიანია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მის სექსუალობაზე. მის უკან არის მთელი ფილოსოფია, თუნდაც ეს ფილოსოფია მოიცავდეს მის ორიენტაციას და სექსუალობას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს და არ დაიყვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გადაშლის წიგნს მიხვდეს, რომ მხოლოდ მისნაირებით არ არის დასახლებული მთელი საქართველო. სინამდვილეში ის ჭრელი და მრავალფეროვანია და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რადგან მათ არ ვაძლევთ უფლებას გამოჩნდნენ.
შენს რომანებში ასევე დიდი ადგილი უკავია სიკვდილს და ქალზე ძალადობას, საიდან მოდის ეს თემები?
90-იანელების თაობა ვარ, უმეტესობა ადამიანებისა, ვისაც მე ვიცნობდი, დღეს ცოცხალი აღარაა. ასე, რომ სიკვდილი ჩვენი თაობისთვის და, პირადად, ჩემთვის ნაცნობი თემაა. რაც შეეხება ქალზე ძალადობას, მე ვარ უფლებადამცველი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მხვდება ბევრი მსხვერპლი და მათი უმეტესობა – 80-85 პროცენტი არის ქალი, ბავშვობაშიც კი, როცა პედოფილიაზე ვსაუბრობთ, მსხვერპლი უმეტესად ქალია… თვალს რომ გაახელ, ხვდები, რომ გარემო, მედია, სოციუმი გამარაგებს ამ ისტორიებით, რომ ქალებს ეპყრობიან როგორც მეორეხარისხოვან არსებებს, ვისზეც შეიძლება კარგად განახორციელო შენი ძალაუფლება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
იქნება თუ არა მესამე რომანი?
მესამე რომანი იქნება, უკვე ვწერ. რა თემაზე, ეს რთული სათქმელია. რამდენიმე თემა მაქვს, საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი. რომანს მე მხოლოდ გარკვეულწილად ვგეგმავ, უფრო შერეულად ვწერ. წერა ხომ შემეცნების პროცესია, რაღაც ინტუიტიური ძიებაა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მიდგომა, როცა დაჯდები და დავუშვათ, დაფიქრდები, ვინ გყავს მთავარი გმირები, რა თემაზე გინდა წერო, მაგრამ ეს პროცესი არ გიტოვებს შემოქმედებითი ტკბობის საშუალებას. რა თქმა უნდა, ბალანსის დაჭერა მნიშვნელოვანია, მთლად დაუგეგმავად არ შეიძლება, სად წახვალ, არავინ იცის. მე ინტუიტიურად ვუდგები, მერე თავისით ყალიბდება. ახლა ვარ ამ ინტუიტიურ ეტაპზე, როცა რაღაცებს ვწერ, მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს, რა გამოვა. დაახლოებით ვიცი, მაგრამ რთული სათქმელია, ეს „დაახლოებით“ რამდენად გაამართლებს და საერთოდ, დარჩება თუ არა რომანში.
რა არის შენთვის წერა?
ახლა უკვე, როცა არ ვწერ, არ მიყვარს არავინ, წერის გემო რომ გავიგე, რაღაც დამოკიდებულება განმივითარდა და რომ არ ვწერ და დრო არ მაქვს წერის, სამყაროს მიმართ არ ვარ ინტეგრირებული, ვარ საკმაოდ აგრესიული, ფრუსტრირებული, ძალიან მძიმე ვხდები. აი, როცა ვწერ, ჩემს თავთან უფრო ახლოს მივდივარ და უკვე მაქვს საშუალება, რომ ადამიანებს ჰუმანურად მოვექცე, არ ვიყო მუდმივად გაბრაზებული, გაცილებით უკეთესი ვარ წერის პროცესში, ვიდრე წერის გარეშე.
ყველაზე რთული რა არის წერისას?
ყველაზე რთული ჩემთვის არის დროის გამონახვა. ჩემი პროფესია ძალისხმევას მოითხოვს, ემოციური დანახარჯი არის კატასტროფულად დიდი, ადამიანად აღარ ვარგიხარ. არ მაქვს საუბარი ასტრონომიულ დროზე, ასტრონომიულ დროს კიდევ გამონახავ, უბრალოდ, ემოციურად ხარ დაღლილი, წერას სჭირდება მოცალეობა, ემოციური მოცალეობა და ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა შენ არ ხარ აქტიურად ჩაბმული თერაპიაში, ჰოდა, ასე ვჭიდაობ.
უშუალოდ წერის დროს დიდი სირთულეები არ მაქვს, არის მომენტი, როცა ხვდები, აი, აქ დიდი ბორცვია და ამის გადასალახად ცოტა აზროვნება გჭირდება, აქ უკვე წერა არ გიშველის, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. მე არ ველოდები, რომ დავჯდები და პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ჩავახრიგინებ. რაც არ უნდა რთული პროცესი იყოს, ყველაფერი თავისთავადია, ეტყობა მოლოდინი არ მაქვს დიდი ამ პროცესისგან, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მძიმე შრომა, ამიტომ ამისთვის მზად ვარ.
თუ ყოფილა, რომ რაღაც თემაზე ან ვიღაცაზე წერა ძალიან გინდოდა, მაგრამ არაფრით გამოსულა?
არა, ასეთი არ ყოფილა, ეტყობა, ტვინში დიდი ხანი მწიფდება. მე წერას ეგრევე არ ვიწყებ. წინადადება მესმის ხანდახან, დავდივარ და წინადადება მოდის თავისთავად, რაღაც ფრაზები, დაუკავშირებელი ხატები მოდის, მგონია, ეს არის ჩემი წარმოსახვის მუშაობა. მერე აღმოჩნდება, რომ ამას თავისი ხაზი აქვს, მერე ვხვდები, რომ უნდა დავწერო, რადგან ცუდად გავხდები, თუ არ დავწერ. და, შესაბამისად, როცა წერას ვიწყებ, მომზადებული ვარ და ვიცი, რა უნდა დავწერო.
ძალიან მინდა დავწერო ცხოველებზე, რადგან ეს ანთროპოცენტრული მიდგომა სამყაროსადმი ცოტა გულისამრევია ჩემთვის. მინდა წარმოვაჩინო ცხოველთა სამყარო, ოღონდ არ იყოს გაპიროვნებული ცხოველი. როცა წერენ ცხოველებზე დიდებისთვის ან პატარებისთვის, ცხოველი ყოველთვის გაპიროვნებულია, არის იგივე ანთროპოსი ცხოველის ტყავში გახვეული. მე მინდა სიცოცხლის სხვა ფორმები ვაჩვენო და ვთქვა, რომ პიროვნულობა მასაც ახასიათებს, ამაზე წერა კი ძალიან რთულია. სამეცნიერო ენაზე ეს ადვილი გასაკეთებელია, – ტრადიცია არსებობს. ჯერალდ დარელს აქვს ერთი წიგნი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“, სადაც ბრწყინვალედ არის აღწერილი პატარა ბიჭისა და ცხოველების ამბავი, მეც მინდა ერთ დღეს აღვწერო ადამიანის იქით არსებული ცხოვრება და ეს იყოს ადეკვატური.
რა ტიპის ლიტერატურა მოგწონს?
მომწონს დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურა. მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ვკითხულობდი 20-22 წლამდე, მერე სამეცნიერო ლიტერატურას მივეძალე. გამორჩეულად ვერ გეტყვი, რომ კონკრეტული მიმართულება მომწონს, პრინციპში, ყველანაირი ლიტერატურა მომწონს, მნიშვნელობა არა აქვს ჟანრს და თემას, უბრალოდ, სათქმელი კარგად უნდა მოჰყვე. თუ ისტორია შემიპყრობს და გამიტაცებს, ესე იგი, კარგი მწერალია. თუკი ეს არ მოხდა, მნიშვნელობა არა აქვს. ლიტერატურა – ლიტერატურაა, მთავარია, იყოს ხარისხიანი. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვკითხულობ, რაც მიტაცებს და მაინტერესებს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, ამბავი, თუ როგორ არის ეს ამბავი მოთხრობილი?
მხოლოდ მკითხველი არასოდეს არ ხარ. მე, მაგალითად, ვარ უფლებადამცველი, ამიტომ ჩემთვის ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი წამოწევს გარკვეულ თემატიკას, შეიძლება არ ეყოს სკოლა, ეს თემატიკა კარგად რომ დაამუშაოს, მაგრამ საკმარისია ისიც, რომ ახსენა. მიყვარს სოციალურ თემატიკაზე ვინმე რამეს რომ წერს, ნებისმიერი სტატიაც… შეიძლება ბოლომდე კარგად არ აქვს შესწავლილი თემა და სოციოლოგიურ კონტექსტში ვერ სვამდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვა – მე მართლა ვერ გავიგებდი მაღაროელი მუშის დღე რას შეიძლება ჰგავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვის პოზიციიდან წერენ, რადგან მე არ ვიცი, ბავშვი როგორი ტიპია, რას ნიშნავს ბავშვობა ამ საუკუნეში და ამ დროს. მე ვიცი, რა იყო ბავშვობა ჩემს საუკუნეში. ასე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რაღაც საკითხი მოიტანოს შენამდე.
რაც შეეხება, როგორ არის მოთხრობილი ამბავი, ამაში გემოვნება განსხვავებულია, შეიძლება არსებობდეს ორი შესანიშნავი მწერალი და ერთს ვერაფრით დავუდო გული, მაგალითად, როცა სალმან რუშდის კითხვას ვიწყებ, ვერასოდეს მივდივარ ორი ფურცლის იქეთ, ვისაც რუშდი კარგად აქვს დამუშავებული, სულ ვეკითხები, რა ნაწილია, რომელიც ასე გიპყრობს. მიხსნიან, მაგრამ მე ვერაფრით ვხვდები, მაშინ როდესაც, ნილ გეიმანი შეიძლება წავიკითხო 3-4 საათში. აქ შეიძლება თხრობის კულტურაზეც არის, ანუ რა ტიპის თხრობის კულტურას ხარ მიჩვეული, შენი განათლებით და შენი კულტურული პოზიციებით. მეორეა უბრალოდ ლიტერატურული გემოვნება, ჩვენ ყველას გვაქვს პრეფერენციები, საით შეიძლება გადავიხაროთ და რა შეიძლება მოგვეწონოს.
ბოლო პერიოდის ქართული ლიტერატურიდან რა მოგეწონა?
ვერ გეტყვით, რომ კარგად ვიცნობ, მაგრამ ჩემზე მოახდინა აბსოლუტურად შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება თამთა მელაშვილის მოთხრობამ – „ერთი და ორი“. თამთას რომანიც კარგი აქვს, მაგრამ მოთხრობა რომ წავიკითხე, მივხვდი, რას ნიშნავს იყო მწერალი. ეს არის კლასი ჩემთვის, შინაარსი და ფორმა – ფანტასტიკურია ორივე.
როგორი ადამიანები გაინტერესებს?
მაინტერესებს ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ სიკვდილის. მყავს მეგობრები, რომლებსაც საერთოდ არ ეშინიათ სიკვდილის. ბევრი სხვა რამის ეშინიათ: ომის, გაჭირვების, დაავადებების, წარუმატებლობის, ახლობლების სიკვდილის, მაგრამ საკუთარი სიკვდილის არ ეშინიათ და ეს არის ჩემთვის შოკი, როგორ შეიძლება ადამიანს სიკვდილის არ ეშინოდეს.

საითკენ უნდა იყოს მიმართული თანამედროვე ქართველი ავტორის ყურადღება, შენი აზრით?
საითაც თვითონ უნდა, მთავარია, ავტორმა ისტორია მოჰყვეს. მიყვარს სოციალური თემები, არის რაღაც ტიპის ადამიანების ცხოვრება, რომელსაც საერთოდ ვერ ეხები. მე ამას ვაბრალებ გამაერთიანებელი დისკურსის არქონას, სადაც გვეცოდინება ერთმანეთის ცხოვრება. ჩვენ ვიცით ჩვენს ქვაბში რა ხდება და იმის იქეთ იშვიათად, მედია თუ გაგვაგებინებს. ამიტომაც მიყვარს სოციალური თემები, რომლებსაც დიდად შეიძლება ვერ გადავეყარო, მაგრამ ჩემს სივრცეში, ჩემს ეპოქაში მნიშვნელოვანია ვიცოდე, იქ რა ხდება. თუ ამის შესახებ ვინმე მიყვება, ეს არის კარგი, მაგრამ შეიძლება ადამიანს უნდა დაწეროს თავის სულიერ სამყაროზე, იმ სულიერ ძვრებზე, რასაც დღის განმავლობაში განიცდის, ან თავის სიზმრებზე, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასე, რომ ვერ გეტყვი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ ის არის კარგი, რომელიც უკეთესად არის დაწერილი.
რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ქალი ავტორების აქტიურობა ლიტერატურაში?
მანდ ორმაგი დამოკიდებულება მაქვს. როცა ქალ მწერლად მომიხსენიებს ვინმე, ძალიან ვბრაზდები. კაც მწერალზე ხომ სქესს არ აკონკრეტებენ. გამოდის, ჩემ შემთხვევაში გენიტალიებია მნიშვნელოვანი, როცა მწერალს მარქმევ და ვიღაცის შემთხვევაში საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია – ეს ერთი. და მეორე – თუ ამას შეხედავ ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ქალისა და კაცის ცხოვრება საკმაოდ პოლარიზებულია თავიანთი სოციალური როლებით, პატრიარქალურ იერარქიაში თავიანთი მდგომარეობით, თავიანთი კულტურული ტრადიციებით, მაშინ გამოდის, რომ, ჩემი, როგორც ქალის გამოცდილება და შენი, როგორც კაცის გამოცდილება ძალიან ასიმეტრიული უნდა იყოს ერთმანეთისგან; სამყაროს მე და შენ შეიძლება მართლა განსხვავებულად ვხედავთ. აქ საინტერესოა უფრო წინ წამოვიდეს ქალი როგორ ხედავს სამყაროს, რადგან, რაღაც პერიოდი სამყაროს ვხედავდით ისე, როგორც მამაკაცები. თუმცა იდეალური იქნება, რომ არ ვთქვათ, ეს არის ქალი ავტორი და ეს არის კაცი ავტორი, უბრალოდ, ვთქვათ, ეს არის მწერალი, რომელიც თავის ხედვებს წარმოაჩენს.
და ბოლოს, რისი გეშინია როგორც ავტორს?
არაფრის მეშინია. წამიკითხავს, ავტორს ეშინია, რომ ერთ დღეს გაიღვიძებს და ვეღარ დაწერს – ამის არ მეშინია. წერა არის ჩემთვის შემეცნების ერთ-ერთი სახე. ადრე, შემეცნების სახე იყო უფრო აკადემიური ტიპის, მეცნიერებასთან ვიყავი ძალიან ახლოს. მერე, როცა გამოცდილება მივიღე, მივხვდი, რომ აქ შემეცნების სხვა არხებია გახსნილი, სადაც სინთეზი, ანალიზი არ მონაწილეობს და გააქტიურებულია უფრო ირაციონალური, ინტუიტიური მიმართულებები. მომეწონა სამყაროს ასე შემეცნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებიც მე ასევე არ გამომიცდია. ასე, რომ თუ ერთ დღეს მივხვდი, რომ ვეღარ ვწერ, აღარ ვიწვალებ, დავფიქრდები, რა არის შემეცნების ის ახალი ფორმა, რომლითაც მე შემიძლია სამყარო შევიმეცნო, მწერლობა არ არის თვითმიზანი.
გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“
სასტუმრო „ლეოგრანდმა“ დაღუპულების ოჯახებს ერთჯერადად კომპენსაცია გადაუხადა
სასტუმრო „ლეოგრანდსა“ და ამ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლეოგრანდის“ ადვოკატი ადასტურებს. საქმე ეხება ფულად კომპენსაციის გაცემას დაღუპული ოჯახის წევრებისთვის.
ლეოგრანდის ადვოკატის კახა წერეთელი ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობას არ ასახელებს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციის ოდენობა ერთი და იგივეა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით კი, კომპანია მათ 50 ათას დოლარს სთავაზობს.
როგორც „ლეოგრანდის“ ადვოკატი კახა წერეთელი „ბათუმელებთან“ ამბობს, ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ფულადი თანხა გაიცემა იმ გარდაცვლილების შვილებზე, რომლებიც არასრულწლოვანები არიან. „სრულწლოვან ასაკს მიღწევამდე თითოეული ბავშვი მიიღებს ყოველთვიურად ფულად დახმარებას. კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს გარდაცვლილების შვილების უმაღლესი განათლება, თუ ისინი სრულწლოვან ასაკს მიღწევის შემდეგ გადაწყვეტენ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას“.
კახა წერეთელი ამბობს, რომ გარდაცვლილებს დარჩათ ერთი, ორი და სამი შვილი.
კახა წერეთელი ასევე ამბობს, რომ კომპენსაციას მიიღებს სასტუმროში დაღუპული ირანის მოქალაქის ოჯახიც. „შეთანხმება მათთანაც მიღწეულია. უბრალოდ, ისინი უნდა ჩამოვიდნენ, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერონ“.
ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე
ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ როგორ ანაზღაურებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას.
ქვეყანაში ახალი წლიდან ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურდებათ შრომა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად.
„ვფიქრობ, ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, რომ შრომის არათანაბარი ანაზღაურება სისტემური პრობლემაა, რომელიც ახალი მეთოდებით უნდა გადაიჭრას. ათწლეულებია, რაც ქალები ამაზე ალაპარაკდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულად შევისწავლეთ საკითხი. საზოგადოებამ არსებული კანონის უმოქმედობა დაინახა, რომელიც არ მუშაობდა და იგრძნო საჭიროება, რომ რაღაც მეტია გასაკეთებელი“, – ამბობს ისლანდიის ქალთა უფლებების ასოციაციის წარმომადგენელი დაგნი ოსკ არადოტირ პინდი.
ისლანდიის ახალ კანონს მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან სოციალური ქსელების საშუალებითაც.
Literally going to Iceland tonight and I guess… I may never come back!!https://t.co/4ncEOsgZlw
— Jenna Amatulli (@ohheyjenna) January 2, 2018
ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიკტსონმა 2017 წელს ქალთა საერთაშორისო დღეს განაცხადა, რომ ისლანდია 2022 წლამდე აღმოფხვრიდა გენდერულ უთანასწორობას შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისით.
We agree!
Prime Minister of Iceland at today's @UN commemoration of #InternationalWomensDay. More: https://t.co/4KJjm2rs4p #WomensDay pic.twitter.com/Hb4dAH54m7— UN Women (@UN_Women) March 9, 2017
მას შემდეგ ქვეყანაში ახალი პრემიერ-მინისტრი, კატრინ იაკობსდოტირი აირჩიეს, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2017 წლის ნოემბრიდან შეუდგა.
ამავე დღეს თანასწორობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტორსტეინ ვიგლუნსონმა განაცხადა რომ: „თანაბარი უფლებები – ადამიანის უფლებაა. უნდა უზრუნველვყოთ, რომ კაცებსა და ქალებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ სამუშაო ადგილებზე, ძალისხმევის ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ ამ მიზნის მისაღწევად“.
ისლანდიაში ადრევე დანერგეს კვოტირების მეთოდი. ეს გულისხმობს, რომ კომპანიაში, რომელსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მინიმუმ 40%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ისლანდია უკვე მეცხრე წელია პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგადაა დაცული გენდერული ბალანსი. ამის მიუხედავად, ქალები აქაც კი 14%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ მამაკაცებთან შედარებით.
ჯერ კიდევ 1975 წელს გაიფიცნენ ქალები ისლანდიაში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით. 5 წლის შემდეგ კი ისლანდიამ ხმა მისცა დემოკრატიული გზით არჩეულ ქვეყნის პირველ ქალ ლიდერს.
1975 წლის გაფიცვის დღეების აღსანიშნად ისლანდიაში ყოველწლიურად იკრიბებიან რეიკიავიკის მთავარ მოედანზე, ამ დღეს ტოვებენ სამსახურს, პარტნიორებსა და ბავშვებს სახლში.
ინფორმაციას INDEPENDENT-ი, BBC-ი და New-York Post-ი ავრცელებს
ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია
„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ კრეტაზე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. დიდ ბრიტანეთში, კუნძულ მენზე გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კი, ნინო ბაციაშვილმა ქალთა მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის პირველ ნომერს, ჩინელ მოჭადრაკეს, ჰიუ იფანს მოუგო პარტია.
„მეოთხე ტურში შევხვდით. ჰიუ იფანი ძალიან ძლიერი მოჭადრაკეა, ბოლო წელიწადნახევარია ქალთა ტურნირებში აღარც მონაწილეობს. ეს ღია ტურნირი იყო, სადაც ქალები და კაცები ერთად თამაშობენ. თვითონ მწვავე თამაშზე წამოვიდა, სადაც დათვლაზე იყო. მე უფრო შორს გავთვალე. მერე შეცვალა თამაშის ტაქტიკა, მაგრამ უკვე კარგ პოზიციაში ვიყავი და მოვიგე. ძალიან გამიხარდა ეს მოგება,“ – მიყვება ნინო.

ჭადრაკის მსოფლიო ორგანიზაციის – „ფიდეს“ ბოლო მონაცემებით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილი, აქტიურ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზეა. აქამდე ნინომ საკმაოდ დიდი და რთული გზა გაიარა, რომელიც ბათუმში დაიწყო, მაშინ, როცა 5 წლის ნინოს მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა. ჯერ მამასთან და და-ძმებთან თამაშობდა, ყველას უგებდა და ოჯახში გადაწყვიტეს, ნინო ჭადრაკზე მიეყვანათ. ცოტა ხანში ტურნირებზეც დაიწყო გამოსვლა, განსაკუთრებით ერთი ახსენდება – რვა წლის ასაკში აჭარის ჩემპიონატზე მასზე უფროსებს მოუგო. ეს და კიდევ ერთი მომენტი მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი იყო: 2008 წელს 21 წლის ნინო ბაციაშვილს „ფიდემ“ ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიანიჭა, რამაც ნინო საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი მთავარი საქმე ჭადრაკი იყო:
„ეს ის დრო იყო, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, უკვე უნდა გადამეწყვიტა, რას ავირჩევდი და გადავწყვიტე, რომ მთავარი იყო ჭადრაკი. არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგები მქონდა. 21 წლის დიდოსტატი ვიყავი, საკმაოდ მაღალი რეიტინგით, თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში ამ რეიტინგით ნაკრებში ვიქნებოდი, მაგრამ საქართველოში ძალიან მაღალი დონეა საჭირო, რომ ნაკრებში მოხვდე – ჩვენთან ქალთა ჭადრაკში დიდი კონკურენციაა. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ათ მოჭადრაკე კაცზე სამი მოჭადრაკე ქალი მოდის, ჩვენთან ქალების ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, რაც ნონასა (გაფრინდაშვილი) და მაიას (ჩიბურდანიძე) ფაქტორია. ახლა, როცა მსოფლიოს პირველი 15-ეულისა და ნაკრების წევრი ვარ, შემიძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა, მაგრამ, მაგალითად, თუ მეორმოცე ადგილზე ხარ მსოფლიო რეიტინგში, ძალიან რთულია საქართველოში ამით ცხოვრება, სხვა საქმე, სხვა დამატებითი შემოსავალი გჭირდება, რასაც დრო მიაქვს და ეს შედეგზეც აისახება“.
ბოლო წლებია ნინო თბილისში ცხოვრობს. მისი ჩვეულებრივი, სამუშოა დღე თბილისში ფინჯანი ყავით იწყება, მერე სავარჯიშოდ მიდის:
„ტურნირზე თუ ხარ – სხვა რეჟიმი გაქვს, როცა შეკრებაა – სხვა, უფრო დაძაბული. ჩვეულებრივ 4-5 საათი ვმეცადინეობთ, მერე სახლში გრძელდება ეს და საღამოს უკვე თავისუფალი ვარ. ვცდილობ დღეები არ იყოს რუტინული და როცა მომინდება, მაშინ ვივარჯიშო, რადგან ასე ბევრად უფრო პროდუქტიულია. როცა აზრი გაქვს, მაშინ შეიძლება ნახევარი საათი დაგჭირდეს, ხოლო თუ რუტინაში მოექცევი, იმავე საქმეს შესაძლოა ორი საათი მოანდომო.
რთული სფეროა ჭადრაკი, ბევრ რამეს მოითხოვს. ბევრ რამეზე უნდა იმუშაო, გარდა იმისა, რომ კარგ ფორმაში უნდა იყო, სწრაფად ხედავდე, სწრაფად ითვლიდე… ფორმაში ყოფნა ნიშნავს, როცა სწრაფად შეგიძლია შეაფასო, დაინახო, არაფერი გამოგრჩეს. არის რაღაც სავარჯიშოები, ამოცანები, რომლებიც გეხმარება ამაში. გარდა ამისა, დღეს ბევრს ვმუშაობთ კომპიუტერთან. ყველა ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო, ვინ ვისთან, როგორ ითამაშა, ეს ყველაფერი ბაზაშია, ნახავ და მერე არჩევ, რომელია სწორი გაგრძელება თამაშის, ახალი იდეები შეგიძლია შეამოწმო, ამისათვის სპეციალური პროგრამები არსებობს. რაც უფრო მეტი ასეთი ცოდნა გაქვს დაგროვილი, მით უკეთესია, ძალიან გეხმარება ეს ყველაფერი თამაშისას. მოწინააღმდეგეებს ძირითადად ტურნირის დროს სწავლობ, მაგრამ სხვა დროსაც. ისეც, ძირითადად, ტოპმოჭადრაკეები ხვდებიან ერთმანეთს ტურნირებზე და ვიცით, ვინ როგორ თამაშობს, რას შეიძლება ელოდე. რთულია, როცა ტურნირი რამდენიმე დღეს გრძელდება და დაძაბულია. ახლა ძალიან დაღლილი ჩამოვედი, ორი დღე მეძინა თითქმის, ევროპიდან რომ ვბრუნდები, აკლიმატიზაციის გამო სულ ასე ვარ“.
ნინო მიყვება, რომ ბოლო თვეებში არაერთი დაძაბული თამაში ჰქონდა, თუმცა ყველაზე რთული შეხვედრა უკრაინელ პაველ ელიანოვთან შედგა:
„მეშვიდე ტური იყო და მანამდე ექვსი, ასევე ძალიან რთული პარტია ვითამაშე. ეს იყო პარტია გრძელი კონტროლით. ელიანოვი უკრაინის პირველი ნომერია კაცებში, ძალიან კარგი მოჭადრაკე, ბოლომდე შევინარჩუნე თანაბარი, ბოლო მემომენტში, მესამოცე სვლაზე, რაღაც სისულელე გავაკეთე და ამის გამო წავაგე. რთული პარტია იყო თავისი მომზადებით, იდეებით და ძალიან დაღლილი ვიყავი მაგის მერე,“ – ამბობს ნინო.
კითხვაზე, რომელი პარტია ითამაშა ყველაზე კარგად, ნინო ბევრს არ ფიქრობს. ყაიმი მსოფლიო ჩემპიონთან, ნორვეგიელ მოჭადრაკე მაგნუს კარლსენთან, რომელსაც „ფიდეს“ ისტორიული რეიტინგი აქვს მოხსნილი, Qatar Masters Open 2015-ზე სენსაცია იყო. ბაციაშვილმა შავი ფიგურებით მოახერხა ყაიმი. მაშინ წერდნენ იმასაც, რომ ნინო ბაციაშვილს მცირე უპირატესობა ჰქონდა ამ შეხვედრისას.
„როცა მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები, ესაა დამატებითი დაწოლა შენზე, რადგან მან ბევრი იცის, კარგადაა მომზადებული. ამ პარტიამ დიდი პოპულარობა მომიტანა და კარგადაც ვითამაშე. კარლსენთან ყაიმი რთულია, თან შავი ფერებით. ყველას ძალიან გაუკვირდა, რადგან პარტიაც მაღალი ხარისხის იყო. ხომ არის დღე, როცა რაღაც ისე ვერ თამაშობს მოჭადრაკე, ასე არ ყოფილა, მანაც კარგად ითამაშა და მეც,“ – ამბობს ნინო.

მოსაზრებას, რომ ჭადრაკი გაახალგაზრდავდა, ნინო ნაწილობრივ არ ეთანხმება: „ფორმის პიკს რა ასაკში მიაღწევ, ამას ჭადრაკში წინასწარ ვერ განსაზღვრავ. სპორტის სხვა სახეობაში შეიძლება ეს დაგეგმო, რომ თუ კარგად ივარჯიშებ, რაღაც კონკრეტულ ასაკში მიაღწევ ფორმის პიკს, მაგრამ ჭადრაკში არავინ იცის, როდის დადგება პიკი, იმდენად რთულად მუშაობს ტვინი. შეიძლება მთელი წელი იმეცადინო და მერე ჩაფლავდე, თუმცა სადღაც აუცილებლად გამოგადგება ეს. ამიტომ ჭადრაკში ყველას ინდივიდუალური ფორმის პიკი აქვს.“
თამაშის დროს არანაირი დათქმა და ცრურწმენა არა აქვს. არ მიყვარს ასეთი რამეებიო, ამბობს: „ზოგადად, არ ვარ ცრუმორწმუნე. ზოგს აქვს – იმ დღეს თუ მოიგებ, მერე ასე გაგრძელდება და ა.შ. ასეთებზე ფიქრი ადამიანს ღლის, სისულელეა. ყოველი დღე ახალია და შეგიძლია სხვანაირად მოიქცე. მოწინააღმდეგის არასდროს მეშინია, შიში იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული. იქნებ დაგავიწყდა რაღაც, ყველაფერი თუ გავაკეთე სწორად? – ეს შიშია, რადგან შეიძლება პარტია წააგო იმიტომ, რომ დილას რაღაც არ გადაამოწმე.“
ახლა, როცა მაღალი რეიტინგი აქვს და საქართველოს ნაკრების წევრია, უკვე შეუძლია, თავად აირჩიოს ტურნირი, სადაც წასვლა უნდა, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჭადრაკი საკმაოდ ძვირი სპორტია, განსაკუთრებული, კარგი მომზადება კერძო გაკვეთილების აღებასაც ითხოვს, რაც იაფი არ არის, ტურნირებზე წასასვლელად კი მოჭადრაკე თავად ყიდულობს ბილეთს და სხვა საკითხებსაც აგვარებს:
„კი, შეიძლება იარო წრეებზე, მაგრამ მერე გჭირდება სპონსორი, რომ გაკვეთილები აიღო წარმატებული მოჭადრაკეებისგან, რომელთაც მეტი იციან. ნამდვილად გეხმარებიან ეს ადამიანები, ასეთი არაერთი შემთხვევა მქონია, მაგრამ ყოველთვის უფასოდ ხომ ვერ ჩაგიტარებენ გაკვეთილს?! ერთი და ორი გაკვეთილიც არაა საკმარისი, სტაბილურად უნდა იმეცადინო, ბევრი ადამიანისგან უნდა მიიღო ცოდნა, დააგროვო გამოცდილება, ეს იაფი არ არის. ადრე ბევრ ტურნირზე საერთოდ ვერ მივდიოდი, რადგან ძვირი იყო ბილეთი. თან ქალთა ჭადრაკში უფრო დაბალი პრიზებია და ყველგან პირველ ადგილზეც ვერ გახვალ. სანამ მე თვითონ არ დავიმკვიდრე ადგილი ნაკრებში, არავინ მაფინანსებდა, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთული იყო სადმე წასვლა და რაღაცის გაკეთება. ახლა უფრო ადვილია, რა თქმა უნდა, ფრენებია ქუთაისიდან, ტურნირის ორგანიზატორიც, შენი სტატუსიდან გამომდინარე, იღებს რაღაც ვალდებულებებს. ადრე ვიზა გჭირდებოდა, ბილეთი, ამიტომ უფრო ახლო ქვეყნებში დავდიოდი, თურქეთში, აზერბაიჯანში… ამ ყველაფერზე ფიქრი მოჭადრაკეს უწევს, მენეჯერის აყვანის ფუფუნება ცოტა მოჭადრაკეს აქვს.“

ამ სირთულეების გამო ჭადრაკს ბევრი ტოვებს. ნინო ამბობს, რომ არაერთ ადამიანს იცნობს, რომელთაც, მიუხედავად კარგი მონაცემებისა, კარიერის გაგრძელება ვერ შეძლეს.
„არადა, ძნელია დატოვო საქმე, რომელიც გიყვარს. მთავარიც ესაა, გიყვარდეს ეს საქმე. რაც არ უნდა ნიჭი გქონდეს, თუ არ გიყვარს, ერთ დღეს მოგბეზრდება და აღარ ითამაშებ. სიყვარული, შრომა, ნიჭი და ფიზიკური გამძლეობაცაა საჭირო, რადგან ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავ.“
ის, რაც ნინოს სულ ენატრება, ზღვაა, ამიტომ ყველაზე კარგად ტურნირებზე თავს ზღვისპირა ქალაქებში გრძნობს. ბოლო ასეთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდა, კორსიკა იყო: „ტურნირი ზღვასთან იყო, პლაჟი – ახლოს, ხალხი – საინტერესო, გარემო – ფერადი… თან მეგობრებთან ერთად ვიყავი და შეიძლება ამის გამოც მახსოვს ძალიან კარგად.“
იშვიათად, მაგრამ ისეთი მომენტებიც არის, როცა დაძაბულობისა და დაღლილობისგან მეტი აღარ შეუძლია, მაგრამ ძალებს ყოველთვის პოულობს. ასეთ დროს, უბრალოდ, დასვენებას და მეგობრებთან ურთიერთობას არჩევს და დაღლილობაც ნელ-ნელა გადის:
„ასეთი მომენტები, ძირითადად, ტურნირების დროსაა, როცა გათიშული ხარ და აღარ შეგიძლია, მაგრამ უნდა იპოვო ძალები, რომ დაასრულო შეხვედრა. პარტიის წინ მომზადება გიწევს, მერე შეიძლება რთული პარტიები გქონდეს, დიდი დრო წაიღოს, დიდი ხანი ითამაშო და როცა ეს 9-11 დღე გრძელდება, ძალიან რთულია. ამ მომენტში ფიქრობ, რომ აღარ გინდა თამაში და, უბრალოდ, გინდა დაისვენო, სხვა არაფერი. უკვე შევეჩვიე ამას, ასეთ დროს ცდილობ დაისვენო, ხვალ სხვა დღე გათენდება, ძალები მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.“
ამბობს, რომ ყველაფერის მიუხედავად თავისუფალი დრო მაინც ბევრი აქვს, ასეთ დროს მეგობრებთან ერთობა, კითხულობს ან ფეისბუქს სქროლავს.
„ბოლოს უელბეკი წავიკითხე. ელიფ შაფაქი მომეწონა კიდევ, თურქი მწერალი. ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, ბევრი დრო მიაქვს და არც გადაცემებით ვიხიბლები დიდად. ზოგი ხომ არის, მოდის სახლში და იმ წუთასვე ტელევიზორს რთავს, ასე არ ვარ, დღე შეიძლება ისე გავიდეს, საერთოდ არ ჩავრთო. მარტოობაც მიყვარს, ფიქრიც, თავი არ ჩერდება, თავისით ფიქრობს, რომც არ აფიქრო, მაინც ფიქრობს.
სერიალებს ვუყურებ თავისუფალ დროს, განსაკუთრებით მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი, ბევრი არ არის ასეთი, სამწუხაროდ.
მოჭადრაკეებზე სტერეოტიპები? ალბათ ის, რომ თითქოს ძალიან ჭკვიანები არიან და მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. არ არის მთლად ასე. მე, მაგალითად, ვიცი მათემატიკა, მაგრამ რომ გადახედოთ მოჭადრაკეებს, ყველამ არ იცის კარგად. მთავარია, გონებაგახსნილი იყო, ფანტაზია ბევრ რამეს წყვეტს ჭადრაკში.“
ნინო ბაციაშვილი ახლა ზამთრის სეზონისთვის ემზადება. წინ მსოფლიო ჩემპიონატია სწრაფ ჭადრაკში, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. ზოგიერთი მოჭადრაკე აპროტესტებს ჩემპიონატის ადგილს, სკანდალიც ახლდა ამ ამბავს, მაგრამ მაინც გაიმართება და, ალბათ, წავალო, ამბობს ნინო.
გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“
რა საახალწლო კერძებს ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი შინ მომზადებული, გემრიელი სადილია. სასიამოვნო გარემოში ახლობლებთან ერთად სადღესასწაულო კერძების მირთმევა, ახალი წლის აღნიშვნის კლასიკური ფორმაა მთელ მსოფლიოში.
საახალწლო კერძები ტრადიციულად დღესასწაულისთვის კეთდება მხოლოდ და სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის მიხედვით იცვლება ინგრედიენტები. საქართველოს მსგავსად ხორცი, ბევრ ქვეყნაში მთავარი საახალწლო კერძის ძირითადი ინგრედიენტია. მაგალითად, დანიური flæskesteg – იგივე შემწვარი ღორის ხორცი დაბრაწული კანით, დღესასწაულის მთავარი კერძია.
საინტერესოა თბილი ქვეყნების, მაგალითად, ახალი ზელანდიის საახალწლო კერძების შედარება სკანდინავიის ცივი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის სამზარეულოსთან.
ვნახოთ. ვინ რით ამშვენებს საახალწლო სუფრას.
გადავხედოთ ყველაზე საინტერესო საახალწლო სადილებს მთელ მსოფლიოში შვედური სმორგასბორდიდან (smörgåsbord) ახალზელანდიურ ბარბექიუმდე.
[red_box]საქართველო[/red_box]

საცივი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული საახალწლო კერძია. ბოლო წლებში მას ხშირად ენაცვლება ბაჟე. კიდევ ერთი კერძი, რომელსაც ახალ წელს თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ საქართველოში, ხაჭაპურია.
[red_box]შვეიცარია[/red_box]

შვეიცარიელები ჩინურ ფონდიუს (Fondue Chinoise) მიირთმევენ სადღესასწაულოდ. ეს არის მდუღარე ბულიონში ჩაკიდებული, შამფურზე აცმული ხორცის მომცრო ნაჭრები. კერძს ამზადებენ როგორც ახალ წელს, ასევე საშობაოდ.
[red_box]ნიდერლანდები[/red_box]

გურმეთენი (Gourmetten) ტრადიციული საახალწლო სადილია ნიდერლანდებში. ოჯახების უმრავლესობას აქვს შინ „გურმეთენის მოწყობილობა“ ამ დღისთვის. ხის ჩხირებზე აცმულ ბრტყლად დაჭრილ ხორცისა და ბოსტნეულის ნაჭრებს ოჯახის ყველა წევრისთვის წვავენ სპეციალურ ქურაზე.
[red_box]მექსიკა[/red_box]

პოზოლე (pozole) მექსიკური საახალწლო კერძია, მზადდება მოხარშული სიმინდის მარცვლების, ღორის ხორცის, წვრილად დაჭრილი კომბოსტოს, წიწაკა ჩილისა და ავოკადოსგან. არსებობს წითელი, მწვანე და თეთრი პოზოლე
[red_box]გვატემალა[/red_box]

ტამალესს (Tamales) გვატემალაში მიირთმევენ შობიდან ახალი წლის ჩათვლით. აცხობენ სიმინდის ფოთლებში, მზადდება ხორცის, მოხარშული სიმინდის, ხახვის, ნივრისა და ცხარე წიწაკისგან.
[red_box]შვედეთი[/red_box]

შვედურად საახალწლო სადილს სმორგასბორდი ჰქვია (smörgåsbord) და ის ცხელი და ცივი კერძებისგან შედგება: ლორი, ნეკნები, სხვადასხვა სახის თევზი, კარტოფილი, გუფთა და მოხარშული კომბოსტო. შვედეთის სამხრეთით საახალწლო სუფრის აუცილებელი ნაწილია გველთევზაც.
[red_box]სლოვაკეთი[/red_box]

სლოვაკური შობა-ახალი წლის განუყოფელი კერძი დაწნილებული კომბოსტოა სოკოსთან ერთად, კერძს სურვილისამებრ, ღორის ხორცსაც ამატებენ.
[red_box]ბოსტვანა[/red_box]

ბოსტვანას მთავარი სადღესასწაულო კერძი ბრინჯის, სალათის ფურცლებისა და შემწვარი ქათმისგან მზადდება. ამ კერძს დაბადების დღეებზე, ქორწილებსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებშიც მიირთმევენ.
[red_box]ვენესუელა[/red_box]

ვენესუელაში ახალ წელს ჰალაკესს (hallacas) მიირთმევენ. ეს არის სიმინდის ფქვილის ცომი, ხორცით ან ზღვის პროდუქტებით – რეგიონების მიხედვით. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ასევე პან დე ჟამონი (pan de jamón) – ფუნთუშა შემწვარი ბეკონითა და მწვანე ზეთისხილით.
[red_box]პოლონეთი[/red_box]

პოლონეთში ამზადებენ გამჭვირვალე ბორშს მოშუშული ხორცითა და სოკოთი.
[red_box]დიდი ბრიტანეთი[/red_box]

დიდ ბრიტანეთში ტრადიციულ საახალწლო კერძია ინდაური, ბატი ან ქათამი სხვადასხვაგვარი გარნირით: ბრიუსელის კომბოსტოთი, ბეკონით, შემწვარი სტაფილოთი და სოუსით.



















































