მთავარი,სიახლეები

ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე

05.01.2018
ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე

ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ როგორ ანაზღაურებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას.

ქვეყანაში ახალი წლიდან ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურდებათ შრომა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად.

„ვფიქრობ, ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, რომ შრომის არათანაბარი ანაზღაურება სისტემური პრობლემაა, რომელიც ახალი მეთოდებით უნდა გადაიჭრას. ათწლეულებია, რაც ქალები ამაზე ალაპარაკდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სრულად შევისწავლეთ საკითხი. საზოგადოებამ არსებული კანონის უმოქმედობა დაინახა, რომელიც არ მუშაობდა და იგრძნო საჭიროება, რომ რაღაც მეტია გასაკეთებელი“, – ამბობს ისლანდიის ქალთა უფლებების ასოციაციის წარმომადგენელი დაგნი ოსკ არადოტირ პინდი.

ისლანდიის ახალ კანონს მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან სოციალური ქსელების საშუალებითაც.

ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიკტსონმა 2017 წელს ქალთა საერთაშორისო დღეს განაცხადა, რომ ისლანდია 2022 წლამდე აღმოფხვრიდა გენდერულ უთანასწორობას შრომითი ანაზღაურების თვალსაზრისით.

მას შემდეგ ქვეყანაში ახალი პრემიერ-მინისტრი, კატრინ იაკობსდოტირი აირჩიეს, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2017 წლის ნოემბრიდან შეუდგა.

ამავე დღეს თანასწორობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტორსტეინ ვიგლუნსონმა განაცხადა რომ: „თანაბარი უფლებები – ადამიანის უფლებაა. უნდა უზრუნველვყოთ, რომ კაცებსა და ქალებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ სამუშაო ადგილებზე, ძალისხმევის ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ ამ მიზნის მისაღწევად“.

ისლანდიაში ადრევე დანერგეს კვოტირების მეთოდი. ეს გულისხმობს, რომ კომპანიაში, რომელსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მინიმუმ 40%-ს უნდა წარმოადგენდნენ ქალები.

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ისლანდია უკვე მეცხრე წელია პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგადაა დაცული გენდერული ბალანსი. ამის მიუხედავად, ქალები აქაც კი 14%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ მამაკაცებთან შედარებით.

ჯერ კიდევ 1975 წელს გაიფიცნენ ქალები ისლანდიაში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით. 5 წლის შემდეგ კი ისლანდიამ ხმა მისცა დემოკრატიული გზით არჩეულ ქვეყნის პირველ ქალ ლიდერს.

1975 წლის გაფიცვის დღეების აღსანიშნად ისლანდიაში ყოველწლიურად იკრიბებიან რეიკიავიკის მთავარ მოედანზე, ამ დღეს ტოვებენ სამსახურს, პარტნიორებსა და ბავშვებს სახლში.

ინფორმაციას  INDEPENDENT-ი, BBC-ი და New-York Post-ი ავრცელებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: