Lusso – საძინებლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ბათუმში

რამდენად მყუდროდ ვგრძნობთ თავს საკუთარ სახლში? – ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გვაქვს გადანაწილებული სხვადასხვა სივრცე. ზოგჯერ უმცირესი დეტალის დამატებით, განათებით ან ფერების შეხამებით შესაძლებელია დატვირთული დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა თავი მხნედ ვიგრძნოთ, გავხალისდეთ და კარგად დავისვენოთ. რემონტის პერიოდში, დეტალების შესახამებლად, ათობით სხვადასხვა მაღაზიაში სიარულში ვკარგავთ ყველაზე დიდ დროს. ხშირად სწორედ ამის გამო  გვეუფლება სასოწარკვეთა, რომ ეს პროცესი არასდროს დასრულდება.

რა თქმა უნდა, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორი სამზარეულო, სააბაზანო ან მისაღები ოთახი გვაქვს, სად ვისვენებთ. თუმცა, ჩვენი მომავალი დღის განწყობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყურება ყველაზე პირადი სივრცე – საძინებელი.

ავეჯის სახლი „Lusso“ საძინებლების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ აჭარაში – აქ დაგხვდებათ გემოვნებიანი და კლასიკური სტილის საძინებლები, რომლებიც შოურუმში დამოუკიდებელ სივრცეებადაა განლაგებული. აქვეა შესაფერისი თეთრეული, მატრასები, განათების აქსესუარები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუცხოო ფერთა გამა.

მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციიდან რომელიმე კონკრეტულ მოდელზე მუდმივად მოქმედებს ფასდაკლების აქცია
მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციიდან რომელიმე კონკრეტულ მოდელზე მუდმივად მოქმედებს ფასდაკლების აქცია

მაღაზიაში 15 სხვადასხვა სტილისა და  ფერის საძინებლის მაკეტია განთავსებული. დამატებით შვიდი სტილის ავეჯის შერჩევა კი კატალოგში შეგიძლიათ.

კომპანია სრულ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს – აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საძინებლების კომპლექტებიდან თქვენთვის სასურველი ნაწილი, ასევე არსებული მოდელის მიხედვით დაუკვეთოთ განსხვავებული ფერის, ზომის და მასალით აწყობილი საძინებლი. კომპანიის წარმომადგენლები, მაქსიმუმ ორ კვირაში, თქვენს შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანენ და ააწყობენ. აქ შეძენილ ნებისმიერ საძინებელს 2-წლიანი საგარანტიო ვადა აქვს. ცხადია, ამ ვადის გასვლის შემდეგაც სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის აუცილებელ კითხვებს – ავეჯის მოვლასა თუ წარმოქმნილ შესაძლო გაუმართაობაზე.

მომხმარებელთან ჩვენი ურთიერთობის ამოსავალი წერტილია ხარისხი, მომსახურება და კონკურენტული ფასი. მათთან შეთანხმებით, გამოხმაურების შესაბამისად ყველა დეტალს ვითვალისწინებთ – ორიენტირებული ვართ დამკვეთის სურვილებსა და მომსახურების ხარისხზე.

რაც შეეხება ფასებს, გამოყენებული მასალის და სტილის გათვალისწინებით, ავეჯის სახლი „Lusso“ ბათუმში არსებულ ავეჯის ბრენდულ მაღაზიებს შორის ყველაზე კონკურენტულია. ხშირად უფრო დაბალი ფასებიც გვაქვს. ბათუმში ორი წელია ვსაქმიანობთ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია. ჩვენ ხელშეკრულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ. სწორედ ამიტომაც ვთვლით, რომ უკონკურენტოები ვართ“, – ამბობს კომპანიის დირექტორი, დავით აკოფაშვილი.

ავეჯის სახლი „Lusso“  ბაზარზე ათი წელია არსებობს. ის საძინებლების სპეციალიზირებული საწარმოა. კომპანია თბილისში სამი და ბათუმში ერთი შოურუმითაა წარმოდგენილი. ასევე ფლობს საწარმოებს თბილისსა და ბათუმში. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის საძინებლის დიზაინს, მასალის შერჩევას, აწყობასა თუ შემდეგ მოვლა-შენახვას დამოუკიდებლად ახორციელებს. ახალი მოდელის დამატების შემთხვევაში  ავეჯი თავდაპირველად გადის სპეციალურ ტესტს გამძლეობაზე, შემდეგ მომხმარებელთა ქცევას და გამოხმაურებას აკვირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადის პროდუქცია სერიულ გაყიდვაში.

შეძენილ ავეჯზე მოქმედებს ორ წლიანი გარანტია
შეძენილ ავეჯზე მოქმედებს ორ წლიანი გარანტია

მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციიდან რომელიმე კონკრეტულ მოდელზე მუდმივად მოქმედებს ფასდაკლების აქცია, ამიტომ ნუ გადადებთ მაღაზიაში ვიზიტს. შეიძლება აქ  აღმოაჩინოთ ის ოცნების საძინებელი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებთ სხვაგან.

Lusso ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N72-ში მდებარეობს.
Lusso ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N72-ში მდებარეობს.

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი აჭარის ტელევიზიაში იმუშავებს

რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზიაში ადასტურებენ.

აჭარის ტელევიზიაში მარინა ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები იქნება სამაუწყებლო პროცესებში ჩართვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო „თავისუფლებაში“ თანამდებობა 2018 წლის 31 იანვარს, მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

თავად მარინა ვაშაყმაძე რადიო „თავისუფლების“ თბილისი ბიუროს უფროსად 2006 წლიდან მუშაობდა.

__________________

მთავარ ფოტოზე: მარინა ვაშაყმაძე. ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან

 

რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?

საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას.

სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა წარსულში გადატანილი დაავადებები, გენეტიკური მონაცემები, ინტიმური საკითხები და სხვა. ასეთი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებამ შესაძლოა შელახოს ადამიანის ღირსება და სტიგმატიზაციას შეუწყოს ხელი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს შეისწავლა ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და დადგინდა, რომ ამ სფეროში არსებული არაერთი რეგულაციის მიუხედავად, [კანონები „პაციენტის უფლებების შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები], მაინც არსებობს გარკვეული სახის დარღვევები და სხვადასხვა გამოწვევა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, ამ ნაწილში ძირითადი დარღვევები  იყო ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა გაწერილი მკაფიო პროცედურები თუ ვის როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა პაციენტების მონაცემებზე: „მაგალითად, სანიტარს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ პაციენტის მონაცემებზე დაშვება ჰქონდეს. ძალიან ხშირი იყო ისიც, რომ დაწესებულებები გასცემდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა არ აღრიცხავდნენ გამჟღავნების ფაქტებს, არსებული კანონმდებლობა კი მათ ამას ავალდებულებს”, – ამბობს იურისტი.

მეორე მნიშვნელოვან პრობლემად თათია კაჭარავა ასახელებს იმას, რომ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ რეგულირებული და გააზრებული, თუ ვინ შეიძლება იყოს მესამე პირი, ვისზეც გასცემენ ამ ინფორმაციას. მისი თქმით, ნათესავებზე ინფორმაციის გაცემას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, პაციენტის წერილობითი თანხმობა.

„იყო შემთხვევები, როდესაც კომპანია უცხო პირზე გასცემდა ამ ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პირმა ავადმყოფი მოიყვანა საავადმყოფოში, სხვა ნაცნობები არ ჰყავდა პაციენტს, თვითონ არ შეეძლო ნების გამოხატვა და ამ კონკრეტულმა დამხმარე პირმა გააფორმა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების თაობაზე და შემდგომ კომპანიამ რატომღაც ჩათვალა, რომ ეს მასალები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, ფორმა ასი  და ასე შემდეგ, შეეძლო გაეცა სრულიად უცხო პირზე, რაც დაუშვებელია”, – ყვება თათია კაჭარავა.

საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა პირმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისგან მისმა ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა და მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით სასამართლო დავაში გამოიყენა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებამ განმცხადებლის მეუღლეს პაციენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ჯვრისწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე მიაწოდა…” – წერია ანგარიშში.

ასევე,  ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივ საფუძველზე.

იმის გამო, რომ რეგიონებში უფრო ვიწროა სამედიცინო პერსონალისა თუ პაციენტების სანაცნობო წრე და ხშირად შესაძლოა ერთმანეთთან იკვეთებოდეს კიდეც, რეგიონებში სტიგმისა და რეპუტაციის შელახვის შიშით პაციენტები თავს არიდებენ ზოგიერთი ტიპის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას. ასეთ სფეროებს განეკუთვნება ფსიქიატრია, გინეკოლოგია და სხვა. თუმცა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში ამბობენ, რეგიონიდან მიმართვიანობა  ამ მხრივ ძალიან დაბალია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტი ამბობს, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონშიც, ეს საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება:

„სამწუხაროდ, მაინც ხშირია დარღვევები. ინფორმაცია არის განსაკუთრებით მგრძნობიარე და დამუშავების პროცესიც შესაბამისად უნდა იყოს ძალიან ფრთხილი“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში მიიჩნევენ, რომ პაციენტებმა [ერთჯერადი ვიზიტით იქნებიან ისინი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ მკურნალობის ხანგრძლივი კურსით] უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, რომ უნდა იყოს დაცული კონფიდენციალობა და როგორც კი რაიმე ეჭვი გაუჩნდებათ, აცნობონ შესაბამის უწყებებს. თათია კაჭარავას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კომპანიებმა შექმნან მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები, გააკონტროლონ თანამშრომლები, შექმნან შიდა რეგულაციები, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ნათელი იყოს – როგორ რა ჭრილში შეიძლება ჰქონდეს მას კლინიკაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა.

ანგარიშის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია.

მოქალაქეების 240 მიმართვისა და ჩატარებული 114 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 385 პროცესი შეისწავლა, შედეგად კი 2017 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი გამოავლინა, აქედან 145 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 53 ფაქტზე – გაფრთხილება, 76 შემთხვევაზე კი [კანონმდებლობით გათვალისწინებული] ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა.

ჯარიმის ოდენობა გამჟღავნებული მონაცემების კატეგორიის მიხედვით შეიძლება მერყეობდეს 500-დან 5000 ლარამდე.

 

უფასო იურიდიული დახმარება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

ავარია ჯავახიშვილის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. თვითმხილველის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე  მოძრავ ავტომანქანას, რომლის უკანა სავარძელზე არასრულწლოვანი იჯდა, უკანა მხრიდან ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მათთან შეტყობინება არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი კი, ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.

„თამარის ხიდს“ ლოდი დაეცა და დააზიანა 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ჩხერის ხიდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ლოდის დაცემის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ ხიდს არ გაამაგრებენ, შეიძლება ჩამოიშალოს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2018 წლის თებერვალში დაზიანდა, მანამდე ცოტა ხნით ადრე, ამ ხიდზე საგანგებოდ გადებულ ე.წ. რელსებზე ავტომანქანები გადაადგილდებოდა. ლოდის ჩამოვარდნის დროს კი ხიდს ე.წ. დამცავი არ ჰქონდა.

აჭარის კმდს-ში ამბობენ, რომ სააგენტო ხიდის გასამაგრებლად პროექტს მოამზადებს:

„ალბათ ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხიდის ჩვეულებრივად გამაგრებაა შესაძლებელი. ასე არ არის, მას სპეციალისტების ჩარევა დასჭირდება. სააგენტო შეისწავლის მდგომარეობას და განსაზღვრავს რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო, ამის შემდეგ კი ხიდის გამაგრების სამუშაოებს დავიწყებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ხიდის მხოლოდ დაზიანებული ნაწილის გამაგრებას, სააგენტო ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას გეგმავს“, – განმარტა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა.

ზედა ჩხუტუნეთში ამბობენ, რომ ეს ხიდი თამარ მეფის დროს არის აშენებული. ყველა თაღოვანი ხიდის მშენებლობას, რომლებიც აჭარაში შემორჩა, ლეგენდები თამარ მეფის ეპოქას უკავშირებს.

მთავარი ფოტო: თაღოვანი ხიდი ფურტიოში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ტატუნაშვილის საქმეზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თაობაზე“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 21 მარტს მიიღო. რეზოლუციას საბჭოს 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მიღებული რეზოლუციით აჭარის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, არც რეზოლუციის მიღებისთვის დაუჭერია მხარი ოთხ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ რეზოლუციის მიღება, მაგრამ ეს საკითხი მიზანმიმართულად ჩასვეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად. გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერთ. ამიტომაც არ დავესწარით დღევანდელ სხდომას ბოიკოტის ნიშნად. რეზოლუცია ცალკე რომ განხილულიყო, მხარს დავუჭერდით…  დღეს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თანახმაა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში თვითაღიარებული ხელისუფლება ჩაერთოს, როგორც მხარე, ვფიქრობ, რომ ეს ცხინვალში დაღუპული ტატუნაშვილის და ოთხოზორიას შეურაცხყოფაა,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი დიასამიძემ.

პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააგვიანა.

„ეს არ უნდა დარჩეს დოკუმენტი დოკუმენტად. რეზოლუცია უნდა ითარგმნოს და გაეგზავნოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ძალიან ცუდი იქნება,“ – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძემ.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოში გუშინ, 20 მარტს ჩამოასვენეს.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოში 7 ბაღი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. ჯარიმამ მთლიანობაში 6 000 ლარი შეადგინა.

დიდაჭარის, ოქრუაშვილების, ღორჯომისა და დიოკნისის ბაღები – 1200, ხოლო საციხურის, ღურტისა და სოფელ ვერნების საბავშვო ბაღები – 400 ლარით დაჯარიმდნენ.

ხულოს ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღები, ძირითადად, სამზარეულოში გამოვლენილ არაკრიტიკული შეუსაბამობისთვისაა დაჯარიმებული.

არაკრიტიკულ შეუსაბამობად და ჯარიმის მიზეზად სააგენტო, ძირითადად საბავშვო ბაღებში, სამზარეულო ოთახში, პერსონალისთვის ნიჟარისა და გარეცხილი ინვენტარისთვის ქვაბების, თასებისა და მათი საწრეტების არარსებობას, დაზიანებულ სამზარეულო ჭურჭელს, სანდოდ შეუფუთავ ელექტროგაყვანილობას ასახელებს. ბაღებში ხორცის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის დასამუშავებლად გამოიყენება ხის დაფები და ბაღებს არ გააჩნიათ სასმელი წყლის მიკროლაბორატორიული კვლევის ოქმები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მონიტორინგის საფუძველზე წელს დაჯარიმებული შვიდი ბაღიდან, ღურტის ბაღის გარდა  ყველა ბაღი სააგენტომ გასულ წელსაც თითქმის იგივე დარღვევების გამო დააჯარიმა. გაერთიანებაში ამბობენ, რომ პრობლემების სრული მოგვარება ყველა ბაღში ვერა, მაგრამ ნაწილობრივად მოაგვარეს.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან ერთად, სააგენტომ საბავშვო ბაღებს ხულოში სასმელი წყლის გაწმენდის რეკომენდაცია მისცა.

„გასულ წელს 20-ვე საბავშვო ბაღში სასმელ წყალთან დაკავშირებით სააგენტომ შენიშვნა და რეკომენდაცია მოგვცა. წელსაც ანალოგიური პრობლემაა. ბაღები სოფლის წყაროს წყლებით მარაგდება, რომლებიც მინარევებს შეიცავს. მართალია არ არის წყალი მომწამვლელი, მაგრამ მისი დალევა არარეკომენდებულია. საჭიროა წყლის გაწმენდა. ყველა ბაღში გვაქვს წყლის რეზერვუარები, რომლის დეზინფექცია უნდა მოვახდინოთ, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებებზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. რაც შეეხება სააგენტოს მიერ ბაღებზე წელს გაცემულ რეკომენდაციებს, გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამგეობას უკვე მივმართეთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა ზორბეგ ჯოყილაძემ.

სააგენტოს მიერ თებერვალში დაჯარიმებული შვიდი ბაღის, მთლიანობაში 6 000 ლარი საჯარიმო თანხა (აიპ) ხულოს ბაღების გაერთიანებამ მარტის თვის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

 

ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა

რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას გუშინ, მას შემდეგ, როცა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავიდან 40 წლამდე მუშა ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. წლების წინ აშენებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ თოვლდამჭერის სამონტაჟო სამუშაოებს მერია მოსახლეობის მოთხოვნით ატარებდა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, გარდაცვლილი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და სახურავზე შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა,“ – გვიპასუხეს დღეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. მერიაში განმარტავენ, რომ სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია „ნიუ სითი“ ახორციელებდა ააიპ „ბათუმის კორპუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. „ბათუმის კორპუსი“ მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

„სამუშაოების მომწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ სამუშაოების მწარმოებელმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა დაზღვევის ქონა. ტექნიკური ზედამხედველი პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს, თუ რამდენადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები, გამოყენებულია თუ არა ჩაფხუტი და დამცავი ქამარი. გარდაცვლილი ახორციელებდა ზედამხედველობას, მონიტორინგს,“ – აღნიშნავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ვინ ნიშნავს ტექნიკურ ზედამხედველს – დამკვეთი ანუ ააიპ „ბათუმის კორპუსი“, თუ თავად კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  კონკრეტულ კითხვებს ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით კასრაძემ უნდა უპასუხოს. დავით კასრაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

წყავროკელ რუსუდან რომანაძეს ელექტროეტლი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად, სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტროსავარძელი გადასცა.
აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტროსავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა.

„მისასალმებელია, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით შექმნილია ახალი პროგრამა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. უკვე 5 ელექტროეტლის გადაცემა მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი.
წინასაარჩევნოდ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, ჩვენი აქ ყოფნისას ოჯახმა მოგვმართა თხოვნით ელექტროეტლთან დაკავშირებით და მიხარია, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , შესაძლებელია მსგავსი ელექტროეტლებით უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი.“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს შესბამისი პროგრამაში ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია 10 ელექტროსავარძელ-ეტლის შეძენა. რუსუდან რომანაძის გარდა ელექტროსავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინეულია 3580 ლარი.
გარდა აღნიშნულისა, ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ჯამში პროგრამით გათვალისწინებულია 210 ეტლის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 115 800 ლარს.

მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

„საგიტარიუსის“ შესახებ

სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“ 2005 წელს პირველად გაიხსნა როგორც თვალის დაავადებათა კლინიკა. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში. „საგიტარიუსი“ დებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა, ოფთალმოლოგმა ელიდა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დააარსეს, ეს უკანასკნელი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 5 წლის განმავლობაში კლინიკის ოფთალმოქირურგიული განყოფილება წარმატებით ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას. ოპერაციებს ატარებდნენ არა მარტო საქართველოს მოწინავე ოფთალმოლოგები, არამედ ხშირად ჩამოდიოდნენ სპეციალისტები საზღვარგარეთიდან.

აქცია სამედიცინო კლინიკა «საგიტარიუს»-ში მხოლოდ 5 დღე ,1 აპრილიდან! მიანიჭეთ თქვენს ტუჩებს სასურველი მოცულობა კლინიკა "საგიტარიუს"- ში
აქცია სამედიცინო კლინიკა „საგიტარიუს“-ში მხოლოდ 5 დღე , 1 აპრილიდან! მიანიჭეთ თქვენს ტუჩებს სასურველი მოცულობა!

2010 წელს კლინიკის მომსახურების სპექტრი გაფართოვდა და ამჟამად მისი მთავარი მიმართულებები არის ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგია. აქვე არის ლაბორატორია, რენტგენოგრაფია, შესაძლებელია ჩაიტარო ექოსკოპიური გამოკვლევები, დიპლეროგრაფია, ასევე მიიღო ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტისა და კარდიოლოგის კონსულტაცია. ხორციელდება მეზღვაურთა პროფესიული სამედიცინო შემოწმებები.

ერთი წელია, რაც „საგიტარიუსში“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაც გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს.

ელიდა ხვედელიძე, „საგიტარიუსის“ დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი: „მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა დამ, ეკატერინე გვარიშვილმა, კლინიკა დავაარსეთ, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ „საგიტარიუსი“ თავიდანვე აღჭურვილი იყო მაღალტექნოლოგიური, გერმანული და იაპონური აპარატურით, თანდათან გაფართოვდა ჩვენი მომსახურების სფეროები და ეს აღარ არის მხოლოდ თვალის სნეულებათა კლინიკა. ჩვენ ვცდილობთ აჭარის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის წამყვანი ოფთალმოლოგების, ოტორინოლარინგოლოგების მომსახურება და მუდმივად ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს წამყვან ექიმებს.

ელიდა ხვედელიძე
ელიდა ხვედელიძე

დარგების საუკეთესო სპეციალისტების მომსახურება და ულტრათანამედროვე, ექსკლუზიური აპარატურა, განაპირობებს „საგიტარიუსის” ხარისხსა და პოპულარობას. კლინიკა უკვე 8 წელია ფლობს ISO სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს. საერთაშორისო სტანდარტი ყოველწლიურად განახლებადია და „საგიტარიუსის“ დამფუძნებლები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათთვის დიდი პატივია აკმაყოფილებდნენ ხარისხის მოთხოვნებს, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებას აქვს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ.

საქართველოს საუკეთესო ექიმები კლინიკა „საგიტარიუსში“

„საგიტარიუსის“ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე, ოტორინოლარინგოლოგი ზებური ალიშანიძეა. გამოცდილი და აჭარაში ცნობილის პეციალისტი, რომელსაც მრავალი მადლიერი დიდი და პატარა პაციენტი ჰყავს.

ასევე, კლინიკაში ყოველთვიურად ატარებს ოპერაციებს მოწვეული სპეციალისტი თბილისიდან, ოტორინოლარინგოლოგი, ცნობილი პროფესორი, გიორგი გოგნიაშვილი.

ოფთალმოლოგიურ განყოფილებას კლინიკაში უძღვებიან თავად დამფუძნებლები, დები – ელიდა ხვედელიძე და ეკატერინე გვარიშვილი. ასევე მუშაობენ ოფთალმოლოგები – ლიკა მელიქაძე და ზარიმა ჩავლეიშვილი.

უკვე 9 წელია კლინიკა თანამშრომლობს თბილისის ოფთალმოლოგიურ კლინიკა „მზერასთან“, რომლის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი, ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა ყოველ თვე „საგიტარიუსში“ ატარებს ოპერაციებსა და კონსულტაციებს. გიორგი ჩიჩუა არის ქვეყნის ცნობილი რეტინოლოგი (ბადურა გარსის დაავადებების სპეციალისტი), რომელიც ატარებს რთულ მიკროქირურგიულ ოპერაციებს თვალის დიაბეტური რეტინოპათიის, გლაუკომის, კატარაქტის და სხვა დაავადებების დროს.

კლინიკაში კატარაქტისა და გლაუკომის ქირურგიულ ოპერაციებს ასევე ატარებს მოწვეული სპეციალისტი, კახა თავართქილაძე.

კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა მხედველობის დაცვის კაბინეტი. ბავშვებისთვის ტარდება თვალის დაავადებების სხვადასხვა ქირურგიული ჩარევები. კლინიკა სისტემატურად იწვევს მედიცინის დოქტორს, ოფთალმოლოგს, გელა ობერიუხტინს, რომელიც საქართველოს წამყვანი სპეციალისტია სიელმის ქირურგიაში.

უამრავი პაციენტი მომართავს „საგიტარიუსში“ დერმატოლოგ ნინო კოხრეიძეს. ის  თბილისის ტატიშვილის კლინიკის წამყვანი დერმატოლოგია და ყოველთვე ჩამოდის ბათუმში.

ასევე, სისტემატურად ჩამოდიან და ატარებენ კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები: საქართველოს წამყვანი უროლოგ-ანდროლოგი, ლადო ჯიშიაშვილი; საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ტკივილის მართვის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი შალვა გაბადაძე.

კლინიკაში მოღვაწეობენ ჩვენი რეგიონის  წამყვანი სპეციალისტები: კლინიკის მთავარი ექიმი, ქირურგი მამუკა ნაკაშიძე, პედიატრები: მალხაზ ელიაშვილი და ჯამილა მინჯია, კარდიოლოგ-თერაპევტი ქეთევან ნიკოლაიშვილი, ექოსკოპისტი თამარ გოგიტიძე, ენდოკრინოლოგი ნინო ბერიძე და სხვა.

ულტრათანამედროვე აპარატურა კლინიკის წარმატების საწინდარია

„საგიტარიუსის“ დირექტორი, ელიდა ხვედელიძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში წარმოდგენილი ქირურგიული დარგების – ოფთალმოლოგიისა და ოტორინოლარინგოლოგიის წარჩინებული მუშაობისთვის, ცდილობს დანერგოს  მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ექსკლუზიური მეთოდები, რისთვისაც აჭარის მოსახლეობა  აქამდე დედაქალაქს მიმართავდა. მაგალითად: პირველად დასავლეთ საქართველოში „საგიტრიუსში“ 2017 წელს დაინერგა თვალის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია-თანამედროვე ოფთალმოლოგიის წამყვანი დიაგნოსტიკური მეთოდი.

3D ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი-ანგიოგრაფის საშუალებით თვალის შრეობრივი ანალიზი კეთდება, რაც საშუალებას იძლევა ადრეულ, საწყის ეტაპზე გამოვლინდეს თვალის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა: გლაუკომა, მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის შეშუპება, დეგენერაცია და სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევს სიბრმავეს. ეს გამოკვლევა აუცილებელია სისტემატურად ჩატარდეს თვალის დიაბეტური დაზიანების დროს. ასევე ტარდება მკურნალობა ავასტინის ინექციებით.

აქვე დანერგილია გერმანული წარმოების ბადურის ფოტო–ლაზერული დანადგარი და ტარდება თვალის ბადურის ლაზერული კოაგულაცია – დიაბეტური რეტინოპათიებისას, ბადურის დეგენერაციული დაავადებებისას აუცილებელი პროცედურა. დანერგილია YAG-ლაზერული აპარატი, რომლის მეშვეობით ტარდება გლაუკომისა და მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა.

 

საქართველოში პირველად, 15 წლის წინ ელიტა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დაიწყეს ენდოსკოპიური ტრანსნაზალური ოპერაციები დაკრიოლოგიაში (ოფთალმოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცრემლგამტარი სისტემის დაავადებებს, ისეთი, როგორიცაა: დაკრიოცისტიტი, დაკრიოსტენოზი, საცრემლე პარკის ფლეგმონა და სხვა.).

კლინიკის ოტორინოლარინგოლოგიური განყოფილების დანადგარები და კვალიფიციური სპეციალისტები განაპირობებენ სრულყოფილ მომსახურებას. მხოლოდ „საგიტარიუსში“ ტარდება მიკროქირურგიული ენდოსკოპიური ოპერაციები შუა ყურზე და ენდოსკოპიური ლაზერული ოპერაციები ტონზილიტის, ადენოიდიტისა და ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს. ლაზერის სხივის გამოყენებისას პაციენტი ნაკლებ ტრავმას იღებს და ქირურგსაც საშუალება აქვს, აიცილოს გართულებები.

აჭარაში მხოლოდ კლინიკა „საგიტარიუსის“ ბაზაზე ტარდება მემბრანული პლაზმოფერეზი.  მემბრანული პლაზმოფერეზი სისხლის გაწმენდის თანამედროვე, უსაფრთხო, უმტკივნეულო მეთოდია და სისხლის დეტოქსიკაციის ლიდერადაა მიჩნეული.

„საგიტარიუსში“ მემბრანული პლაზმოფერეზი ხორციელდება ულტრათანამედროვე ამერიკული აპარატით HAEMONETICS PCS 2. ეს უებარი საშუალებაა გინეკოლოგიური, რევმატოლოგიური, დერმატოლოგიური, იმუნოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური დაავადებების დროს. ხსნის ქრონიკული დაღლილობის, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის სინდრომს.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა

კლინიკა „საგიტარიუსი“ აცნობიერებს მედიკოსთა საზოგადობრივ პასუხისმგებლობას და ჩართულია არაერთ საქველმოქმედო აქციაში.

კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში. აქ ყველა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულ პაციენტებს უწევენ სამედიცინო მომსახურებას.

თანამშრომლობენ ბავშვთა და მოხუცთა სახლებთან და წლებია უსასყიდლოდ ემსახურებიან პატარებსა და მოხუცებს, გასცემენ კონსულტაციებს, ატარებენ ოპერაციებს.

საპატრიარქოსთან ერთად „საგიტარიუსმა“ დაგეგმა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 200 მოქალაქეს ისრაელიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა უსასყიდლოდ ჩაუტარეს კატარაქტის ოპერაცია.

„საგიტარიუსში“ კვირაში ორჯერ, ასევე, უსასყიდლოდ უტარდებათ ოფთალმოლოგიური კვლევები პენსიონერებს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „საგიტარიუსმა“ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო რეგიონში ტურისტული მედიცინის განვითარება. საკურორტო სეზონზე კლინიკას მომართავენ უკრაინელი, რუსი, ირანელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ქვეყნის ტურისტები. ასევე, კლინიკა უწევს პაციენტებს რეკომენდაციას და საზღვარგარეთის პარტნიორ კლინიკებთან  მეგზურობას.

კლინიკის დამფუძნებლები მზად არიან, რეგიონისა და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მუდმივად იზრუნონ.

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ

„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში და ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლები აცხადებენ, რომ ბიჭს იმ დროს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. არსებობს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი მიქაუტაძემ მოზარდს ხელი დაარტყა. ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმ დღესვე პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. არასრულწლოვნის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააპატიმრეს. მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ცოლ-ქმარი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და სასამართლო პროცესზე სკაიპით ჩართვას ითხოვენ.

მოგვიანებით არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება განახლდა, მაგრამ ამ დრომდე ძიება კონკრეტულ შედეგზე არ გასულა. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გიორგი მიქაუტაძე უკვე დაკითხულია. 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა პროკურატურამ. ამ საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს, რომელიც უვადოდ 2018 წლის 22 თებერვალს გაამწესეს.  მოსამართლის გამწესებისთვის გამართულ გასაუბრებაში გიორგი მიქაუტაძეს თვითაცილება არ მოუთხოვია. ეს მოთხოვნა არც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს დაუსვამს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი გიორგი მიქაუტაძემ გადაცემა „არჩევანში“ გააჟღერა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე შეახსენეს, რომ ხვიჩა კიკილაშვილთან გასაუბრებაში მას მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. გიორგი მიქაუტაძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, თუ ამ საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა.

„ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულება ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას… მოვუწოდებთ გიორგი მიქაუტაძეს: სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის და მართლმსაჯულების განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის დაცვის მიზნით, გადადგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და, შესაბამისად, საბჭოს მდივნის თანამდებობიდან,“ – ნათქვამია საიას და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ პროკურატურას „სწრაფად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმე ერთ შემთხვევას ეხება და მტკიცებულებები ორივე საქმისთვის საერთოა, გამოძიება ჩატარდა, დევნა დაიწყო და სასამართლოში საქმე წარიმართა მხოლოდ ერთ საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულია, ხოლო თამარ ხაჭაპურიძე ბრალდებული. ხოლო მეორე საქმე, სადაც შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის ბრალეული მოქმედება იკვეთებოდეს, თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე, კვლავ გამოძიებაშია, სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და წელიწადნახევარია გამოძიება ჭიანურდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ, სრულყოფილად და მიუკერძოებლად აწარმოოს გამოძიება,“ – აცხადებენ საია-ში.

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლის კიდევ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადადგომას მოითხოვენ.

  • თამარ ხაჭაპურიძეს უკანონოდ ეზღუდება უფლება საქმეზე მოიპოვოს მისთვის სასარგებლო მტკიცებულება. პროკურატურის მხრიდან იკვეთება ხარვეზები გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად მიმართვისა, პროკურორმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძეს ექსპერტიზის დასკვნის გადაცემაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მის შვილს მიღებული აქვს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული მტკიცებულება არც პროკურატურამ დაურთო თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეს, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას. ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ხოლო საქმის მწარმოებელი გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულნი არიან გამოძიება აწარმოონ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

  • გიორგი მიქაუტაძე მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

საზოგადოებაში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემაში მოქმედებს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია 38 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კამპანია სახელწოდებით „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა არის სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის დაშლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოიაზრება აღნიშნული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რაც ძირს უთხრის გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო განხილვებისადმი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულისა და საზოგადოების ნდობას და აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

  • მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჭიანურდება.

თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება წელიწად-ნახევარია ჭიანურდება. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ფიგურირებს მოსამართლე, გამოძიების ამგვარი გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ მოსამართლის დამოუკიდებლობას, მით უფრო, როცა აღნიშნული მოსამართლე იკავებს სასამართლო ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას – არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა მოსამართლის უფლებამოსილებებისა, გიორგი მიქაუტაძეს აქვს ბევრი სხვა უფლებამოსილება, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან, ინდივიდუალური მოსამართლეების საქმიანობასთან.

ვრცლად საია-ს და კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადება გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

 

ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ.

სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე პერიმეტრის მოწესრიგება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. მოესწრება თუ არა ქუჩების მოწესრიგება ოლიმპიადის დაწყებამდე? – მერიას, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ჯერ არც საჭირო თანხა აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული და, შესაბამისად, არც სამუშაოები არ არის შესყიდული.

ბათუმის მერიაში მიიჩნევენ, რომ „მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში და ქალაქ ბათუმში ტურიზმის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის გაცნობას და პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებს უცხო ქვეყნის 1000 მოჭადრაკე, 5000-მდე სხვა პირი [ტრენერები, სტუმრები, ჟურნალისტები და სხვა.]… ასევე, უცხო ქვეყნის ტელევიზიებისა და პრესის ყურადღება მიპყრობილი იქნება ბათუმში გასამართ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.“

ბუნებრივია, ქალაქის სტუმრების, სპორტსმენებისა და ჟურნალისტების ყურადღებას გადათხრილი ქუჩებიც მიიპყრობს. განსაკუთრებით ლადო ასათიანის, პეტრე მელიქიშვილისა და მათ მიმდებარე ჩიხებში.

„ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება და ის ოლიმპიადის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მერია გაიტანს ქალაქის ბიუჯეტის კორექტირების საკითხს და გამოიყოფა შესაბამისი თანხა. ამის შემდეგ კი დაიწყება სატენდერო პროცედურები სამუშაოების შესყიდვაზე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

რა თანხის გამოყოფაზეა საუბარი, რომელი მონაკვეთები მოწესრიგდება და სხვა კითხვებზე ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

ოლიმპიადის ჩატარების გამო კი ტერიტორია, სადაც ბათუმის ყინულის სასახლე მდებარეობს, ბათუმის მერიამ საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიმდინარე წლის თებერვალში გადასცა.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის აშენება ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე მორიგ სპორტკომპლექსს აშენებს, რომლის ერთ დარბაზშიც შემოდგომაზე ოლიმპიადას ჩაატარებს, შემდეგ კი ყინულის არენად გადააკეთებენ. ამ პროექტში აჭარის ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, 19 990 002 მილიონამდე აშშ დოლარი დაიხარჯება.

ბათუმში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, კიდევ ერთი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ოლიმპიადას ეს სასახლეც უმასპინძლებს.

უშუალოდ იმ ტერიტორიის [ლადო ასათიანის ქ. N27-ში] მოწესრიგებაში, სადაც ოლიმპიადისთვის სპორტული კომპლექსები შენდება, ბათუმის ბიუჯეტიდან  1 მილიონ 144 ათას 72 ლარი, ტენდერის გარეშე უკვე იხარჯება – ამ თანხაში სპორტის სასახლეზე ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემისა და კანალიზაციის დაერთება და ტერიტორიის კეთილმოწყობა შედის.

ყინულის სახლის მიმდებარე ქუჩები ბათუმში, სადაც 5 თვეში მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდება
ლადო ასათიანის ქუჩა – ამ ქუჩაზე შენდება შენობა, რომელშიც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს  / 20.03.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?

5 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში შეხვედრა გაიმართა დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, სოფო ხელაძემ და „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ეკა ბარამიძემ ადგილობრი მოსახლეობის პრობლემები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის  პრობლემების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.  მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთში, ხელვაჩაურსა და  ქედაში.

ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

სოფო ხელაძე,  აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი: ჩვენ ყოველდღიურად ვაშუქებთ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს,  გვყავს ხუთი კორესპონდენტი: ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთში, ასევე თბილისსა და ქუთაისში.  ჩვენი მთავარი პრინციპია სანდოობა, ოპერატიულობა და მრავალფეროვნებაა. თითქმის ყველა სფეროს ვეხებით.  მთავარი მიზანია, ვემსახუროთ საზოგადოებას. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ სახელმწიფო უწყებებისგან, ანგარიშვალდებულები ვართ თქვენთან, საზოგადოებასთან და ამიტომაც ვცდილობთ, რომ ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ, ობიექტურად გავაშუქოთ და მოვიპოვოთ თქვენი ნდობა.

განვიხილავთ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ძალადობა, ადრეული ქორწინება და ა.შ.  ვცდილობთ, რომ ყველა პრობლემა მოვიცვათ, გავიგოთ, რა გაწუხებთ, ვიპოვოთ შესაბამისი ადრესატები, რომლებსაც პასუხებს მოვთხოვთ სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთგვარად, ანგარიშს ვიბარებთ საჯარო პირებისგან.

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების” ჟურნალისტი:  ჩემი მთავარი მიზანია, ავსახო სოფლებში განვითარებული მოვლენები, გავიგო თითოეული ადამიანის პრობლემა და გავაშუქო.  მოვითხოვო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მმართველებისგან, თუ როგორ ხედავენ და როგორ წყვეტენ ამა თუ იმ პრობლემას. ასევე საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ პრობლემებს და მისი მოგვარების გზებს. მზად ვარ მოვისმინო ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მედიამ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ? ჩვენ გვინდა, რომ იყოთ აქტიურები. ზოგადად, მგონია, რომ მოქალაქეები არ აქტიურობენ, საკმარისად, თქვენ  თუ იაქტიურებთ, კარგ შედეგს მივიღებთ.

ჯაბა ლორთქიფანიძე, პედაგოგი:  მადლობა რომ მობრძანდით და ამ თემებით დაინტერესდით. ვფიქრობ, რომ მედიას ძალიან დიდი როლი აქვს ცნობიერების ამაღლებაში, ინფორმაციის მიწოდებაში.  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სოციალური ქსელები, მედია მაინც არ კარგავს თავის რეიტინგს, იმიტომ, რომ სოფლად უმეტესად ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ და მათთვის ინფორმაციის მიღება უფრო ტელევიზიითა ხელსაყრელი. მეც ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის მიმართ უფრო მაქვს სანდოობა, ვიდრე სოციალური ქსელებით.

როგორც მოგეხსენებათ, მერისს შვიდი მთა აქვს, სადაც იყო და არის გზის პრობლემები, თუმცა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს საკითხი. შუახევიდან გადმოყვანილი გვაქვს ელექტროენერგია, რომლის მავთულები ამორტიზებული და მოძველებულია.  ამის შეცვლა გვინდა. ეს არის ლაშეს მთა, დაახლოებით ორკილომეტრნახევარია. ყველა არ არის შესაცვლელი, მაგრამ ნაწილი გაფუჭებულია.

ეკა ბარამიძე: მახსოვს, მოსახლეობის მოთხოვნა იყო ჩასარიცხი აპარატები და წინასაარჩევნოდ დაგპირდნენ, რომ დადგამდნენ.  შესრულდა თუ არა დაპირება და რამდენ ხანს გქონდათ ეს აპარატები?

ჯაბა ლორთქიფანიძე: აპარატები დადგეს, 3 თვე მუშაობდა.

ეკა ბარამიძე:  ამჟამად სად იხდით თანხას, სად რიცხავთ?

ჯაბა ლორთქიფანიძე: ქედის ცენტრში გვიწევს ჩასვლა, რაც დიდი პრობლემაა.

ეკა ბარამიძე:  ყველაზე დიდ პრობლემას ბაღებში ქმნის მწირი ანაზღაურება. კონკრეტულად ამ ბაღში როგორი ვითარებაა ამ კუთხით?

ინდირა  გოგოლიშვილი: დიახ, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას, მაგრამ ჯერ არ არის მოწესრიგებული. ამ თვიდან უნდა გვქონოდა ცოტა მაღალი ანაზღაურება, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა.

ეკა ბარამიძე: ბავშვებს თუ აქვთ ეზო, სადაც ითამაშებენ? შემოსასვლელთან შევნიშნე ატრაქციონი, რომელიც მორყეულია. ბაღის ბავშვები იყენებენ მას?

ინდირა  გოგოლიშვილი: ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებია და ჯერჯერობით  მხოლოდ წინა ეზოში გაგვყავს ბავშვები, მაგრამ ამინდი რომ გამოვა, გარემონტდება ყველაფერი.

ანზორ ამბროლაძე: ბავშვების ნაწილს ძალიან ცუდ პირობებში სძინავს, სინესტეა, სინათლე არ შედის ოთახში.

ინდირა  გოგოლიშვილი:  წინა კვირაში იყვნენ მოსულები და დაგვპირდნენ, რომ ზემოდან დააშენებენ ოთახებს. მაგალითად,  ახლა შუქი გაითიშა და სინათლე არ შემოდის, სიბნელეა მთლიან ბაღში. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ.

ეკა ბარამიძე: რა რეკომენდაცია მოგცათ სააგენტომ? თქვენ როგორც თქვით, არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოსული.

ანზორ ამბროლაძე: ახალი შენობის აშენება შემოგვთავაზეს, მაგრამ არ მოიძებნა ადგილი, ვერ მოიძებნა ფართობი, სადაც აშენება შეიძლება. იმ პირობებში ბავშვების ყოფნა დაუშვებელია. ნესტია, სინათლე არ შედის.

ეკა ბარამიძე: ახლა დაიწყება საგაზაფხულო სამუშაოები და რას ფიქრობთ, ამ კუთხით რა პრობლემებს ხედავთ?

ჯამბულ თურმანიძე: პირველ რიგში, ფაროსანას ლიკვიდაცია გვსურს. გურიაში შეწამლეს თხილი, ჩვენთან კი არაფერი გაკეთებულა.

ანზორ  ამბროლაძე: ყველაზე ცუდი იცით რა არის? სოფელში უმეტესი პენსიონერი და მოხუცია. თითქმის ყველა ახალგაზრდა სამუშაოდ მიდის ან ქალაქში, ან თურქეთში. არავინ დარჩა, რომ მიწა დაამუშაოს. აქ მხოლოდ მიწის საშუალებით ვერავინ ვერ ნახა შემოსავალი, ოჯახი ვერ არჩინა და იძულებული გახდა წასულიყო. მერისში რეგისტრირებული რომ იყო 22 თუ 25 ოჯახი, დღეს მაქსიმუმ 8 თუ იქნება.

ეკა ბარამიძე: მთის კანონის შემოღებამ არ უშველა მიგრაციის პრობლემას?

სოფო ხელაძე: რას  ფიქრობთ ამ კანონზე, ასახავს თქვენს მოთხოვნებს?

ანზორ  ამბროლაძე: საბოლოო ჯამში არაფერი შეცვლილა. რა ქნას ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა? მშობლებს მოსთხოვოს პენსია თუ ბებიას? კი ბატონო, სახელმწიფო ახალშობილზე აძლევს 100 ან 200 ლარს, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი?! ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები, რომ ახალგაზრდა დასაქმდეს და დარჩეს სოფელში.

ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ეკა ბარამიძე: მცირე მეწარმეობის განვითარებაზე რას ფიქრობთ? რამდენად შეუძლია, რომ მიგრაცია შეაკავოს?

ჯამბულ თურმანიძე: მთელი მონდომებით დარგო ხალხმა თხილი, მაგრამ ადრე თურქეთში თუ ვაბარებდით 8 და 10 ლარად, მეორე წელს 3 ლარიც არ ღირდა. ადგილზე უნდა შეიქმნას თხილის საამქროები, თხილის გასარჩევი ტექნიკა. ფასს რაც შეეხება, გლეხისთვის იყოს მიზერული, ოღონდ ადგილზე უნდა მისცენ, მან არ უნდა იწვალოს თურქეთში წაღებაზე და არ უნდა ფიქრობდეს საბაჟოზე ჩამოართმევენ თუ არა, გაყიდის თუ ვერა.

სოსო თურმანიძე, მერისის თემის რწმუნებული: დასაქმებასთან დაკავშირებით  მინდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 6-7 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულიად საკმარისია გამოზამთრებისთვის, თუმცა გვყავს ისეთი კატეგორია, ვინც გაექცა ამ ყველაფერს. დღეს ახალგაზრდებს აღარ უნდათ სოფელში შრომა,  ცოტა უფრო იოლი შემოსავალი სურთ.

ეკა ბარამიძე: თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეები, ფერმერები მოგეწვიათ და გემსჯელათ, რა  სტრატეგიით უნდა იმუშაოთ,  ვთქვათ, ესა თუ ის კულტურა როგორ და სად უნდა მოიყვანოთ და ა.შ.

სოსო თურმანიძე:  მსგავსი შეხვედრა იყო მხოლოდ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.

ეკა ბარამიძე: ფერმერები  მთავარი მწარმოებლები არიან, მათთვის თუ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია?

სოსო თურმანიძე:  ასეთი შეხვედრები არაერთხელ ჩატარებულა, ყველა ინფორმაცია მათთვის ცნობილია.

ეკა ბარამიძე: მოსახლეობამ თუ იცის, რომ  პროგრამა „აწარმოე საქართველოს“  ფარგლებში ევროკავშირი დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს ქედაში.  თუ აპირებთ ამასთან დაკავშირებით  პროქტებისს დაწერას?

ჯაბა ლორთქიფანიძე: მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას, წარმომადგენლებმა ყველა სოფელში ჩაატარეს შეხვედრები და ყველა პროგრამა გაგვაცნეს. პროექტებს რაც შეეხება, ამას ჩვენ ვერ დავწერთ, ამისთვის ENPARD-ის ფარგლებში გამოცხადდება იდეების კონკურსი და შემდეგ ისინი გადაამზადებენ და ასწავლიან, თუ როგორ და რა ტიპის პროექტები უნდა დაიწეროს.

__________________________________

დისკუსია მომზადდა „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის, NED-ის დაფინანსებით. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი და ახალი სათბურები შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მშენებლობის პროცესი დამამთავრებელ ეტაპზეა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური ქვეპროგრამის „ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი დაათვალიერა
ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი დაათვალიერა.

ქობულეთის სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი აღიჭურვება სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით. ფერმერები ადგილზე უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და ქსელში მოხვედრას, რაც მათ დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. შედეგად, ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან.

მშენებლობის პროცესი მალე დასრულდება
სათბურების მშენებლობის პროცესი მალე დასრულდება.

ზურაბ პატარაძე და ავთანდილ მესხიძე, ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი სათბურების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

2018 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა-ზე მოეწყობა 50 ერთეული სათბური. 500 მ2 ფართის მქონე  სათბურები აღჭურვილი იქნება წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით, ელექტრო ენერგიით. ასევე, 150 ტონიანი სარწყავი წყლის ორი რეზერვუარით, მოეწყობა მისასვლელი გზები და სანიაღრვე არხები, რომლებითაც ფერმერები და აგრომეწარმეები ისარგებლებენ.

მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ქობულეთში სათბურების მშენებლობას დიდი პერსპექტივა აქვს. რა თქმა უნდა, ამ სათბურებით ისარგებლებენ ჩვენი ფერმერები, ადგილობრივი მოსახლეობა, დაინტერესებული ადამიანები, ვინც მოიყვანს სხვადასხვა კულტურას, ბოსტნეულს, ხილს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმა მთავრობას, მუნიციპალიტეტსა და ფერმერებს შორის. ერთობლივად ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ’’

ჩვენ დღეს ასევე დავათვალიერეთ ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა, ვნახეთ რომ ქობულეთის ლოჯისტიკური ცენტრი ფაქტობრივად დასრულებულია. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. უკვე მოწყობილია სივრცე, სადაც შეიძლება ხილის, ბოსტნეულის მიღება, შემოტანილია დასაფასოებელი დანადგარები, შეძენილი ასევე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც უშუალოდ მომხმარებელს მიეწოდება საქონელი.  მსგავსი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხელს შეუწყობს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციაში ადგილზევე, უფრო მაღალ ფასში. ვფიქრობ, ამ პროექტით ფერმერებს მიცემათ მეტი განვითარების და წარმატების საშუალება – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში ხორციელდება. იგი თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 454 ათას 867.

პროექტის ფარგლებში, ფერმერებს გაეწევათ ტექნიკური მხარდაჭერა სათბურებში პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. სასათბურე მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონში  ახალი სასოფლო-სამეურნეო ფუნქციის მქონე ზონების გაჩენას. ეს კი თავის მხრივ, მსხვილ სათბურებში ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას და სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფას  შეუწყობს ხელს.

14 წლის მოზარდს შუახევში 300-ზე მეტი ადამიანი ეძებს

უკვე მეორე დღეა შუახევში, შუბნის ხეობაში, მდინარე ჩირუხისწყალთან დაკარგულ 14 წლის მოზარდს ეძებენ.

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გარდა, შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, 300-ზე მეტი ადამიანი.

„სამძებრო სამუშაოები ღამეც მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა, დილიდან კი მუნიციპალიტეტებიდან სამაშველო ბრიგადები დაემატა, სამძებრო სამუშაოები ჩირუხისწყლის მთლიან პერიმეტრზე მიმდინარეობს, ვფიქრობთ, აჭარის წყლის მიმართულებითაც დავიწყებთ სამძებრო სამუშაოებს,“ – ამბობს შუახევის მერი.

14 წლის მოზარდი სოფელ შუბანში გუშინ, 20 მარტს, მდინარისპირას დაიკარგა. სოფელში ჰყვებიან, რომ ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი ბურთს მდინარისპირას გაჰყვა, სადაც ციცაბო დაღმართია.

მთავარ ფოტოზე: სოფელი შუბანი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.  

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე – საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების, მათ დარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში / ფოტო: ბათუმის მერია

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ თემაზე:

ვინ მიიღებს თავშესაფარს ევროპაში

 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2018 წელს მეცამეტედ აღინიშნება, ხოლო საქართველოში მეშვიდედ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის თარიღის შერჩევის მიზეზი 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი გახდა.

ამ დღეს უკავშირდება ფერადი წინდების აქცია, ამ კამპანიის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ავრცელებენ ინფორმაციას და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი დაუნის სინდრომის დღეს უერთდებიან და 22 ბენეფიციარს რეაბილიტაციის სხვადასხვა კურსს სთავაზობენ.

 

ამავე თემაზე: ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში

საზღვაო განათლება საუკეთესო პირობებით

ჩვენ ვირჩევთ შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის –  სარეგისტრაციო ნომრით 156.

მეზღვაურობა რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარე ახალგაზრდების ჰობიდან ყველაზე პრაგმატულ არჩევნად იქცა. საზღვაო პროფესიები თანამედროვე სამყაროში ერთერთ მაღალანაზღაურებად საქმედ ითვლება.

„ძლიერი მეზღვაური ძლიერი ოჯახია. ბევრი ძლიერი ოჯახი კი ქვეყნის ძლიერებას ნიშნავს“-ამბობს შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სასწავლებლის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, რექტორი ანზორ დიასამიძე. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი საზღვაო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ქართული დიპლობის გაცემა და მათი აღიარება. 1999 წელს ანზორ დიასამიძემ პირველი სასწავლო საწვრთნელი ცენტრი აკადემიის ბაზაზე დააფუძნა. 2004 წლიდან კი ის უკვე დამოუკიდებელ საზღვაო სასწავლებელს აყალიბებს, რომელიც 2010 წელს იღებს ავტორიზაციას და აკრედიტაციას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

„მსოფლიო სანაოსნო დღემდე განიცდის უმაღლესი შემადგენლობის დეფიციტს. რიგითი მეზღვაურები კი მოთხოვნაზე 30 პროცენტით მეტია. ჩვენ კი, ქართველები საუკეთესო კაპიტნებად ვითვლებით“-ანზორ დიასამიძე თვლის, რომ ეს დეფიციტი და ბაზრის მოთხოვნა არის წინაპირობა იმისა, რომ საზღვაო განათლება გაცილებით პოპულარული გახდეს. მეზღვაურის პროფესია უნდა გასცდეს ზღვისპირეთს და მან მთელი საქართველო უნდა მოიცვას. ამის რესურსი აქვს „ანრის“, რომელსაც ავტორიზაცია და აკრედიტაცია 820 სტუდენზე აქვს მიღებული და სასწავლებელს აქვს 137 ადგილზე გათვლილი კომფორტული სტუდენტური საცხოვრებელი.

„ანრის“ მიღებული აქვს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი . დიპლომები და სერტიფიკატები აღიარებულია საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მიერ, ამდენად, „ანრის“ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კომპანიებში დასაქმდნენ.

„ანრიში“ მოქმედებს როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები:

[checklist]

  • საზღვაო მეცნიერებები -საზღვაო ნავიგაცია
  • საზღვაოსნო მეცნიერებები -გემის მექანიკა

[/checklist]

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით.

პროფესიული მომზადება ხორციელდება შემდეგ პროგრამებზე:

[checklist]

  • გემბანის  რიგითი მეზღვაური
  • სამანქანო განყოფილების რიგითი მეზღვაური

[/checklist]

აქ სწავლა ერთწლიანია და ის როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.  პროფესიული განათლების ასაკი შეზღუდული არ არის.

ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სასწავლებლის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, რექტორი
ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სასწავლებლის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, რექტორი

„ანრის“ ყოველწლიურად 300-დან 400-მდე  სტუდენტი ამთავრებს. ამჯერად აქ 500-მდე სტუდენტი იღებს განათლებას.

 „ ბაკალავრის დიპლომი საშუალებას იძლევა უმაღლეს თანამდებობას მიაღწიო ზღვაში- გახდე კაპიტანი ან  უფროსი მექანიკოსი. „ანრის“ აქვს სრული მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომელსაც მოითხოვს საზღვაო განათლების საერთაშორისო სტანდარტი : ყველა ტიპის ულტრათანამედროვე სიმულატორი,  ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორი,  ლაბორატორიები და საამქროები, გემის სამანქანე განყოფილების რეალური მოდელი,სამაშველო კანჯო არდაგანის ტბაზე, სწრაფმავალი და სამაშვლეო კატარღები.ბათუმის პორტში დგას სასწავლო გემი“კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“, რომელიც ასევე ჩვენ მფლობელობაშია“- ამბობს რექტორი.

„ანრი“ სტუდენტების პრაქტიკასა და დასაქმებას თავად უზრუნველყოფს. სასწავლებელში მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელსაც 12 სხვადასხვა ქვეყნის კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ამდენად, „ანრი“ თვითონ ზრუნავს კურსდამთავრებულების დასაქმებაზე და ბოლო მონაცემებით მათი 80 პროცენტი მოქმედი მეზღვაურია.

„ანრის“ აქვს კეთილმოწყობილი, 137 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი – საერთო საცხოვრებელი, სადაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს იხდიან.

სასწავლებელში მოქმედებს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრი, რომლის კურსებიც შემუშავებულია ეროვნული და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოდელ-კურსების მოთხოვნათა შესაბამისად.

„მსოფლიოში რიგით მეზღვაურთა სიჭარბე და მეთაურთა დეფიციტია. რიგითებს მუდმივად აქვთ პროფესიული წინსვლის სურვილი, თუმცა ის, რომ საქართველოში არ მოქმედებს დისტანციური სწავლება, დასაქმებულ რიგითებს არ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ სწავლა მუშაობის პარალელურად, ამდენად, რიგითები რუსეთსა და უკრაინაში განაგრძობენ დაუსწრებელ სწავლებას.

საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ ცოტა ხნის წინ ახლადშექმნილი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაცია კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად  განათლების სამინისტროს წარუდგინა დისტანციური სწავლების დანერგვის ინიციატივა. საკითხი განხილვის ეტაპზეა.

უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პროფესორ-მასწავლებლები, შორეული ნაოსნობის კაპიტნები, უფროსი მექანიკოსები, თანაშემწეები და უფროსი მასწავლებლები არიან.

სასწავლებელი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების, ევროპისა და შავი ზღვის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციების წევრია. „ანრი“ უკვე მყარი ტრადიციების მქონე მომავალზე ორიენტირებული საზღვაო საინჟინრო სასწავლებელია, რომელსაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევს.

[highlight color=”red”]განათლების და მეცნიერების სამინისტროში საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის რეგისტრაციის ნომერია 156.[/highlight]

შუახევში მაშველები მდინარეში მოზარდს ეძებენ

შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ.

შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღის 5 საათიდან დაიწყო:

„როგორც სოფელში ჰყვებიან, ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი, რომელსაც ახლა ვეძებთ ბურთს მდინარის პირას გაჰყოლია, სადაც ციცაბო დაღმართია. ვარაუდობენ, რომ  ბავშვი დაგორდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

ომარ ტაკიძის თქმით, ამ დროისთვის მდინარის კალაპოტში წყლის მასა გაზრდილია: „საკმაოდ მაღალია მდინარეში წყლის დონე, ამასთან მღვრიეა წყალი. სითბომ მთებში თოვლის დნობა და წყლის მასის ზრდა გამოიწვია, რაც ართულებს სამძებრო სამუშაოებს“.

შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს, სამაშველო სამსახურის, შუახევის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

მთავარ ფოტოზე: სოფელი შუბანი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

„შენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხარ?“ – რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

დღეს, 20 მარტს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ ოთხი ფილმის – „მრავალფეროვნების სახეების“ ჩვენება და დისკუსია გამართა.

ფილმის გმირები უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუბრობენ რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციაზე საქართველოში, პირადი გამოცდილებიდან.

ერთ-ერთი ფილმის გმირი, ქართველი მუსლიმი გოგო ჰურიეა, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად რთულია თავსაფრიანი ქალისთვის საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. მისი აზრით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალია რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია.

„ამ ფილმის ჩვენებით იმის თქმა მინდა, რომ თავსაფარი არ უნდა იყოს ჩემი პირველადი შეფასების წყარო. მინდა ახლოს გაგვიცნონ და ნახონ, რომ არც ისეთი ცუდები ვართ, როგორც ზოგს წარმოუდგენია“, – ამბობს ის.

ჰურიეს აზრით, დისკრიმინაციის აღმოფხვრაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. „არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი არც საჯარო და არც კერძო სექტორში არ არის დაინტერესებული თავსაფრიანი ქალის სამსახურში აყვანით. ამაში ხელს გვიშლის ჩვენი ვიზუალი მხარე“,-ამბობს ჰურიე.

„მრავალფეროვნების სახეები“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ამერიკულ კუთხეში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა სფეროში საქმდებიან ძირითადად მუსლიმი ქალები ან როგორია დასაქმების ზოგადი მაჩვენებელი? ჰურიე ამბობს, რომ მუსლიმი ქალები ძირითადად რელიგიურ ორგანიზაციებში ან განათლების სფეროში არიან დასაქმებული. საჯარო ან კერძო სექტორში დასაქმების მონაცემები კი მათთვის უცნობია. „უფრო მეტად კერძო სექტორში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელი არის მუსლიმი“, – ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი დალი სოლომონიძე.

ჰურიე საუბრობდა იმაზე, რომ წინა წლებში უფრო მეტად ზღუდავდა ტრადიციები მუსლიმ ქალებს და მათ ნაკლებად ეძლეოდათ განათლების მიღების შესაძლებლობა. დღეს უფრო მეტი მუსლიმი მშობელი ცდილობს, რომ შვილებს განათლება მიაღებინოს.

დისკუსიის მონაწილეების მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში ხშირია რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის (სახელი და გვარი არ დაუსახელებია) აზრით, ის, რომ დღეს მუსლიმების უფლებებზე ამდენს საუბრობენ, არის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი.

„არ გიფიქრიათ იმაზე, რომ მუსლიმანობაზე დღეს აქ ქადაგება რომელიღაც პოლიტიკური წრეების ინტერესებში შედის? რადგან ეს არის ნაცადი ხერხი იმისთვის, რომ შეინარჩუნო ტერიტორია და გავლენა რელიგიური ნიშნით კონკრეტულ ტერიტორიაზე.

ჩვენ ვართ ქართველები და აუცილებლად უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები. თუმცა მე კათოლიციზმი უფრო მომწონს“, -ეუბნებოდა ის მუსლიმებს.

„თქვენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხართ?“ – იყო კითხვა მის მიმართ. რაზეც დისკუსიაში მონაწილემ უპასუხა, რომ „მართლმადიდებლობა ქართველისთვის აუცილებელია“.

„მრავალფეროვნების სახეები“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ამერიკულ კუთხეში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

მამაკაცის მოსაზრებას მუსლიმების რეპლიკები მოჰყვა: „აი ასე ვცხოვრობთ ქართველი მუსლიმები აჭარაში. ეროვნება კი ბატონო, მაგრამ რწმენა ჩემი არჩევანია“, – ამბობდა ერთ-ერთი მუსლიმი ქალი.

„ვინ უფრო კარგი ქართველი იყო მემედ აბაშიძე თუ მოღალატე ორჯონიკიძე?“; „რატომ განსაზღვრავთ ქართველობას რელიგიით, განსაზღვრეთ ადამიანის საქმიანობით“, – ამბობდნენ მუსლიმები.

დისკუსიის მონაწილე ნათია კაპანაძის თქმით, ხშირად პრობლემაა არა მხოლოდ რელიგიურ ნიშნით დისკრიმინაცია, ზოგადად, განსხვავებული ადამიანების მიღების პრობლემაა საზოგადოებაში.

ერთ-ერთი მონაწილის აზრით, რელიგიური დისკრიმინაციის სერიოზული წყარო საჯარო სკოლებია, სადაც პედაგოგების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს არამართლმადიდებელი.

„ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა ჯერ ვერ შევჯერდით იმაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფო არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. საქართველოში ბევრი მართლმადიდებელია და მათი უფლებების წინ წამოწევა უფრო ხდება. ამ შეხედულებებით ზრდიან ახალგაზრდებსაც, ამიტომ არის, რომ შემდეგ ეს ხდება კონფლიქტების წყარო“, – ამბობს ის.

TDI-ის ხელმძღვანელის, ეკა ჭითანავას თქმით, ეს პრობლემა ნამდვილად დგას ქართულ სკოლებში და სახელმღვანელოებში, სადაც რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნება წარმოჩენილია როგორც არა ქვეყნის სიმდიდრე, არამედ, როგორც პრობლემა, პოტენციური საფრთხე და შედეგები დაპყრობითი ომების“.

შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იყო  ფილმი პოლონელ კათოლიკე მღვდელზე, რომელიც საქართველოში, კერძოდ სამცხეში ცხოვრობს. სასულიერო პირი ფილმში კულტურულ სტერეოტიპებზე საუბრობს.

ერთ-ერთი ფილმი შეეხებოდა „იეჰოვას მოწმეებს“. კერძოდ იმას, თუ როგორ ქადაგებენ ისინი თავიანთ რწმენას ჟესტების ენაზე.

მეოთხე ფილმის გმირი ნიგერიელი სტუდენტი გოგო შარონია, რომელიც საუბრობს რასობრივ დისკრიმინაციაზე და სექსუალურ შევიწროებაზე, რომელსაც აწყდება თბილისში ცხოვრების დროს. ის ყვება იმაზე, თუ რამდენად ძლიერია რასისტული შეხედულებები ლექტორებშიც კი და როგორ შეურაცხყოფენ ისინი ნიგერიელ სტუდენტებს. ის საუბრობს რასისტულ დისკრიმინაციაზე ქუჩაში, ტრანსპორტში…

„იყო ადევნების შემთხვევები, როცა სახლამდე მსდია ერთმა კაცმა. იყო შემთხვევა, როცა პირდაპირ მთავაზობდნენ ფულს სექსში. რატომღაც ქართველ კაცებს ჰგონიათ, რომ უცხოელი ქალები ადვილად ხელმისაწვდომები არიან. ეს ყველაფერი ძალიან რთულია ჩემთვის“, -ამბობს შარონი.

შარონი იმაზეც საუბრობს, რომ ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც სრულიად განსხვავებულები არიან: „ისინი ძალიან, ძალიან კარგები არიან და ეს მეხმარება, რომ დავივიწყო ყველაფერი“.

 

ივანიშვილისთვის მოგლეჯილი ხეების ნაკვალევი მახინჯაურში

ბათუმის შემოსასვლელში, მახინჯაურის დასახლებაში, იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები ამოთხარეს, ზოგან გადაადგილება შეუძლებელია. „ბათუმელებმა“ ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთზე დააფიქსირა მიწაში ჩაფლული პირუტყვი. იქვე იყო ძროხის მეპატრონე, რომელიც თოკით ცდილობდა ძროხის ამოთრევას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ფერდობზე, რომელზეც ნარინჯის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას, ხეები ამოთხარეს და მათ ადგილას ცარიელი სივრცე დარჩა.

ფერდობიდან რამდენიმე ხე უკვე გადაიტანეს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში, ერთი კი წასაღებადაა გამზადებული.

 

ასე გამოიყურება ამჟამად ფერდობი, რომელზეც ეკლესია დგას

გარდა პარკში გადასატანი ხეებისა, ამ ადგილზე არაერთი ხე დაზიანდა და მოიჭრა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგლეჯილი ხე

მორიგი ხე, რომელსაც მახინჯაურიდან შეკვეთილში წაიღებენ
იქ, სადაც ერთ ხეს იღებენ, ათობით სხვა ხე ზიანდება

ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, შუქის გარეშე ბათუმში 4516 ოჯახი დარჩება. შუქი დილის 12 საათზე ერთი საათით გაითიშება მაიაკოვსკის, ნონეშვილის, შავშეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში, ფერიასა და ახალშენში.

ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეიზღუდება ქობულეთის სოფლებშიც: კვირიკეში, სამებაში, ციხისძირში. ქალაქ ქობულეთში: აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, თავისუფლების, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე.

ხელვაჩაურში 1446 აბონენტი დარჩება ელექტროენერგიის გარეშე. დილის 11 საათიდან შვიდი საათით შუქი გაითიშება ახალსოფელში,აჭარის აღმართში, ერგეში, გონიოსა და მიმდებარე სოფლებში.

შუახევსა და ქედაში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე ეტაპობრივად 1157  აბონენტი დარჩება შუქის გარეშე სოფლებში: კოლოტაურში, კოკოტაურში, აგარასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე, დაბა ქედის ნაწილში.

ხულოში სოფლები: ფაჩხა, ყინჩაური, წაბლანა და გორგაძეები დარჩება შუქის გარეშე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ შუქის გათიშვის მიზეზად ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებენ.

ძველი ბათუმის ჩუქურთმები

ძველი ბათუმის XIX-XX საუკუნის სახლები და შენობები გამორჩეული არქიტექტურითა და დეკორით გამოირჩევა. ახლოდან დავათვალიეროთ ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმები და დეტალები.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები ზოგიერთი შენობა რესტავრირებულია, ზოგიერთი კი შეკეთებას საჭიროებს და შესაძლოა ავთენტური ფორმით, როგორც კადრებზე ჩანს, აღარც შემორჩეს ქალაქს, თუკი ძალისხმევას დროულად არ გამოვიჩენთ.

ბათუმში უამრავი სხვა ჩუქურთმიანი შენობაა, რომელიც კადრში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ ჩვენს მკითხველებს ვუტოვებთ აღმოსაჩენად.

თუ გადაწყვეტთ, რომ ქალაქში ერთ მშვენიერ დღეს მხოლოდ ძველი შენობების დეკორატიულ ელემენტებს დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ ბათუმი ულამაზეს წვრილ დეტალებად იშლება, რაზეც საუკუნის წინ იზრუნა ბევრმა ცნობილმა და უცნობმა არქიტექტორმა.

სამშობიარო სახლი, რუსთაველის 10

მელიქიშვილის 37

 მემედ აბაშიძის 35

გამსახურდიას 11

 აბაშიძის 36

აბაშიძის 42

ვაჟა-ფშაველას 30

გამსახურდიას 21

მარჯანიშვილის ქუჩა, სადარბაზო

თამბაქოს დაჭრა

თამბაქო აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს თამბაქოს ფასის ზრდის გამო მთაში მცხოვრებმა იმ ოჯახებმაც დაიწყეს თამბაქოს მოიყვანა, რომლებსაც მანამდე სხვა კულტურა გამოჰყავდათ, თუმცა დღეს, გამომშრალი თამბაქოს ჩაბარების ფასი წინა წელთან შედარებით საკმაოდ დაბალია. თუ 2017 წელს ერთი კილოგრამი თამბაქოს ჩაბარების ფასი 30-70 ლარი იყო, წელს საუკეთესო ხარისხის ერთი კილოგრამი თამბაქო  30 ლარი ღირს. მოსახლეობა თამბაქოს ფასის გაზრდას ელოდება.

რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე რეორგანიზაციის აუცილებლობას საკრებულოს აპარატის ინსტიტუციური გაძლიერებით ხსნის და ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა საკრებულოში იურიდიული განყოფილება შეიქმნას, ახალჩამოყალიბებულ განყოფილებაში პოზიციები კი კვალიფიციურმა იურისტებმა დაიკავონ.

„საკრებულოს აპარატში არსებული განყოფილებები ინსტიტუციურად მინდა გავმიჯნო. დღემდე საკრებულოში არის ორი განყოფილება: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსებისა და იურიდიული. რადგან საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანოა და საკანონმდებლო ხაზით მუშაობს, ვფიქრობ, საჭიროა იურიდიული განყოფილება ცალკე ჩამოყალიბდეს. რეორგანიზაცია სწორედ ამით არის გამოწვეული და ეს არ არის ვინმეს გათავისუფლების ან სხვა თანამშრომლის აყვანის მიზნით,“ – ამბობს ჯუმბერ დიმიტრაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში არ შეიცვლება საკრებულოს აპარატში საშტატო და ხელშეკრულებით ასაყვან თანამშრომელთა რაოდენობა.

„რეორგანიზაცია მარტში დავიწყეთ და თვის ბოლომდე დავამტკიცებთ ახალ საშტატო ნუსხას, შeიძლება შეიცვალოს მხოლოდ განყოფილებებისა და სამსახურების სახელწოდებები. რადგან არ იცვლება საკრებულოს აპარატის უფროსისა და საქმისმწარმოებლის პოზიციები, ჩვენ ვაკანსია ამ პოზიციებზე უკვე გამოვაცხადეთ. რაც შეეხება ხელშეკრულებით ასაყვან თანამშრომლებს, კონკურსის წესით სამი თანამშრომელი უკვე ავიყვანეთ.“

ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი, ლევან ქედელიძე, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და ახლა „აიპში“ მუშაობს, ხოლო საქმისმწარმოებლის პოზიციაზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს აპარატში სხვა პოზიციაზე, კონკურსის წესით, ხელშეკრულებით აიყვანეს, სწორედ ამიტომ გამოთავისუფლდა ეს საშტატო პოზიცია საკრებულოში.

კითხვაზე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ხულოს საკრებულოს აპარატში დასაქმებულ დანარჩენ ექვს თანამშრომელს რეორგანიზაციისგან და იგეგმება თუ არა მათი გათავისუფლება, ჯუმბერ დიმიტრაძე პასუხობს:

„რომ გითხრათ ვაპირებ ან არ ვაპირებ, არასწორი იქნება, სანამ არ მექნება ახალი საშტატო ნუსხა. კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება კადრების შეფასება. ვფიქრობ, არ უნდა ელოდონ გათავისუფლებას, ვფიქრობ, უფრო უნდა ელოდონ მათი კომპეტენციის შესაბამისად სხვა პოზიციებზე გადანაცვლებას“.

მთავარ ფოტოზე: ჯუმბერ დიმიტრაძე 

ძეგლის რესტავრაცია – დანგრეულია შიდა კედლები და გადახდილია სახურავი [ფოტო]

ბათუმში, დუმბაძის #2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დანგრეულია ძეგლის შიდა კედლები და გადახდილია სახურავი. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით შპს „თაზო“ აწარმოებს. შენობის მესაკუთრეა შპს „ორიქსი“.

კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შენარჩუნდება მხოლოდ შენობის ფასადი, იცვლება ინტერიერი, იმავე მასალით შეიცვლება ასევე სახურავი და შესასვლელი კარები.

კმდს-ს მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილების ინფორმაციით, სამუშაოები შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.

ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #2, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #2, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #2, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #2, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

აშენებულია მე-19 საუკუნის დასასრულს

 

ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #2, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გამოძიება დაიწყო 82 წლის ქალის ცემის ფაქტზე, რომელიც დღეს პოლიციამ გამოასახლა

82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს.

„მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების გარეთ გამოტანას. ამ დროს დაესხა მას თავს სოფიო გეგუჩაძე და მისი ახლობელი, რომელიც არ ვიცით ვინაა. ხელები ურტყეს, თავშიც ჩაარტყეს… ამჟამად პოლიციის მესამე განყოფილებაში ვართ და მოხუცი გადაჰყავთ ექსპერტიზაზე,“ – ამბობს ჟუჟუნა ჯიჯავაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 82 წლის ქალის სავარაუდო ცემაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობს. მან ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ბინა რამდენჯერმე გაიყიდა და საბოლოოდ იგი ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია. ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება.

ალექსანდრა ტერუნი ორი დღის წინ ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – სახლში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

ქონებრივი დავის გარდა ალექსანდრას ცემის ფაქტსაც განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკურ ძალადობას გამოძიება ბინის კანონიერი მესაკუთრის დას, სოფიო გეგუჩაძეს ედავება.

 

ბათუმში მეორე სართულის სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ დაშავებული აგონიურ მდგომარეობაში დახვდათ, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მუშა მოულოდნელად ჩამოვარდა, როცა იგი მეორე სართულზე სახურავის გამოცვლას ცდილობდა.

პუშკინის 98-ში (მუშა ასათიანის მხრიდან ჩამოვარდა) მუშები ძველი კორპუსის სახურავს და საწვიმარს ცვლიდნენ. სამეზობლოს თქმით, მათ სახლის შეკეთების მოთხოვნით ბათუმის მერიას მიმართეს, მუშები კი მერიამ დაიქირავა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაობის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დაკვეთით ხორციელდებოდა. კომპანია სახლის სახურავზე თოვლდამჭერს ამონტაჟებდა. ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, რომელი კომპანია ასრულებდა სამუშაოს და რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ნორმები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

 

დღეს ბათუმში კიდევ ერთი, ამჯერად მეოთხე ავარია მოხდა

ბათუმში ახლახან მეოთხე ავარია მოხდა დღეს, ამჯერად შემთხვევა ერისთავის და შავშეთის ქუჩების გადაკვეთაზე. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ტრაილერს ველოსიპედი შეეჯახა. ველოსიპედისტი ზოგადი დაჟეჟილობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სასწრაფოს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება მძიმე არ არის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მთავარი ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

 

ბათუმში სასტუმროს ადმინისტრატორს სცემეს

კვირას, 18 მარტს, სასტუმრო „თანამგზავრში“ ადმინისტრატორს სცემეს, სტუმრის უკმაყოფილება გადასახდელმა თანხამ გამოიწვია – ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

დაზარალებული 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

„18-ში, ღამის 12 საათზე, შემოიყვანეს ჩვენთან. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აქვს, გუშინ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ მძიმე ტრავმაა, სახეზე ყველა ძვალი დაზიანებულია,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში 6 წლამდე ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ბავშვს ატომანქანა დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში თავად მძღოლმა გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ ბავშვი კონტაქტური იყო. მძღოლმა შეძლო ავტომანქანის დამუხრუჭება. ზედაპირული დათვალიერებით ბავშვი მძიმედ არ უნდა იყოს დაშავებული. ბიჭი ველოსიპედით მოძრაობდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

მთავარი ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

ამინდის პროგნოზი ბათუმში: ძლიერ ქარს არ ველოდებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, ბათუმსა და აჭარის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

„ამჟამად ბათუმში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი უბერავს, საღამოს ქარი შეიცვლის მიმართულებას, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რასაც ღამე, სავარაუდოდ, პირველ საათზე, წვიმა მოჰყვება. ძლიერ ქარს არ ველოდებით,“ – ამბობენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით – 15-20 გრადუსი
  • ღამით – 10-15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 მარტს აჭარის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ავარია ბათუმში – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამ მისამართიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა და მხოლოდ ავტომანქანები დაზიანდა.

როდის დაიწყება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება

მიმდინარე წელს ზღვის წყლის ხარისხის დადგენის მიზნით, წყლის 120 სინჯის ანალიზი ჩატარდება. სინჯების აღება აპრილის თვიდანაა დაგეგმილი, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმ ტენდერის შედეგზე, რომელიც აჭარის გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აქვს გამოცხადებული.

პირობის მიხედვით, ზღვის წყლის სინჯების ანალიზების ჩატარება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

ზღვის წყლის სინჯების აღების გეგმა-გრაფიკი

სინჯების აღება მიმწოდებელმა საკუთარი ძრავიანი მცურავი საშუალების გამოყენებით უნდა განახორციელოს.

ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმების და ანალიზის ჩატარების მომსახურების შესყიდვისთვის სამმართველოს 34 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

მონიტორინგი დაწესდება შავი ზღვის სანაპიროს შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ე.წ „აკვაპარკი“-ს მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟების ტერიტორიები, ბარცხანის და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე ქობულეთის პლაჟის გასწვრივ 2 წერტილი. სულ 8 წერტილში.

ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმება და ანალიზი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს:

[checklist]

  • ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები;
  • ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები;
  • კოლიფაგი;
  • ფეკალური სტრეპტოკოკები (Streptococcus faecaliss);
  • ოქროსფერი სტაფილოკოკები (Staphylococcus aureus);
  • პათოგენები საერთო (მათ შორის სალმონელა).

[/checklist]

ლაბორატორიული ანალიზის შედეგები სამმართველოს უნდა მიეწოდოს სინჯის აღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 მარტს დაიწყება და 30 მარტს შეწყდება.

აჭარის სანაპირო ზოლში, სარფიდან ჩოლოქამდე მონაკვეთში ზღვის წყლის ხარისხი ტრადიციულად საუკეთესოა სარფსა და კვარიათში, ხოლო შედარებით ცუდია ბათუმის ცენტრალური პლაჟისა და ბარცხანის დასახლების მიმდებარედ.

ამავე თემაზე:

მოახლოებული ზღვის სეზონი და წყლის ხარისხი

 

 

 

 

ბათუმში 164 ოჯახი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს -რეგისტრაცია იწყება

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, 164 პირი სახელმწიფოსგან ბინას მიიღებს. განაცხადების შევსება აჭარაში დარეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის ქუჩა ნომერი 19. რეგისტრაცია დაიწყება 26 მარტს და გაგრძელდება პირველ აპრილამდე.

საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემენ, 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

 

Exit mobile version